ქოქოსაძე ნინოს ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ ნინო ქოქოსაძესთან (რენუარი) 

- როგორია რენუარი?
ვარ ზომიერად სენტიმენტალური, ზომიერად ქალური და უზომოდ ძლიერი.
- რატომ ”რენუარი”?
ეს შემთხვევით მოხდა... საიტზე რეგისტრაციისას ვნახე დეგა... მერე და მერე –შემიყვარდა.
- ქალი ხარ თუ პოეტი?
ისე ქალი ნამდვილად ვარ – ბიოლოგიურად... თუმცა კარგა ხანს ლიტ.პორტალებზე კაცად მთვლიდნენ... ე.ი. უფრო პოეტი გამოვდივარ.
- კაცი იმიტომ ეგონე, რომ შენგან იყო პროვოცირებული. სასიამოვნო იყო გვერდიდან ამის ყურება?
ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, რომ მერე შედეგებით დავმტკბარიყავი...უბრალოდ, მაშინ ჩემი მეუღლის თვალით დანახულ ჩემს თავზე ვწერდი....მერე და მერე ძალიან განვიცდიდი, რომ ოდესმე, როცა გამოვჩნდებოდი, უხერხული იქნებოდა, მაგრამ  არც არავინ მომიტყუებია–კაცი ვარ მეთქი. მკითხველი აღმიქვავდა ასე.
- ვერლიბრზე რატომ გადახვედი, პოეზიაში ახალი საფეხურია შენთვის?
ვინ სთქვა რომ გადავედი? პირველი ლექსი, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დავწერე, სწორედ ვერლიბრი იყო.
- ანუ გაიარე გზა ვერლიბრიდან ვერლიბრამდე?
მაშინდელი "ვერლიბრები" ცხადია პოეზიის ღრმა ცოდნას არ ეფუძნებოდა  ვფიქრობ, სანამ კარგ ვერლიბრს დაწერს პოეტი, მანამდე კარგი კონვენციური ლექსები უნდა ჰქონდეს დაწერილი და რაც შეიძლება ბევრი...რენუარი სანამ იმპრესიონისტი გახდებოდა, ლიმოჟის ფაიფურის ქარხანაში ლარნაკების მოხატვაზე მუშაობდა.
- გამოდის ფიქრობ, რომ ვერლიბრი კონვენციური ლექსის აღმატებული საფეხურია მაინც, ასე გიწერია და სწორად გავიგე მგონი
აღმატებული არა. ეს უფრო შენობაა, რომელიც კონვენციის საძირკველზე იგება. შენობა კარგია, თუ საძირკველი კარგია.
- გვიბოძე შენი ერთი კონვენციური ლექსი
ხიდი
შემოდის მთვარე,
ნაზი და სავსე....
მე მიგამსგავსე
ღრუბლის მარაოს.
ცახცახებს  ხიდი,
წვიმების მერე,
"და მიქანაობს"....
ელვა გადახსნის
ზეცის საკინძეს
და მიტოვებულ ამბავს
გარისკავს...
ახლა მე ვგავარ დედოფალს დაღლილს,
შენ კი- მის ფერხთით დაცლილ ჯარისკაცს.
- რითი ხარ ქართველი?
ქართველი ვარ ენით, მამულით, სარწმუნოებით... და ჩემი პროფესიონალიზმით... რომელიც ჩემს ქვეყანას აღარ უნდა ჩემგან...
- ვისი გავლენა გაქვს ყველაზე მეტად ცხოვრებაში და ასევე პოეზიაში?
ცხოვრებაში ალბათ არავისი – ქარივით თავისუფალი ვარ! პოეზიაში უფრო ლია სტურუასი... ყოველ შემთხვევაში მე მინდა ასე იყოს.
- ყველაზე მძიმე სასჯელი, რომელიც შეიძლება მოგისაჯონ?
ყველაზე მძიმე იქნება წერას თუ ამიკრძალავენ.
- რა გღლის?
ძალიან მღლის როცა ჩემთვის უინტერესო თემაზე მესაუბრებიან და ზრდილობის გამო ვუსმენ.
- პირველ რიგში რას შეცვლიდი ამ საიტზე და აქ ყოფნამ უფრო მეტი სიხარული მოგანიჭა თუ დარდი და ნერვიულობა?
უკვე აღარაფერს...ასეთს შევეგუე  ვირტუალური სივრცე ცხოვრებას ჰგავს...დარდიცაა, ნერვიულობაც და სიხარულიც. ყველაფერი იყო და არის...
- შენი აზრით შენში ყველაზე დადებით და უარყოფითი თვისება;
