ჭუმბურიძე დოდო
გაზიარება

ნათლისღება ექსკლიუზივი

მე რაც შემეძლო, მარტო ცრემლია,
შენ კი, _ ამ მთათ და მდელოთ მცრემვლელო,
აღმომცენებო მიწიდან თესლთა
და დამჭკნარ ხეთა ცოცხლად მქცეველო _
შენ იფარავდი აქ ყოველივეს ნათლის დედავ და ნათლისმცემელო!
ჩვენ, ბრმები, ვეღარ ვხედავთ სასწაულს,
წინასწარმეტყველთ როგორ ვეფეროთ,
თუკი ისინიც აღარ არიან, ვაზო, ვინ დაგკრეფს დაუკრეფელო,
მონები როგორ გადარჩებიან, ხორცის მონები, დიდო მეფენო?..
კითხვას: როდემდე? _ ვინ უპასუხებს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს,
ზეიმებს აწყობს ვითომ მაესტრო,
რასაც ეშმაკიც უნდა დაესწროს,
მტრედის ალალ სულს მხეცებს ნუ მისცემ,
შენ დაგვიფარე, უზენაესო!..
ბევრი იწამე და იცოდვილე, სულო, ლოცვებით საკურნებელო,
უფლის სახლს შესვლა ისე გინდოდა, _ დარდი მოგკლავდა, რომ არ შეგევლო,
მადლობა უფალს, კარი გაგეღო, უზენაესი სადაც ნებელობს...
ჩვენ ბევრი რამე როდი გვინდოდა, ან რა მოგთხოვეთ, მიწავ ბებერო,
ამდენ მათხოვრის გამომჩეკელო და ამდენივეს გამწბილებელო,
შენგან ნატკენი გული მანდ დამრჩა, ახლა ამ დარბაზს უნდა ვეფერო,
მადლობა შენდა, გადარჩენისთვის, ჩემო მამავ და მასწავლებელო!..

??????