ბედიანიძე დალილა
გაზიარება

* * * საზამთრო გავჭერი და საზამთრომ წითლად გაიცინა 

საზამთრო გავჭერი და საზამთრომ წითლად გაიცინა
და საზამთროს ნაჭერს თესლები მოკაშკაშე ვარსკვლავებს უგავდა
და ცა იყო გაჭრილი საზამთროსფერი.
მკვდრის მზე ჩადიოდა,
ცოცხალთა მზე ამოდიოდა.
ჩვენ ვისხედით ვერანდაზე და ჩვენს შორის
იყო საზამთრო მოცინარი.
ჩვენც ვიცინოდით და საზამთროს შევექცეოდით.
მერე სურათი გადავიღეთ
და სურათმა სამუდამოდ დაგვიმახსოვრა
ვერანდაზე საზამთროს ჭამის დროს.
თითქოსდა არაფერია საზამთროს ჭამა,
მაგრამ ხანდახან ჩვენს ბედნიერებასაც ბევრი არ უნდა,
ხანდახან ჩვენს სიცოცხლესაც ბევრი არ უნდა,
ხანდახან ჩვენ გვავიწყდება წუთისოფლის ვაი-ვუი
და ერთად ვსხედვართ, ჩვენს სიხარულს შევხარით,
ვუსხედვართ საზამთროს ირგვლივ, როგორც კოცონს,
რომელიც ელავს ცაზეც, ჩვენს სულებშიც და
ვიცინით და ვხარობთ და ვხარობთ.

??????