სეფეჰრი სოჰრაბ
გაზიარება

წყლის ფეხის ჩქამი (მთარგმნელი:  

ქაშანელი1 ვარ,
მშვიდად ვცხოვრობ, ბედს არ ვუჩივი,
მაქვს ცოტა ჭკუა, გემოვნება, პურის ნატეხი,
დედა მყავს მჯობი ხის ფოთლისა
და მეგობრებიც,
მყავს მეგობრები - მედინ წყალზე უკეთესები.

ღმერთიც, რომელიც ახლოსაა:
ჭოტთა ღამის ქვეშ,
იმ სრა-სასახლის საძირკველში,
წყლის გონის ზემოთ
და მცენარის კანონის ზემოთ.

მე მუსლიმი ვარ,
ჩემი ყიბლა2 ერთი ვარდია,
ნაკადული მაქვს - ჯანამაზად3,
მოჰრად4 - სინათლე,
ხოლო სეჯადე5 ჩემი - ვრცელი ველ-მინდორია.

მე ნამაზის6 წინ
სარკმელთა თრთოლვაში განვიბანები
და ჩემს ლოცვაში მოძრაობენ მთვარე და სპექტრი;
ქვა-ღორღი მოჩანს მუდამ ჩემი ნამაზის მიღმა
და ცივად ბრწყინავს ამ ნამაზის ყოველი წიბო,
მე ლოცვას მაშინ აღვასრულებ,
როდესაც ქარი საროს წვერიდან მეტყვის აზანს7
და ლოცვას ვიწყებ
ბალახთა ნათქვამ "დიდ არს წმინდა უფლის" მერე და
ტალღათა ნათქვამ "აღიმართა ალაჰის" შემდგომ.

ჩემი ქააბა8 სალოცავი - წყლის პირასაა,
ჩემი ქააბა აკაციის ხის ძირასაა,
ჩემი ქააბა, ნიავივით, ბაღდაბაღ დაჰქრის
და ქალაქიდან
ქალაქში ქრის ასე, უცვლელად.
ჩემი "მრუმე ქვა"9
ბაღნარების სინათლე გახლავთ.

ქაშანელი ვარ,
მხატვრობაა ჩემი ხელობა,
ხანდახან ვხატავ ფერად გალიას და თქვენ მოგყიდით,
რომ გალიაში დატყვევებულ ყვავილთა მღერამ
გული გაგიხსნათ და გუნება გამოგიკეთოთ.
რა ოცნებაა,
რა ოცნება...
მე კარგად ვიცი -
უსიცოცხლოა ჩემი ფარდა
და ისიც ვიცი,
რომ უთევზოა ჩემი მხატვრობის დიდი აუზი.

ქაშანელი ვარ,
ნათესავად ვერგები, ალბათ,
ინდოეთში ამოსულ ბალახს,
ჩინეთის მიწის კერამიკას
და შეიძლება,
ნათესავი ვარ
ბუხარელი ბოზი ქალისა.

მამაჩემი
იმის მიღმა, ვიდრე მერცხლები დაბრუნდებოდნენ,
ორი თოვლის მიღმა,
მამაჩემი
მთვარის ნათელში ორი ძილის მიღმა,
მამაჩემი
დროთა მიღმა მოკვდა.
და როცა მამაჩემი მოკვდა, ცა ცისფერი იყო,
დედაჩემმა უგონოდ გაიღვიძა,
ჩემი და გალამაზდა;
მამაჩემი იმ დროს მოკვდა,
როცა ყველა ყარაული პოეტი იყო.
მემწვანილემ მკითხა:
- რამდენი კილო საზამთრო გინდა?
მე ვუპასუხე:
- დალოცვილო,
ჯერ ის მითხარ,
გრამს რას აფასებ?!

