ცხვედიაშვილი მარინე
გაზიარება

უსიყვარულოდ და უგრიგალოდ... ექსკლიუზივი

დევის ხვრელიდან ვიდრე ლელიანს
დრო მზის მკლავებზე წავიკაპიწე,
ყრმა ფშაველები ნისლებს წველიან
და ბერწ ოცნებებს ცეცხლზე ვაფიცხებთ.
განთიადი კი, როგორც ბოჩოლა,
ივრის პირიდან მომყვა ბღავილით,
გადაგეხვევი, ძმაო ჯოყოლავ,
და შენს სანახებს რიდით დავივლი.
ხონჩით მოგართმევ ალაზნის ღამეს,
სიზმრის დედა რომ ყვარობს მალულად
და საწნახელში ჩავარდნილ მთვარეს,
მთას რომ საწაწლოდ გამოპარულა.
აგიფერადებ ნაზამთრალ ხნულებს
`ლილეოთი~ და `შენ ხარ ვენახით~,
და თუ გაჭირდა, ჯავრიან გულებს,
ვით ჯიხვის ყანწებს, ზეცას შევახლით.
წამოვუძღვები ფიქრის არმადას
და დაგაფიცებ დამფრთხალ ალიონს,
მე თეთრ არაგვთან გული დამვარდა,
შავი არაგვი როგორ დავლიო.
თუმცა შირაქში ნაბარტყი ხოხბის
ნაზი ყელიდან ისევ გეძახი,
ჩვენს სინორჩესაც ქაფივით მოხდის
დრო ამ ცხოვრების მღვრიე ზედაპირს.
და თუ სტუმრობა, შარის ამტეხი,
მაინც ეავდრა ბრძენკაც მინდიას,
ეს დალოცვილი ხსოვნის ნატეხიც
ძველ ხურჯინში ხომ საგზლად მიგდია.
ჰოდა, ამხსენი ვენახში ჭიგოს,
ვიდრე ფხიზლობენ ღამის მეხრენი,
და თუ ოდესმე საშველად მიხმობ,
ზედ ქამარ-ხანჯლად შემოგეხვევი.
ოღონდაც მერე ამ მთებს პიტალოს
შემნივთე, როგორც მიწის ნაფლეთი,
უსიყვარულოდ და უგრიგალოდ
არ მაწერინო ლექსი არც ერთი.

??????