ბერიძე სანდრო
გაზიარება

წრიული ექსკლიუზივი

როცა ქაოსით მღვრიე ცა დაწდა,
არც მარტი იყო და არც თიბათვე,
შენი ბედი კი მაშინ გადაწყდა,
დაბადებამდე რომ დაიბადე.
უფალი ღრუბლის გემით შეგცილდა,
არც კი ახსოვხარ, ალბათ, მას ახლა,
ბრალი იმისი, ვინაც ზეციდან
გადმოგაგდო თუ გადმოგასახლა.
მიწიონელის დამღა გეკეთა,
სხვა გალაქტიკებს ამოდ უძახი.
სიკვდილ-სიცოცხლე აქ დაგებედა,
ამ მზისქვეშეთის შენ ხარ ტუსაღი.
მიხვალ არსაით და ფიქრს მიიშლი,
არც დაცული ხარ, არც განწირული.
არა მგონია შეგხვდეს ფინიში,
მიწა _ ბურთია, გზა კი _ წრიული.
გინდა დარჩი ან გაცილდი ტიხარს,
უაზრობაა რა გზას აირჩევ.
გაიქცევი და სიკვდილთან მიხვალ,
გამოიქცევი _ აქ მოხვალ ისევ.
შენნაირები მიდი-მოდიან,
შეამქრებიათ წვა და წვალება.
სიკვდილი მართლა ბუა როდია,
დაბადებაა გარდაცვალება.
წვალებით შუბლი რად დაიორთქლე,
სიზმარს ცხადი ცვლის, ცხადს კი _ სიზმარი.
შენ აღარ გახსოვს ადგილი, თორემ,
გუშინ რომ იდექ, ისევ ის არის.
წერას ბედისას რად არ ნებდები,
ურჩობას ამდენს ინანებ მწარედ.
არ მიგიღებენ სხვა პლანეტები,
სხვისი სახლია წრიულის გარეთ.

??????