ჩვენი ბაღი ცოდნის ჩრდილის მხარეს იყო,
ჩვენი ბაღი გრძნობისა და მცენარის გადაკვეთის ადგილას,
ჩვენი ბაღი მზესუმზირის, გალიისა და სარკის შეხვედრის ადგილას იყო.
ჩვენი ბაღი, შეიძლება,
რკალი იყო ბედნიერების მწვანე წრეწირისა.
მაშინ, ძილში, ღვთის მკვახე, უმწიფარ ნაყოფს ვღეჭავდი,
წყალს ფილოსოფიის გარეშე ვსვამდი,
თუთას ცოდნის გარეშე ვკრეფდი,
ვიდრე ბროწეული ბწკალს იღებდა,
ხელი ვედრების შადრევნად იფრქვეოდა;
ვიდრე ბრინჯის გამყიდველი მღეროდა,
გული მოსმენის წადილით იდაღვოდა.
ხანდახან მარტოობა სახით ფანჯარას აეკვროდა ხოლმე,
მოდიოდა სურვილი, გრძნობას ყელზე შემოაჭდობდა ხელს,
ფიქრი თამაშობდა
ცხოვრება იყო რაღაც -
დღესასწაულის ფრქვევის მსგავსი,
შაშვებით დახუნძლული ჩინარივით,
ცხოვრება იმ დროს დაწმენდილი იყო
ნათლით და თოჯინებით,
ერთი იღლია თავისუფლება იყო,
ცხოვრება მაშინ იყო
მუსიკის აუზი.

ბავშვი ფეხაკრეფით თანდათან შორს წავიდა
ქინძისთავების ქუჩაზე.
ბარგი შევკარი, მსუბუქი ოცნებების ქალაქიდან გავედი;
გული მქონდა სავსე მარტოობის ქინძისთავებით.
მე სამყაროს წვეულებაზე წავედი,
მე სევდის ველზე,
მე მისტიკის ბაღში,
მე ცოდნის განათებულ აივანზე წავედი.
მაღლა-მაღლა გავეშურე სარწმუნოების კიბით -
ექვის ქუჩის სიღრმემდე,
სულერთიაობის შეგრძნების სუფთა ჰაერამდე,
სიყვარულის სველ ღამემდე მივედი.
სიყვარულის იქითა მხარეს კი
ვიღაცის შესახვედრად გავეჩქარე;
და ვიარე, ვიარე ქალამდე,
სიამოვნების ჩირაღდნამდე,
თხოვნის დუმილამდე,
მარტოობის სავსე ხმამდე.

რაღაცეები დავინახე მიწის ზედაპირზე.
ბავშვი დავინახე, მთვარესა ყნოსავდა,
უკარო გალია დავინახე, რომელშიაც სინათლე ფართხალებდა,
კიბე, რომლითაც სიყვარული სასუფევლის სახურავისაკენ მიეშურებოდა.
ქალი დავინახე, სინათლეს რომ წყავდა ფილთაქვაში.
შუადღისას იმათ სუფრაზე პური იდო,
ცვრიანი მწვანილი
და სიყვარულის ცხელი ბარძიმი.
გლახაკი დავინახე, კარდაკარ, ტოროლების წკრიალს მათხოვრობდა
მეეზოვე, რომელიც საზამთროს ერთ ქერქად ასრულებდა ნამაზს.
ბატკანი დავინახე, ფრანს შეექცეოდა.
სახედარი დავინახე, ბალახის ესმოდა.
რჩევა-დარიგების საძოვარზე ხარი დავინახე, მწვანე ფერის.

პოეტი დავინახე, სოსნებს და ყვავილებს თქვენობით მიმართავდა.

წიგნი დავინახე, რომლის ყველა სიტყვა ბროლისა იყო.
ქაღალდი დავინახე, გაზაფხულის მასალისაგან.
მუზეუმი დავინახე, მწვანეს მოცილებული,
მეჩეთი დავინახე, წყალს მოცილებული,
სასოწართმეული მუსლიმი კანონმდებლის სასთუმალთან
შეკითხვებით პირთამდე ავსებული თასი დავინახე.


სახედარი დავინახე, რომლის ტვირთი იყო "თხზულება",
აქლემი დავინახე, რომელსაც საპალნედ ჰქონდა ანდაზებისა და
ხატოვანი სიტყვა-თქმების ცარიელი კალათი.
დერვიში10 დავინახე, რომელსაც ტვირთად ჰქონდა
"ია ჰუვას"11 იდუმალი, ძველი მოძახილი.

