ლორია ლევან
გაზიარება

მილიონი ექსკლიუზივი

ყველაფერი ასე დაიწყო. სამსახურიდან შუადღისას შესვენებაზე მარტო გამოვედი. ქუჩა ცარიელი იყო. მანქანებიც კი არ დადიოდნენ.

მაისისათვის უჩვეულო სიცხე იდგა, თან ქარი უბერავდა და თოვლის ფიფქებივით მაყრიდა ჭადრის ბუსუსებს.

ერთმა ბუსუსმა ჩემს სასუნთქ გზებშიც შეაღწია, რასაც ჩემი საკმაოდ ხმამაღალი ცხვირის დაცემინება მოჰყვა. მე მგონი ირგვლივ მდებარე სახლის მინებმა ზრიალი დაიწყო.

- მილიონი, - დამიძახა ვიღაცამ მაღლიდან.

- ‘პაპალამ~, - ავძახე მე, თან მაღლა ავიხედე, ნეტა ვინაა-მეთქი. არ დავმალავ, ხმა ძალიან სასიამოვნო, ასე ვთქვათ ჟრუანტელის მომგვრელი იყო. რა რთული სიტყვაა ეს მომგვრელი~. აი, ახლა გამოვიყენე, ალბათ პირველად და, მგონი, ენა მოვიმტვრიე. კიდევ კარგი არ მივდიოდი, ადგილზე ვიდექი, თორემ შეიძლება ფეხიც გადამბრუნებოდა. გამოდის რომ ჯერ არც ერთ ხმას ჩემთვის ჟრუანტელი არ მოუგვრია.

ვხედავ კორპუსის მეორე სართულის ღია ფანჯრიდან ქალიშვილი მიყურებს და მიღიმის. დავინახე თუ არა, ვიგრძენი, რომ ყურებმა შუილი დამიწყო, სუნთქვა შემეკვრა, ფეხები დამებორკა, ყველაფერი უცებ დამავიწყდა: ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, სად მივდივარ, რას ვაკეთებ, რა მინდა. მხოლოდ ამ გოგოს სახეს ვხედავ, მზესავით რომ დამცქერის მაღლიდან და მიღიმის.

_ გამარჯობა მზეო, - ვთქვი ძლივს და ასფალტზე დავჯექი, თან თვალს არ ვაცილებ. გოგოს სახიდან ღიმილი გაუქრა. ნამდვილად შეშინებულია.

_ ცუდად ხომ არა ხართ? -  მეკითხება. ხმა მესმის. ხედვით ვხედავ. ესე იგი ცოცხალი ვარ. რა ვუთხრა. ნამდვილად არა ვარ ცუდად. მე მგონი ძალიან კარგადაც ვარ. მერე რა, რომ ტროტუარზე ვზივარ. მოიცა იქნება ჩამოვიტყუო, ახლა იმ პეპელასავით ვარ, მზესთან რომ უნდა... დამწვას კაცო, ოღონდაც ჩამოვიდეს.

_ კი, ცუდად ვარ. წყალს ვერ დამალევინებთ? - ვეუბნები. მართალი გითხრათ წყალი არ მწყურია, მინდა ახლოს ვნახო. მერე რა რომ მზეს ჰგავს, მართლა ხომ არ უნდა დამწვავს.

გოგო ყოყმანობს, მერე ოთახში ბრუნდება. აი ახლა წყალს ჩამომიტანს, ვფიქრობ.

ცოტა ხანში ისევ ბრუნდება ფანჯარასთან.

- ახლა სასწრაფო მოვა, -  მეუბნება.

რად მინდა სასწრაფო?! მე ხომ ცუდად არა ვარ?! პირიქით, კარგად ვარ, მაგრამ...

- არ მინდა სასწრაფო, იცით, მე თქვენ მიყვარხართ.

- რაა? - გაკვირვება მიეხატა გოგოს, რა უკვირსვითომ არავის ყვარებია ჯერ?! .

- შენმა დანახვამ მიმახვედრა, რომ ამაოა წუთისოფელი. მე მას წამის სოფელს დავარქმევდი უფრო, რადგანაც წამებმა, რომლებმაც მე მარგუნა ნეტარება შენი ნახვით გამოწვეული, მთლიანად გადაწონა ის დრო რაც აქნობამდე მიცხოვრია და დამავიწყა ის განცდა, რაც აქამდე განმიცდია ცხოვრების გზაზე. რაც შენ გიხილე, მივხვდი, რა არის სიხარული, რა არის აღმაფრენა და რა არის ბედნიერება. მე მივხვდი რომ სიცოცხლე უშენოდ უაზრობა და აბსურდია მხოლოდ. მე მივხდი რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი~, რატომ ააშენეს სვეტიცხოველი, რატომ ამოდის მზე, რატომ იცინიან ცვარ-ნამის მარგალიტებით შემკული ყვავილები და ბოლოს, რა არის ბედნიერება. მე თქვენ მიყვარხართ! -  ვუთხარი გოგოს, რომელიც გაფართოებული თვალებით მიყურებს.

