ხარჩილავა ვახტანგ
გაზიარება

ცხენი ექსკლიუზივი

ყველგან გზა არის, ყველგან ბილიკი, გზებად ქცეულა
ქვეყანა მთელი,
მისასვლელია ყველასთან დღესვე, გასარბენია ათასი ველი.
სივრცე ხრიოკი და ცარიელი, თავბრუდამხვევი მზე
მარტოოდენ.
ასე აჭენოს უნდა პატრონი ამ უღვთო წუთისოფლის
ბოლომდე.
არ ინაღვლებდა, ეს გულქვა კაცი რომ იჩქაროდეს
ვინმეს მშველელად,
რომ მოუტანოს დაღლილს ნუგეში, იმედდაკარგულს
ბედნიერება.
ბნელია მისი ზრახვა, სიკეთის უარმყოფელი
და ვერშემგრძნობი,
ხან წამოჰკიდებს სიმინდს ნაპარავს, ხან ათელინებს
ყანას მეზობლის.
არ შემოისვამს ყარიბს დაქანცულს, დაუსაბამო გზით
და მინდვრებით,
ცხენს ღამით სტანჯავს ავი სიზმარი და ზურგი სტკივა
ცოდვის მზიდველი.
გადაწყვეტს მაშინ: _ `კმარა, ხვალიდან
არ გავიკარებ მონის უნაგირს,
უნდა წავგლიჯო ჩემს ბედს ლაგამი, უნდა დავტოვო
ბნელი ბუნაგი.
ვიქნები ცხენი კეთილი ზღაპრის, ტყაშმაფა ფაფარს
დამიწნავს ხოლმე
და ხელისგულზე კვნიტა მარილით ჩემთან მზიანი
დღეები მოვლენ.
მომეფერება გრილი საღამო და შუბლზე მთვარეს
დამაკრავს დამღად,
შორ სივრცეებზე შეყვარებული იდგება ბიჭი,
მდინარის გაღმა”.
ამ ფიქრით სტოვებს თავლას ყოველთვის, მაგრამ
როდესაც დადგება ბინდი,
მშიერ-მწყურვალი და დარცხვენილი, ნაცნობ
სახლისკენ მორჩილად მიდის.
მშიერ-მწყურვალი და დარცხვენილი, პატრონს ეძახის
ჩუმი ფრუტუნით
და დგას ჭიშკართან თავჩაქინდრული, შერიგებული
და დაჩუტული.
იცის, რომ ელის მწარე მათრახი, ლაგამი წუთით ვერ წაუყრია
და მაინც მუდამ იქვე ბრუნდება, სადაც ქერსა და
თივას უყრიან.

??????