ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ
გაზიარება

ხსოვნა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

ნორდ-ოსტი დაჰქრის,
უსაყვარლესი ქართაგან ჩემდა,
რადგანაც კეთილ გზას და მგზნებარე
სულს მიანიჭებს შორ ზღვაში გასულთ.
მაგრამ აწ გასწი და მიესალმე
მშვენიერ გარონს
და ბორდოს ბაღნართ,
სადაც მიჰყვება ნაპირს ციცაბოს
ბილიკი ვიწრო და ნაკადული
ზათქით ეცემა ძირს მდინარეში,
ზემოთ კი ნეფე-დედოფალივით
გადასცქერს სივრცეს სპეტაკი წყვილი
მოვერცხლისფერო ალვის და მუხის.

და ჯერაც ისევ მახსოვს დღესავით,
თუ წვერგანიერ, ტანმაღალ მწვერვალთ
როგორ ზნექს ქვემოთ მძიმე რცხილნარი
მათ ძირში მდგომი წისქვილისაკენ,
რომლის ეზოში ლეღვის ხე ხარობს,
დღესასწაულზე,
აბრეშუმივით ფაფუკ მიწაზე
იქ ხორბლისფერი ვლიან ქალები,
მირკანის თვეში,
ოდეს ღამე დღეს უტოლდება
და მოტაატე ბილიკთა ზემოთ
ოქროს სიზმრებით დამძიმებულნი,
მწუხრის სიონი მინანაობენ.

მაგრამ მომაგოს
აწ ვინმემ თასი სურნელოვანი
და ავსებული უბნელეს ნათლით
განსასვენებლად, რადგანაც ძილი
ძვირფას ჩრდილებთან ტკბილია ეგზომ.
არ არის კარგი, თუ საფიქრალნი ამქვეყნიურნი
სულს დაგიშრეტენ. და სასიკეთო
არს საუბარი და გამჟღავნება გულისნადების,
კვლავ გახსენება სიყვარულის და
უკვე გარდავლილ, დიად საქმეთა.

სადღა არიან თუმც მეგობარნი?
ბელარმინი, მისი მეგზურნი?
ზოგს იპყრობს შიში
სათავესთან მიახლოების.
ხოლო სიმდიდრე
ზღვაში იღებს მხოლოდ სათავეს.
როგორც მხატვრები, იქ აგროვებენ
მშვენებათ მიწის და არ უკრთიან
ფრთებშესხმულ ბრძოლას და გაშიშვლებულ
ანძათა ძირში ცხოვრებას ეულს,
წლების მანძილზე,
სადაც ქალაქის დღესასწაულნი
არ აბრწყინებენ ღამის სიბნელეს,
არც სიმღერები არხევენ წყვდიადს
და არც მშობლიურ ცეკვის ჰანგები.

მაგრამ აწ მკაცრნი ის ზღვაოსანნი
შორს, ინდოეთის მხარეს წასულან.
ცასშეკიდებულ მწვერვალთ ძირიდან
და ტევრმშვენიერ ვენახთა გავლით,
მოედინება სადაც დორდონი
და შერთული დიდებულ გარონს
მოზღვავებული ილტვის ნაკადი.
მაგრამ ზღვა გვართმევს
და მოგვაგებს მეხსიერებას.
და სიყვარულიც გულმოდგინედ აგვიხელს თვალებს.
ხოლო რაც რჩება, აფუძნებენ იმას პოეტნი.

??????