ლიპარტია სოსო
გაზიარება

სულამითას იგავი 

ღამის სიმძიმე. წამწამების ღაწვებზე ვარდნა.
ფერად სიზმრებში მოგროვებულ უეკლო ვარდებს
აწყობ უმზეო სარკოფაგთან და წვიმის გარდა,
ეს გარინდებაც საპატარძლო კაბებით ბარდნის

მიწას - ჩემს სხეულს, შენი "ეგო"-ს მტვრიან აკლდამას,
შენს ფრთებს, დაძონძილს, აქანავებს ქარი - ბორიო.
ყრმა იესოა ჩამომჯდარი მთვარის კალთაზე
და კალენდარი - ქრონოსების კოსმოგონია

გინგრევს მირაჟებს, ილუზიებს, ილუსტრაციებს
ფანტავს სიმწვანემონატრებულ ფიჭვის ფესვებთან.
როცა აისი მზეს კულულებს აუქარცივებს,
როცა მაისი წვიმებივით შემოგესევა,

შენ შეგიძლია მიატოვო ბნელი საკანი
და მზის თითებით დაძონძილი ფრთები დაკემსო.
შემოგაქსოვენ ბისონსა და ძოწის სამკაულს,
ვარსკვლავებივით აგინთებენ ათას კესანეს,
გაყვავილდები, როგორც მწვანე ვრცელი სამკალი,
ხოლო შენს სხეულს სამოთხეში გადათესავენ.

მაგრამ აისი მაისამდე მოკლეს წვიმებმა,
ცაზე კი მთვარე დაწანწალებს, როგორც ქოფაკი
და შენს ლამპარში მაგიური ზეთი იცლება
და შენს თვალებში ირეკლება ცხრა სარკოფაგი,

რომ ჩააწვინო ცხრა ცა, ცხრა მზე და ცხრა პლანეტა,
რომ დაისერო მყესები და ცივი თორაქსი
ღამემ გამოხრას, არ გესმოდეს ძველი პა-დე-დე,
დარჩე უწყვილო, უყვავილო და უკოდექსო.

ასე, საფლავთა მირაჟივით ხდები უსახო.
ქრება ოცნება, ნასიზმრალი ძველი კოლხიდა.
დარჩი საკანში - ჩემს ხეულში, როგორც ტუსაღი
და მზის მოსვლამდე - იესომდე არ გამოხვიდე.

??????