რეხვიაშვილი ნიკო
გაზიარება

ია ექსკლიუზივი

ქართლის ველებზე მუქთად დაკრეფილს –
თათრის ქალისგან ვყიდულობ იებს,
იღიმებიან ცით წინაპრები,
არ მაცილებენ დამცინავ იერს.
გული შუაზე მაქვს გაგლეჯილი,
გადმოდინდა და მკერდში ჩატბორდა,
ხარობს ლურჯთვალა და ცას შესცინის,
დაბრუნებული ნამდვილ პატრონთან.
თითქოს მარწუხი მოუჭირა გულს
ტკივილმა და ყრუდ გული ცახცახებს, –
როცა შენივე მიწის ჭირნახულს
სხვა ცეცხლის ფასად შემოგასაღებს.
როგორც სამყაროს თვალი თოვლიდან –
გამოხელილი ლურჯსხივმზეობად,
მკვიდრი ამ მიწის როდი მოვიდა –
უცხოტომელთა ეგრძნო ტყვეობა.
თვალებს ახელდა ვარდის ცისკარში,
ქართულ ცისკარში, მიწავ გამზრდელო,
და ლურჯ დედოფალს ცისფერ სიზმარში
ესიზმრებოდა სხვა საქართველო...
ვიყნოსავ, როგორც სურნელს ზღაპრების,
სულთან რომ უფრო ახლოს ვიგულვო,
გადამთიელის ხელით დაკრეფილს –
სატრფოსთვის ქართულ იებს ვყიდულობ.
ხორშაკ ქართაგან გამშრალ ყელიდან
ამოიბღავლებს ბოღმით წარსული...
თითქოს დამეხსნა მტრების ხელიდან
მოტაცებული ქართლის ასული!

??????