ჰოო...რა რადიკალიზმია  უარყოფითი ვიცი –დედამიწის ზურგზე ყველაზე ზარმაცი ვარ სულ რაღაცეებს ვიგონებ, საქმის გასამარტივებლად და ყველას ჰგონია, გამოცდილი დიასახლისი ვარ  ისე პროგრესისკენ მისწრაფებაც სიზარმაცის ნიშანია დადებითი მაქვს ის, რომ წყენა მალე მავიწყდება...თუმცა ეს ჩემთვის ვითომ დადებითია?
- რომ იცოდე ხვალ შენი ცხოვრების ბოლო დღეა, დღეს რას იზამდი?
ვეზიარებოდი აბა მეტი რაღა დამრჩენია
- გაზიარებენ?
ნუ, თუ მომაკვდავი ვარ, ალბათ კი.
ხედავ რამეს ისეთს ჰორიზონტზე, რომ შენი პირადი ცხოვრება შეიცვალოს?
ჰორიზონტზე მზე ჩადის...ლამაზად ჩადის...ზაზ....
აბა ზიარებაზე წეღან კი ვთქვით
- ცხოვრებას ლოგიკური დასასრული თუ აქვს?
ადამიანური გადასახედიდან, ხანდახან არა.
- რა გამორჩეული ნიჭი გაქვს?
მათემატიკური ნიჭი მაქვს ლექსების დაზეპირების.  უამრავი ლექსი ვიცი.
- დამეთანხმება მკითველიც, მითითების გარეშეც გცნობს ბევრი შენი მინიმებით;
გულწრფელად მიხარია ,როდესაც ვხედავ სათაურს "მინიმა"...მგონი ბევრს ეს პოეზიის ჟანრი ჰგონია, არა და "მინიმა"–ჩემი ლექსების სათაურები იყო თავიდან. ცხადია ის მინიმალისტურ პოეზიასთან ასოცირდება, მაგრამ ეს სახელი ოფიციალურად ნამდვილად არ ჰქვია. მინიმა გახლავთ იაპონური ტანკას ალტერნატივა. ყველა მცირე ზომის ლექსი არაა მინიმა, მათ შორის ჩემებიც. მინიმაში  ძირითად სათქმელს ამბობ პირველ ნაწილში, შემდეგ მოდის მხოლოდ მრავალწერტილებისაგან შემდგარი სტროფი და ფინალი, ერთგვარი დასკვნა. თანაც მკითხველს საფიქრალსაც უტოვებ, ამიტომაა რომ ხშირად მთავაზობენ ალტერნატიულ ვარიანტებს – ანუ უჩნდებათ სურვილი თავისებურად დაწერონ. ეს ძალიან კარგია!  რაც შეეხება თვითონ სიტყვის მნიშვნელობას: "მინიმა" ბერძნულია და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ნიშნავს...მე ხომ მათ მობილურის ეკრანზე ვწერდი
- რომელია შენი საყვარელი შენივე ლექსი?
ხელუკუღმა
        ზაზას
დაიჭი, ზღვაო!
ეს ბეჭედი–არათითზე რომ გამიშავდა...
ეს სამაჯურიც გავიმეტე–
ქრიზოლიტებით...
დღეს მე მაცვია
ჩამავალიმზისფერი კაბა
და ცხელი...ცხელი....
ცხელი ქვიშა
დამაქვს ქოშებით.
გიბრუნებ, ზღვაო!
ყელსაბამებს:
მარჯნის, სადაფის...
ჰა, სავსე მთვარის მესამედიც–
ჩემი საყურე.
მე შეგიგროვე ჩემი მკვდარი,
ჩემი ცოცხალი,
მოვედი შენთან–
ხელუკუღმა გადმოგაყარე!
დღეს იმედები,
შორეული ნაოსნობის მეზღვაურები,
კოცნიან კონცხებს-
ზღვაში პეშვით  გამოწვდილ მიწას,
მახურავს ჩადრი....
შავი ჩადრი,
და ბოლო კადრში–
მოელვარე თვალები მიჩანს.
- ვინ ზაზას ეძღვნება ეს ლექსი თუ საიდუმლო არაა?
არის ერთი კარგი ადამიანი, ძალიან კარგი...
- სახელი ემთხვევა და შევიფერებ შენის ნებართვით
- კი, შენ ნამდვილად კარგი ადამიანი ხარ.
დიდი მადლობა ნინო, ამაზე კარგი დასასრული მეეჭვება ინტერვიუს ჰქონდეს, ამიტომ სასწრაფოდ დაგემშვიობები.
დიდი მადლობა მოწვევისთვის.  თქვენ წილად გერგოთ ჩემი პირველი ინტერვიუს ჩაწერის ბედნიერება.


16 სექტემბერი. 2010 წ.

??????