ქაუერი ვალტერ
გაზიარება

მეთევზე (მთარგმნელი: რუსუდან ბრეგაძე) 

იყო ერთი მეთევზე. იჯდა ხოლმე ტბის პირას და ანკესით თევზაობდა. დროდადრო ნემსკავს ამოსწევდა და სატყუარას დახედავდა. ამასობაში ჩიბუხის დასატენადაც გამონახავდა დროს, ანდა ტბის ზედაპირს მოავლებდა თვალს და დედა-იხვს მიაჩერდებოდა, რომელიც შორიახლოს თავის სამ ჭუჭულთან ერთად დაცურავდა.
ხანდახან თევზსაც იჭერდა - კამკამა ტბა თევზით იყო სავსე. სამ-ოთხ ცალ მოვერცხლისფრო თევზს რომ იგდებდა ხელთ, თქვენ გგონიათ, ადგებოდა და შინისაკენ გასწევდა? ნურას უკაცრავად, ანკესს გვერდზე გადადებდა, ჩიბუხს გააბოლებდა და ჩაფიქრდებოდა. სამი-ოთხი თევზი მისთვის საკმარისი იყო. მეტი რად უნდოდა?! ვახშმად შეუბრაწავდა ცოლი. საამისოდ კი სამი-ოთხი ცალი სავსებით კმაროდა.
მეთევზე იხსენებდა, როგორ იმუშავა მთელ კვირას ფაბრიკაში, ფიქრობდა თავის ოჯახზე, იმ ქუჩის ცხოვრებაზე, სადაც თვითონ სახლობდა. იჯდა და იჯდა მეთევზე, კალათში სამი თევზი ეგულებოდა და ცას აჰყურებდა.
ერთხელაც ნაპირთან ახლოს დიდი ავტომობილი გაჩერდა. იქიდან პირში მსხვილსიგარაგაჩრილი კაცი გადმოვიდა და მეთევზეს მიაშურა.
"საღამო მშვიდობისა!" თქვა კაცმა. მეთევზემ თავაზიანად დაუბრუნა სალამი.
"სამი თევზი. სულ ეს არის?" იკითხა კაცმა ცოტა არ იყოს აგდებულად. მეთევზემ თავი დაუქნია.
"არ არის ამ ტბაში თევზი თუ ანკესს არ მოჰყვება?" დაინტერესდა კაცი.
"როგორ არა", მიუგო მეთევზემ, "თევზი საკმაოდ არის, ანკესსაც მოჰყვება".
"მაშ, რატომ არ იჭერთ?" განცვიფრდა კაცი.
"სამიც საკმარისია ჩემთვის!" მიუგო მეთევზემ, "შემიწვავს ჩემი ცოლი, სამი თევზი ვახშმად გვეყოფა..."
კაცმა თავი გადააქნია.
"მეტი უნდა დაიჭიროთ, თუკი მართლა ბევრი თევზია ამ ტბაში!"
"რატომ?" იკითხა მეთევზემ, "მერე რა ვუყო ბევრ თევზს?"
"გაყიდეთ!" მიუგო კაცმა.
"რისთვის?" იკითხა მეთევზემ.
"რისთვის და მერე ნავს შეიძენთ", მიუგო კაცმა.
"ნავს რაღა ვუყო?" დაინტერესდა მეთევზე. "აი, ვზივარ აქ ჩემი ანკესით და იმდენს ვიჭერ, რამდენიც მჭირდება".
"ნავით შეგიძლიათ ტბაში შეცუროთ", უთხრა კაცმა. "იქ ხომ ბევრად მეტი თევზია!"
"დაიჭირეთ და გაყიდეთ, რა ლაპარაკია! წელში გაიმართებით, მერე მეორე ნავსაც იყიდით!"
"კარგი, ვთქვათ, ისე მოვიქეცი, როგორც თქვენ მირჩევთ; ორი ნავი მექნება, ხომ? ჰოდა, ორივეთი ერთად ხომ ვერ შევცურავ ტბაში სათევზაოდ?"
კაცი მოუთმენლობისგან აძაგძაგდა. აღელვებული ისე გამალებით ღეჭავდა სიგარას, რომ ლამის შემოეჭამა.
"სხვა მეთევზეს მონახავთ, აიყვანთ. ის მეორე ნავით შეცურავს ტბაში და თქვენთვის დაიჭერს თევზს. თქვენ მას ჯამაგირს გადაუხდით, სამაგიეროდ მის დაჭერილ თევზს გაყიდით. ეს ბევრ ფულს მოგიტანთ!"
"კი", თქვა მეთევზემ. "ეგრე იქნება. მაგრამ რა ვუყო იმ ფულს?"
"კიდევ შეიძენთ ნავებს", უთხრა კაცმა. "იქნება მოტორიან ნავსაც გამოჰკრათ ხელი. მაშინ უფრო სწრაფად იმუშავებთ, ნიჩბის მოსმაზე დრო აღარ დაგეკარგებათ. მეტ ხალხს დაასაქმებთ და ფული ჩეჩქივით გექნებათ. ჰოდა, რას გეტყვით, იცით?" აფორიაქებულმა კაცმა მეთევზეს მხარზე ხელი დაჰკრა. "მაშინ თქვენ მუშაობა აღარც კი დაგჭირდებათ. აღარასოდეს!"
მეთევზემ ნიკაპი მოიქექა. "კი მაგრამ, რაღა ვაკეთო?" იკითხა ბოლოს.
"სათევზაოდ წახვალთ. ითევზავებთ და ითევზავებთ!"
კაცი სახეგაბადრული შესცქეროდა მეთევზეს.
"რიღასთვის?" იკითხა მეთევზემ. "რიღასთვის უნდა ვითევზაო, თუკი ის ხალხი იმდენ თევზს დაიჭერს ჩემთვის, რომ თავზე საყრელად მექნება? თანაც მალე ამ ტბაში თევზის ჭაჭანებაც აღარ იქნება".
"გასართობად, რაღა თქმა უნდა!" შესძახა კაცმა. "ამხელა ბიზნესის პატრონს ცოტაოდენი თავის შექცევა არ გაწყენდათ".
კაცი მცირე ხნით ჩაფიქრდა.
"თუ ამ ტბაში თევზი გადაშენდება, მაშინ ადგებით და იჯარით აიღებთ ან სულაც შეისყიდით სხვა ტბას. ის მხოლოდ თქვენი საკუთრება იქნება! ითევზავებთ, გულს გადააყოლებთ".
"ერიჰა!" წამოიძახა მეთევზემ. "აბა, ახლა რას ვაკეთებ? მართალია, ეს ტბა ჩემი საკუთრება არ არის, მაგრამ ამ არემარეზე კაციშვილი არ თევზაობს ჩემს მეტი. მაშ, რა ძალა მადგას, თქვენს რჩევას მივსდიო?! მითუმეტეს, რომ სულაც არ მეხალისება ეგეთი რამეები".
მეთევზეს ძალიან გაუკვირდა, კაცმა ბოლომდე რომ არც კი მოუსმინა, გულმოსულმა რომ შეაქცია ზურგი და თავისი ავტომობილისკენ გასწია.
ავტომობილი გზას გაუდგა.
მეთევზე კიდევ კარგა ხანს იჯდა ტბის პირას და იხვებს გაჰყურებდა.
მის მყუდროებას არავითარი ნავი არ არღვევდა.

1977 წ.

??????