ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ბაქანი ექსკლიუზივი

I
ზარს ჩამოჰკრეს...როგორც გუშინ ისე ამ საღამოთიც.
ზარს ჩამოჰკრეს...ჩოჩქოლი...
–გამოდის...
–გამოდის...

ფუტკრებივით აიშალნენ და ჰორიზონტს უტევენ 
შეხვედრების, განშორების, მოლოდინის წუთები.
ზარს ჩამოჰკრეს...და სიჩუმეც ფეხქვეშ ტყდება წკირივით
და მეზობელ სადგურიდან შემოვარდა კივილი.
თითქო დიდი ფარშავანგი ჩამოვარდა ბაქანთან,
ნახნავებზე გაიქცა და ქალაქისკენ დაქანდა...

II
ბავშვობაა, სიყმაწვილე, სიბერეთუ სიკვდილი,
ღელვით, შიშით, იმედებით, სიცილით თუ კივილით
მეზობელი სადგურიდან
გამოდის...
გამოდის...


10

         ..."თუ მწარეს გეტყვის"

თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი...
მაგრამ იცოდე:
უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,
ნესტარს ვტოვებ და
ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს.


11

     ..."შენ რომ უბეზე  ხელი იტაცე"

შენ რომ უბეზე ხელი იტაცე 
მუხლებზე კაბა ჩამოიწიე,
რომ წამოწითლდი და დაირცხვინე,
სწორედ იმ დღიდან დაგიმახსოვრე.
სწორედ იმ დღიდან მონა ვარ შენი,
შენ კი ისეთი მონათმფლობელი,
რომ მონობიდან ვერ გამომიხსნი
და ვერ მაჩუქებ თავისუფლებას.


12

 ..."საქართველოში ყველა ციხესთან"

საქართველოშ ყველა ციხესთან
მე ჩამივლია ყინჩად, გულდიდად...
ყველა გურჯიდან და ქონგურიდან
მწარე წარსული გადმოიხედავს.

ო, წინაპარო, დროის გრიგალთა
მხოლოდ ეს ციხე რჩება მოწმობად.
ბეჭიდან ჩრდილი ჩამოგივარდა,
ისიც მონღოლის ცხენმა მოძოვა...

ვინა ვარ, რა ვარ, რა გზებს შემოვრჩი
ან სული ასე რად აღმიზევდა?
ერთი კი ვიცი: საქართველოში
მე მოკლული ვარ ყველა ციხესთან...

??????