დოილი ართურ კონან
გაზიარება

ალისფერი ყვავილი 

თავი |
შერლოკ ჰოლმსი

1878 წელს ლონდონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი მოვიპოვე და სამხედრო ექიმთა მოსამზადებელ კურსებზე შევედი. კურსების დამთავრების შემდეგ ნორთუმბერლენდის მსროლელთა მეხუთე პოლკში უმცროს ექიმად გამამწესეს. იმხანად პოლკი ინდოეთში იდგა, და ვიდრე დანიშნულების ადგილზე მივიდოდი, ავღანეთის მეორე ომი ატყდა. კანდაჰარამდე მშვიდობით ჩავედი, იქ ჩემი პოლკი მოვნახე და მაშინვე ახალი მოვალეობის შესრულებას შევუდექი.

ამ ომმა მრავალს მოუტანა პატივი და მრავალი წასწია წინ სამსახურში. მე კი მხოლოდ მარცხი და უბედურება დამატყდა თავს. მაივანდთან გამართულ საბედისწერო ბრძოლისას მხარში დავიჭერი. ტყვიამ ძვალი დამიმსხვრია და არტერია დამიზიანა. უთუოდ სასტიკი ფანატიკოსების ხელში ჩავვარდებოდი, ჩემი შიკრიკის ერთგულება და სიმამაცე რომ არა: ცხენის ზურგზე გადამაწვინა და ჩვენს პოზიციაზე მიმიყვანა, საიდანაც მერე პეშევარში გამხიზნეს. ძლივს მომირჩა ჭრილობა, რომ ახლა მუცლის ტიფი შემეყარა და რამდენიმე თვის შემდეგ საბოლოოდ გამოსაჯანსაღებლად ინგლისში გამაგზავნეს.

ინგლისში არც ნათესავები მყავდა, არც ვინმე მახლობელი, მაგრამ ქარივით თავისუფალი ვიყავი, ან უფრო სწორად რომ გითხრათ, თავისუფალი ვიყავი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას დღეში თერთმეტი შილინგისა და ექვსი პენსის შემოსავალი მაძლევდა.

რა უნდა მექნა? ლონდონში დავსახლდი და ერთ პატარა ოტელში დავბინავდი. ძალიან მოუხერხებლად და უაზროდ ვცხოვრობდი. ფულს იმაზე უფრო თავისუფლად ვხარჯავდი, ვიდრე ჩემი შეძლების პატრონს შეეფერებოდა. მალე დავრწმუნდი, ან სადმე ქალაქგარეთ უნდა გადავსახლებულიყავი, ან მკვეთრად შემეცვალა ცხოვრების ნირი. მე ეს უკანასკნელი ვამჯობინე. გადავწყვიტე, მიმეტოვებინა ოტელი და სადმე უფრო იაფფასიანი ბინა გამომენახა.

იმ დღეს, როდესაც ასეთ დასკვნამდე მივედი, ბარში ვიდექი. ვიღაცამ მხარზე ხელი დამკრა. მოვბრუნდი და ჩემი ძველი მეგობარი სტემფორდი დავინახე. ორივეს გაგვეხარდა შეხვედრა და მაშინვე საუზმეზე მივიპატიჟე.

- რა მოგსვლიათ, უოტსონ? - მკითხა დაუფარავი გაკვირვებით. - ლერწამზე წვრილი ხართ და წენგოიან კაკალზე უფრო მუქი.

მოკლედ ვუამბე, თავს რა ხიფათიც გადამხდა.

- საწყალი კაცი! - თქვა. - ახლა რას აპირებთ?

- ბინას დავეძებ და შეუძლებელს ვცდილობ, ცოტა იაფად მინდა წესიერი ოთახი დავიქირავო.

- უცნაურია, - შენიშნა ჩემმა თანამგზავრმა. - ასეთი სურვილი დღეს უკვე მეორედ მესმის.

- პირველად ვისგან მოისმინეთ? - ვკითხე მე.

- ერთი ყმაწვილისაგან, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობს. დღეს დილით შემომჩივლა, ვერანაირად ვერ მიპოვნია ამხანაგი, რომელთან ერთად ვიქირავებდი რიგიან ოთახს, მარტოხელას კი ქირის გადახდა გამიჭირდებაო.

- ეშმაკმა დალახვროს! სწორედ მე ვარ ასეთი კაცი.

სტემფორდმა რაღაც უცნაურად გადმომხედა.

- თქვენ არ იცნობთ შერლოკ ჰოლმსს, - მითხრა მან, - შეიძლება არ მოგეწონოთ და ვერც შეეგუოთ მასთან მუდმივად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.

- რაო, ცუდი ზნის კაცია?

- ო, სულაც არ ვამბობ, ცუდი ზნისაა-მეთქი. ცოტა უცნაური იდეები აქვს. მეცნიერების ზოგიერთი დარგის ენთუზიასტია. მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ სრულიად წესიერი ადამიანი იყოს.

- როგორც ვატყობ, სტუდენტი-მედიკოსი იქნება, არა? - ვკითხე მე.

- არა, წარმოდგენაც არა მაქვს, რა პროფესიის კაცი დადგება. ჩინებულად ერკვევა ანატომიაში და შესანიშნავი ქიმიკოსია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მედიცინა არასოდეს უსწავლია. მისი კვლევა უაღრესად ექსცენტრიკული ხასიათისაა, მაგრამ აქვს არაჩვეულებრივი ცოდნა, რითაც თავის პროფესორებს პირდაპირ აოცებს.

- არ გიკითხავთ, რა მიზანს ისახავს?

- არა, გულს ასე იოლად არავის გადაუშლის, თუმცა ბევრი ლაპარაკი უყვარს, როცა ხასიათზეა ხოლმე.

- სიამოვნებით გავეცნობოდი, - ვუთხარი მეგობარს. - თუ ვინმესთან ერთად ცხოვრება მომიხდება, ისეთი კაცი მირჩევნია, რომელსაც სიმშვიდე და მუშაობა უყვარს. როგორ შევხვდე თქვენს მეგობარს?

- ალბათ ლაბორატორიაში იქნება. თუ გინდათ, საუზმის შემდეგ შევუაროთ.

ჰოსპიტალისაკენ წავედით და გზადაგზა სტემფორდმა კიდევ მიამბო ზოგიერთი წვრილმანი იმ ჯენტლმენზე, ვისთან დასახლებასაც ვვარაუდობდი.

- თუ ვერ შეეწყობით, მე ნუ დამემდურებით. ჩემი აზრით, ჰოლმსი მეტისმეტად გატაცებულია თავისი კვლევა-ძიებით. ამ კაცს შეუძლია თავის მეგობარს მცირე დოზით ალკოლოიდი მიაღებინოს, ცუდი განზრახვით კი არა, უბრალოდ, კვლევისათვის, რომ ამ შხამის ზემოქმედების ძალა გაიგოს. დარწმუნებული ვარ, თვითონაც უყოყმანოდ მიიღებს შხამის ამდენივე დოზას. ეტყობა, ზუსტი მეცნიერებით მეტისმეტად გატაცებულია.

- ეს ძალიან კარგია.

- დიახ, მაგრამ უკიდურესობამდე არაფრის მიყვანა არ ვარგა. ის კი პროზექტურაში ზოგჯერ გვამებს ჯოხით სცემს კიდეც.

- გვამებს სცემსო?

- დიახ, რომ დაადგინოს, შეიძლება თუ არ სიკვდილის შემდეგ სისხლჩაქცევის გამოწვევა. ეს ჩემი საკუთარი თვალებით ვნახე.

- თქვენ კი ამბობთ, მედიკოსი არ არისო.

- არა, მედიკოსი არაა. ეშმაკმა უწყის, რა მიზანს ისახავს. მაგრამ აგერ მოვედით კიდეც. თვითონვე შეიმუშავეთ იმ კაცზე საკუთარი აზრი.

