ფონტანე თეოდორ
გაზიარება

ფონ იბეკი ჰაველისპირ რიბეკიდან (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი) 

ბატონ რიბეკს ჰაველისპირ რიბეკიდან
მსხლის ხე ედგა თავის ბაღში კარგა დიდი.

მოდიოდა შემოდგომა მოელვარე -
ნათდებოდა მსხლებისაგან არემარე.
სამრეკლო რომ შუადღის ჟამს აუწყებდა,
ფონ რიბეკი მსხლით ჯიბეებს გაივსებდა.
ხის ქოშებით ყმაწვილი თუ ჩაივლიდა,
გასძახებდა: "მოდი ბიჭო! მსხალი გინდა?"
ხან იწვევდა გზად მიმავალ გოგუცანას -
"აქეთ, გოგნი! აჰა მსხალი! გაწყენს განა?"

ასე იყო დიდხანს, წლები წლებს მისდევდა,
ვიდრე რიბეკს აღსასრული მოუწევდა.
(გულმა უგრძნო: აღსასრული მოუწევდა)
ისევ იდგა შემოდგომა მოელვარე,
ნათდებოდა მსხლის სიცილით არემარე.
თქვა რიბეკმა: "ამ ქვეყანას ვტოვებ მალე,
ჩამატანეთ თან საფლავში ერთი მსხალი!"

და სამ დღეში მართლაც ახდა უფლის ნება,
გაუმართეს დიდი ამბით გასვენება.
მკვიდრ სახლიდან გაიტანეს გლეხკაცებმა,
თან გალობდნენ: "იესოა ხსნა და შვება".
ბავშვებს მეტად ეტყობოდათ გულდაწყვეტა:
"ეს გათავდა, მსხალს ვინ მოგვცემს აწი ნეტა?"
არ ესმოდათ, რომ წუწუნი აქ არ ვარგა,
არ იცნობდნენ მოხუც რიბეკს ალბათ კარგად.
სახლს ახალი ფონ რიბეკი განაგებდა,
მაგრამ იმ ძველს ჰქონდა კარგი წინათგრძნობა,
არ უნდოდა პურაძვირი პირმშოს ნდობა
და განჭვრიტა ზუსტად შორი მომავალი,
საფლავში რომ ჩაიყოლა ერთი მსხალი.
მესამე წელს მისი მყუდრო სავანიდან
მსხლის ახალი ნორჩი მორჩი ამოვიდა.
დრო გამოხდა, ჩაიარა ბევრმა წყალმა,
მის საფლავზე აიყარა ტანი მსხალმა.
კვლავ დგებოდა შემოდგომა ოქროს დარი,
ივსებოდა მსხლის ნათებით მთა და ბარი.

ბიჭუნა თუ საფლავებთან ჩაივლიდა,
"აჰა მსხალი!" - ჩურჩულებდა რაღაც ხიდან,
და თუ გოგო სადმე ახლოს გაივლიდა,
"აქეთ, გოგნი!" - გაისმოდა ფოთლებიდან.
კვლავაც გვლოცავს ქველი ხელით სამარიდან
ფონ რიბეკი ჰაველისპირ რიბეკიდან.

??????