მატარებელი დავინახე, სინათლე მიჰქონდა,
მატარებელი დავინახე, მუსლიმური სამართალი მიჰქონდა
(და მძიმედ მიდიოდა).
მატარებელი დავინახე, პოლიტიკა მიჰქონდა (და მსუბუქად მიდიოდა).
მატარებელი დავინახე, ლოტოსის თესლი და კანარის ჩიტის
გალობა მიჰქონდა.

და თვითმფრინავი, რომლის ფანჯრებიდანაც ჩანდა მიწის
ათასი ფეხის მწვერვალი;
ფრინველის გვირგვინი,
პეპლის ფრთის წინწკლები,
ხოჭოს ანარეკლი აუზში,
ბუზის გადაფრენა მარტოობის ქუჩაზე,
ერთი ბეღურის ნათელი სურვილი,
როცა იგი ჩინარის ტოტიდან
მიწაზე ეშვება.
მზის სისავსე
და ერთმანეთს ჩახვეული მშვენება თოჯინისა და გარიჟრაჟი.

კიბე, რომელიც ვნების ბაღისაკენ მიდიოდა;
კიბე, რომელიც ალკოჰოლის სარდაფისკენ მიდიოდა;
კიბე, რომელიც ვარდის ჭკნობის კანონისა
თუ ცხოვრების ასკეტური შემეცნებისკენ,
კიბეები, რომელიც გასხივოსნების სახურავისაკენ;
კიბეები, რომელიც ღვთის გაცხადების კვარცხლბეკისკენ მიდიოდა.

ხოლო დედაჩემი იქ, ქვემოთ,
ჭიქებს რეცხავდა მდინარის ხსოვნაში.

ქალაქი მოჩანდა.
გარს მავთულხლართების, რკინისა და ღორღის არქიტექტურა ერტყა.
ასობით ავტობუსის უმტრედებო ჭერი;
საყვავილე დუქანი თავის ყვავილებს ბითუმად იძლეოდა.
იასამნის ორ ხეს შორის კი პოეტი იდგა - უსაზღვროებამდე,
ბავშვი გარგარისფერ კურკას მამის გაცრეცილ სეჯადეზე აფურთხებდა,
თხა გეოგრაფიულ რუკაზე გამოსახული კასპიის ზღვის
ტალღებიდან რწყულდებოდა.

ხის ფესვი მოჩანდა. უსიცოცხლო სალტე.

მეურმის ურემი - ცხენის დავარდნის ნატვრაში,
ცხენი - მეურმის ჩაძინების ნატვრაში;
მეურმე - სიკვდილის ნატვრასა და წადილში.

დღესასწაული ჩანდა, ტალღა ჩანდა,
თოვლი ჩანდა, მეგობრობა ჩანდა.
სიტყვა ჩანდა,
წყალი ჩანდა და საგნების გამოსახულებანი - წყალში.
ხუნაგით დახუთულთა ჩრდილები -
სისხლის ამორწყვაში;
სიცოცხლის ნესტიანი მხარე,
ადამიანური საწყისის მწუხარების აღმოსავლეთი,
ქალის ქუჩაზე წანწალის სეზონი.
სეზონის ქუჩაზე კი მარტოობის სურნელი.

ჩანდა ზაფხულის ვენტილატორის ხელი.

მარცვლის მოგზაურობა ყვავილისაკენ,
ჩახვეული გზის მოგზაურობა ზღურბლიდან ზღურბლამდე,
მთვარის მოგზაურობა აუზამდე,
ენძელების ამოშადრევნება დედამიწის გულიდან,
ახალშეფეთქილი კედლიდან ბათქაშის ჩამოვარდნა.
სიზმრის ხიდზე ნამის ცვენა,
სიხარულის გაფრენა სიკვდილის თხრილიდან.
მოვლენის ჩავლა სიტყვასა და სათქმელის მიღმა.

ომი ღრიჭოსა და სინათლის წყურვილისა,
ომი ხილისა და მზის მაღალი ფეხისა,
ომი მარტოობისა და ხმით შერხეული სიჩუმისა
ომი მსხლების სილამაზისა და ერთი კალათის სიცარიელისა,
სისხლიანი ომი ბროწეულისა და კბილებისა,
ომი ფაშისტებისა და სინატიფის ღეროსი,
ომი თუთიყუშისა და მჭევრმეტყველებისა,
ომი შუბლისა და დაბღის სიცივისა.

