აპდაიკი ჯონ
გაზიარება

მიტოვებული აუზი (მთარგმნელი: ხათუნა ხაბულიანი) 

ქორწინებათა რღვევა ხშირად ქიმიურ რეაქციებს ემსგავსება ჩაკეტილი ჯაჭვის რკალიდან ენერგიის გათავისუფლებული გროვების წარმოქმნით. ზედმეტი ხდება პიანინო, აღარავინ ზრუნავს სპანიელზე, გადატვირთული წიგნის თაროები მიმზიდველობას კარგავენ. ვერავინ გეტყვით, ვინ წაიკითხა ეს წიგნები პირველად, ვისი თხილამურები ყრია სხვენში და რა თოჯინების დამტვრეული სახლია სარდაფში. პიანინო აშლილია, ძაღლი ცოფდება... იმ ზაფხულს, როცა ტერნერები განქორწინდნენ, მათი აუზი მომვლელის გარეშე დარჩა. მზე უფრო და უფრო აჭერდა და ბოლოს კონეკტიკუტში გვალვა გამოცხადდა.
აუზი ახალი იყო, სულ ორი წლისა. ფრთხილად ამოკვეთილი მიწის ღრმულში ჩაწოლილ დახვეწილი ფორმის პლასტიკატის ხომალდს ჰგავდა. ტერნერების ეზო ადრე ჯოჯოხეთს ჰგავდა, ტალახში ჩაფლული ერთი ბულდოზერი მეორეთი ძლივს ამოათრიეს. შუა ზაფხულისათვის კი გლუვი ფილების ირგვლივ ახალი ბალახი ამოიწვერა, ცისფერი პლასტმასი ლაჟვარდისფერს ხდიდა წყალს და შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ტერნერები კვლავ აღინიშნებოდნენ. თავიანთი სტუმრების ფონზე ყოველთვის გამოირჩეოდნენ. ტერნერი მაღალი კაცი იყო, გრძელი მკლავებითა და თმიანი ზურგით, ბურთის თამაშისას გაბრტყელებული ცხვირითა და ჭარბსისხლიანის პირქუში გამოხედვით. მის ცოლს, კარგი აღნაგობის ბლონდს მშრალი ცისფერი თვალები და გამოსაჯავრებელი შეკითხვისათვის ყოველთვის მომზადებული პირი ჰქონდა.
ეს წყვილი არასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი და მათი ქორწინება ისეთი ჯანსაღი, როგორც ამ ორ ზაფხულს, - ცურვისაგან გარუჯულები, მოქნილები და პრიალები იყვნენ. ტედის დღე ცურვით იწყებოდა, შემდეგ სწრაფად იცვამდა და მატარებლის მისასწრებად მიქროდა. ლინდა მთელ დღეებს ეზოში ატარებდა გასაშრობად ჩამომჯდარ სველ მატრონებსა და ბავშვებს შორის. დაბრუნებული ტედი აუზისპირა კოქტეილით ერთობოდა და როცა მეგობრები ბოლოს და ბოლოს გაიკრიფებოდნენ, შიშველი წყვილი ძილის წინ თავის დღეს ისევ ცურვით ამთავრებდა. ეს ექსტაზი იყო! სიბნელეში წყალი რძესავით რბილი და ჰელიუმივით დენადი ხდებოდა, მობანავეები გოლიათებად იქცეოდნენ და ერთი ნაპირიდან მეორისაკენ ერთ მდორე ხაზად ქცეულ დინებას მიუყვებოდნენ.