ვიწრო ჩიხში შევუხვიეთ, პატარა კარი შევაღეთ და ჰო-სპიტლის შენობაში აღმოვჩნდით. დაბალი, თაღიანი ტალანი გავიარეთ და ქიმიურ ლაბორატორიაში შევედით.

ფართო, მაღალჭერიან ოთახში მხოლოდ ერთი კაცი აღმოჩნდა. იგი მაგიდაზე დახრილიყო და გატაცებით მუშაობდა.

- ვიპოვე! ვიპოვე! - ძახილით ამცნო ჩემს თანამგზავრს და სინჯარით ხელში შემოგვეგება. - ვიპოვე რეაქტივი, რომელიც მხოლოდ ჰემოგლობინის შენაერთში ილექება.

ოქროს საბადო რომ აღმოეჩინა, ალბათ მაშინაც არ გაუბრწყინდებოდა ასე სახე.

- დოქტორი უოტსონი, მისტერ შერლოკ ჰოლმსი, - გაგვაცნო ერთმანეთი სტემფორდმა.

- როგორ ბრძანდებით? - მკითხა ჰოლმსმა და ხელი ისე ძლიერად ჩამომართვა, რომ სახტად დავრჩი. - როგორც ვხედავ, ავღანეთში ყოფილხართ.

- ეს საიდან გაიგეთ? - ვკითხე გაოცებულმა.

- უბრალო დაკვირვების ამბავია, - მიპასუხა და თავისთვის ჩაიცინა. - ახლა ჰემოგლობინზეა ლაპარაკი. ალბათ აფასებთ ჩემს აღმოჩენას?

- მეცნიერული თვალსაზრისით უდავოდ საინტერესოა, - ვუპასუხე მე. - მაგრამ პრაქტიკულად...

- მომიტევეთ! მაგრამ სასამართლო მედიცინაში ამ უკანასკნელი წლების მანძილზე ეს ყველაზე უფრო პრაქტიკული აღმოჩენაა, განა არ გესმით, რომ ეს აღმოჩენა სისხლის ლაქების ამოცნობის უტყუარ ხერხს გვაძლევს? - ამ სიტყვებზე პალტოს სახელოში ხელი ჩამავლო და მაგიდისაკენ ძალით წამათრია.

- ავიღოთ ახალი სისხლი, - მითხრა მან, თითში გრძელი ნემსი იჩხვლიტა და პიპეტით წვეთი სისხლი ამოიღო. - ნახეთ, ამ წვეთ სისხლს მე გავხსნი ლიტრ წყალში. როგორც ხედავთ, ნარევი სუფთა წყალსა ჰგავს. სისხლის პროცენტი არ აღემატება ერთ მემილიონედს და მაინც ეჭვი არ მეპარება, რომ დამახასიათებელი რეაქციის მიღებას შევძლებთ.

ჭურჭელში რამდენიმე თეთრი კრისტალი ჩააგდო, შემდეგ კი გამჭვირვალე სითხის რამდენიმე წვეთი ჩაამატა. ჭურჭელში მდგარი წყალი იმწამსვე მუქ-ალისფრად შეიღება, მინის ქილის ძირზე კი ყავისფერი ნაწილაკები დაილექა.

- ჰა! ჰა! - შეჰყვირა მან და სათამაშოთი გახარებული ყმაწვილივით შემოჰკრა ტაში. - ამაზე რას იტყვით?

- ეს, როგორც ეტყობა, ძალიან საინტერესო ცდა უნდა იყოს, - შევნიშნე მე.

- საუცხოო! ჩინებული! განსაზღვრის ძველი მეთოდები მეტისმეტად რთული და არასაიმედო იყო. ასე, მაგალითად, სისხლის ბურთულების მიკროსკოპული ანალიზი არაფრის მაქნისი არაა, თუ სისხლი სრულიად ახალი არ იქნა. ჩემი მეთოდი კი საიმედოა, იმის მიუხედავად, ახალია სისხლი თუ არა. ეს მეთოდი რომ ადრე აღმოეჩინათ, ასობით დამნაშავე, დღეს რომ ქვეყნად თავისუფლად დატანტალებს, დიდი ხნის წინ წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე. სისხლის სამართლის საქმეები მუდამ ამ წერტილის გარშემო ტრიალებდა. როცა ადამიანს ბრალდებოდა რამდენიმე თვის წინ ჩადენილი დანაშაული, იკვლევდნენ მის თეთრეულს, სამოსელს, აღმოაჩენდნენ მუქ ლაქებს და ექსპერტების წინაშე ისმებოდა კითხვა: რა იყო ეს? სისხლის ლაქები, თუ ჭუჭყისა? იქნებ ჟანგისა ან ხილის? ეს კითხვა აბნევდა მათ, რადგან არ არსებობდა გამოკვლევის საიმედო მეთოდი. ამიერიდან კი იარსებებს შერლოკ ჰოლმსის მეთოდი, და ყველა სიძნელე გადალახულია.

- მოსალოცი საქმე მოგიკვარახჭინებიათ, - ვუთხარი მე, ასეთი ენთუზიაზმით აღტაცებულმა.

- მაგონდება ფონ ბიშოფის საქმე, შარშან რომ მოხდა ფრანკფურტში. ბიშოფს, რა თქმა უნდა, ჩამოახრჩობდნენ, ეს მეთოდი რომ აღმოჩენილი ყოფილიყო. ახლა მეზონის საქმე ბრადფორდში, სახელგანთქმული მიულერის, ლეფევრისა მონპელიეში და სამსონისა ახალ ორლეანში?! შემიძლია დავასახელო ოცი შემთხვევა, სადაც გამოკვლევის ამ მეთოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.

- თქვენ სისხლის სამართლის საქმეების ცოცხალი კალენდარი ხართ, - შენიშნა სტემფორდმა. - შეგეძლოთ გაზეთიც გამოგეცათ ასეთი სათაურით: "წარსულ წლებში მომხდარი სისხლის სამართლის ახალი ამბები".

- ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა, - თქვა ჰოლმსმა და ნაჩხვლეტ ადგილზე სალბუნის პატარა ნაჭერი დაიდო. - დიდი სიფრთხილე მმართებს, რადგან ათასნაირ შხამთან მაქვს საქმე.

შერლოკ ჰოლმსმა ამ სიტყვებზე ხელი უნებლიეთ წინ წამოსწია და შევნიშნე, რომ იგი ერთიანად აჭრელებული ჰქონდა სალბუნის ასეთივე ნაჭრებითა და ძლიერმოქმედი მჟავეების ლაქებით.

- ჩვენ საქმეზე მოვედით, - შენიშნა სტემფორდმა, სამფეხა სკამზე ჩამოჯდა და ფეხით მეორე სკამი მოაჩოჩა. - ჩემი მეგობარი ბინას დაეძებს, და რაკი თქვენც შემომჩივლეთ, ამხანაგი ვერ მიშოვნიაო, გადავწყვიტე უოტსონი თქვენთვის შემეხვედრებინა.

შერლოკ ჰოლმსს, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდა ჩემთან ერთად დასახლების იდეა.

- ერთი პატარა ბინა მომივიდა თვალში ბეიკერსტრიტზე. დაწუნებით ვერაფერს დაუწუნებთ. იმედი მაქვს, მაგარი თამბაქოს სუნის საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ.

- მე თვითონ ყოველთვის მაგარ თამბაქოს ვეწევი.

- ჰოდა, ჩინებულია. საქმე ქიმიურ ნივთიერებებთან მაქვს და ხშირად ვაწარმოებ ცდებს. ეს ხომ არ შეგიშლით ხელს?

- სრულიადაც არა.

