ბუაჩიძე ანდრო
გაზიარება

ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაში 

ბიჭი, წადი სახლში,
რას დაწანწალებ ამ ექოებით სავსე კვარტალებში,
სადაც დადიან მოწყენილი სუტენიორები,
ჯიბეებში ხელჩაყოფილნი და უსტვენენ ძველ მელოდიებს.
ბიჭი, წადი სახლში, ძალიან გთხოვ,
გუშინწინ აქ მოკლეს კაცი და მოისროლეს
თითქოს იქ დააბრუნესო, საიდანაც იშვა.
ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაში
და ბანქოს ფურცლები ქარმა წაიღო,
როგორც სინანული მოკლულის გამო...
ბიჭი, წადი სახლში,
თუ გაქვს სახლი, რა თქმა უნდა,
ხოლო თუ არ გაქვს
და მთლიანად ეს ქვეყანაა შენი ადგილი,
მაშინ რას იზამ,
გაჩერდი ხიდზე, მტკვარს გადახედე,
უძღებ შვილთა ძვლებით გავსებულს,
დააკვირდი, რა ნელა შლის თავის გრძელ ტალღებს
ხიდქვეშ მდინარე.
რას გიქადის? დამარხვას თუ ბედნიერებას?
ესეც იფიქრე.
ბიჭი, წადი სახლში,
შენ იქ დაგხვდება სიღარიბის უმწეო სუნი
და მშობლების პატიოსნება.
მათი დუხჭირი თვალებიდან გამოხედე ქვეყნიერებას
და დაინახავ შუაღამის მკვდარ ქვაფენილზე
როგორ შრიალებს შენივე ლანჩა,
ზამთრის ყინვაში ან ზაფხულის მომლოდინე მდუმარებაში,
აყურადებენ _ ჩუ, შვილი მოდის,
დანისპირზე ღამე ტრიალებს, აბრა კანკალებს,
ვიტრინები თრთიან ხეებში,
ღამის ბორკილი ადევს ყველაფერს _
გასტრონომებს და სადალაქოებს.
ბიჭი, წადი...
უკვე დამთავრდა აქ დღის სპექტაკლი, _
მაღაზიიდან გამოძვრა ვირთხა
და შეიძურწა მამაკაცთა სადალაქოში,
გაიარა უშველებელ თმების ზვინებში,
ზონზროხა ტანი გააქროლა მოკლე ფეხებით
და უკანა ოთახში შეძვრა,
იქ ამძუვნებულ ქალ-ვაჟ დალაქს გადაეყარა
და ეცნო სქესთა უცნაურობა.
წადი, ბიჭი სახლში, წადი,
ღამე სასტიკია, პირჯვრის წერით დადიან ადამიანები,
ჰაერი თითქოს კედელი იყოს, ისე ენდნენ
და ეყრდნობიან დღის ტანჯვისაგან დაქანცულნი,
მანქანები კი არ უჩერებენ.
საით მიქრიან შუაღამეს მანქანები?
_ სინათლისაკენ.
საით მიქრიან შუაღამეს მანქანები?
_ წყვდიადისაკენ.
საით მიქრიან შუაღამეს მანქანები
და მანქანების შავი, შავი, შავი მძღოლები?
_ არაფრისაკენ.
წადი, ბიჭი, სახლში, წადი
და თუ არც სახლი გაქვს და არც
მშობლები გყავს, _
შუაღამისას შენს ფეხის ხმას რომ მოელიან, _
ამ გარეუბანს მაინც ერიდე.

??????