წიკლაური მარიამ
გაზიარება

თოვლით გამოლოცვა 


შობამდე შორია… მაცალე,
თოვლით გამოლოცვას გასწავლი.
მერე რა, ბერდედა რომ არ ვარ,
არც შენად თავმკვდარი წაწალი.
ოღონდ, სათიბებში, იცოდე,
სისხლი გაუშრება ყაყაჩოს,
სულის დაწრეტილი მდინარეც
ცრემლის ზვირთებისგან დაგვახრჩობს.
მწუხრსაც შეუშრება, ჩვენსავით,
მკერდზე ცეცხლისფერი მზის ცვარი,
ტუჩიდან გაქრება ნაცნობი 
გემო – კოცნისაგან მიმწვარის.
თოვლით გამოლოცვას გასწავლი,
ძმებად გავეფიცოთ ლოლუებს,
ჩვენი სიყვარული, იცოდე, 
უკნასკნელი და ბოლოა.
მერე რა, თუ თოვლი უთეთრეს
ვნებებს კოცონივით გვიკიდებს.
\"არ მიყვარს! არ მიყვარს! არ მიყვარს!\" _
შენც გაიმეორე იგივე.
მერე ფიფქებივით ჩავადნეთ 
ჩვენი გულის მზეებს ხელებში,
ვით ნისლს შეასხეპენ მზერაზე,
ჩაჩეხილ მთამსვლელებს, ხევები.
შობამდე შორია.… მარტში კი,
იქნება სიცოცხლე პირიქით _
უფალი სათიბში გვირილად
მომიყვანს ქვესკნელის პილიგრიმს.
გულიც გამისკდება, შენს ცელზე
სათივე ღერად რომ შერჩება
ამდენი უშენო სიზმრის და
უშენო სიკვდილის შეჩვევა.

??????