ჰიუგო ვიქტორ
გაზიარება

Oceano nox* (მთარგმნელი: დავით აკრიანი) 

ეჰა, რამდენი მეზღვაური და კაპიტანი,
შორეულ წყლებში ვინც გაშალა მხნე იალქანი,
მიღმა ამ კუშტი ჰორიზონტის გაუჩინარდა!
რამდენი კაცი - სასტიკია ეს ბედისწერა! -
უმთვარო ღამემ და უძირო ზღვამ შეიწირა,
ბრმა ოკეანემ მარადისი მოხვია კალთა!

რამდენი გაქრა ეკიპაჟი თავის პატრონით!
მათი ცხოვრების ყველა გვერდი ერთი ატყორცნით
მიმოურია ქარიშხალმა ტალღების ხმაურს!
ვერვინ იხილავს მათ აღსასრულს უფსკრულის ძირში,
თითოეულ ზვირთს ნადავლი აქვს გაჩრილი პირში:
ერთი ცარიელ ნავს მიათრევს, სხვა კი მეზღვაურს.

საბრალოებო! ხვედრი თქვენი არავინ უწყის!
მიექანებით საუფლოში სოველი სუსხის,
სადაც დინება თავებს თქვენსას ქვა-რიფებს ახლის.
ო, მოხუც მშობლებს, ერთადერთი ნაპერწკლით ტვინში,
სიკვდილმა ზღვისპირს მდგართ მოუსწრო მათ მოლოდინში,
ვის ნახვა აღარ ეღირსა სახლის!

ხშირად ჭაბუკნი ოცნებობენ შორეულ ზღვებზე,
ხალისიან წრედ ჩამომსხდარნი დახრულ ღუზებზე,
და ახსენებენ თქვენს დაბინდულ სახელებს კიდევ
მღერა-სიცილთან, ძველ ამბებთან, კოცნასთან ერთად,
კოცნასთან, რაიც საბედოებს თქვენსას წაერთვათ,
თქვენ კი სასთუმლად წყალმცენარე ფსკერისა გიდევთ!

"საით წასულან? სხვა კუნძულებს თუ ხელმწიფობენ?
იქნებ ჩვენსაზე ნაყოფიერ მამულებს ფლობენ?" -
ისმის კითხვები... და ეს ხსოვნაც ნელინელ ქრება.
ზღვას კაცი მიაქვს, დავიწყებას - მისი სახელი,
ჟამი, ჩრდილებზე სხვა ჩრდილების კიდევ დამღვრელი,
ბნელ ოკეანეს ბნელ არხსოვნის ბკედ ეფარება.

მალე აჩრდილიც აღარ ახსოვს თქვენი არავის,
სხვაა მფლობელი თქვენეული გუთნის და ნავის.
ოდენ ზამთრობით, როს ქარბუქი ცა-მიწას უვლის,
თქვენი ქვრივები, დაქანცულნი სულ მოლოდინით,
კვლავ გიგონებენ და ურევენ ჩამქრალი ჟინით
ნაცარს კერიის - ნაცართან გულის.

და როს სამარე ნთქავთ იმათაც, აღარავისთვის
თქვენი სახელი არ არსებობს: თვით ეულ ქვისთვის
სასაფლაოსი, სად ყოველმხრით ექო მოგვძახის;
არც ტირიფს ახსოვს, შემოდგომის ქარი რომ ძარცვავს,
არც მიამიტი და ერთფერი მას არა მარცვლავს
სიმღერა ძველი ხიდის თავში დამდგარი გლახის.

- საით წასულან დანთქმულები უკუნი სივრცით?
ეჰე, ტალღებო, რა მჭმუნვარე ამბები იცით!
ტალღებო, ძრწოლით რომ გვედრიან დედა-ქალები!
თქვენ მათ გვიამბობთ აბორგებულ მიმოქცევისას
და ეს განიჭებთ უსასოოს ამ ხმებს მსხვრევისა,
ჟამს შეღამების, ოდეს ჩვენსკენ მოექანებით!

"ღამე ოკეანეზე" (ლათ.)

??????