ტომასი დილან
გაზიარება

ესმის ციხე–კოშკის ყურებს (მთარგმნელი: თამარ ერისთავი) 

ესმის ციხე-კოშკის ყურებს -
ორი ხელი კარს რომ უღრენს,
სახურავის თვალი ხედავს -
თითები რომ ბოქლომს ჩხრეკენ.
რა ვქნა, გავხსნა ურდული თუ
ასე მარტო სიკვდილამდე
უცხო თვალის უნახავი
ამ თეთრ სახლში გამოვემწყვდე?
ჰო, რა მოგაქვთ, რა ხელებო, -
ყურძენი თუ საწამლავი?

ეს კუნძული, მოზღუდული
ხორცის ზღვით და ძვლის ნაპირით,
ხმას ვერ აწვდენს გაღმა მხარეს
და მთა-გორებს თვალს ვერ აწვდენს.
ჩიტის რა ვთქვა, როცა წლობით
მფრინავ თევზის კამარც კი
არ დაურღვევს სიმყუდროვეს.

ამ კუნძულის ყურებს ესმის -
ქარი ჩნდება, როგორც ცეცხლი,
ამ კუნძულის თვალი ხედავს -
ჩაუშვიათ გემებს ღუზა ყურეს იქით;
გავეშურო გემებისკენ,
შევურიო ქარი თმაში,
თუ სულ ასე მედგრად ვიდგე სიკვდილამდე
და მეზღვაურს არასოდეს ვუთხრა, - მოდი!
ჰა, რა მოგაქვთ, რა, გემებო -
ყურძენი თუ საწამლავი?

კარებს უღრენს ორი ხელი,
აწვიმს ქვიშაც, შიფერს აწვიმს,
ჩაუშვიათ გემებს ღუზა ყურეს იქით;
შემოვუშვა სახლში უცხო
და მეზღვაურს ვუთხრა, - მოდი!
თუ სულ ასე მედგრად ვიდგე სიკვდილამდე?
ჰა, რა მოგაქვთ უცხო კაცის ხელებო და
უცხო გემის ტრიუმებო, -
ყურძენი თუ საწამლავი?

??????