ღლონტი ომზირი(არქიმანდრიტი ნიკოლოზი)
გაზიარება

ზღვის ქალიშვილს ექსკლიუზივი

ალბათ მე ვერ გნახავ შენ ისე არეულს,
როგორიც ამ ღამით გიხილე ლოცვის წინ;
წმინდანებს ვუქრობდი ჩემსავით მთვარეულ
სანთლებს და შენს სახეს გიჟივით ვკოცნიდი...
ალბათ მე ვერ გნახავ შენ ისე ნაღვლიანს,
როგორც ამ ღამით გიხილე ძილის წინ...
ო, შენი თვალები შვლის ნუკრის ნატყვიარ
დედისას მოჰგავდა იქნება, ვინ იცის...
ალბათ მე ვერ გნახავ, ვერ გნახავ ვერასდროს,
ლოცვები წაშლიან შენს ხსოვნას სანატრელს,
ვიცხოვრებ ღალატის უძლები ტკივილით,
ვინ იცის სანამდე, სანამდე... სანამდე...
ალბათ მე... ალბათ მე დაისის ფუნჯები
შემღებავს ზეციურ, უმანკო ფერებით,
ცრემლებით ნაწვიმარს ბათუმის ქუჩები
მომიყვანს შენს სახლთან და მოგეფერები!
ალბათ შენ... არ მელი და ძილში ქარები
გტანჯავენ _ გიძღვნიან სიძვის წილ ალმასებს...
კაკუნი... ჭრიალით იღება კარები...
მე სიზმრებს გპირდები შენ ისეთ ლამაზებს.
ტუჩებით ვეხები... ხვეულ თმებს _ ჩიჩილაკს,
წამიღეს ბგერებმა ნაცნობი სონეტის
და სული კბილებით, კბილებით მიჭირავს
უღვთოდ განაწამებ, გაყიდულ პოეტის.
ეჭვები ლანდებით ავსებენ სარეცელს,
კივილით აკვდება როიალს კლავიში,
ბორგნეულ ტალღებმა ვნებები ჩარეცხეს
და ზღვისკენ მიმაფრენს ჩვენი ყურთბალიში.
გათავდა ... ეს ღამეც გადაკვდა უკუნი,
მზის დისკო პალმების ტოტებში გახევდა...
განწირულ საყვარელს მაცილებს სლუკუნი
შავი ზღვის ჭლექიან ფილტვების ნახველთან.

??????