ჩიხლაძე დავით
გაზიარება

* * * სოფლის სახლი, სპეციპიკური ნესტის სუნით 

სოფლის სახლი, სპეციფიკური ნესტის სუნით,
გაყვითლებული გაზეთებით და
ფოტოსურათით ცენტრალურ კედელზე.
სისხლიანი დანა სამზარეულოს ეკუთვნოდა,
ამით ეს ლამაზი ქალი ჭრიდა პურს, როცა
სტუმარი ჰყავდა,
მაშინ მაგიდას გადააფარებდა, ისე კუთხეში იყო
ამომწვარი ლაქა ჩაიდნის. ფანჯარასთან მდგარი
ყვავილი ზუსტად ასეთი სისხლისფერია.
ყვავილს წვიმა არასოდეს შეხებია,
ამ ქალს კი კაცის ხელი,
კაცის სუნთქვა. მას, თავისი ოთახის
სიმყუდროვეში შეეხო დანა, სისხლი
გაიშალა როგორც ყვავილი,
მტვერი აღელდა ფარდებზე, გაზეთი
დარჩა უფრო მარტო,
როგორც არასდროს.

??????