- სხვა რა ნაკლი მაქვს? ხანდახან ვმუნჯდები და მთელი დღეების განმავლობაში კრინტს არ ვძრავ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ვიბუტები. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, მალე შუბლი ისევ გამეხსნება. თქვენ რა ცუდი ზნე გჭირთ? ვიდრე ერთად დავსახლდებოდეთ, ჯობია ვიცოდეთ, რა გვჭირს დასაძრახი.

ამ დაკითხვაზე გამეცინა.

- მე ლეკვი მყავს და ხმაურს ვერ ვეწყობი, ნერვები მაქვს მოშლილი. სრულიად უჩვეულო დროს ვდგები ხოლმე და უაღრესად ზარმაცი ვარ.

- ვიოლინოს დაკვრას თუ მიაკუთვნებთ ხმაურთა კატეგორიას? - მკითხა მოულოდნელად ჰოლმსმა.

- ეს დაკვრაზეა დამოკიდებული, - ვუპასუხე მე. - ვიოლინოს კარგი დაკვრა - ღმერთების ზიარია, ცუდი დაკვრა...

- ყველაფერი რიგზეა, - მხიარულად გაიცინა ჰოლმსმა. - შეგვიძლია საქმე მოგვარებულად ჩავთვალოთ, თუ ბინაც მოგეწონებათ.

- მაშ, წამოვიდე და გავსინჯო?

- შემოიარეთ ხვალ, ასე, თორმეტი საათისათვის, ერთად წავალთ.

- ძალიან კარგი, ზუსტად თორმეტზე, - ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი.

ჰოლმსი დავტოვეთ და სტემფორდთან ერთად ჩემს ოტელს მივაშურეთ.

- სხვათა შორის, - ვკითხე ამხანაგს. - ძალიან მაინტერესებს, საიდან გაიგო, რომ ავღანეთიდან ჩამოვედი?

ჩემმა თანამგზავრმა უცნაურად გაიღიმა.

- სწორედ ეს გახლავთ ამ კაცის თავისებურება. ბევრმა უკვე სცადა იმის გამოცნობა, თუ რანაირად გებულობს ასეთ რამეებს.

- ეს პირდაპირ საიდუმლოებით მოცული ამბავია. ძლიერ მადლობელი ვარ, რომ ერთმანეთს შეგვახვედრეთ.

- დააკვირდით და შეისწავლეთ ეს საინტერესო კაცი, - მითხრა სტემფორდმა გამომშვიდობებისას. - ეს იოლი ამოცანა როდია... სანაძლეოს დავდებ, მას ახლა უკვე მეტი ეცოდინება თქვენზე, ვიდრე თქვენ მასზე შემდეგ შეიტყობთ. ნახვამდის!

- ნახვამდის! - ვუპასუხე მეც და ჩემი ნაცნობით ძალზე დაინტერესებულმა ოტელს მივაშურე.

თავი ||
დასკვნის გამოტანის ხელოვნება

მეორე დღეს ერთმანეთს შევხვდით და დავათვალიერეთ ბეიკერსტრიტზე მდებარე ბინა №221-ბ. ორი კარგი საწოლი ოთახი იყო და კოხტად მოწყობილი ფართო სასტუმრო, რომელსაც ორი დიდი ფანჯარა ჰქონდა. იმავე საღამოს გადავედი ოტელიდან, მეორე დღეს კი შერლოკ ჰოლმსმა გადმოიტანა თავისი ყუთები და პორტპლედები.

ჰოლმსთან შეწყობა ადვილი საქმე აღმოჩნდა. ხმაური არ უყვარდა და წესიერ ცხოვრებას ეწეოდა. ცხრაზე ადრე იშვიათად წვებოდა და საუზმობას ჩემს ადგომამდე ასწრებდა. ზოგჯერ მთელ დღეს ქიმიურ ლაბორატორიაში ატარებდა, ხან პროზექტურაში დადიოდა, ხან კი საათობით დაეხეტებოდა ქალაქში და თანაც სასეირნოდ ლონდონის ყველაზე საეჭვო უბნებს ირჩევდა. როცა თავისი გუნების საქმე შეხვდებოდა, წარმოუდგენელი გატაცებით შეუდგებოდა მუშაობას, მაგრამ დროგამოშვებით გუნება ეცვლებოდა და მაშინ მთელი დღეები იწვა ხოლმე სასტუმროში დივანზე, დანა პირს არ უხსნიდა და სიტყვას მაჯაგანით ვერ ამოართმევდი.

ჩემი დაინტერესება ჰოლმსით და ცნობისმოყვარეობა იმ მიზნებით, რომელთაც ის ცხოვრებაში ისახავდა, დღითი დღე იზრდებოდა. იგი თავისი გარეგნობითაც იქცევდა ყურადღებას. ექვსი ფუტი სიმაღლე ჰქონდა და ისეთი აღნაგობისა იყო, რომ უფრო მაღალი მოგეჩვენებოდათ. ცოცხალი, გამჭრიახი თვალები და ვიწრო ქორისებური ცხვირი მის სახეს სიფხიზლისა და შეუპოვრობის იერს აძლევდა. თვალში გეცემოდათ მისი წინ წამოწვდენილი, კუთხოვანი, ძლიერი ნებისყოფის ადამიანებისათვის დამახასიათებელი ნიკაპი. ხელები ყოველთვის დალაქავებული ჰქონდა მელნითა და ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაჩვეულებრივად ფაქიზი შეხების გრძნობა გააჩნდა, რაც არა ერთხელ შემინიშნავს, როცა მყიფე ხელსაწყოებზე მანიპულაციებს აწარმოებდა.

მედიცინას არ სწავლობდა. მგონი, არც ერთი ისეთი სასწავლებელი არ ჰქონდა დამთავრებული, სწავლულთა სამყაროსაკენ გზას რომ გაუხსნიდა. ამის მიუხედავად, განსაკუთრებული გულმოდგინებით აწარმოებდა თავის კვლევა-ძიებას, და, მართალია, გარკვეულ ჩარჩოებში, მაგრამ მისი ცოდნა განსაცვიფრებლად ფართო და დეტალური იყო. რა თქმა უნდა, ასე შეუპოვრად ზუსტი ცნობების კვლევაზე მუშაობას არავინ გამოედევნება, თუ გარკვეული მიზანი არა აქვს.

ბეიკერსტრიტზე ჩვენი ცხოვრების პირველ კვირას არავის შემოუვლია, და ის იყო გავიფიქრე, ჰოლმსიც ალბათ ჩემსავით მარტოხელა, უთვისტომო კაცია-მეთქი, რომ მალე დავრწმუნდი, მას მრავალი ნაცნობი ჰყავდა, და თანაც სულ სხვადასხვა წრეებში. ერთი პატარა ფერმკრთალი კაცი დაიარებოდა, ვირთხასავით სახე ჰქონდა და შავი თვალები. მისტერ ლესტრეიდად გამაცნო. კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც ნახულობდა ჰოლმსს.

ერთხელ დილით კარგად ჩაცმული ქალიშვილი მოვიდა, ნახევარი საათი დარჩა, თუ მეტი არა. იმავე დღეს ჭაღარა კაცი გვესტუმრა, საცოდავი გარეგნობა ჰქონდა და ძლიერ აღელვებული ჩანდა. მაშინვე ხნიერი დედაკაცი მოჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემს თანამობინადრესთან საბაასოდ ვიღაც მოხუცი ჯენტლმენი მოვიდა, მეორე დღეს კი - რკინიგზის დარაჯი. როცა მნახველები მოდიოდნენ, შერლოკ ჰოლმსი ჩვეულებისამებრ მთხოვდა, სასტუმრო დამითმეო, და მეც ჩემს ოთახში გავდიოდი. ასეთი უხერხულობისათვის ყოველთვის ბოდიშს მიხდიდა.

