შემოქმედელი დავით
გაზიარება

*** "ესა ვართ, რაც ვართ" 

ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი
რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,
ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,
მარტო ლაქლაქი და დამარცხება.
ჩვენ არ ვიყავით? _ ვფარსადანობდით,
და შურის ძაფებს ჩუმად ვაბამდით,
პილატესავით ხელებს ვიბანდით
და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით.
ზოგი კი ხონთქრის მზეს ლოცულობდა,
გოდებდა ხალხი _ ეს რა მოგვდისო...
ისიც ხომ გვახსოვს, აგერ ჩვენ თვალწინ _
,,ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო”.
მაგრამ ხომ იყო ხახული, გრემი,
აქეთ _ გელათი, იქით _ ვარძია,
და ინდოეთის კარიბჭის ლოდი
ერეკლემ თავის ხმლით გადასწია.
გვეწერა მხრებზე ძლევა _ დიდგორი,
ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს თხზავდნენ,
რომში ფარსმანის დიდ ქანდაკებას
ბელონას ტაძრის სვეტებთან დგამდნენ.
ხან დარუბანდის ვლეწავდით კარებს,
ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა,ვიყავით მართლა მხნე და რაინდი,
თუ მითის ფერად ხუფში გვეძინა.
და მტრის მახვილზე უფრო გვზარავდა
მომიზნებული მოყვრის ისარი,
ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ
შვილებს კანკელთან დასაფიცარი.
ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი
რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,
ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,
მარტო ტკივილი და დამარცხება?!

??????