ხუტურიძე თინიკო
გაზიარება

* * * მე ავადა ვარ 

მე ავადა ვარ.
უკვე სამას სამოცდახუთი დღეა და
თორმეტი წუთი -
ვიწრო შარაზე მონგრეულ ფეხებს მივაფრატუნებ.
ხანდახან ძველ ტახტს მივაშურებ ჩვეულ სიხარბით და
ფიქრის მზერა მიუყვება
ოქროსფერი მზით განათებულ მაისის ბაღებს -
აქერცლილ ტოტზე გაწოლილი
ჭიანჭველების ვიწრო ქარავანს.
ხშირად ვისინჯავ სისხლის ძარღვებს,
სქელი კედლები რომ გაუცვდათ მეტი დარდისგან,
ფეხის თითებსაც შემოემსხვრათ თეთრი ფრჩხილები და
ქარმაც ჯიბრზე თითქოს უფრო წამოუბერა...
არავინ იცის,
მაგრამ ავად ვარ -
ორივე ფერდზე ჩამეშალა სუყველა ნეკნი,
თმების ძირებიც გამაგრდნენ და
კვირტი შეიბეს.
ყოველ წუთს ვხუჭავ უწამწამო,
გამომშრალ თვალებს,
ხელის მტევნებსაც დიდი სიფრთხილით ვახებ მდინარეს,
რომ თითებიდან ამოსულმა ლიანებმა წყალი დალიონ -
თითქოს ჩურჩულიც შემომესმა სადღაც შორიდან -
ჩემზე ლაყბობენ გადაღლილი,
ასი წლის სკამზე დასასვენებლად ჩამომსხდარი
სოფლის ქალები -
ნაჯაფარ ხელებს, კოჟრიანებს მუხლზე ირტყამენ და
გახუნებულ შავ მანდილებს ისწორებენ ყურებთან ახლოს.
მე ავადა ვარ,
ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს
რაღაცა სტკივათ -
თითქოს მკლავებსაც თვალები აქვთ და
უყურებენ მზის ამოსვლას ცარცისფერი გორმახებიდან,
ყოველ საღამოს ეძახიან
შეშინებული წეროების პატარა გუნდებს,
თოფის ხმაზე რომ აიშალნენ ჩუმი ფრთხიალით.
მე ავადა ვარ...
თეთრი ყვავების მესმის ყრანტალი,
პატარა ბიჭის წამოსტვენა მტვრიან ბილიკზე
და სევდიანი სიმღერები
შორეულ მთებში, მწვანე ბალახზე გაშლილ სუფრიდან.
მე ავადა ვარ...
მტკივა ისევ მარჯვენა მკერდი და
ამ მკერდის ქვეშ ფრთამოტეხილი ჩიტივით მითრთის
მოწაბლისფერო ბუსუსების დაბალი მოლი.
მე ავადა ვარ...
მთელ სხეულში ჩამექცა სისხლი და უფრო ძლიერ მონაბერმა
ჯიუტმა ქარმა
წამომაყარა მტვერის გროვა მაღალ შუბლამდე...
მე სუნთქვაც მიჭირს...
არავინ იცის,
მაგრამ ავად ვარ.

??????