დელერმი ფილიპ
გაზიარება

ლუდის პირველი ყლუპი (მთარგმნელი: ირმა ტაველიძე) 

მხოლოდ ეს ითვლება! სხვები, უფრო და უფრო ხანგრძლივნი, უფრო და უფრო უმნიშვნელონი, არაფერს იძლევიან დუნე შესიების, ფუჭი მოყირჭების გარდა. შეიძლება, უკანასკნელში, დასასრულის გარდაუვლობასთან ერთად, კიდევ იყოს რაღაც...

მაგრამ პირველი ყლუპი! ყლუპი? ის ხომ ყელთან მიღწევამდე იწყება. ჯერ ტუჩებს აყოლილი გრილი ოქროსფერი ქაფი, მერე სასასთან ასული, მომწარო ბედნიერება. რა ხანგრძლივი ჩანს პირველი ყლუპი! მას კი უცებ სვამ, ვითომ ინსტინქტური გახელებით. სინამდვილეში, ყველაფერი განსაზღვრულია: რაოდენობა, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ იმდენი, იდეალურ დასაწყისს რომ მოუხდება; მყისიერი კმაყოფილება თანმდევი ამოოხვრით, ენის გაწკლაპუნება ან მრავლისმეტყველი სიჩუმე; უსასრულოდ გაგრძელებული სიამოვნების მცდარი შეგრძნება.... ამ დროს კი იცი: უკვე მიიღე საუკეთესო. კათხას ოდნავ მოშორებით დგამ, ქვეშ პატარა ხელსახოცის კიდეც შეიძლება მოაყოლო. ფერს იგემოვნებ - ხელოვნური თაფლი, ცივი მზე. კეთილგონივრული ლოდინის რიტუალით იმ სასწაულის მოხელთებას ელტვი, ეს-ესაა, ერთდროულად რომ მოხდა და გასხლტა. კმაყოფილებით კითხულობ კათხზე ლუდის სახელს - ჰო, სწორედ ეს შეუკვეთე. თუმცა როგორ შესაბამისობაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ერთმანეთთან სათავსი და შიგთავსი, ჯადოქრობა მაინც ერთჯერადი რჩება. გსურს შეინახო ხალასი ოქროს საიდუმლო, ფორმულებში გამოკეტო, მაგრამ მზის შუქში ნაბან თეთრ მაგიდასთან შენ, უსასოო ალქიმიკოსს, მხოლოდ გარეგნული პირობითობები გრჩება ხელთ, უფრო და უფრო მეტ ლუდს ნაკლები ხალისით ეძალები. ეს მწარე ბედნიერებაა: იმისთვის სვამ, რომ პირველი ყლუპი დაივიწყო.

??????