- თქვენ ყველა შემხვედრს ასე ეუბნებით? -  მკითხა, თან ეცინება, მაგრამ არ იმჩნევს და ცდილობს მკაცრი გამომტყველება მიიღოს.

- არა, პირველი თქვენა ხართ, ვინც მაგრძნობინა სიყვარულის ძალუმი ქარტეხილი. მე ვულკანი ვარ დედამიწის გულიდან შენთვის ამოხეთქილი, ჩვენი სიყვარული ლავაა, რომელიც წალეკავს ყველას და ყველაფერს, რაც გზაზე დაბრკოლებად გადაეღობება. და ბოლოს ისევ მინდა უბრალოდ გითხრა, ძალიან უბრალო სამი სიტყვა: მე თქვენ მიყვარხართ~!

- აი ახლა ჩემს ქმარს დავუძახებ და იმას ელაპარაკეთ! -  მეუბნება გოგო და ისევ შებრუნდა ოთახში.

- კარგით! - ვამბობ მე და ვფიქრობ, რა ვუთხრა ახლა ამ გოგოს ქმარს. ვუთხრა რო მისი ცოლი ძალიან მიყვარს? ცუდად რომ გაიგოს? ნეტა კარგად როგორ უნდა გაიგოს?

 გოგო ისევ ბრუნდება, ისევ მარტოა. იქნებ სულაც არა ჰყავს ქმარი და იგონებს.

- თქვენ კიდევ აქ ხართ? -  მეკითხება.

- კი.

- მერე არ გეშინიათ?

- რისი?

- ჩემი ქმრის?

- რატომ უნდა მეშინოდეს, ბოლოს და ბოლოს მიყვარხართ ხომ არ მძულხართ?

- წადით, წადით, თქვენს ცოლ-შვილს მიხედეთ!

 აშკარად არა ყავს ქმარი. პირიქით, ახლა თვითონ არკვევს მყავს თუ არა მეუღლე.

- იცით ცოლი არ მყავს. მე მინდა თქვენ იყოთ ჩემი შვილების დედა, რომელიც გვეყოლება, შენ რომ ჩემი ცოლი გახდები, - მივუარ-მოვუარე მე.

- მანქანა გყავს? -  მეკითხება გოგო.

- არა.

- საკუთარი ბინა გაქვს?

- არა.

- უცხოპლანეტელი ხარ?

- კი, - ვუთხარი და გამეცინა. რა მაცინებს, რა? ორი აგური უნდა მეჭიროს ხელში და სახლს უნდა ვაშენებდე სადმე.

გოგო ისევ შებრუნდა სახლში. მგონი დაუძახეს.

და მაშინ დავფიქრდი. რა კარგია, მართლა რომ მქონდეს მილიონი. საერთოდ რა არის ფული? არაფერიც არ არის. რა არის და ქაღალდის ნაგლეჯი ან ლითონის პატარა, ბრჭყვიალა ნაჭერი, მრგვალი. ახლა კიდევ ელექტრონული ფულიც შემოვიდა მოდაში, ათასნაირი კარდი, რომელიც ძალიან მაგონებს კარტს. სათამაშო კარტს, დურაკას~ რომ თამაშობენ. არ ახდა კომუნისტების ოცნება. ვერ ააშენეს უკლასო და უფულო საზოგადოება. არა, აშენებით კი აშენებდნენ, მაგრამ ზოგან აგური მიაკლდათ, ზოგან ტალახი, არა ტალახი კი იყო, ცემენტი მიაკლდათ და ოცნება ოცნებად დარჩა.