ამ ოთახს სამუშაო კაბინეტად ვიყენებ, სხვა გზა არა მაქვს, ეს ადამიანები კი ჩემი კლიენტები არიანო, მეტყოდა ხოლმე.

შემეძლო პირდაპირ მეკითხა ჰოლმსისათვის, რა მუშაობას ეწევი-მეთქი, მაგრამ ვერ გამებედა, ვერ შევკადრე, გულახდილობა გამოეჩინა ჩემ წინაშე. მაშინ ჯერ კიდევ მეჩვენებოდა, რომ მას სერიოზული საფუძველი ჰქონდა დუმილისათვის, მაგრამ შემდეგ თვითონვე ჩამომიგდო ამაზე სიტყვა.

ერთხელ დილით, როგორც მახსოვს, ეს იყო 4 მარტს, ჩვეულებრივზე ადრე ავდექი და შერლოკ ჰოლმსს საუზმეზე შევუსწარი. დავრეკე, ყავა მოვითხოვე და მაგიდაზე დაგდებული გაზეთი ავიღე. ერთ-ერთი სტატია ფანქრით იყო გახაზული და, რაღა თქმა უნდა, თვალი გადავავლე. ცოტა არ იყოს, უცნაური სათაური ჰქონდა: "ცხოვრების წიგნი". ლაპარაკი იყო იმაზე, თუ რა ბევრი რამ შეიძლება გაიგოს კაცმა, თუ ყურადღებით იქნება, ზუსტად და სისტემატურად ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება. გამაოცა გამჭრიახობისა და აბსურდულობის საკვირველმა ნარევმა. მსჯელობა თანმიმდევრული და დამაჯერებელი იყო, მაგრამ დასკვნები მეტისმეტად ფართო და გაზვიადებული მეჩვენა. ავტორი ირწმუნებოდა, შეიძლება ადამიანის იდუმალესი აზრების გამოცნობა მისი სახის წამიერი გამომეტყველებით, კუნთის მოძრაობით, უცაბედი მზერითო. შეუძლებელია დაკვირვებასა და ანალიზის საქმეში გამოცდილი ადამიანის მოტყუება. ჩემი დასკვნები და განაჩენნი ისევე შეუმცდარი იქნება, როგორც ევკლიდეს გამოანგარიშებანიო. უცოდინართათვის ჩემი დასკვნები და დაკვირვებათა შედეგები შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს და ჯადოქრობაც კი დამწამონ, ვიდრე არ შეიტყობენ, თუ რა გზით მივედი ასეთ დასკვნამდეო.

"წვეთ წყალზე დაკვირვებით, - ნათქვამი იყო სტატიაში, - ლოგიკურად მოაზროვნე გონება იოლად დაასკვნის ატლანტის ოკეანისა და ნიაგარის არსებობას, თუნდაც წინასწარ არაფერი იცოდეს ერთის ან მეორის არსებობაზე. მთელი სიცოცხლე ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის ბუნებას იოლად შევიცნობთ მისი ერთი რგოლის მიხედვით. მსგავსად ყველა სხვა ხელოვნებისა, დასკვნებისა და ანალიზის მეცნიერება შეგვიძლია ავითვისოთ მხოლოდ ხანგრძლივი და შეუპოვარი მეცადინეობის შედეგად, ხოლო ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ ადამიანმა შესაძლებელი სრულყოფილების თუნდაც საზღვარს მიაღწიოს. ამიტომ მკვლევარმა უფრო ელემენტარული პრობლემიდან უნდა დაიწყოს. დე, ისწავლოს პირველი შეხედვითვე ადამიანის წარსულის, მისი ხელობის და პროფესიის გამოცნობა. რა ბავშვურიც არ უნდა გვეჩვენოს ასეთი ვარჯიში, იგი აღრმავებს დამკვირვებლობას და გვასწავლის, როგორ უნდა შევხვდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხელის თითების ფრჩხილები, კოსტიუმის სახელოები, ფეხსაცმელი, შარვლის ტოტები, კოჟრები შუა და საჩვენებელ თითებზე, სახის გამომეტყველება, პერანგის სამაჯეები თუ სახელოები - ყველა ეს წვრილმანი საშუალებას გვაძლევს გამოვიცნოთ ადამიანის პროფესია. თითქმის დაუჯერებელია, რომ რომელსამე შემთხვევაში ყველა აქ ჩამოთვლილი ნიშანი, ერთად აღებული, გამოცდილი მკვლევარისათვის საკმარისი არ იყოს".

- რა წარმოუდგენელი აბდაუბდაა! - შევძახე და გაზეთი განზე ვისროლე. - ჩემს სიცოცხლეში არ წამიკითხავს ასეთი სისულელე!

- რაზე ლაპარაკობთ? - მკითხა შერლოკ ჰოლმსმა.

- აი, ამ სტატიაზე, - ვუპასუხე და ჩაის კოვზით გაზეთზე მივუთითე. - თქვენც წაგიკითხავთ, ფანქრით დაგინიშნავთ. არ უარვყოფ, საუცხოოდაა დაწერილი. მაგრამ თვითონ სტატია აღმაშფოთებელია და მაღიზიანებს, ეტყობა, რომელიღაც უსაქმურის თეორიაა, თავისი კაბინეტის მყუდროებაში რომ პარადოქსებს თხზავს. ყველაფერი ეს მეტისმეტად შორსაა ცხოვრებისაგან. ერთი მენახა ავტორი მიწისქვეშა გზის მესამე კლასის ვაგონში, მგზავრებს შორის ჩაკვეხებული და მეთხოვა მისთვის თავისი თანამგზავრების პროფესიის გამოცნობა. სანაძლეოს დავდებ, რომ ვერაფერს გახდებოდა.

- წააგებდით მაგ სანაძლეოს, - მშვიდად მიპასუხა ჰოლმსმა. - ხოლო რაც შეეხება ამ სტატიას, ჩემი დაწერილია.

- თქვენი?

- დიახ. მე მაქვს დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის მიდრეკილება. აქ გადმოცემული ჩემი თეორია, თქვენ რომ ქიმერად გეჩვენებათ, სინამდვილეში მეტისმეტად ცხოვრებისეულია, იმდენად ცხოვრებისეული, რომ მისი წყალობით მაქვს მოპოვებული პური ჩემი არსობისა.

- ეს რანაირად?

- რას იზამთ, მე ჩემი ხელობა მაქვს. ვფიქრობ, მთელ ქვეყნიერებაზე ერთადერთი მაძებარ-კონსულტანტი ვარ. ლონდონში მრავალი სახელმწიფო მაძებარია და მრავალიც კერძო. როცა ეს ბატონები საქმეს თავს ვერ მოაბამენ, ჩემთან ცხადდებიან და მეც სწორ გზაზე ვაყენებ ხოლმე. ყველა ფაქტს მომიყვებიან და ჩვეულებრივ, მეც დანაშაულობათა ისტორიის ცოდნის საფუძველზე ვახერხებ მათ გამოყვანას ძნელი მდგომარეობიდან. არსებობს დიდი მსგავსება დანაშაულობათა სახეობებს შორის, და თუ ათასობით დანაშაულის წვრილმანები იცით, რაღა თქმა უნდა, ათას მეერთეში გარკვევასაც მოახერხებთ. ლესტრეიდი - ცნობილი მაძებარია. ამას წინათ ერთი თაღლითობის საქმეში ჩაფლავდა და მე მთხოვა დახმარება.

- თქვენი სხვა მნახველები?

- მათ ჩვეულებრივ კერძო აგენტები მიგზავნიან. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც უბედურება შეემთხვათ და შველას ითხოვენ. მე ვუსმენ მათს მონათხრობს, თვითონაც მისმენენ და გაწეული სამსახურისათვის ჰონორარს ვღებულობ.

- ნუთუ იმის თქმა გინდათ, რომ ოთახიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გახსნათ კვანძი, რასაც ვერ ხსნიან ის ადამიანები, რომელთა თვალწინაც ხდებოდა ყველაფერი?