შეტევა მეჩეთის იატაკის ფილებისა და თაყვანისცემისა.
შეტევა ქარიშხლისა და საპნის ბურთებისა.
შეტევა პეპლების ლაშქრისა და მღრღნელებთან ბრძოლის
სახელმწიფო პროგრამისა,
შეტევა ქინძისთავებისა და საკანალიზაციო სისტემის მუშებისა.
შეტევა ლერწმის კალმის შავი ზრახვისა და ასოების ტყვიისფერობისა.
შეტევა სიტყვისა და პოეტის საფუძვლისა.

პოეზიის მიერ ეპოქის დაპყრობა,
შაშვის მიერ ბაღნარის დაპყრობა,
ორი სალმის მიერ ერთი ქუჩის დაპყრობა.
სამი-ოთხი ხის ცხენის მიერ ერთი ქალაქის დაპყრობა.
ერთი ბურთისა და ორი თოჯინის მიერ დღესასწაულის დაპყრობა.

თვლემის მოკვლა ლეიბზე, შუადღისას.
ზღაპრის მოკვლა ჩაძინების ქუჩაზე.
დარდის მოკვლა ღიღინის ხელით,
მთვარის შუქის მოკვლა ნეონის ბრძანებით,
ტირიფის ხის მოკვლა მთავრობის ხელით,
გულამღვრეული პოეტის მოკვლა ვარდის ხელით,
ყველაფერი ჩანდა მიწის ზედაპირზე:
წესრიგი საბერძნეთის ქუჩით მიდიოდა,
ჭოტი გალობდა "დაკიდულ ბაღებში";
ქარი, ხეიბარის12 უღელტეხილით,
ისტორიის ყვავილოვანი კომბოსტოს ხელეურს
აღმოსავლეთისაკენ მიერეკებოდა.
ნაგინის13 მშვიდი ტბის ზედაპირზე
ნავს ყვავილი გადაჰქონდა,
ქალაქ ბენარესში ყოველი ქუჩის
თავში მარადიული ჩირაღდანი ჩახჩახებდა.

ხალხები ვნახე და ქალაქები ვნახე,
ველ-მინდვრები ვნახე და მთები ვნახე,
წყალი ვნახე და ხმელი ვნახე,
შუქი ვნახე და უკუნეთი ვნახე,
მცენარეები - შუქში და მცენარეები - უკუნეთში ვნახე,
ცხოველები - შუქში და ცხოველები - უკუნში ვნახე,
ადამიანი - შუქში და ადამიანი - უკუნში ვნახე.

ქაშანელი ვარ,
მაგრამ ჩემი ქალაქი არ არის ქაშანი,
ჩემი ქალაქი დაკარგულია,
მე, ხალისითა და მონდომებით,
სახლი ღამის იქითა მხარეს ავიშენე.

მე ამ სახლში ახლოსა ვარ ბალახის ნამიან უსახელობასთან.
ბაღჩის სუნთქვა მესმის
და ფოთლიდან ჩამოწყვეტილი სიბნელის ხმა,
მკაფიო ხველა მესმის ხეების იქიდან,
წყლის ცხვირის ცემინება ქვის ყოველი ნახეთქიდან,
მერცხლის ჭიკჭიკი - გაზაფხულის ჭერიდან.
ხმა მარტოობის ფანჯრის გაღება-დახურვისა.
და წმინდა ხმა, ხმა სიყვარულის პერანგის დაგდებისა,
კანის გაურკვეველი გამოცვლისა.
ფრენის წადილის ფრთებში კონცენტრირებისა.
და სულის შეჭმისაგან თავშეკავების თავდანებებისა.
მესმის სურვილის ფეხის ხმა და
ხმა ძარღვში სისხლის კანონიერი მოძრაობისა.
რიჟრაჟის კაკუნი მტრედების ცაზე,
გულისცემა პარასკევ ღამისა,
მიხაკის ყვავილის მოძრაობა ფიქრში,
ჭეშმარიტების წმინდა ჭიხვინი - შორიდან
მესმის ნივთიერების ქროლვის ხმა და
რწმენის ფეხსაცმლის ხმაური ვნებათაღელვის ქუჩაზე,
წვიმის წკაპუნი სიყვარულის სველ ქუთუთოზე,
სრულყოფილების სევდიანი მუსიკის ზედაპირსა
და ბროწეულების ბაღის სიმღერაზე.
ხმა სიხარულის ფანჯრის ღამეში ჩამსხვრევისა,
მშვენიერების ქაღალდის ნაკუწებად ქცევისა.
სიყარიბის, უცხოობაში ყოფნის თასის ქარისაგან დაცლის და აღვსებისა.

