წიკლაური მარიამ
გაზიარება

დასაწყისი 

რადგან არ ვიცით, თუ როგორი იქნება ბოლო,
სჯობს დასაწყისი იქცეს ზეიმად,
დასაწყისი არაფრობისა!

თორემ ბოლოსკენ
მარადისად გიმწუხარებენ ჩემი ფიქრის კვიპაროსები.

ვერც რტოებზე ქარებს შევიბამთ,
ვერც ნატვრის ხის ფერადი ხორკლი დაგვეყრება
ჭრელი გირჩივით.

ვერც ჩემ კოცნებს ჩამოიმარცვლავს
შენი თვალების კრიალოსანი.

ჩვენ ვიქნებით ჭაობებიდან თავაღერილი ევკალიპტები.
ჩვენ სიმაღლეს შეფარებული პაწია ჩიტი როცა ფრთას გაშლის,
გვეგონება გულში გავივლეთ ერთმანეთიო.

ვიქნებით ასე, უდაბნოს ლურჯი აქლემებივით,
სხეულის კუზი რომ აზით სულზე
და იების ლურჯი ნაცარი გვეყრება ნავლად,
როცა თოვლის გულისპირსაც გაგვიქექავენ.

იქნებ სიყვარულს ჩავუდგეთ კვალში?!
სიყვარული იმიტომაა ასეთი გამძლე,
რომ სალოსივით თავის ჭკუით დააბოტებს მარტოობაში
და არავინ, სულ არავინ სჭირდბა ქვეყნად!
მე კი ვერასდროს დავისიზმრე ეგ სიმარტოვე.

სულ მინდოდა გუბესავით ჩადგომა შენში
რომ ჩემი თვალით გეყურებინა სამყაროსათვის,
რომ ჩემი პეშვით აგეკრიფა წვიმის წვეთები.

მე მინდოდა ჩადგომა შენში
ხავსის კაბებით და შიშველი ცივი ტერფებით,
ფრჩხილებზე რომ არასოდეს წაუსვამთ ლაქი,
არ უვლიათ განგის ნაპირზე,
არც გოლგოთაზე,
არც ნილოსის წყლით უბანიათ უდაბნოს მტვერი.

მე მინდოდა შენში ყოფნა, როგორც ქვაბულში,
მარტოდმარტოს,
როგორც ბერი ემალება ხალხს და ცდუნებას.

ახლა ისღა დამრჩენია, არ დაველოდო დასასრულს
და ისე დავიწყო,
ზეიმივით,
თითქოს არც კი მიცხოვრია და ვერცა ვხვდები,
რატომ იციან გადადება დღესასწაულის
სულ ბოლო დღისთვის?!

ან სულ ბოლოდან დავიწყოთ ის, რაც,
დასაწყისად უკვე არც ვარგა.

ვიზეიმოთ მარტოსულობა,
ერთმანეთი ვიზეიმოთ უერთმანეთოდ!

??????