- სრულიად მართალი ხართ. ამ საქმეში კარგად გაწაფული გახლავართ და ცოტაოდენი ინტუიციაც მაქვს. ზოგჯერ უფრო რთული საქმეებიც მხვდება. მაშინ ცოტა ჯახირიც მიხდება და პირადად ვეცნობი საქმის ვითარებას. იცით, საქმის გასაცნობად და ამოცანის გადასაწყვეტად სპეციალური ცოდნით ვსარგებლობ და ეს ძალიან მშველის მუშაობაში, მიმარტივებს საქმეს. ამ სტატიაში გადმოცემული დედუქციის მეთოდები ფასდაუდებელ დახმარებას მიწევენ პრაქტიკულ მუშაობაში. დაკვირვება იქცა ჩემს მეორე ბუნებად. აი, თქვენ განცვიფრებული დარჩით, პირველსავე შეხვედრისას რომ გითხარით, ავღანეთიდან ჩამოსულხართ-მეთქი.

- ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ვინმესგან მოისმინეთ.

- ძალიან ცდებით, მაგას რომ ამბობთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავღანეთიდან ჩამოხვედით. ჩემი გონება ხანგრძლივი ვარჯიშის წყალობით ისე სწრაფად მუშაობს, რომ შუალედური რგოლების შეუცნობლად ერთბაშად დავასკვენი: "აი, მედიცინის მსახურის ტიპი, ოღონდ მხედრული იერით. აშკარაა: სამხედრო ექიმია. ახლახან ჩამოსულა ტროპიკებიდან, რადგან მეტისმეტად შავგვრემანია, ეს კი მისი კანის ბუნებრივი ფერი არ არის, რადგან მაჯებზე თეთრია. დიდი გაჭირვება და ავადმყოფობა გადაუტანია, რაზედაც მისი გატანჯული სახე მეტყველებს. მარცხენა ხელი დაზიანებული აქვს, რადგან არაბუნებრივად უჭირავს. სად გამოივლიდა ინგლისელი სამხედრო ექიმი ამდენ ჭირ-ვარამს და სად დაიჭრებოდა? რა თქმა უნდა, ავღანეთში". მთელმა ამ აზრთა მსვლელობამ სეკუნდი დრო მოითხოვა, და მეც გითხარით, ავღანეთიდან ჩამოსულხართ-მეთქი. თქვენ გაგიკვირდათ.

- ყოველივე ეს საკმაოდ უბრალო ამბავია, - ვუთხარი ღიმილით. - თქვენ მაძებარ დიუპენს მაგონებთ, ედგარ ალან პოს გმირს. არაფრით არ მეგონა, რომ ასეთი ადამიანები სინამდვილეშიც არსებობენ.

შერლოკ ჰოლმსმა ჩიბუხს მოუკიდა.

- თქვენ, რა თქმა უნდა, ფიქრობთ, რაკი დიუპენს შემადარეთ, ამით მაამეთ, - შენიშნა დინჯად. - არა, სულაც არა ვარ დიდი წარმოდგენისა თქვენს დიუპენზე. თუმცა, უსათუოდ ჰქონდა ანალიზის ერთგვარი ნიჭი, მაგრამ ისეთი ფენომენიც არ ყოფილა, როგორადაც პო ხატავს.

- გაბორიოს თხზულებანი თუ წაგიკითხავთ? - ვკითხე მე. - ლეკოკი შეეფერება მაძებრის იდეალს?

შერლოკ ჰოლმსმა აგდებულად ჩაიცინა.

- ლეკოკი უბედური დოყლაპია იყო, - თქვა გაბრაზებით. - მხოლოდ ერთი უპირატესობა ჰქონდა - ენერგია. ეს წიგნი პირდაპირ გულს მირევს. მისი ამოცანა ის იყო, რომ უცნობი პატიმარი უნდა გამოეცნო. ამას ერთ დღე-ღამეში გავაკეთებდი. ლეკოკს კი ექვსი თვე დასჭირდა. ეს წიგნი შეიძლება მა-ძებრებს გამოადგეთ სახელმძღვანელოდ, საიდანაც გაიგებენ, თუ რას უნდა მოერიდონ.

"ეს ყმაწვილი კაცი მეტად ჭკვიანია, - ვთქვი ჩემთვის. - მაგრამ მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე".

- ჩვენს დროში აღარ ხდება დანაშაული და აღარ არიან დამნაშავენი, - განაგრძობდა გაბრაზებული ჰოლმსი. - აღარ ხდება-მეთქი ისეთი დანაშაული, რომლის ძიებაც იქნება საჭირო. თუ მაინცდამაინც მოხდა, შეიძლება ისე იოლი გამოსაცნობი წვრილმანი საძაგლობა და სიფლიდე იყოს, რომ სკოტლენდ-იარდის აგენტებიც კი გაართმევენ თავს.

მაღიზიანებდა მისი ზვიადი კილო და უმჯობესად ჩავთვალე საუბრის თემა შემეცვალა.

- საინტერესოა, რა უნდა უნდოდეს იმ უცნობს? - ვკითხე და ვუჩვენე სამოქალაქო სამოსელში გამოწყობილი წარმოსადეგი კაცი, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდა და სახლების ნომრებს ათვალიერებდა. მას ხელში დიდი ლურჯი კონვერტი ეჭირა.

- ფლოტის გადამდგარ სერჟანტზე ამბობთ? - მკითხა ჰოლმსმა.

"მკვეხარა! - გავიფიქრე ჩემთვის. - იცის, რომ მის ვარაუდს ვერ შევამოწმებ".

ამის გაფიქრება ვერც კი მოვასწარი, რომ კაცმა, რომელზედაც ვლაპარაკობდით, ჩვენი სახლის ნომერი წაიკითხა და მყისვე ქუჩა გადმოჭრა. მაშინვე ზარის ხმამაღალი წკრიალი მოგვესმა. ამას მოჰყვა ხმადაბალი ლაპარაკი შემოსასვლელ კართან და მძიმე ნაბიჯის ხმა კიბეზე.

- პაკეტია მისტერ შერლოკ ჰოლმსის სახელზე, - თქვა შიკრიკმა და ოთახში შემოვიდა. შემთხვევა მომეცა ჰოლმსისათვის ნიშნი მომეგო.

- ნება მიბოძეთ გკითხოთ, - ვუთხარი შემოსულს თავაზიანად, - რა საქმიანობას ეწევით?

- შიკრიკი გახლავართ, სერ, - მიპასუხა ხრინწიანი ხმით. - ჩემი ფორმა დასაკერებლადაა ჩაბარებული.

- ადრე რა საქმიანობას ეწეოდით? - ვკითხე სტუმარს და დამცინავი თვალებით ჩემს თანამობინადრეს გადავხედე.

- სერჟანტი გახლდით, სერ. სამეფო ფლოტის ფეხოსანი, სერ. პასუხი არ იქნება?

- არის, სერ!

ქუსლი ქუსლზე მიარტყა, ხელი ქუდის წინაფრასთან მიიდო და გავიდა.

თავი |||
საიდუმლოებით მოცული ამბავი

ლაურისტონგარდენზე

გამოგიტყდებით, რომ ჰოლმსის თეორიის პრაქტიკულმა ვარგისიანობამ და საბუთით დადასტურებამ გამაოცა. მისკენ გავიხედე. წერილის კითხვა ის იყო დაემთავრებინა და სივრცეში იყურებოდა. ეტყობოდა, მისი გონება სადღაც შორს ქროდა.

- მაინც რანაირად მიხვედით ასეთ დასკვნამდე? - ვუთხარი მე.

- რა დასკვნამდე? - მკითხა გაჯავრებულმა.

- რომ ის კაცი ფლოტის გადამდგარი სერჟანტია?

