თექთუმანიძე მარინა
გაზიარება

ნუღარ მომიკვდები დედა! ექსკლიუზივი

დარეჯან დეიდა მოკვდა, დედა,
დარეჯან დეიდა!
პატარობისას მე და ნინოს რომ გვიფიცებდა:
`თქვენს თავს ვფიცავო~...
მოჰქონდა კანფეტები, ზღაპრების წიგნები
და სიკეთით გვავსებდა იმ ზღაპრებით...
მერი დეიდაც მოკვდა, დედა,
მერი დეიდაც!
გახსოვს? კაბას რომ მიკერავდა ლამაზარშიანს
და მერე პიტნის ჩაით მიმასპინძლდებოდა...
მე არ მიყვარდა პიტნის ჩაი,
მაგრამ მერი დეიდა მიყვარდა
და ამიტომ ვსვამდი,
ახლაც მითბობს ხსოვნას იმ პიტნის სურნელი...
თინა დეიდაც მოკვდა, დედა,
თინა დეიდაც!
გახსოვს, ისიც შენსავით გვიჯავრდებოდა:
`ნუ დადიხართ ამდენს, _
სირცხვილია,
გოგოები მაინც არ იყოთ!~
ისიც გვიფიცებდა სამივეს,
გულით გვიფიცებდა...
რუსიკო დეიდაც მოკვდა, დედა,
რუსიკო დეიდა!
სევდიანად რომ მიღიმოდა დედამკვდარს
და შენს ნაცვლად მათბობდა...
ახლა შენხელა ვარ, დედა,
ზუსტად იმხელა,
შენ რომ მიმატოვე...
და ძალიან მენატრებით
შენ,
დარეჯან დე(ი)დაც,
მერი დე(ი)დაც,
რუსიკო დე(ი)დაც,
თინა დე(ი)დაც...
მზია დე(ი)და კი ცოცხალია,
ლენა დე(ი)დაც ცოცხალია,
გიას დედაც ცოცხალია,
ბაჩუკის დედაც ცოცხალია,
მაშასადამე, ჯერ კიდევ მყავხარ!
მეგობარს როცა დედა უკვდება,
შენ მეც მიკვდები მეორედ, მესამედ, მეასედ...

??????