არა და რა კარგი იქნებოდა. საერთოდ არ იქნებოდა ფული. იმუშავე სანამ გსიამოვნებს. სამუშაო დღე საათნახევარი. ნახევარი სამუშაოს შემდეგ ნახევარი საათი შესვენება. ესე იგი, იმუშავე ნახევარი საათი, შემდეგ ნახევარი საათი დაისვენე და შემდეგ, ძალებმოკრებილი და შრომა მონატრებული, ხელებდაკაპიწებული ისევ ეკვეთე სამუშაოს. გავიდა ნახევარი საათი და უნდა მორჩე მუშაობას, თორემ გაიგებს სახელმწიფო პროკურორი რომ ზედმეტს მუშაობ და შეგარცხვენს სახალხოდ. ამთავრებ მუშაობას, მიდიხარ სადმე ბუნების წიაღში მეგობრებთან ერთად, ან თეატრში, ან სტადიონზე. მერე დადებითი ემოციებით დატვირთული მიდიხარ სახლში. გზად მაღაზიაში გაივლი. აიღე რაც გინდა და რამდენსაც ზიდავ. გამყიდველები რა თქმა უნდა არ არიან, უბრალოდ დამხმარეები არიან (ისინიც საათნახევარს მუშაობენ) და გიწყობენ ჩანთებში რაც მოგეწონა.

მანქანა, რა თქმა უნდა, გყავს. შეიძლება ფეხით სიარული მოგენატრა. შენც გაიარე ცოტა ფეხით. მე შენ გეტყვი, მანქანას ვინმემ ავნოს, ან სარკე მოხსნას, ან მინა ჩაგიმტვრიოს და მაგნიტოფონი ამოგაცალოს. საერთოდ პოლიციელები და ქურდები არ არიან. ან ვინღა უნდა დაიჭირონ. დაავიწყდა ხალხს ქურდობა, კორუფცია, ქრთამს არავინ იღებს, ან რად უნდათ. მათ ხომ ისედაც ყველაფერი აქვთ, ფულის გარდა, იმიტომ რომ თუ ყველაფერი გაქვს, ფული რაღად გინდა...

მოკლედ, ეს ყველაფერი ზღაპრად დარჩა მხოლოდ.

ამ გოგოს გამოჩენამ პირველად დამანახა, რომ ფული აუცილებელია ცხოვრებაში პირველად დამწყდა გული, რომ არც საკუთარი ბინა მქონდა, არც მანქანა არ მყავდა და არც მილიონი მქონდა.

ახლა საქმე ასეა: საჭიროა ფული. მას გინდა ხელის ჭუჭყი უწოდე და გინდა ჯიბის ნაგავი. საჭიროა და მორჩა. ერთი საჭირბოროტო საკითხი, ან შეიძლება კითხვა კითხვის ნიშნის გარეშე. როგორ ვიშოვნოთ ფული.

ამის უამრავი გზა არსებობს. როგორც ერთი დიდი კომბინატორი ამბობდა, არის ფულის შოვნის სამასი გზა. მაგრამ არის ერთი ყველაზე იოლი. მიდიხარ კაზინოში და იგებ. ოღონდ ფორტუნა უნდა გწყალობდეს.

არასდროს ვყოფილვარ კაზინოში. ქუდი რომ შემიგდოთ კაზინოში არ შევალ-მეთქი, ვეუბნებოდი მეგობრებს. ისე სიმართლე რო ვთქვათ არც ქუდს არ ვატარებ.

იმიტომ არა, რომ ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად.

უბრალოდ არ მქონია და მორჩა. და კაზინოშიც ვერავინ მაიძულა წასვლა.

არა და, დურაკას~ თამაშის დროს ძალიან მიმართლებს. პირველი დარიგებისას ექვსიანი კოზირი სულ ჩემთანაა. მაგარი ყისმათიანი ხარო, ყველა მეუბნება. კაზინოს, ალბათ, გააკოტრებო. მაგრამ, არის ერთი პრობლემა. თურმე იქ რომ შეხვიდე, ერთი 50 ლარი უნდა გქონდეს მაინც. არა, ორი თუ გექნება, მით უფრო კარგი. ან სამი, კიდევ უკეთესი.

მაგრამ ერთი აუცილებელია.

ახლა, 50 ლარი ქუჩაში რომ არ ყრია, ყველამ იცის.

პირადად ჩემს ბიუჯეტში ყველა ლარი და თეთრი ისეა განაწილებული, რომ ზედმეტი 50 ლარი ვერაფრით ვერ გამოვნახე.

განაწილება რა, მევალეებმა თვითონ იციან როდის მაქვს ხელფასი და თვითონ ინაწილებენ, მით უმეტეს ბუღალტერს კარგად იცნობენ და ინფორმაციაც უტყუარი აქვთ.

ასე რომ, ფული ჩემთან არც ხვდება. ასე უკეთესიცაა. არასდროს არ მეკარგება ფული. არასდროს არ ამომაცლიან ჯიბიდან. როცა მეუბნებიან მასესხეო და ვამბობ არ მაქვს მეთქი, არ ვწითლდები და . .

