ბექიშვილი თეონა
გაზიარება

ზამთრის მებაღე 

მე ვწევარ,
არაფერი არ მაიძულებს სადმე გავიქცე, კარი ჩავკეტო, ქუჩას ვეწვიო,
აჩქარებით გადავკვეთო გზატკეცილები,
რათა ვინმეს თვალი არ დარჩეს შიშველ სხეულზე.
ეს გაზაფხულის სამომავლო ოინებია,
გაზაფხული გვაიძულებს გაუჩერებელ სუნთქვას და ნაბიჯს.
სანამ ზამთარია, სანამ სიცივეა, სანამ ათასპირად
შეფუთულია ჩემი სხეული.
მე შემიძლია მშვიდად ვიწვე,
- მობრძანდით და მათვალიერეთ!
რევმატიზმი, დადინჯებული ბერიკაცივით რომ
რიალებს საბნების ქვემოთ,
სამარცხვინო სულაც არ არის:
ის ბებერია, მე - ახალგაზრდა,
და ერთმანეთს ვარდ-ეკალივით ვესიტყვებით,
ვესაუბრებით.
მხოლოდ ლექსები,
დღევანდელ დღემდე დაწერილი ჩემი ლექსები
იშმუშნებიან თეთრ ქაღალდზე,
როგორც ორი კვირის წინ თეთრ ლარნაკში ჩაწყობილი
შავი ვარდები,
და მორიდებით მსაყვედურობენ თავიანთი ჩამომჭკნარი
სამოსელისთვის.
და ოთახის ყვავილებიც, ფანჯრის რაფაზე მალულად
რომ შეჰპარვიათ
სიყვითლე და უსიცოცხლობა,
უნებურად თავს უკრავენ, ეთანხმებიან
და ცდილობენ მიმახვედრონ, რომ ყველაფერი
ისევ და ისევ
ჩემსკენ არის დამიზნებული.
რა მაქვს სათქმელი?
მე ვარ მებაღე, რომელსაც მხოლოდ შემოდგომაზე
მოესურვილა ბაღის შენება,
იანვარი საიმედო მოკავშირეა, შეგიძლია ყველაფერი გადააბრალო,
გადაყარო ყვავილები, დაწვა ლექსები
და უსმინო რევმატიზმის ჭკვიანურ ჭრიალს,
ვიდრე გაზაფხული გადაგხდის საბანს,
ვიდრე გაზაფხული გაგაშიშვლებს,
ვიდრე თავზე დაგადგება თოფიანი ყაჩაღივით,
ხელებს მაღლა აგაწევინებს
და ვიდრე შიშველს გარბენინებს სავსე ქუჩებში...

??????