მაისის დამდეგისათვის აუზი კვლავ აავსეს, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ისევ მოდიოდნენ ხოლმე დედებთან ერთად. მაგრამ წინააღმდეგ ჩვეულებისა, ლინდა გარეთ აღარ გამოდიოდა. მისი ხმა სახლიდან, ხან ერთი და ხან მეორე ოთახიდან ისმოდა; ყინულითა და წყვილი ბოთლით, ბავშვებისათვის განკუთვნილი ნამცხვრითა და ლიმონათით დატვირთული ჭრელი ლანგრით კი ამ ზაფხულს აღარ დაუნახავთ. მეგობრებს უკვე ეუხერხულებოდათ უქმეებზე მათთან მხარზე პირსახოცგადაკიდებული მისვლა. მართალია, ლინდამ წონაში დაიკლო და უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდა, ტედი კი შემაწუხებლად მხიარულობდა, მაგრამ მაინც პრობლემის მქონე წყვილის უძლურების, უძილობისა და უხერხულობის გრძნობის შემქმნელ არომატს აფრქვევდნენ. არდადეგების დაწყებისთანავე ლინდა ბავშვებთან ერთად ოჰაიოში გაიქცა მშობლებთან. ტედი ღამითაც აღარ ბრუნდებოდა ქალაქიდან და აუზიც გაუკაცრიელდა. ფილტრი-წყალსაქაჩი კვლავ ბუყბუყებდა, მაგრამ ლაჟვარდოვანი სითხე მაინც შეიმღვრა. დაგუბებული ზედაპირი მკვდარი ტკიპებითა და კრაზანებით დაიფარა. კუთხეში ჩაძირული ფიცრის მახლობლად დალაქული პლასტმასის ბურთი ტივტივებდა. ნაპირთან მდგომ შუშის მაგიდაზე მწერსაწინააღმდეგო საშუალების წნევამოშლილი თუნუქის ქილა იდო, მის გვერდით კი ჯინის ჭიქა ზედ მიკრული პიტნის ფოთლით. გაუკაცრიელებული აუზი მოჩვენებებით დასახლებულ გაზაფხულის ჯუნგლებს ჰგავდა. თითქოს შხამიანად და შერცხვენილად გამოიყურებოდა. ფოსტალიონი ყუთში ვადაგასულ განცხადებებსა და პორნოგრაფიულ მოსაწვევებს ტენიდა და მორიდებულად არ იყურებოდა ეზოსაკენ.
ივნისის ერთი კვირის ბოლოს ტედი ჩუმად დაბრუნდა ქალაქიდან. ეკლესიისაკენ მიმავალმა ოჯახებმა თვალი მოკრეს, როცა უხალისოდ აფრქვევდა ქიმიკატებს წყალში. ფერმკრთალი და გამხდარი ჩანდა. მარცხენა მხარეს მცხოვრებ მეზობელს - როსკო ჩეისს აუხსნა, როგორ ჩაერთო საქაჩი და გამოეცვალა ფილტრი, კვირაში რა რაოდენობის ქლორინი და ალგიტროლი დაემატებინა წყლისათვის. ყოველ უქმეზე აქ ჩამოსვლას ვეღარ შეძლებდა, რადგან მისთვის მანძილი ნიუ-იორკამდის და ნიუ-იორკიდან, რომელსაც იგი წლების მანძილზე ყოველდღიურად ფარავდა, წარსულის ციცაბოზე წარმოუდგენელ ცოცვად ქცეულიყო. ის ვარაუდობდა, რომ ლინდა აკრონში აღარ იყო მშობლებთან და დასთან სტუმრობდა მინეაპოლისში. ტერნერების წყვილის გაუჩინარების ამბავი როგორც კი მოძველდა, აუზიც ნაკლებად შიშისმომგვრელი გახდა და აღარც დემონებით დასახლებულს ჰგავდა. აუზით სარგებლობა ნებართვის გარეშე დაიწყეს მარჯვენა მხარეს მცხოვრებმა მარტაკებმა - ეს დიდი და ხმაურიანი ოჯახი იყო. ნელ-ნელა ლინდას მეგობრებიც შემოემატნენ ბავშვებთან ერთად, რომ "მარტაკებისათვის თვალყური ედევნებინათ, რომელთაც შეეძლოთ ერთმანეთი ჩაეხრჩოთ". მათი აზრით, მარტაკებს აქ რამე რომ შემთხვეოდათ, "საწყალ" ტერნერებს (განსაზღვრება ავტომატური იყო) მოუხდებოდათ ათასგვარი ჯარიმის გადახდა, რისი უფლებაც ნაკლებად შეიძლებოდა მიეცათ თავიანთი თავისათვის. მოგვიანებით აუზის გამოყენება ერთგვარ მოვალეობადაც იქცა, ლოიალურობის გამოხატვის კრიტერიუმად.
