იათაშვილი შოთა
გაზიარება

ვაკური ჭლექი 

მასპინძელს ყელზე მარგალიტი უკეთია და
განუწყვეტლივ ახველებს,
კედლებზე თაბაშირის ანგელოზები კიდია,
ზიხარ და ტკბილეულს მიირთმევ.
უკვე იმდენი შესანსლე,
გგონია, რომ
ფესვი გაიდგი ამ გაპრანჭულ სახლში,
სადაც ერთხელ რატომღაც და
სამუდამოდ დაგპატიჟეს.
ჰაეროვანი, ინტელექტუალი მასპინძელი
მარგალიტის ყელსაბამით
მდიდრულად გაწყობილ სახლში მიმოდის და ახველებს,
ჭირხლი ფანჯარაზე გახსენებს,
თუ როგორი ტანჯვით მოისწრაფვოდი
გაყინული გარეუბნიდან
მისი თბილი ბუდუარისკენ -
ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა თუ
მეტროს გამოცვლით, -
მარგალიტის ყელსაბამიანი მასპინძელი კი
კვლავაც ახველებს და ფიჭას წუწნის,
«ფიჭა ძალიან, ძალიან მიყვარს» -
გეუბნება, შუქს აქრობს და მაშხალებს ანთებს -
ერთს შენ გაწვდის,
მეორეს ხელში თავად იჭერს, -
ის უცნაურია,
მარგალიტის ყელსაბამი უკეთია,
ხშირად ახველებს,
მოციგურავესავით დასრიალებს
თავის გალაკულ იატაკზე,
ზოგჯერ ჰაერშიც შეხტება ხოლმე და დაბზრიალდება -
მაშხალები ამ დროს მგზნებარე ნაპერწკლებს ყრიან,
მონუსხული უყურებ მის ჯადოქრულ ცეკვას,
ის შუქს ანთებს,
ცოცხს და აქანდაზს იღებს ხელში და
ბალანჩინური მოძრაობებით
მონდომებით ხვეტავს ბინას,
რათა ახალი სტუმარი მიიღოს და დაიტოვოს,
სადღაც რადიოს სულ სხვადასხვა FM-ები
ვაკურ შელოცვებს ბუტბუტებენ,
ის კი ახველებს
ყელზე შებმული მარგალიტებით,
მომაკვდავია (როგორც ყველა ჭლექიანი)
და უკვდავია...

??????