ფაროხზადი ფორუღ
გაზიარება

ფანჯარა (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე) 

ერთი ფანჯარა - დასანახად,
ერთი ფანჯარა - მოსასმენად,
ერთი ფანჯარა, ჭის ღრმულივით,
ფსკერით რომ მიწის გულისგულს სწვდება
და იხსნება ამ ლურჯი და გამუდმებული სიკეთის მხარეს.
ერთი ფანჯარა, რომელიც ყოველღამ
კეთილშობილ ვარსკვლავთა სურნელის საბოძვრით
პირთამდე ავსებს
მარტოობის პაწაწინა ხელებს.
და ფანჯარა, საიდანაც შეიძლება
მზე სტუმრად იწვიო
ნემსიწვერების მწუხარე დაისში.
მე ერთი, ერთადერთი ფანჯარა მყოფნის.

დიახ, თოჯინების სოფლიდან მოვდივარ,
ქაღალდის ხეების გულუხვი ჩრდილიდან,
ერთი დასურათებული წიგნის ბაღში -
სიყვარულისა და მეგობრობის ბერწ გამოცდილებათა
გვალვიან სეზონთაგან;
უბიწოების მიწიერ ქუჩებში -
ანბანის ფერწასული ასოების წლითიწლობით ზრდისაგან
გისოსებში ჩამჯდარი სასკოლო მერხების მიღმიდან,
იმ წამიდან, როცა ბავშვებმა მოახერხეს,
დაფაზე სიტყვა "ქვა" დაწერეს
და შაშვთა დამფრთხალი გუნდი
ჟივილ-ხივილით აიშალა ბერმუხის ტოტებიდან.

მე ხორციჭამია მცენარეთა ფესვებიდან მოვდივარ;
და ჩემი ტვინი ჯერაც იმ პეპლის
შიშის ხმით არის სავსე,
რვეულის ფურცელზე
ქინძისთავით
ძელზე რომ გაესვათ.

როცა ჩემი რწმენა სამართლიანობის ფუყე თოკს ებღაუჭებოდა
და მთელ ქალაქში
ნაწილ-ნაწილ ფლეთდნენ ჩემი ჩირაღდნების გულს,
როცა ჩემს სიყვარულს ბავშვურ თვალებს
კანონის ბნელი ნაჭრით უხვევდნენ
და ჩემი სურვილების შეძრწუნებული
ღაწვებიდან სისხლის შადრევნები ჩქეფდა,
როცა ჩემი ცხოვრება აღარაფერი იყო,
სხვა აღარაფერი, გარდა კედლის საათის მშვიდი წიკწიკისა,
მივხვდი:
უნდა გიჟივით, გიჟივით, გიჟივით მყვარებოდა.

მე ერთადერთი ფანჯარა მყოფნის:
ერთი ფანჯარა ყურადღების, მზერისა და დუმილის წამებში.
კაკლის ნერგმაც ხომ უკვე ისე აიყარა ტანი,
რომ შეუძლია თავის ლორთქო ფოთლებს
აუხსნას კედლის აზრი.
სარკეს ჰკითხე
შენი მხსნელის სახელი
განა მიწა, რომელზედაც ფეხები
გიცახცახებს,
შენზე უფრო მარტო არ არის?
განა მოციქულებმა
განადგურება მოუტანეს ამბად ჩვენს საუკუნეს?
ეს გამუდმებული აფეთქებები,
ეს მოწამლული ღრუბლები
რომელი წმინდა აიის ჟღერა-წკრიალია?
მეგობარო, ძმაო, მეხვაიშნევ,
მთვარეს რომ მიაღწევ
ყვავილთა გენოციდის ისტორიის დაწერა არ დაივიწყო.

სიზმრები თავიანთი გულუბრყვილობის სიმაღლიდან
ცვივიან და იხოცებიან მუდამ,
მე ოთხფურცელა სამყურას ვსუნავ,
რომელიც ძველი შეხედულებების
საფლავზე გაშლილა.
განა ის ქალი, ვინც თავისი მოლოდინისა და უბიწოების
სუდარაში დაიმარხა,
ჩემი ახალგაზრდობა იყო.
განა მეორედაც ცნობისმოყვარეობის კიბით
მაღლა ავალ, რომ
კარგ ღმერთს, რომელიც სახლის სახურავზე
ბოლთასა სცემს, მდაბლად მივესალმო.

ვგრძნობ, დრო გასულია.
ვგრძნობ, ჩემი წილი წამი ისტორიის ფურცელს თუ ეკუთნვის.
ვგრძნობ, მაგიდა ცრუ დისტანციაა ჩემს ნაწნავებსა
და ამ მწუხარე, უცხო კაცის ხელებს შორის.

დამელაპარაკე, გემუდარები, ხმა გამეცი!
განა ის, ვინც შენ ცოცხალი სხეულის სიკეთესა გჩუქნის,
სხვას რას ითხოვს შენგან ცოცხლად ყოფნის შეგრძნების
აღქმის გარდა?

ხმა გამეცი!
მე ფანჯრის საფარში ვარ! -
მზის მოყვარული და ნათესავი.

??????