გაბური ალექსანდრე
გაზიარება

მზე ექსკლიუზივი

ცოტა ხანს კიდევ მინათებ
ჩემი სამზეოს დასტურად,
მერე ვიკმარებ დილამდე
ამ წუთისოფლის სამდურავს.
მერე ცას _ მზერა გადახდილს
სიცოცხლის სასჯელს შევურევ
და იშრიალებს ბალახი _
ჩემი აქ ყოფნის მეურვე.
და ვიდრე გადაიგორებ
შორი თვალების ყინულზე _
ცივ ხელებს და მჭლე სტრიქონებს
შენი მზეობის მიუზღე.
შენით ნანატრი დღე ვიცან,
გზა ვიცან _ გადასარჩენი...
მიხვალ, მოგყვება ჩემი ცა _
ბოლო ოცნების ნარჩენი.
გაყრის წვა უნდა მაჩვენო
ნასისხლი მწუხრის ბაგეთი.
მერე პირს შეკრავ საჩემოს,
მე გზას შევრჩები შავეთის.
უფრო თვალებში დაგეძებ,
რამეთუ ყოფნის სვე მრუდობს.
შენს პირს შესთაფლდეს რაც შევძელ,
რაც ვერა _ ღმერთმა შეუნდოს.
შენით ნუგეში თავს მედგა
ჩასაფერფლ-ჩასაკრეფელად
და გულს უვლიდი გარედან
მზე _ დამზრალ სულის პეპელა.
რა ქვას ათბობდა დღე ჩემი,
რა მისაბრუნი მიკურთხე.
შენ სააქაოს შერჩები,
მე _ საიქიოს ვიკუთვნებ.
ღამეს აუწყავ თვალებით
ლოდინის წილად ჩრდილოელს.
წახვალ... მთებს მიეფარები,
საღამოც დამიგრილოებს.
ჯერ კი _ სხივს აბამ გვიანდელს,
ვაჟღერებ შენს ტანს ფანდურად...
მერე ვიკმარებ დილამდე
ამ წუთისოფლის სამდურავს.

??????