 ამ დროს სწორედ მაშინ, როცა ვფიქრობდი, თუ როგორ მეშოვნა სახლის ასაშენებელი ფული, როგორ მეყიდა მანქანა, როგორ მეყიდა მაცივარი (პრინციპში მაცივარი ძალიან აუცილებელი არაა, ხომ მოვა ზამთარი), ვამჩნევ ჩემსკენ ქარს ფარფატით პატარა რაღაცა მოაქვს. გარეგნულად ეს რაღაცა ძალიან წააგავს ფულს. თან არც მეტი არც ნაკლები, 50 ლარიანს. ეეჰ, მოჩვენებები დამეწყო. ალბათ, ან მზის ბრალია, ან ამ გოგოსი. ძნელი ყოფილა სიყვარული. სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელი, ჭუჭყიანი დადიოდა მას არ ჰქონდა არიელი~, - ვიმშვიდებ თავს სადღაც გაგონილი ლექსით. ამასობაში კი ჩემი დაკვირების ობიექტი მოფარფატდა და მარცხენა ხელთან გაჩერდა. უცებ, თითქოს ქარი ჩადგა. მარჯვენა ხელით თვალები მოვიფშვნიტე და კიდევ ერთხელ დავხედე - კი ნამდვილად 50 ლარიანია. ახლა მარცხენა ხელითაც მოვიფშვნიტე თვალები, ისევ იგივე სურათი. იმავე მარცხენა ხელით ავიღე კუპიური და იმ მხარეს ვიყურები, საიდანაც მოფრინდა. რა იცი იქნებ მეორეც მოფრინავს? სამწუხაროდ, მეორე არ ჩანს. გზაზეც არავინაა. არა და როგორ გავახარებდი პატრონს, რომ ვიცოდე ვისია. ახლა, ვფიქრობ, მეც მიხარია, პატრონი რომ არ ჩანს, ასე ვთქვათ ღმერთთან მართალი ვარ, რადგან პატრონი არ ვიცი ვინ არის, თამამად შეიძლება ეს ფული ჩემი ზრახვების განსახორციელებლად გამოვიყენო. დაუგეგმავი 50 ლარიანია, რომელიც ალბათ ღმერთმა მომივლინა, წავიდე კაზინოში და ვითამაშო. მერე მოვიგო დიდი რაოდენობის ორმოცდაათ ლარიანები, მილიონი რომ შეავსოს, რამდენი დამჭირდება? სულ რაღაც 20 ათასი ცალი და ქართველ მილიონრებს კიდევ ერთი მილიონერი შევემატები. ჟურნალ ფორბში~ ხვალვე დაიბეჭდება ჩემი გვარი. ხვალვე ბინა უნდა ვიყიდო, მერე მანქანა და მაცივარი. მერე რა, რომ რამდენიმე თვეში ზამთარი მოდის. გაზაფხულიც და ზაფხულიც ხომ მოვა ისევ.

მერე ისევ მოვალ ამ სახლთან.

გოგო რომ გადმოიხედავს, მე ვეტყვი: ძვირფასო, წავიდეთ ბინისთვის ავეჯი ავარჩიოთ~. მას სიხარული დაეფინება სახეზე. ახლავეო~, - დაიძახებს და სულ სირბილით ჩამოვა. მე გავუღებ ვერცხლისფერი მერსედეს-500~-ის კარს და წავალთ. ავეჯს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ალბათ მაცივარზე დიდიც.

ხოდა მეც წავედი. რა თქმა უნდა ავეჯის ასარჩევად არა, ჯერ კაზინოში. მილიონი უნდა მოვიგო. მე ხომ ყისმათი მაქვს.

მანამდე, რა თქმა უნდა, შარვალი კარგად დავიფერთხე. სამწუხაროა, რომ ტროტუარები ჩვენს ქალაქში არ ირეცხება.

კაზინოს შესასვლელთან ორი ბრგე ახალგაზრდა იდგა, მგონი სილიკონის კუნთებით, ან ნასოსით ჰქონდათ დაბერილი. მოზვრებივით იყურებოდნენ. ეჭვის თვალით შემომხედეს. თქმით არაფერი უთქვამთ. მეც არაფერი ვიკითხე.