მე ახლოსა ვარ მიწის დასაწყისთან.
ყვავილების მაჯა მიჭირავს
და კარგად ვიცნობ -
წყლის სველ ბედისწერას,
ხის მწვანე ტრადიციას.

ჩემი სული საგნების ახალი მხარისკენ მიედინება გამუდმებით,
ჩემი სული უწლოვანია.
ჩემს სულს ზოგჯერ ვნებისაგან ხველა აიტანს.
ჩემი სული უსაქმურია.
იგი წვიმის წვეთებს და აგურებს შორის დატოვებულ ხანებს ითვლის.
ჩემ სულს ზოგჯერ, გზის დასაწყისში დადებული ქვასავით,
ჭეშმარიტების მოხელთების უნარი გააჩნია.

მე არ მინახავს ერთმანეთზე გადამტერებული ფიჭვის ორი ხე,
მე არ მინახავს ტირიფი, ჩრდილი რომ მიწისთვის მიეყიდოს,
უსასყიდლოდ ჩუქნის თელა თავის ტოტებს ყორნებს,
სადაც კი ფოთოლია, ჩემი ვნება იქ იფურჩქნება,
ყოფნის წყალდიდობაში მე გამბანეს ხაშხაშის ყვავილებმა.

როგორც მწერის ფრთები, ისე ვიცი რიჟრაჟის წონა,
მცენარის ზრდის მუსიკას ყურს ვუგდებ ყვავილის ქოთანივით,
სავსე კალათივით ვერა ვმალავ მწიფობის მისწრაფებას.
სამიკიტნოსავით მოთენთილობის სამანზე ვაგდივარ,
ზღვის პირას მდგარი შენობასავით მაფორიაქებს
საწვიმარი ღრუბლების ჯახაჯუხი.

თუ გინდა მზე, თუ გინდა კავშირი, თუ გინდა გამრავლება.

მე კმაყოფილი ვარ ერთი ვაშლითაც,
გვირილების თაიგულის დაყნოსვითაც,
მე სარკესთან მაქვს აუმღვრეველი და კმაყოფილი დამოკიდებულება,
არ ვიცინი, როცა ფრანი სკდება,
არ ვიცინი, როცა ფილოსოფია მთვარეს ორად ჰყოფს.
მე ვიცი მწყრის სავსე, კმაყოფილი ჭუკჭუკი,
მოლაღურის გულის ფერები, ფანჯრის ნაფეხური.
კარგად ვიცი, სად ხარობს რევანდი,
შაშვი როდის მოდის, გნოლი როდის მღერის,
როდის კვდება შევარდენი.
რას ნიშნავს მთვარე უდაბნოს სიზმარში,
სიკვდილი სურვილის ღეროზე და
სიამოვნების მაყვალი ჩახუტების კბილებქვეშ.

სიცოცხლე ნათესაობის ადათია.
სიცოცხლეს სიკვდილისხელა ფრთები აქვს,
სიყვარულისოდენა საფრენი ასპარეზი;
სიცოცხლე ნივთი როდია, რომ მე და შენ
ტრადიციის თაროზე შემოვდოთ და მიგვავიწყდეს;
სიცოცხლე იმ ხელის მიზიდულობაა, რომელიც კრეფს,
სიცოცხლე ახლადმოწეული შავი ლეღვია -
ზაფხულის მომწარო პირში;
სიცოცხლე მწერის თვალით დანახული
ხის განზომილებაა.
სიცოცხლე ღამურის გამოცდილებაა -
უკუნ სიბნელეში
სიცოცხლე უცხოობის ის შეგრძნებაა,
გადამფრენ ჩიტს რომ დარევს ხოლმე ხელს,
სიცოცხლე მატარებლის კივილია,
ხიდის სიზმარში რომ იკლაკნება.
სიცოცხლე თვითმფრინავის ფანჯრიდან დანახული
პატარა წალკოტია,
რაკეტის კოსმოსში გაფრენის ცნობაა.
მთვარის მარტოობისა და უკაცრიელობის შეგრძნებაა,
სხვა პლანეტაზე ყვავილების გაფურჩქვნის ფიქრია.