იმ წელს ივლისი აუტანლად ცხელი გამოდგა. იქაურებს შეზლონგები ფურგონებით მოჰქონდათ, მოზარდები და შვედი მომვლელი გოგონები ლაიბ-გვარდიელებივით დაფუძნდნენ. გარაჟში აღმოაჩინეს დახვეული ნეილონის თოკი მასზე აცმული მზა საუზმის კოლოფების თავსახურებით და გააბეს ჩასაყვინთი და წყლის შედარებით ნაკლებდონიანი ნაწილის გასაყოფად. აგნეს კლიფილდმა ძველი მაცივარი გაიღო ყინულის მარაგისა და უალკოჰოლო სასმელებისათვის, რომლის ჩასართავად სადენი სარდაფში მდგარ ტედის დაზგის ზემოთ დარჩენილ ღრიჭოში შეაძვრინეს. მის გვერდით ფეხსაცმლის ყუთი გაჩნდა, სადაც "სინდისის სისტემით" ყრიდნენ ხურდას გამოყენებული კომფორტისათვის. ტერნერების სახლის კიბის საფეხურებზე დაკარგული და ისევ ნაპოვნი ნივთები დაგროვდა: დავიწყებული მზის სათვალეები, ლოსიონები, მუყაოს ნაჭრები, პერანგები, ზოგჯერ საცვლებიც... ამ ივლისში თუ გეტყოდნენ, რომ აუზთან შეგხვდებიო, ეს არ ნიშნავდა სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე საზოგადოებრივ აუზს, ან სოფლის კლუბის აუზს გოლფის სათამაშო მოედანთან. აქ იგულისხმებოდა მხოლოდ ტერნერების აუზი. შესვლაზე ტაქტიანი აკრძალვა შეუძლებელი იყო. მართალია, ყველას ერთად არ შეუცურავს, მაგრამ ვინ აღარ იყო ტერნერების აუზის მობანავეთა შორის: მეთოდისტთან ჩამოსული ეპისკოპოსი, ორი ტაივანელი ეპისკოპოსი, დარიენელი სოფტბოლის მოთამაშე გოგონები, ცნობილი კანადელი პოეტი, პარტკორდელი ისრის მსროლელი ჩემპიონი, როკ-ჯგუფის - "კეთილი მოსაზრებები"-ს ექვსი შავკანიანი წევრი, ალი-შაჰის ყოფილი მეუღლე, ნიქსონის არაოფიციალური მრჩევლის მელნისფერთმიანი სიდედრი, ექვსი კვირის ჩვილი, კაცი, რომელიც მეორე დღეს მერით პარკვეიზე დაიღუპა, ორი პირში სიგარაგაჩრილი და ქუდიანი ტეხასელი, ფილიპინელი, რომელსაც ფსკერზე 80 წამს გაჩერება შეეძლო, სატელეფონო ხაზების სამი ოსტატი, ოთხი გამოძევებული ჩეხი, მაოისტი სტუდენტი ვესლიენიდან, ფოსტალიონი... დღის ბოლოს, როცა საზოგადოება დაშლას იწყებდა, ფეხსაცმლის ყუთს მაცივარში დებდნენ, დარჩენილ მომვლელ გოგონებს შეციების ბოლო ხორკლი აყრიდათ და შეჭმუხნულსახიანი და აბუზული ბავშვები სავახშმოდ მიჰყავდათ. იწყებოდა საღამოს დინება საიდუმლო შეხვედრებით (მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მისის კლიფილდისა და ნიკოლსონების ბიჭისა იყო) და როგორც ზოგიერთი ზედმეტად დრამატულად უწოდებდა, _ ორგიებით. ზოგჯერ მისის ჩეისს გვიანობით აღვიძებდა წყლის დგაფუნისა თუ ხმამაღალი სიცილის ხმა და მარტაკების ბავშვებსაც საათები გაჰყავდათ თავიანთი სხვენის სარკმელთან ბინოკლით ხელში. ცნობილი იყო ისტორიაც დაკარგული ტრუსების შესახებ...
