ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

ძმას ექსკლიუზივი

(არქიმანდრიტ ნიკოლოზს)
ჯვარიდან ახსნილო ავაზაკო, შემცნობო უფლის,
ცოდვის ფსკერიდან უხილავად ცისკენ გიცურავს,
მიენდე სიტყვას მილურსმულს და შორეულ ღრუბელს,
როს ახლობელმა ყველამ სასო გადაგიწურა.
გაშორეულდა ბავშვობა და მამის მიწური,
დედის სიზმარი შობისწინა _ ნაწერი სისხლით:
`უწოდე ომზირ, ძეს, რომელიც ბოლოს მირწმუნებს,
ბედნიერებას მივაგებ და შენს სახლსაც ვიხსნი!”
ბედნიერება თუ ტანჯვაა, შენზე ბედნიერს
მე ერთს ვიცნობდი, ვის იცნობდნენ `პატარა პაჭოდ”,
საკუთარ თავზე სიმართლეს ვინ გაგვაბედინებს,
მამის ბიჭობაც, ლეგენდური, დე, სხვებმა საჯონ.
უცნაურობა გვარშივე ძევს, გვარზე ხტის კვიციც,
ჩემი პაატა და მამუკა, შენი სულხანი, _
პატარა ღლონტებს, დიდობაში, ღმერთო, ულხინე!
თუმცა ეს თხოვნაც ამაოა, _ უფალმა იცის.
უფალმა იცის განწირულებს ვით გვისაშველოს
და ჩვენი ჯვარცმა სიხარულად რაგვარ აქციოს;
პატრიარქს მაღლა შეუმართავს მიტრა საშენო
და გალობს გუნდი სიონისა მაღალ `აქსიოსს!”
ხმლის ჩამგებო და ქარქაშიდან ჯვრის ამომღებო,
მაშენებელო, ვერ გაშინებს ქვეყნის ჭორები.
მე, შენს უმრწემესს, ბოლოს შენი ჯვარი მომიღებს,
მწამს რომ, უმამოს, არასოდეს გამეშორები.
ჩვენ თუ დავცხრებით, სოუქსუზე, `Туз” სილბისტროსთან,
ბაბუაც, მამაც, შვილებიც და... შვილიშვილებიც.
მაგრამ ცოცხალნიც მიწის გულზე არ მოვიშლებით,
ის დაგვიფარავს ბრძოლისაკენ ვინც მოგვიწოდა.
ის დაგვიფარავს, ვინც უფაროდ მიგვიშვა მტერზე,
თან მტერ-მოყვარის სიყვარულით გული აგვინთო.
ეშმაკი მუდამ ახალ-ახალ იუდებს ეძებს,
ჯვარი გწერია, ჩემო ძმავ და უფლის რაინდო!

??????