სიცოცხლე ერთი ჭუჭყიანი ღრმა თეფშის გარეცხვაა.

სიცოცხლე ქუჩაში ათშაურიანი მონეტის პოვნაა.
სიცოცხლე სარკის მეორე ხარისხია.
სიცოცხლე მარადიულობის კვადრატში აყვანილი ყვავილია.
სიცოცხლე დედამიწის გამრავლებაა გულისცემაზე,
სიცოცხლე სუნთქვათა მარტივი და მონოტონური გეომეტრიაა.

სადაც ვიმყოფები, ვარ -
ცა ჩემია,
ფანჯარა, ფიქრი, ჰაერი, სიყვარული და დედამიწა ჩემია.
რა მნიშვნელობა აქვს,
თუკი ხანდახან გაუცხოების სოკოებიც ამოდიან ხოლმე.

მე არ ვიცი,
რატომ ამბობენ, რომ ცხენი კეთილშობილი ცხოველია,
მტრედი ლამაზია
და არავისა ჰყავს სვავი გალიაში.
სამყურა ბალახი რითია ნაკლები ალისფერ ტიტაზე?!
თვალები უნდა გაახილო, სხვაგვარად უნდა დაინახო,
სიტყვა უნდა გარეცხო.
სიტყვა თვითონვე უნდა იყოს ქარი, სიტყვა თვითონვე უნდა იყოს წვიმა,
კარავი უნდა აკეცო,
წვიმაში უნდა იარო.
ფიქრი, მეხსიერება წვიმაში უნდა დაგქონდეს.
მთელი ქალაქის ხალხთან ერთად წვიმაში უნდა წახვიდე.
წვიმაში უნდა იწვე დედაკაცთან,
წვიმაში უნდა ითამაშო,
წვიმაში უნდა დაწერო რამე, ილაპარაკო და დათესო ლოტოსი.
ცხოვრება თანდათანობით დასველებაა,
ცხოვრება არის "ახლას" აუზში ბანაობა.

გავიძროთ ტანსაცმელი:
წყალი ერთ ნაბიჯზეა!

სინათლეს ჭაშნიკი გავუსინჯოთ,
ერთი სოფლის ღამე ავწონოთ და
ერთი შვლის ნუკრის სიზმარი,
წეროს ბუდის სითბო შევიმეცნოთ,
მდელოს კანონი ფეხქვეშ არ გავთელოთ.
თმების ქვეყანაში გამოვხსნათ გემოვნების ნასკვი,
პირი დავაღოთ, მთვარე თუ ამოვიდა,
არა ვთქვათ, რომ ღამე ცუდი რამაა
და არც ისა ვთქვათ, რომ
ცხელ ღამეს ბაღის თვალსაწიერისა არაფერი გაეგება!

მოვრთოთ კალათი
და წავიღოთ ამდენი სიწითლე,
ამდენი სიმწვანე.

