კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

მრწამსის სონეტი 

გავკიდეგანდი ამ ცხოვრების ტრაპეზის ბოლოს,
ვით ხალხურ ლექსში მიგდებული ბერი ქედანი,
მე ამაქვეყნად გაცრეცილი ასლი ვარ მხოლოდ,
არსთაგამრიგეს არქივშია ჩემი დედანი.

მასში წერია, ჭეშმარიტად ვინა ვარ, რა ვარ?!
ვისი გორის ვარ, როგორი მაქვს ძირძველი არსი?!
ამაქვეყნიურ თეატრონში განზე რად ვდგავარ,
როცა ანშლაგით მიდის ყოვლად უნიჭო ფარსი.

არ შეჰხებია ჩემს სულს ფუყე დიდების ფუფხი,
კოცონზე მწვავენ, მაგრამ ცეცხლი მე არ მედება,
რადგან ამქვეყნად ღვთის განგებას არასდროს ვუფრთხი
და რწმენით სავსეს სიკვდილიც კი მეიმედება.

მაცოცხლებს მრწამსი, რაიც ჩემში სულმა შენივთა
და ვინძლო ასე აღვესრულო, ღმერთო, შენითა!

??????