ველიჯანაშვილი ვლადიმერ
გაზიარება

ძაღლი 

შენ ერთგულება ოდითგან მოგდევს,
და გრძნობებს ანთებ უქრობ მაყლებად,
გაქვს ჭირთა თმენა ისე ვით მოგვებს,
შენს მოდგმას სულ რომ ეამაყება.
გამოგაბამენ სადმე კიბის ქვეშ,
მოგანატრებენ მინდვრად ხეტიალს,
ჩასძინებოდეს იქნებ ფხიზელ გეშს
და ვისაც რა სურს, ის რომ ემტვრია.
რომ გეწკმუტუნა, როგორც მათ სურდათ,
როგორც ენებათ, ისე გეყეფა,
დაგცვივდებოდა თვალთაგან ხურდად
ცრემლები... შენს ჯიშს სულ რომ ეყოფა.
მოგინაცვლებენ თუმცა სამყოფელს,
ჟამს მაინც მისდევ წკმუტუნ-წკმუტუნით,
მარტოობაში დიდხანს გამყოფეს,
იმედს ეძებდი ღამით, უკუნით.
ხშირად შიგ თვალში ბეწვი გაჩრილი
გიმოკლებს დროის გზათა სიშორეს,
ვიცი, რომ გაფრთხობს შენივ აჩრდილი,
მაგრამ ვერა და ვერ მოიშორე.
არვინ გაცხოვრა, როგორც შენ გსურდა,
თუმცა მტერსა და მოყვარეს არჩევ,
გადმოგიგდებენ ერთ ლუკმა პურს და
მაშინ მაგ მომცვდარ კბილს გამოაჩენ.
ხანდახან ღრენით ბეწვსაც აიშლი,
ისევ და ისევ ხდები მორჩილი,
ძაღლი ძაღლობას მაინც არ იშლი,
რომც იყო მუდამ ფეხდაბორკილი.
გილაქუცია ხშირად ინახად,
როცა გშიოდა, როცა გწყუროდა,
შენ გაბრიყვებულს ბევრჯერ გინახავს
უკაცურ კაცთა უკაცურობა.
წკმუტუნით, გრძნობის მირახუნებით,
წევხარ კარებთან დიდი ყურებით,
მავანსაც ჩვენც ხომ ვემსახურებით
ძაღლურ მოთმენით და ერთგულებით.
უნდა ვთქვა, მაინც უნდა უხეშად,
ძველთა ძველია ეს შეგონება _
მაწანწალობა მაშინ გვაქვს ხვედრად,
პატრონი როცა არ გვეყოლება.
ყოველთვის გვერდით გიდგას სოფელი,
ლუკმა პურისთვის სულ რომ შრომობდე,
შენ შენი ბედის უარმყოფელი
იყავი, ხარ და რჩები ბოლომდე.
მაგ შენს ეზოში სიკვდილს არ ნატრობ,
ჭრილობებს ირჩენ მუდამ ლოკვებით,
გარემომ შენმა თუ ვერ დაგატკბო,
გახვალ და სადმე უცხოდ მოკვდები.

??????