- წვრილმანებისათვის არა მცალია, - მიპასუხა მკვახედ. შემდეგ ღიმილით დაუმატა: - მაპატიეთ ჩემი უხეში საქციელი. თქვენ ფიქრის ძაფი გამიწყვიტეთ, მაგრამ არა უშავს. ამრიგად, თქვენ მართლა ვერ მიხვდით, რომ ის კაცი ფლოტის სერჟანტია?

- ვერა.

- გამოცნობა ისე არ მიჭირს ხოლმე, როგორც იმის ახსნა, თუ როგორ გამოვიცანი. ქუჩის მეორე მხარეზეც კი შევნიშნე მის ხელზე დიდი ლურჯი ჯვარის სვირინგი. ეს ზღვის ღუზა უნდა ყოფილიყო. მხედრული მიხრა-მოხრა ჰქონდა და ქილვაშებიც ისეთი, როგორიც ფლოტის წესდებითაა გათვალისწინებული. ესეც თქვენი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. იგრძნობოდა საკუთარი ღირსების შეგნება და ბრძანებლობის ჩვევა. საშუალო ასაკის დარბაისელი, პატივსაცემი ადამიანია - ყოველივე ამან მაფიქრებინა, რომ ის კაცი სერჟანტია.

- საკვირველია! - შევძახე მე.

- სრულიად უბრალო ამბავია, - მიპასუხა ჰოლმსმა. - ეს არის ვთქვი, დამნაშავენი აღარ არიან-მეთქი. როგორც ჩანს, შევცდი. შეხედეთ! - და შიკრიკის მოტანილი წერილი გადმომიგდო. - ხმამაღლა ხომ ვერ წამიკითხავთ?

აი, წერილი, რომელიც ჰოლმსს წავუკითხე:

"ძვირფასო მისტერ შერლოკ ჰოლმს! ამ ღამეს ლაურისტონგარდენზე, ბრიქსტონ-როუდის №3 სახლში საშინელი ამბავი მოხდა. ჩვენმა პოლიციელმა შემოვლის დროს, ასე ღამის ორ საათზე, ერთ მიტოვებულ სახლში შუქი შენიშნა და რაკი სახლი უკაცური იყო, დაეჭვდა, რაღაც ურიგო საქმე უნდა ხდებოდესო. კარი ღია დახვდა და პირველსავე, სრულიად ცარიელ ოთახში კარგად ჩაცმული მამაკაცის გვამს წააწყდა, რომლის ჯიბეშიც აღმოჩნდა სადარბაზო ბარათები: "ენოქ ჯ. დრებერი, კლივლენდი, ოჰაიო, აშშ". ძარცვის კვალი არ ჩანს. სიკვდილის მიზეზიც აუხსნელია. ოთახში არის სისხლის კვალი, მაგრამ გვამზე ჭრილობა არა ჩანს. გაუგებარია, რანაირად მოხვდა ადამიანი ცარიელ სახლში. ძალიან უცნაური საქმეა. თუ დღის თორმეტამდე რომელსამე დროს მობრძანდებით, მითითებულ მისამართზე მნახავთ.

თქვენი ერთგული ტობიას გრეგსონი".

- გრეგსონი სკოტლენდიარდელი აგენტებიდან ყველაზე მარჯვე და მოსაზრებული კაცია. - შენიშნა ჰოლმსმა. - ის და ლესტრეიდი სხვებს სჯობიან. ორივე მკვირცხლია და ენერგიული, მაგრამ ბანალური, საშინლად ბანალური. ამას გარდა, კრიჭაში უდგანან ერთმანეთს და ისე ქიშპობენ, როგორც ორი მშვენიერი ბანოვანი. ძალიან თავშესაქცევი იქნება, თუ ორივე ერთ კვალზე მიუშვეს.

მე გაოცებული ვიყავი მისი სიმშვიდით, ის კი ლაქლაქს განაგრძობდა.

- წუთის დაკარგვაც არ შეიძლება, - შევძახე ბოლოს. - გნებავთ, ჩავალ და კებს დავუძახებ.

- ჯერ არ ვიცი, წავალ, თუ არა. წარმოიდგინეთ, რომ ეს საქმე გავხსენი. სულ ერთია, გრეგსონი, ლესტრეიდი და კომპანია მთელ პატივს თვითონ მიიწერენ, თუმცა, წავიდეთ და ვნახოთ. მე ძიებას ჩემებურად ჩავატარებ, ყოველ შემთხვევაში, მათი სეირით მაინც შევიქცევ თავს. გავემგზავროთ!

ერთი წუთის შემდეგ ეტლში ვისხედით და ბრიქსტონროუდისაკენ გიჟური სიჩქარით მივეშურებოდით. ჩემი თანამგზავრი კარგ გუნებაზე იყო და რაზე არ ყბედობდა. კრემონელ მევიოლინოეებზე, სტრადივარიუსისა და ამატის ვიოლინოების განსხვავებაზე.

- როგორც ვატყობ, არც თუ ისე ბევრს ფიქრობთ საქმეზე, რომლის ხელის მოკიდებაც იკისრეთ. - შევაწყვეტინე ბოლოს ჰოლმსს მუსიკალური ლაქლაქი.

- ჯერ არავითარი ფაქტი არ ვიცით, - მიპასუხა მან. - უხეში შეცდომაა თეორიული სჯა-ბაასი, როდესაც არაა მონაცემები. ასეთ დროს სწორად აზროვნება ჭირს და დანაშაულის გახსნაც ბრკოლდება. - შეჩერდი, მეეტლევ, შეჩერდი!

ასი იარდით ვიყავით დაშორებული სახლიდან, მაგრამ ჰოლმსი ეტლიდან გადმოვიდა და გზა ფეხით განვაგრძეთ.

ლაურისტონგარდენზე მდებარე №3 სახლი პირქუში და ავბედითი იერით გამოირჩეოდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ ოთხ სახლთაგანი, გზის შორიახლო რომ იდგა. ამ ოთხი სახლიდან ორში ჩასახლებული იყვნენ, ორიც უკაცური გახლდათ. ყოველ სახლს ქუჩის მხრიდან პატარა ბაღი ეკრა, ბაღებში გალეული ბუჩქები მიმოფანტულიყო და მათზე ვიწრო გზა გადიოდა. ყვითელი ნიადაგი, ეტყობოდა, თიხისა და ხრეშის ნარევისაგან შედგებოდა. ღამით წვიმდა და მიწა ძალიან სველი იყო. ბაღს გარშემო ევლებოდა სამი ფუტის სიმაღლის აგურის ზღუდე, რომელსაც ზემოთ ხის ღობე გასდევდა. ღობეზე წარმოსადეგი კონსტებლი იდგა, ცნობისმოყვარეთა ჯგუფით გარშემორტყმული, კისერწაგრძელებულნი და თვალებდაჭყეტილნი რომ ლამობდნენ იმის დანახვას, რაც სახლში ხდებოდა.

საქმე ისე მქონდა წარმოდგენილი, რომ ჰოლმსი მაშინვე შევარდებოდა სახლში და მონდომებით შეუდგებოდა საიდუმლოებით მოცული შემთხვევის გამოკვლევას. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! უდარდელი კაცის იერით მოჰყვა ქვაფენილზე ბოლთის ცემას, უაზროდ იხედებოდა ცისკენ, ხან მიწას დაჰყურებდა და ხან ქუჩის მიღმა სახლებს ათვალიერებდა. დათვალიერებას რომ მორჩა, ნელა გაჰყვა გზას, უფრო გზის გასწვრივ წავიდა ბალახზე და თან მიწას თვალს არ აცილებდა. ორჯერ შეჩერდა და შევამჩნიე, კმაყოფილების წამოძახილთან ერთად გაეღიმა. სველ თიხნარში აშკარად ჩანდა ნაფეხურები, მაგრამ პოლიციელებს უკვე დაეტკეპნათ გზა და არავითარი იმედი არ მქონდა, რომ ჰოლმსი რაიმეს აღმოაჩენდა.