დილაობით პური და ყველი მივირთვათ ხოლმე.
თითო ნერგი დავრგოთ ყოველი სიტყვის
მოსახვევის თავში,
დუმილის თესლი ჩათესოთ ორ ცინიზმს შორის
და ნუ მოვინდომებთ წიგნს, რომელშიაც არა ქრის ქარი.
წიგნს, რომელშიაც ნამის კანი სველი არ არის,
წიგნს, რომელშიაც კვადრატები უგანზომილებოა.
ნუ მოვინდომებთ აფრინდეს ბუზი ბუნების თითის წვერიდან,
ნუ მოვინდომებთ გავიდეს ავაზა შესაქმის კარიდან;
და ვიცოდეთ, ჭია რომ არ ყოფილიყო,
სიცოცხლე იქნებოდა რაღაცით ნაკლული,
გამორჩენა რომ არ ყოფილიყო, იზარალებდა ხის კანონი და წესი.
სიკვდილი რომ არ ყოფილიყო, რაღაცისაკენ გვექნებოდა ხელი
მოფათურე,
და ვიცოდეთ - სიწითლე რომ არა, სხვანაირი გახდებოდა
ფრენის მარადცოცხალი ლოგიკა.
ვიცოდეთ, რომ მარჯანზე უწინ სიცარიელე სუფევდა
ზღვათა ოცნებაში.

ნუ ვიკითხავთ, საიდანა ვართ.
დავყნოსოთ საავადმყოფოს ახალი ატლასი;
ნუ ვიკითხავთ, სად არის ბედისწერისა და ყისმათის შადრევანი,
ნუ ვიკითხავთ, მამათა მამებს რა ღამეები უთევიათ და
რა სიოები ელამუნებოდათ.
წარსულში ცოცხალი სივრცე აღარაა.
წასულში ჩიტი აღარ გალობს,
წარსულში ქარი აღარა ქრის.
წარსულში დაგმანულია ფიჭვის მწვანე ფანჯარა,
წარსულში ყველა ჩიკორი მიწაში ჩარჭობილა,
წარსულში ისტორიის დაქანცულობაა.
წარსულში ხსოვნის ტალღა ყოფნის ცივი სადაფის ნაპირებს ემსხვრევა.

ზღვის პირას წავიდეთ,
ბადე წყალში ჩავაგოთ,
და წყალში სიგრილე და სიცინცხალე დავიჭიროთ.

დედამიწას ძარღვი ავაგლიჯოთ,
ყოფნის წონა ვიგრძნოთ და
თუ სიცხე გვაქვს, მთვარის ნათელზე აუგი არ წამოგვცდეს
(მინახავს: ზოგჯერ, სიცხეში,
მთვარე ქვემოთ ეშვება და
ხელს აწვდენს სამოთხის მოხატულ ჭერამდე,
მინახავს: ჩიტბატონა უკეთ გალობს.
ზოგჯერ, ნაჭრილობევს, ფეხზე რომ მქონდა,
ჩემთვის უსწავლებია დედამიწის აღმართ-დაღმართები.
ზოგჯერ, ჩემი სნეულების სარეცელზე
რამდენიმეჯერ იზრდებოდა ყვავილის მოცულობა,
უფრო სავსე ხდებოდა ნარინჯის წვეთი
და ფარანის ნათელი.).
ნუ შეგვეშინდება სიკვდილისა,
სიკვდილი არ არის მტრედის დასასრული.
სიკვდილი ციცინათელას ამოყირავება არ არის,
სიკვდილი მოძრაობს აკაციის გონებაში,
სიკვდილი ცხოვრობს კეთილი ზრახვის წყალსა და ჰაერში,
სიკვდილი სოფლის ღამის გულისგულში დილაზე ლაპარაკობს,
სიკვდილი ყურძნის მტევანთან ერთად მიდის პირისაკენ,
სიკვდილი მღერის ყივანახველას ხანჯალში,
სიკვდილი ხანდახან რეჰანსა კრეფს,
სიკვდილი ხანდახან არაყსა სვამს,
ხანდახან ჩრდილში ზის და ჩვენკენ იყურება.
და ყველამ ვიცით, რომ
სიამოვნების ფილტვები სიკვდილის მჟავითა და ტუტითაა დატენილი.

კარს ნუ მივუხურავთ ბედისწერის ცოცხალ სიტყვას, ხმის
გალავანს იქიდან რომ ჩაგვესმის.

ფარდა გადავწიოთ.
დაე, გრძნობამ თამამად ისუნთქოს,
დაე, სრულქმნილება, რომელი ბუჩქის ძირასაც ნებავს იქ დასახლდეს,
დაე, ვნება სათამაშოდ აიღეროს,
ფეხსაცმელი გაიძროს და ყვავილთა თავიდან
წელიწადის დროთა კვალდაკვალ აფრინდეს,
დაე, მარტოობამ იმღეროს.
რაღაცა დაწეროს
და ქუჩაში გავიდეს.
უბრალონი ვიყოთ,
სადანი ვიყოთ თუნდ ბანკის განყოფილებაში,
თუნდ ხის ქვეშ მსხდომარენი.