აგვისტოს ერთ დილას ადრეულმა მიმსვლელებმა გარაჟში ნიუ-იორკის ნომრებიანი უცნობი მანქანა ნახეს. რადგან მიჩვეული იყვნენ ყოველგვარ მანქანებს და მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებული გაუგებრობაც გავრცელებული მოვლენა იყო, ამაზე ბევრი არავის უფიქრია, სანამ ვიღაცამ არ შეამჩნია, რომ მეორე სართულის ფანჯარა ღია იყო. იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მხოლოდ ვახშმის დროს, სანამ საღამოს ნაკადი ძალაში შევიდოდა, ტედი და ლინდასავე ტიპის, ოღონდ ბრიუნეტი უცნობი ქალი სწრაფად გამოვიდნენ სამზარეულოს კარიდან, ჩასხდნენ მანქანაში და ნიუ-იორკისაკენ გაბრუნდნენ. აუზთან შეყოვნებული მომვლელი გოგონები მეგობარ ბიჭებთან ერთად უნებლიე მოწმენი გახდნენ განქორწინების საფუძვლისა. საყვარლები მთელ დღეს სახლში იყვნენ გამომწყვდეულები. ტედს არ უნდოდა ვინმეს დაენახა და ლინდასათვის ეცნობებინა. გადაწყვეტილება ჯერ დელიკატურ საფერხურზე იყო და ტედსაც ლინდას ადვოკატების წინაშე შიში აიძულებდა სიბრაზე შეეკავებინა, როცა საკუთარი აუზის საზოგადოებრივი კარნავალის ადგილად ქცევას ხედავდა. ტედს დიდი ხნის შემდეგ, როცა საბოლოოდ განქორწინდა ამ ქალზე, გაახსენდა ეს დღე. გამოქვაბულში თავშეფარებულ დევნილებს ჰგავდნენ და სიყვარულითა და ყინულიანი წყლით იკვებებოდნენ. ფეხშიშველები ფეხისწვერებზე მიიპარებოდნენ ცარიელი კარადისაკენ, რომლის შევსებაც ღამით მისულებს დილისათვის ჰქონდათ დაგეგმილი. არ გაუთვალისწინებიათ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების თავდასხმა ასე მიალურსმავდა მათ ერთ ადგილას. ტედს გაახსენდა, როგორ იდგა ფანჯარასთან, მის ზურგს აფარებული ქალის თმა როგორ ეხებოდა მხარზე, გრძნობდა მის თხელ სხეულს, რომელსაც სუნთქვა ეკვროდა სიცილის შეკავებისას.
აგვისტო ღრუბლებში ჩაიძირა. ბავშვებს ცურვა მობეზრდათ. როსკო ჩეისი იტალიაში გაემგზავრა შვებულებით. წყალსაქაჩი მილი გატყდა და აღარავის შეუკეთებია. მკვდარი ჭრიჭინების გროვა ზედაპირზე ტივტივებდა. პატარა, გზააბნეული გომბეშოები ხტებოდნენ და უმწეოდ ფართხალებდნენ... როგორც იქნა, ლინდა დაბრუნდა, მინეაპოლისის შემდეგ ექვსი კვირა აიდაჰოში გაატარა განქორწინებისათვის. ლინდა და ბავშვები ჯირითისა და ფეხით სიარულისაგან სახეზე გარუჯულიყვნენ. ლინდას პირი უფრო დამცინავი და მშრალი გაუხდა, მას ჯერ ვერ ეპოვა პასუხი მტანჯველ შეკითხვაზე. იგი იდგა ფანჯარასთან სახლში, რომელსაც უკვე აკლდა ავეჯი, იმ ფანჯარასთან, სადაც საყვარლები ერთმანეთს ეფარებოდნენ და გაუკაცრიელებულ აუზს აკვირდებოდა. ბალახი მის გარშემო წყლის მუდმივი შხეფებისაგან ხასხასა იყო, ყავისფერი ოთხკუთხედი ნაკვალევი დიდხანს დარჩენილი პირსახოცის მოშორების შემდეგ გამოჩნდა. ლინდამ მიყრილ-მოყრილი და დამტვრეული ალუმინის ავეჯი ვეღარც იცნო. მინის მაგიდაზე დარჩენილი ბოთლები ეწყო. გატეხილი ნეილონის ტიხარის თითოეული ნაწილი თავისთვის ტივტივებდა. პლასტმასის ცისფერი ფსკერი ცდილობდა წყლისათვის სიცოცხლით სავსე, სხვა ელფერი მიეცა, მაგრამ ლინდა ხედავდა, რომ აუზს მართლაც აღარ ჰქონდა ძირი, თავად ჰგავდა უძირო, უზარმაზარ ცისფერ ცრემლს. მადლობა ღმერთს, არავინ დამხრჩვალა მასში მხოლოდ მისი, ლინდას გარდა... იგრძნო, ვეღარასოდეს შეძლებდა აქ ცხოვრებას. სექტემბერში ეს ადგილი იყიდა ოჯახმა ახლადფეხადგმული ბავშვებით, რომელთაც უსაფრთხოებისათვის აუზი დააშრეს, ლითონის გისოსებითა და მძიმე კვანძებით შემოღობეს, ყველგან გამაფრთხილებელი ნიშნები დადგეს, ისეთი, ჯაჭვით დაბმული ძაღლების მახლობლად რომ დგამენ ხოლმე...

??????