მოლარემ ჩემს 50 ლარში 5 წითელი ჩიპი მომცა. მე მილიონერივით მივუახლოვდი პოკერის სათამაშო მაგიდას. კრუპიე ქალი ლამაზი იყო, მაგრამ, თავიდან მოძრავი მანეკენი მეგონა. ისეთი ცივი მზერა ქონდა, მეგონა მაცივარი მიყურებდა. ქალია ახლა ეს?~ - გავიფიქრე და მაგიდას მივუჯექი. კაცი ხარ ახლა შენ?~ - ფიქრი გაუკრთა თვალში ქალ-მაცივარს, ალბათ ჩემი ხუთი ჩიპის შემხედვარეს. მაგიდასთან ორი კაცი და ერთი ქალი იჯდა. მათაც ეჭვიანად გადმომხედეს. კრუპიემ ისევ შემომხედა: ფული თუ არ გქონდა აქ სად მოდიოდიო~. შენი საქმე არ არის~, - ასევე მზერით ვუპასუხე და ერთი ჩიპი მივწიე მისკენ. კარტს დაველოდე. დაარიგა. ორი ქალი მომივიდა, ორივე შავი ქალი და ორი ორიანი. სამი ერთნაირი თუ იქნება და ორი ერთნაირი ვიცი ფულჰაუზია. მესამე 9-იანი ჯვარია. მარტო მე ვთამაშობ. ცხრიანის გამოცვლა ვთხოვე. გამომიცვალა, თან ერთი ჩიპიც წაიღო. სევდიანად გავაყოლე მას თვალი. ახლაც ცხრიანი მომივიდა. თან ყვავი. კარტის გაჭრა დავიწყე, წითელი მოვითხოვე და კიდევ ყვავი. მოკლედ ავყვავდი და ასე დავკარგე სამი ჩიპი.

არა უშავს, ორი კიდევ მაქვს.

ამ ქალ-მაცივარს მოვშორდი და რულეტკასთან მივედი. იქ კაცია კრუპიე. თვალები უფერო აქვს და გამჭვირვალე. საერთოდ არაფერი არ უჩანს. ახლა ისევ ის ქალი-მაცივარი მომენატრა. ავიღე და ერთი ჩიპი დავდე ჩვიდმეტზე. რატომ არ ვიცი. დაატრიალეს. ბურთულა 18-ზე გაჩერდა. არა უშავს სულ ცოტა შემეშალა.

ბოლო ჩიპი ფერზე დავდე. წითელი ავირჩიე. იმდენ ხანს იტრიალა რულეტკამ, კინაღამ გული გამეპარა. როგორც იქნა გაჩერდა. შავი. ბოლო ჩიპიც წავაგე. გავშავდი. ესეც შენი ბინა და მანქანა. წა¬დი ახლა იმ გოგოსთან და წმინდე ტროტუარი! გგონია კიდევ მო¬გიტანს ქარი 50 ლარს?

 უკვე გამოვედი ქუჩაში. ქარი კვლავ უბერავდა. ხარბად ჩავისუნთქე ქუჩის მტვრითა და მანქანების გამონაბოლქვით შეზავებული ჰაერი, რომელიც კაზინოს რაღაც არომატით დამტკბარ ჰაერზე სუფთა მეჩვენა. სამსახურში უნდა დავბრუნდე, დაგვიანებისათვის შეიძლება მილიონი კი არა და ხელფასის გარეშეც დავრჩე. იმ სახლთან უნდა ავიარო ისევ, გოგო-მზე რომ ცხოვრობს. აი მისი ფანჯარაც. არავინ ჩანს. ისევ შემიღუტუნეს ჭადრის ბუსუსებმა. ისევ დავაცემინე. ამჯერად ფანჯრებს ზრიალი არ დაუწყია, სამაგიეროდ დაბნელდა უცებ თითქოს ყველაფერი.. ვაი, დავბრმავდი?! იქნებ და ისე დავაცემინე, რომ თვალები გადმომცვივდა. არა, ვიღაცის ხელე¬ბია, რა ნაზი ხელებია, შეიძლება მართლა ვკვდები და ფერია მიხუჭავს თვალებს. არა, არ ვკვდები, თითებს შორის შუქიც გამოკრთა, ღადაობს ვიღაც...

- მილიონი... -  ვაი, ზუსტად ის ხმა იყო, გამოთქმა რომ მიჭირს, მაგრამ ვიტყვი მაინც, ჟრუანტელის მომგვრელი...

- სულ შენი იყოს... - ვერ მოვითმინე და შემოვბრუნდი... ის გოგო იყო... გოგო-მზე.... მერე, მერე ის, რომ... ბავშვებმა თვალები დახუჭეთ... ვაკოცე...

??????