ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ
გაზიარება

ერთადერთი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

რა უნდა იყოს,
სვებედნიერ, უძველეს ზღვისპირთ
რომ მიმაჯაჭვა და რომ ისინი
ჩემს სამშობლოზე უფრო მეტად
შეიტკბო გულმა?

რადგან ზეციურ
ტყვეობაში გაყიდულივით
მე იქ ვარ, სადაც იარებოდა
აპოლონი მეფურ იერით.
და ეშვებოდა უცოდველი ჭაბუკებისკენ
ზევსი და ვაჟებს
და ქალიშვილებს ჩასახავდა ღვთიური წესით
უმაღლესი, კაცთა მოდგმაში.

მაღალი აზრი
სახელდობრ მრავლად
ამოიჭრა მამის თავიდან.
და მრავალი დიადი სული
ეწვია მისგან ადამიანებს.
გამიგონია მე შესახებ ელადისა და
ოლიმპოისა,
ვმდგარვარ პარნასზე
და ისთმოსის მთებზე, აგრეთვე
მიღმა სმირნასთან - და იქ, ქვემოთაც,
ეფესოს მხარეს მივლია დიდხანს.

მრავლად მიხილავს მშვენიერება
და მიმღერია ღვთის სახისათვის,
რომელიც ცოცხლობს ადამიანთა
შორის და მაინც,
ძველო ღმერთებო! და თქვენ ყველანო
- შეუპოვარნო ძენო ღმერთების!
კიდევ ერთს ვეძებ,
მას, ვინც თქვენს შორის
შეჰყვარებია გულს, იქ დავეძებ,
სად თქვენი მოდგმის უკანასკნელი
შთამომავალი, განძი სახლისა,
მე - უცხო სტუმარს გადამიმალეთ.

შენ, ოსტატო და მოძღვარო ჩემო,
უფალო, მითხარ, რად განმეშორე?
როს კითხვა-კითხვით
დავივლიდი ძველთაძველ ღმერთებს,
მათ მოდგმას, მითხარ,
რად გამოაკლდი? და მწუხარება
მივსებს სულს ახლა,
თითქოს ბრაზდებით, ციერნო, რადგან,
როცა ვმსახურებ ერთს, სხვას ვსაკლისობ.
მაგრამ მე ვიცი, ჩემი ბრალია,
ეს! რადგან ძალზედ
მოგეჯაჭვე ო, ქრისტევ, ჩემო!
თუმცა კი ძმა ხარ შენ ჰერაკლესი
და გაბედულად ვაღიარებ, რომ ხარ ევირის
ძმაც, ვინც ვეფხვებს აბამდა ეტლში
და შორეულ ინდოეთამდე
აფუძნებდა სასიხარულო
ღვთისმსახურებას, ვენახს ყრიდა და
აოკებდა რისხვას ხალხების.

მაგრამ მაფერხებს სირცხვილის გრძნობა,
შენ შეგადარო ამქვეყნიური
კაცები, თუმცა ვიცი, რომ იგი,
ვინც შენ ჩაგსახა,
მამა შენი,
არის იგივე...

რადგანაც იგი არასოდეს განაგებს მარტო.

მაგრამ ერთს ეკვრის
სიყვარული. ხოლო ამჯერად
მეტისმეტად აღმოხდა ჩემს გულს
გალობა. მსურს გამოვასწორო
შეცდომა, მით, რომ ვუმღერებ სხვებსაც.
ვერასოდეს ვეწევი ზომას, როგორც მწადია,
მაგრამ იმ ღმერთმა,
რომელიც მოდის, იცის, რომ რაც მე
მსურს - ის არის საუკეთესო.
რადგან შებოჭილ
არწივივით ვიდოდა მიწად
მოძღვარი და ბევრს,
ვინც მას ხედავდა,
იპყრობდა შიში.

რადგან ამჯერად
უკიდურესი მოიმოქმედა
მამამ და მისი საუკეთესო
არსი ნამდვილად
იღვწოდა აქ, მოკვდავთა შორის.
და ძეც ძალიან დამწუხრებული
იყო იქამდე, ვიდრე ზეცისკენ
აღიძვრებოდა ჰაერთა წიაღ.
მისებრ ტყვედქმნილა გმირების სული.
და პოეტებსაც, სულისმიერთაც,
ჰმართებთ იყვნენ ამქვეყნიურნი.

??????