ხარჩილავა ვახტანგ
გაზიარება

*** "ვერა გავაწყვეთ ბედისწერასთან" ექსკლიუზივი

ვერა გავაწყვეთ ბედისწერასთან,
თუმც თავის დახსნას ბევრჯერ ვეცადეთ.
ადის ზეცამდე ჩვენი წყევლა და
ვერ ადის ჩვენი ლოცვა ზეცამდე.
ვერ დაგაწყნარე და ვერ გიშველე,
ვერ მოვუვლინე შენს სულს მშვიდობა.
წყევლისგან არის ეს ქარიშხლები
და ცრემლებისგან ეს წყალდიდობა.
ო, რა სასტიკი და რა კუშტია,
განკითხვის ბოლო დღეთა ზმანება.
გასკდება ერთხელ ეს ცა ბუშტივით,
ვეღარ დაიტევს ჩვენს მრისხანებას.
ვეღარ დაიტევს სიტყვებს მძვინვარეს,
ზიზღსა და კრულვას ვეღარ დაიტევს.
დაუნდობელო, გაუცინარო,
კაცთა მოდგმაო, მიხვალ საითკენ.
სისხლით ეს გული რით ვერ იჯერე,
ბალღამში სანამ უნდა იწვალო.
შენ სიძულვილის გამო ისჯები,
უსიყვარულო დედამიწაო.
მაინც დავმარცხდით ბედისწერასთან,
თუმც თავის დახსნას ბევრჯერ ვეცადეთ.
ადის ზეცამდე ჩვენი წყევლა და
ვერ ადის ჩვენი ლოცვა ზეცამდე.

??????