სახლის კარებში ერთი მაღალი, ფერმკრთალი, მოყვითალო სახის კაცი შემოგვხვდა, ხელში უბის წიგნაკი ეჭირა. ჰოლმსს მივარდა და მხურვალედ ჩამოართვა ხელი.

- დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრივ, რომ მობრძანდით, - უთხრა მან. - ყველაფერი ხელუხლებლად დავტოვე.

- ამას გარდა! - უპასუხა ჩემმა მეგობარმა და გათელილ გზაზე მიუთითა. - კამეჩების ჯოგიც ვერ არევ-დარევდა აქაურობას ასე. მაგრამ, ცხადია, თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი დასკვნები, გრეგსონ, ვიდრე ამას ჩაიდენდით?

- შიგნითაც თავზე საყრელად მქონდა საქმე, - ბანზე აუგდო სიტყვა მაძებარმა. - ჩემი კოლეგა ლესტრეიდი აქ იმყოფება და იმედი მქონდა, რომ ამ საქმეს ის მოაგვარებდა.

ჰოლმსმა შემომხედა და წარბები გესლიანი ღიმილით აზიდა.

- ორი ისეთი გამოცდილი კაცის ნამუშევრის შემდეგ, როგორიც თქვენ და ლესტრეიდი ბრძანდებით, - თქვა ჰოლმსმა, - ძალიან ცოტა რამ დარჩებოდა გასაკეთებელი.

გრეგსონმა თვითკმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები.

- ვფიქრობ, უკვე გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, - თქვა მან დასასრულს.

- აქ კებით ხომ არ მოსულხართ?

- არა, სერ.

- არც ლესტრეიდი?

- არა.

- მაშ, შევიდეთ ოთახში.

ჰოლმსი გრეგსონის თანხლებით სახლში შევიდა. გრეგსონის სახეზე უკიდურესი გაოცება აღბეჭდილიყო.

პატარა მტვრიანი ფიცრული დერეფანი სამზარეულოში გადიოდა. დერეფანს ორი კარი ჰქონდა. ერთ-ერთი კარი, აშკარა იყო, ამ უკანასკნელი კვირეების განმავლობაში არავის გაეღო. მეორე კარი გადიოდა სამზარეულოში, სადაც უცნაური ამბავი მოხდა. ჰოლმსი ოთახში შევიდა და მეც უკან მივყევი.

დიდი, კვადრატული ფორმის ოთახი კიდევ უფრო მოზრდილი ჩანდა იმის გამო, რომ შიგ ავეჯი არ იდგა. კედლებზე მდარე და ჭყეტელა შპალერი იყო გაკრული, ალაგ-ალაგ სინესტეს გამოეჟონა და ლაქებით აეჭრელებინა თეთრი ქაღალდი. ზოგან კიდევ შპალერის მთელი ზოლები აგლეჯილი ეკიდა, ქვეშ მოყვითალო ბათქაში ჩანდა. კარის პირდაპირ ჩინებული ბუხარი იყო, რომელსაც წინა ნაწილს თეთრი ხელოვნური მარმარილოს ფილა უმშვენებდა. ფილის კიდეზე ცვილის წითელი სანთლის ნამწვი იყო მიკრული. მქრქალი შუქი აღწევდა ერთადერთ ჭუჭყიან ფანჯარაში და ყველა საგანს რუხ ფერად ბურავდა. ირგვლივ ყველაფერი მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული.

მაგრამ ეს მე გვიან შევნიშნე. პირველსავე წუთს ჩემი ყურადღება მიიპყრო კუშტმა, უძრავმა გვამმა, იატაკზე რომ ეგდო. ეს იყო ასე ორმოცდასამი-ორმოცდაოთხი წლის მამაკაცი, საშუალო ტანისა, ფართო მხარბეჭიანი, შავი ხუჭუჭა თმა ჰქონდა და აჯაგრული პატარა წვერი. სქელი მაუდის სერთუკი და ჟილეტი ეცვა, ღია ფერის შარვალი, თოვლივით ქათქათა სამაჯეები და სუფთა საყელო მოუჩანდა: კარგად გაწმენდილი, ახალი ცილინდრი მის გვერდით იდო იატაკზე. ხელები გაშლილი დარჩენოდა, თითები ერთმანეთზე მიდებული, ფეხი ფეხზე გადადებული. გეგონებოდათ, სიკვდილის წინ მის გაქვავებულ სახეზე აღბეჭდილიყო შიშის ზარი, და როგორც მეჩვენა, ისეთი სიძულვილი, როგორიც მანამდე არასოდეს არ შემენიშნა ადამიანის სახეზე. ავბედითად მოკრუნჩხული პოზა, დაბალი შუბლი, ჩაჭყლეტილი ცხვირი და წინ წამოშვერილი ყბა მიცვალებულს მაიმუნს ამსგავსებდა. ჯერ არასოდეს არ მომჩვენებია სიკვდილი ეგზომ ზარდამცემი სახით, როგორც აქ, ამ ბნელ, ჭუჭყიან ოთახში ვნახე, საიდანაც ფანჯრები გადიოდა ლონდონის გარეუბნის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე.

ლესტრეიდი, გამხდარი და ქრცვინის მსგავსი მაძებარი, კარებში იდგა და ისე მოგვესალმა.

შერლოკ ჰოლმსი გვამს მიუახლოვდა, დაიჩოქა და დათვალიერებას შეუდგა.

- დარწმუნებული ხართ, რომ ჭრილობა არა აქვს? - იკითხა მან და მაძებრებს სისხლის ლაქებზე მიუთითა.

- უეჭველად! - ერთხმად მიუგო ორთავემ.

- მაშინ ეს სისხლი მეორე პირისაა, ალბათ მკვლელისა, თუ ეს მკვლელობა იყო.

ჰოლმსის წვრილი თითები ხან აქ გაიელვებდა ხან იქ, ჩქმეტდა, აჭერდა, ხსნიდა, იკვლევდა, ამავე დროს კი მისი თვალები ინარჩუნებდა იმ განურჩეველ გამომეტყველებას, რაც ადრე შევნიშნე. ბოლოს ჰოლმსმა მიცვალებულის ტუჩები დაყნოსა და მისი ფეხსაცმელის ძირები გასინჯა.

- სრულიად არ დაგიძრავთ ადგილიდან? - ჰკითხა მოულოდნელად მან მაძებრებს.

- გასინჯვისას დავძარით.

- ახლა შეგიძლიათ საცხედრეში გადაასვენოთ. მეტს ვეღარაფერს გავიგებთ.

გრეგსონს საკაცე გაემზადებინა, მის ბრძანებაზე ოთხი მეჯინიბე შემოვიდა, გვამი ასწიეს და გაიტანეს. გვამს რომ სწევდნენ, ბეჭედი დავარდა და იატაკზე გაგორდა. ლესტრეიდმა ბეჭედს ხელი სტაცა და დააშტერდა.

- აქ ქალი ყოფილა! - შესძახა მაძებარმა. - ეს ქალის ნიშნობის ბეჭედია!

მან ბეჭედი ხელისგულზე დაიდო. ყველანი გარს შემოვეხვიეთ ლესტრეიდს. საეჭვო არ იყო, რომ ეს პრიალა ოქროს ბეჭედი ქალს ეკუთვნოდა.

- ეს ბეჭედი საქმეს ართულებს, - თქვა გრეგსონმა, - ამბავი კი უამისოდაც საკმაოდ დახლართულია!

- თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს, პირიქით, ამარტივებს საქმეს? -შენიშნა ჰოლმსმა. - რა ნახეთ ჯიბეებში?

