ხეთაგური მზია
გაზიარება

სხვა ყველაფერი დროებითია! ექსკლიუზივი

თუ ბედი ერთხელ შენც გაგიღიმებს,
შეგიმსუბუქებს ფიქრებს ტვირთიანს,
გულს სიამაყით ნუ გაიღვივებ _
ყველა ღიმილი დროებითია!
თუ მითითებით არიგებ ხოტბას
და შენი აზრი ფეხზე ჰკიდიათ_
შენ სამუდამოდ დარჩები მონად,
მიმთითებელი _ დროებითია!
თუ შეეჯახე მეგობრის ღალატს _
როცა ორიდან ერთი ფლიდია,
მაგ ურწმუნობით მზეს ნუ შებღალავ,_
ფლიდის ზეიმიც დროებითია!
თუ შეიყვარე, თუ გააღმერთე,
სხვა ყველაფერი შენთვის მითია, _
თავს მომავალში ნუ გაიმეტებ,
ეგ აღზევებაც დროებითია!
თუ ამამაღლეს, თუ გამამართლეს
და მზე თვალებში ცეცხლად მინთია,
ნუ შეგშურდებათ ჩემი აღმართი,
რადგან აღმართიც დროებითია!
ნუ აარიდებ თავს ბედისწერას,
როცა სიცოცხლის დღეებს გითვლიან,
თუ ფეხის დადგმა შეჰბედე მწვერვალს,
მაშინ სიკვდილიც დროებითია!

??????