კოსტავა ირაკლი
გაზიარება

საუკუნის ბოლო ექსკლიუზივი

ჩაუძინიათ მოხუც წმინდანებს,
ჭაღარა ღმერთი თვლემს მომღიმარი,
ჯარისკაცები ლესავენ დანებს,
დააყენებენ სისხლის მდინარეს.
მიწაზე ფერფლის გორა იდგება,
ყველას გასწვდება დიდი ხანძარი,
როცა საშველი აღარ იქნება,
ვერ დაგვიფარავს ვეღარც ტაძარი.
ცას ნაცარტუტის ბუღი მისწვდება,
დავუბრუნდებით გამოქვაბულებს
და ღვთის მორჩილიც რომ დამიწდება,
ხმა ჩაუწყდებათ ცისფერ ბულბულებს.
მოისაკლისებს ღმერთი თვის შვილებს,
მიხედ-მოხედავს უდაბურ არეს,
იქ გამოჩნდება მისი სიჩვილე,
ცრემლი ვერცხლისფრად შებოჭავს მთვარეს.
ააწკრიალებს ხელში ზანზალაკს,
კვლავ დაიწყება ეს ყველაფერი,
ისევ მოგვირთავს ლამაზ ჩიჩილაკს
მისი რჩეული სამყაროს ფერით.

??????