ხუტურიძე თინიკო
გაზიარება

ტაქსები. კაბა. ნადირობა 

პლატფორმაზე ვდგავარ. ვიტრინებს მიღმა
ლურჯ ჩახჩახა ვიტრინებს მიღმა
ღიპიანი ქალები მიირთმევენ შებოლილ ძეხვს.
შებოლილ ჰაერს და კათხა ლუდს.
მეგობარი კაცები საუბრობენ ხმადაბლა -
სიგარების მომხიბლავ კვამლს უშვებენ დინჯად.
თითქოს არ სურთ შეამჩნიონ
როგორ მძიმედ სწევს ვისკიან ბოთლს ბარმენის ხელი
მტვრიან დახლზე.
დაორთქლილ მინას როგორ ხაზავენ სქელი წვეთები -
ეხლებიან ერთიმეორეს შემპარავი ხმაურით. კრძალვით.
წვიმს. ტაქსის ფანჯრები უშვებენ დიაფილმებს
ამ ქალაქზე. იმ ვიტრინებზე. იმ ძეხვითსავსე ქალებზე
რომელთაც სიცილისგან მკერდი უთახთახებთ
და ერთმანეთს ჩემზე ანიშნებენ.
ჩემზე და ჩემს სველ ჩემოდანზე
სადაც უამრავი ხარახურა ყრია: შავი პარიკი.
ცისფერი ლინზები. ნეფერტიტის ქუდი.
უსახურავო ჩაიდანი და უცოდველი მშვიდისარი
რომლის წვერსაც სისხლის წვეთი არ შეხლეჩია
(სანადიროდ ვერ წავედი წვიმების გამო).
დიაფილმები გრძელდებიან ქალაქში. ყველგან.
ვიწრო ჩიხებშიც და ყველაფერს იმახსოვრებენ.
ჩემი ხელების სიწითლესაც ჩემოდანმა რომ დამამჩნია.
ცხელი მუხლები შხივიან და იმეორებენ
ტაქსის სველ ფანჯრებს. სქელი ლაბადის მაღალ საყელოს
მინებს მირმა მძღოლის თვალებთან.
პლატფორმაზე ვდგავარ. წვიმს.
კაბის ბოლოზე დაკიდული შემპარავი სქელი წვეთები
წინწკლავენ ასფალტს. ფეხსაცმლის ზონარს.
ახორხოცებული ქალები ვიტრინების ლურჯი ფანჯრიდან
ძეხვებს მესვრიან
მე ცირკის მსახიობ გოგოს სველი ჩემოდნით
სანადიროდ მიმავალს ღამით.
ძეხვებს მესვრიან. მიყვირიან. სიცილისგან უთახთახებთ
წითელი სახე.
სველი ხელებით ვირგებ შავ პარიკს. ცისფერ ლინზებს.
უცოდველ ისრებს ვიკიდებ ზურგზე. ნეფერტიტის ქუდსაც ვიხურავ.
ტაქსის ფანჯრებში ვამოწმებ ჩემს თავს.
მე ცირკის მსახიობი გოგო.
ტაქსის მძღოლები თავს მიკრავენ. ლაბადების საყელოს სწევენ
უსტვენენ და ტოვებენ ჩიხებს.
დიაფილმები ჩერდებიან.
ქრება შუქი ლურჯ ვიტრინებში.
ცხელ მუხლებზე მეხლებიან ღამის პეპლები
ისევ და ისევ მეხლებიან და ცვივიან
მკვდრები ფეხებთან.
ჩექმის წვერით ვაბრუნებ ყველას. სათითაოდ -
ჩემს ნანადირევს უსახურავო ჩაიდანში ვასვენებ ფრთხილად.
მიმოვიხედე: გაქრნენ გზები. ავტოები.
მატარებლის მოქანავე ხმებიც გაიქცნენ.
მე ცირკის მსახიობმა გოგომ
მოვინადირე ღამის პეპლები ცივ პლატფორმაზე.
წვიმაში და ფანჯრების თვალწინ -
კარგად მოვირგე მონადირის მკაცრი სამოსი
ჩემი კაბა კი მკვდარი შველივით ეგდო მიწაზე.

??????