ნიზამი განჯელი
გაზიარება

მეშურნეთა გამო (მთარგმნელი: მაგალი თოდუა) 

ადუღდი, გულო, ადუღდი,
გულის დუღილის ჟამია.
რამ დაგადუმა მგოსანი,
რა დროს ჩურჩნა და ჩქამია!
დღეს მე ვფლობ ლექსის მოედანს,
მე გამაქვს ლელო სიტყვითა,
სხვამ ჩემისთანა დიდება
ქვეყნად რომელმა იტვირთა?
მიჭრიდა ჭკუა და იჯრაც
ვიშოვნე, თუმცა მიჭირდა,
მუქთად ვინ მომცა ქონება, -
სულ შეძენილი ნიჭით მაქვს.
ვარ ჯადოქარი სიტყვის და
დიდების დროშაც მიჭირავს,
ცოდო ვარ, ჭორის ჭუჭყებით
გამთხვაროს ვინმე ჭიჭყინამ!
ხმალივით ბასრი ენა მაქვს
და სიტყვა ჩემი მამდიდრებს,
ისეთ სასწაულს ჩავიდენ,
თვითონ მესიას მადრიდეთ.
სიტყვები გულის ქურაში
ისე მაქვს განაცხელები,
ვითა მღვივანმა ღადარმა
დაგიწვას მანაც ხელები.
ლექსებში ფშანი შევუშვი
ჩემი სიცოცხლის წყაროდან,
ვმღეროდი, როგორც შემეძლო,
ვითარცა ნიჭი მწყალობდა,
მაგრამ სუყველა ამქვეყნად
როდია ჩემი ყაბული,
მე ვგრძნობ, ზურგს უკან მქირდავენ,
ჭორაობაა გაბმული.
ღაზელის წერას რომ ვიწყებ,
რომ ვმღერი ტკბილ-ტკბილ ყაზალებს,
წამბაძავს, ჭკუას აწვალებს,
თითქოს და ვინმე აძალებს,
და რომ ყასიდა დავწერო,
განგებ, თუ გნებავთ ყასიდად,
ისიც ყასიდას მოხლართავს
და მერე როგორ ყასიდას!
იგავ-არაკებს როცა წერს,
მოჰყვება რაღაც არაკებს
და თუ მის დომხალს არ აქებ,
შენზე ძვირს ილაპარაკებს.
ქურდია, ჯერ მე გამქურდავს,
მერე კი ჩემგან წავა და
თავად დამიწყებს გაქირდვას,
თუმც საქირდავი თავად აქვს.
რას იზამ, ქურდთა წესია,
როდესაც ქურდებს მისდევენ,
ქურდიო! - ქურდი ჰყვირიან,
მერე ქურდობენ ისევე.
მაგრამ რა გაემტყუნება,
საცოდავ მაწანწალასაც!
მოდი, საბრალოვ, წაიღე,
არ ვიხმარ შენზე ძალასა.
ამათი საცოდაობით,
რა ვქნა, მეც გული დამეწვა,
არ ვყოფილიყავ მდიდარი,
არ მომეპარა, რა მექნა!
მაგრამ მე განძით სავსე ვარ,
დაძეძგილი მაქვს გონება,
რაში მჭირდება ქურდობა,
რად მინდა სხვისი ქონება!
განძის მთა მიდგას, გამიდის
თვალ-მარგალიტის რუები,
ვირთხებს რას შევუშინდები,
ქურდებს რას შევეპუები!

??????