ხუტურიძე თინიკო
გაზიარება

* * * ნათიას 

სადღაც
სოფლის განაპირას დაჯექი
შეჭირხლულ ბორცვზე და
ცაში გამოკიდებულ
სახლზე იოცნებე.
სულ მარტომ იოცნებე,
არავის გაუმხილო,
თორემ დაგცინებენ.
მხოლოდ მე ჩამჩურჩულე
ყურში ხმის კანაკალით, იმედგაცრუებულმა.
მერე ერთად მივალაგ-მოვალაგოთ
შენი ოთახი.
პიანინოს ძველისძველი
გამრუდებული კლავიშები
გავუსწოროთ,
თითების გამობურცული
რბილი ადგილები
გადავუსვათ მტვრიან მაგიდაზე და
მის ნაკვალევზე
მტრედების პატარა
ქანდაკებები ჩავამწკრივოთ.
ხანდახან დავსხდეთ
დასასვენებლად ჩალის სკამებზე,
ფანჯრიდან ზოლად შემოსულ
მზის სხივზე
ისედაც თბილი ფეხები
ჯვარედინად დავალაგოთ და
თიხის უჯრიდან
გადმოვთვალოთ ვერცხლის
ბეჭდები,
საყურეები თეთრი თვლებით.
გული ვიჯეროთ შუადღის
სიცხით,
ოფლის წვეთები შევატოვოთ
ცისფერუჯრიან ცხვირსახოცებს,
ჩვენი აზრები
პარალელურ ხაზებად გავავლოთ
სუფთა რვეულში და
ტანსაცმლიანი კარადის
დალაგება გავაგრძელოთ _
ღილებაწყვეტილი კაბები
ცალკე ჩამოვკიდოთ _
თეთრი კბილებით შევცინოთ
ერთმანეთს.
იატაკზე,
დაცილებული ფიცრების შუაში
ნემსკავით ჩავუშვათ
პურის ნამცეცები.
ხელისგულები შევატყუპოთ და
წეროებიც გაფრინდებიან
მოუსავლეთში.
ჩვენი სისულელეებიც
მაშინ დამთავრდება,
როცა შენს ეზოში
ამოსულ ჭერამს
მტკივან სხეულზე შემოაჭდობ
გამხდარ მკლავებს,
ცაში აიხედავ და
ჩრდილოეთისკენ მიმავალ
ღრუბლებს გადაითვლი.

??????