ცინცაძე ნანა
გაზიარება

ხვადი ექსკლიუზივი

თავაწყვეტილი ყიჟინი მამრის,
როცა ამაყად ისწორებს დეზებს,
ცხელი სურვილი, სურნელი ამბრის,
დაფეთებული ძუკნას რომ ეძებს...
როდესაც მოჰგავს მწევარს დაგეშილს
და ნესტოები უთრთის ძალუმად,
როცა ნაცნობი სუნით გალეშილს,
ვიღაც სჭირდება ღამის აღლუმად...
როცა თვალები სისხლით ევსება,
როცა არ სტოვებს ბილწი თარეში,
როდესაც მადა ხორცით ეხსნება,
როცა ქალს ეძებს სავსე მთვარეშიც,
როცა არ ესმის სიტყვა უარი
და ჩადრშიც ხედავს სხეულს ვნებიანს,
როს ულაყივით, იქ თუ ძუ არი,
ხარბად აშიშვლებს ფარულნებიანს...
უცებ მისწვდება მუხლებს კანკალი,
გადაუქროლებს შეშლილ სამყაროს,
თავდავიწყება არის სამკალი,
ყველა კუნთი რომ უნდა აჰყაროს.
არ დაატიოს ტვინი არეში,
სადაც გონება გულის ხედია...
ეს მამრს სჭირდება ცაში თარეში,
ქალი ადვილი გასახედნია.

??????