ჩვენი საქმე ვარდის საიდუმლოს ამოხსნა არ არის.
ჩვენი საქმე ის შეიძლება იყოს, რომ
ვარდის ხიბლში შევცუროთ
და ცოდნათა მიღმა დავცეთ კარავი.
ხელი ერთი ფოთლის მშვენიერებაში დავიბანოთ
და სიმღერით წავიდეთ.
დილით, მზე რომ ამოდის, დავიბადოთ,
აღტაცებები ავაფრინოთ;
დავნამოთ შემეცნების სივრცე, ფერი, ხმა თუ ყვავილის სარკმელი.
ზეცა ჩავიფინოთ ყოფიერების ორ მხარეს შორის.
ფილტვები ავივსოთ და დავიცალოთ მარადიულობით,
მერცხალს მხრებიდან ჩამოვხსნათ და მიწაზე დავდოთ შემეცნების ტვირთი,
ღრუბლიდან, ჩინარიდან, კოღოდან, ზაფხულიდან
დავიბრუნოთ დაკარგული სახელი,
წვიმის სველ ფეხებზე შემდგარნი
სიყვარულის სიმაღლისაკენ გავეშუროთ,
კარი გავუღოთ ადამიანს, სინათლეს, მცენარესა და
მწერს.
ჩვენი საქმე შეიძლება ისაა,
რომ საუკუნესა და ლოტოსის
ყვავილს შორის
ჭეშმარიტების ხმის კვალდაკვალ ვირბინოთ.

ქაშანი, სოფელი ჩინარი,
ზაფხული, ჰიჯრის წ. აღ. 1343 წ./1964 წ.

კომენტარები

1. ქაშანი - ისტორიული ქალაქი ირანის სამხრეთში.
2. ყიბლა - მექის მხარე, საითკენაც ლოცვისას პირით დგებიან მუსლიმები.
3. ჯანამაზი - ერთგვარი პატარა ხალიჩა, რომელსაც ლოცვისას ფეხქვეშ იგებენ მუსლიმები, სალოცავი ნოხი.
4. მოჰრი - ქალაქ ქერბელიდან წამოღებული თიხისაგან დამზადებული მცირე ზომის ფირფიტა, რომელსაც ლოცვისას შუბლით ეხებიან შიიტური აღმსარებლობის მუსლიმები.
5. სეჯადე - სალოცავი ხალიჩა თაყვანისცემის რიტუალისათვის.
6. ნამაზი - მუსლიმური ლოცვის რიტუალი.
7. აზანი - ლოცვის დაწყების დრო, რომელსაც მუსლიმებს, ჩვეულებისამებრ, მინარეთიდან გადმომდგარი მუაზინი, მუეძინი აცნობებს ხოლმე.
8. ქააბა - მუსლიმების მთავარი ტაძარი.
9. მრუმე ქვა - მუსლიმთა მთავარ ტაძარ ქააბას კედელში დატანებული მეტეორიტული წარმოშობის შავი ქვის ნატეხი, რომელსაც სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ და თაყვანს სცემენ როგორც სუნიტური, ასევე შიიტური აღმსარებლობის მუსლიმები.
10. დერვიში - პირვანდელი მნიშვნელობით, მისტიკურ-ფილოსოფიური სექტის წევრი, შემდგომში - ზოგადად, მოხეტიალე ყარიბი, გლახა.
11. ია ჰუვა, ია ჰუ - დერვიშთა ტრადიციული ამოძახილი; არაბულად ნიშნავს "ო, იგი; ო, ის!" (იგულისხმება ალაჰი).
12. ხეიბარი - შიიტების პირველი იმამის ალი იბნ აბუ-ტალიბის ეპითეტი. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "სიკეთის მომტანს".
13. ნაგინის ტბა - ტბა ქალაქ ქაშანის ახლოს.

??????