შაინიძე ჟუჟუნა
გაზიარება

ნეტავი ექსკლიუზივი

ნეტავი მართლა ვყოფილიყავ თეთრი პეპელა,
ფრთამოხატული, უცხოდ ნაზი, დამათრობელა...
უგზო–უკვალოდ გავჭრილიყავ შორს, მინდორ–ველად...
მქონოდა გული უდარდელი, ცელქი, მზისფერა !
ნეტავი მართლა ვყოფილიყავ უბრალოდ ქალი...
პირველყოფილი სიყვარულის ბადაგით მთვრალი-
თავზე თეთრობის თეთრი ნისლით და ციცაქალით-
წელზე ნენივრას ნასახსოვარ ჭრელ ფეშტემალით...
მეც დამეზარდა ცხრა ქალ–ვაჟი, ცხრავე ლამაზი,
ცა დამლოცავდა, ცხრა სიხარულს დამაბარდნიდა...
შემოებღავლა ჩემს ეზოშიც ნიშას, ლამაზას,
ამომეყვანა თეთრი ყველი თეთრი ზღაპრიდან...
ნეტავი მართლა ვყოფილიყავ უბრალოდ ცოლი,
შეუცნობელის მოლოდინის ჟინით და თრთოლვით,
შეგისრულებდი ყველა სურვილს რასაც ბრძანებდი,
ვისშიც გამცვლიდი, იმ ქალსაც კი შევიყვარებდი...
მე კი ცეცხლებრ მწვავს ლექს–ნაღველის ბანგი,ბადაგი,
უამნაღველოდ არც არავინ არ გამიხსენოს !
ჯერ ერთი ბწკარიც არ მოვიდა დაწყევლილ ბაგით,
დავსვა წერტილი სამუდამო და მოვისვენო !
ნეტავი მართლა ვყოფილიყავ თეთრი პეპელა,
ფრთამოხატული, უცხოდ ნაზი, დამათრობელა...
უგზო–უკვალოდ გავჭრილიყავ შორს, მინდორ–ველად...
მქონოდა გული უდარდელი, ცელქი, მზისფერა !

??????