მასტერსი ედგარ ლი
გაზიარება

ფელიქს შმიდტი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი) 

ის ერთი ციდა სახლი იყო, ორი ოთახით,
გეგონებოდა სათამაშო სახლი ბავშვების

გარშემო ერტყა ხუთი აკრი ბეხრეკი მიწა:
მე კი რამდენი ბავშვი მყავდა გამოსაკვები?!
იმათი ჩაცმა-დახურვა და სასწავლებელი,
მშობიარობის შემდეგ ცოლიც სნეული დარჩა.
ერთხელ ვექილი უიტნეი მეწვია სახლში
და განმიმარტა, რომ ქრისტიან დულმანს, რომელიც
სამი ათასი აკრი მიწის მფლობელი იყო,
კიდევ ოთხმოცი უყიდია ჩემს სამოსაზღვროდ
რვაას სამოცდათერთმეტში, მხოლოდ თერთმეტ დოლარად,
როდესაც იგი გაყიდულა გადასახადთა გამო.
ეს მაშინ, როცა სასიკვდილოდ სნეული მამა ლოგინად იყო.
ავტეხე დავა და გავწიე სასამართლოი,
მაგრამ როდესაც საქმე მიდგა საბუთებამდე,
დღესავით ნათლად გამოჩნდა, რომ ქრისტიან დულმანს
ჩემი მამულიც შეუძენია,
ის ჩემი ერთი ციდა სახლიც ორი ოთახით.
ახია ჩემზე, რად ვეჯუჯღუნე?
წავაგე საქმეც და საცხოვრისიც.
მე გამოვედი სასამართლოს დარბაზიდან და
კვლავ შევუდექი სამუშაოს, მაგრამ აწ უკვე
როგორც დულმანის იჯარადარი.

??????