უნგარეტი ჯუზეპე
გაზიარება

დღითი დღე (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

1.
"დედი, დედიკო, რომ იცოდე როგორ ცუდად ვარ..."
და იგი სახეს - უკვე გარდაცვლილს,
გახელილ თვალებს - ჯერ კიდევ ცოცხალს,
ღონემიხდილი მიაპყრობდა ღია ფანჯარას...
და მამა
(შვილის გასართობად)
პურის ნამცეცებს
მზით განათებულ იატაკზე პეშვებით ყრიდა.
და ბეღურები ჟრიამულით იკლებდნენ ოთახს...

2.
აწ ჩემსკენ ნდობით გამოწვდილ ხელებს
მე შემიძლია დავეკონო მხოლოდ სიზმრებში...
გადიან დღენი. არაფერი მომხდარა თითქო:
დავდივარ,
ვსუნთქავ
ვსაუბრობ,
ვღელავ...
არ დამტყობია რამ ცვლილება, მხოლოდ ბოლო დროს
ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ვაბოლებ თუთუნს...
რა ძალა მეყო, იმ კაეშანს რომ გავუძელი?

3.
გავლიან წლებიც... ახალ ტკივილებს
ეზიარება ჩემი ცხოვრება.
შენი ხმა მუდამ მემახსოვრება...
მაგრამ სადა ხარ, რომ მანუგეშო?

4.
ო, ვერასოდეს ვერ მიხვდებით, ვერ იგრძნობთ იმას,
ქუჩაში გავლილს, როგორ მაკრთობს ყოველი ჩრდილი,
ჩემს გვერდით უცებ ქვაფენილს რომ აედევნება!
ასე მგონია... მაგრამ ჩრდილი გამირბის უმალ,
რადგან იცის, რომ აღარაფრის იმედი არ მაქვს.

5.
სად არის ახლა, ის წკრიალა და უცოდველი
ბავშვის ხმა, მერცხლის ჟღურტულის მსგავსი,
სახედაღარულ ადამიანს რომ ახარებდა,
სამუშაოდან შინ დაბრუნებულს?..
ხმა იგი მიწის წიაღმა შთანთქა
და ახლა მხოლოდ მოგონების ზღაპრებში ცხოვრობს.

6.
ო, ყველა,
ყველა,
ყველა სხვა ხმა
რაც კია ქვეყნად -
ექოა მხოლოდ, იმ ბავშვური ამოძახილის...
და ყოველივე დუმდება, როცა
ჩემი ბიჭუნა სამარიდან თავისკენ მიხმობს.

??????