ბერნსი რობერტ
გაზიარება

ადრეა ჩემი გათხოვება (მთარგმნელი: თამარ ერისთავი) 

უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები, სერ;
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,
ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.

მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ, -
მე რომ დედას მომაშოროთ -
ცოდვა არის, ადრე არის, სერ.

დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ;
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,
თქვენ რომ გვერდით დამიწვებით, სერ.

შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,
გრძელი არის ზამთრის ღამე, სერ;
მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე, სერ.

აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ სჩანს მწვანე, სერ;
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,
მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ!

??????