- ყველაფერი აქაა თავმოყრილი, - თქვა გრეგსონმა, და ჰოლმსი წინკარში შეიყვანა. - ოქროს საათი №97163, ლონდონური, ბეროს ფირმისა; ოქროს ძეწკვი, ძალიან მძიმე და მსხვილი; მასონთა ნიშნიანი ოქროს ბეჭედი; ბულდოგისთავიანი ოქროს ქინძისთავი, რომელსაც თვალები ლალისა აქვს; ტყავის საფულე სადარბაზო ბარათებით "ენოქ დ. დრებერი, კლივლენდი", რაც შეესაბამება თეთრეულის ნიშანს ე.დ.დ. დიდი ქისა არ ჩანს, მაგრამ ჯიბეში ფული აქვს - შვიდი გირვანქა და ცამეტი შილინგი; ბოკაჩიოს "დეკამერონი" პატარა ჯიბის ფორმატით გამოცემული, რომლის სატიტულო ფურცელზე ჯოზეფ სტანგერსონის სახელი აწერია; ორი წერილი, ერთი ე.დ.დრებერის, მეორე კი - ჯოზეფ სტანგერსონის სახელზე.

- რა მისამართით?

- ამერიქან-ექსჩეინჯ სტრენდი, მოკითხვამდე. ორივე წერილი ჰიიონის სახომალდო საზოგადოებიდანაა და ლივერპულიდან მიმავალი ხომალდების რეისთან აქვთ კავშირი. აშკარაა, ეს ბედასლი კაცი ნიუ-იორკში დაბრუნებას აპირებდა.

- სტანგერსონზე ცნობები მიიღეთ?

- ეს მაშინვე გავაკეთე, სერ, - უთხრა გრეგსონმა. - განცხადებები დავაგზავნე ყველა გაზეთში და ერთი ჩემი აგენტთაგანი გავუშვი ამერიქან-ექსჩეინჯში, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა.

- კლივლენდში გაგზავნეთ დეპეშა?

- დიახ, დღეს დილით.

- როგორ გააფორმეთ თქვენი მოთხოვნა?

- დაწვრილებით შევატყობინეთ საქმის გარემოება და შევუთვალეთ, რომ მადლობელი ვიქნებით ყოველგვარი ცნობისათვის, რამაც შეიძლება დახმარება გაგვიწიოს.

- ხომ არ გითხოვიათ ზოგიერთი წვრილმანი რაიმე ისეთ ამბებზე, რაც ამ საქმეში გადამწყვეტი გეჩვენათ?

- ვთხოვე სტანგერსონზე.

- სხვა არაფერზე? განა აქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება მთელი საქმის ბერკეტი აღმოჩნდეს? კიდევ ხომ არ აპირებთ დეპეშის გაგზავნას?

- უკვე მოვითხოვე ყველაფერი, რისი მოთხოვნაც საჭიროდ მიმაჩნდა, - თქვა გრეგსონმა ნაწყენი კილოთი.

შერლოკ ჰოლმსმა გაიცინა და რაღაცის თქმა დააპირა, რომ ამ დროს ოთახში დარჩენილი ლესტრეიდი წინკარში გამოჩნდა. კმაყოფილი ჩანდა და ხელებს იფშვნეტდა.

- მისტერ გრეგსონ, - მიმართა კოლეგას. - ეს არის აღმოვაჩინე უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება, რაც შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ კედლების გულმოდგინე კვლევა არ ჩამეტარებინა.

პატარა კაცუნას თვალები ისე უციმციმებდა, რომ ეგზალტაციას ძლივს იკავებდა.

- შემოდით აქ! - თქვა და უკან შევარდა. - დადექით აქ!

ასანთი ჩექმაზე გაჰკრა, აანთო და კედელთან მიიტანა.

- ერთი შეხედეთ! ადრე ვამბობდი, ალაგ-ალაგ შპალერი კედელს მოსცილებია-მეთქი. ოთახის ამ კუთხეში შპალერის დიდი მოზრდილი ნაწილი მოგლეჯილი იყო და ყვითელი ბათქაშის კვადრატი ჩანდა. ცარიელ ადგილზე წითელი, სისხლისფერი ასოებით ეწერა ერთი სიტყვა: "კფსრუ".

- რას იტყვით ამაზე? - შესძახა მაძებარმა. - ეს ოთახის ყველაზე ბნელი კუთხეა და ფიქრად არავის მოსვლია აქ შემოხედვა. მკვლელმა ეს სიტყვა თავისი სისხლით დაწერა. შეხედეთ, წარწერის ქვეშ გუბეა. ეს, ყოველ შემთხვევაში, აქარწყლებს თვითმკვლელობის ვარაუდს. რატომ შეარჩია წარწერისათვის სწორედ ეს კუთხე? მოგახსენებთ, ხედავთ სანთელს ბუხარზე? იმ დროს ეს სანთელი ანთებული იყო და სწორედ ეს კუთხე იყო ყველაზე უკეთ განათებული.

- რა მნიშვნელობა აქვს თქვენს აღმოჩენას საქმისათვის? - ჰკითხა გაბრაზებულმა გრეგსონმა.

- რა მნიშვნელობა აქვს? ეს გვიჩვენებს, რომ დამწერს უნდოდა გამოეყვანა ქალის სახელი კფსრუდ, მაგრამ მკვლელს წერაში ხელი შეუშალეს. დაიმახსოვრეთ, როცა ამ საქმეს შუქი მოეფინება, აღმოჩნდება, რომ მასში გარეულია ვიღაც ქალი, სახელად რაშელი. ტყუილად იცინით, მისტერ შერლოკ ჰოლმს. თქვენ ძალიან გამჭრიახი გონების პატრონი ხართ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მოხუცი ადამიანები იშვიათად ცდებიან.

- გთხოვთ მაპატიოთ, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა, რომელმაც თავისი თავშეუკავებელი სიცილით ეს პატარა კაცუნა წონასწორობიდან გამოიყვანა. - თქვენ, რა თქმა უნდა, აქ მყოფთა შორის პირველმა აღმოაჩინეთ და სწორად შენიშნეთ, რომ წარწერა ამ საიდუმლოებით მოცული ამბის მეორე მონაწილემ გააკეთა. ჯერ კიდევ არ მქონია დრო ოთახის შესასწავლად, მაგრამ თქვენი ნებართვით ამ საქმეს ახლა შევუდგები.

ჰოლმსმა ჯიბიდან ამოიღო რულეტი და გამადიდებელი შუშა. ამ ორი ხელსაწყოთი შეიარაღებული, უხმაუროდ დადიოდა ოთახში. დროდადრო შეჩერდებოდა და დაიჩოქებდა ხოლმე. ერთხელ პირქვეც კი დაწვა იატაკზე. თავისი საქმიანობით გართულმა, მგონი, კიდევაც დაივიწყა ჩვენი არსებობა, - და განუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდა. ოციოდე წუთი გაგრძელდა მისი კვლევა-ძიება, თან ზუსტად ზომავდა მანძილებს ნაკვალევებს შორის, რომელთაც მე სულ ვერ ვამჩნევდი. თავისი რულეტით კედელზე ჩემთვის სრულიად გაუგებარ გაზომვებს ახდენდა. ერთგან მტვერი აიღო და კონვერტში ჩადო. ბოლოს ლინზის შემწეობით შეამოწმა წარწერა კედელზე, შემდეგ ლინზა და რულეტი ჯიბეში შეინახა.

- ამბობენ, რომ გენიალობა შრომისა და გარჯის დაუშრეტელი უნარია, - შენიშნა მან ღიმილით.- ეს ძალიან ცუდი განსაზღვრაა, მაგრამ სრულიად გამოსადეგი კია მაძებრისათვის.

გრეგსონი და ლესტრეიდი დიდი ყურადღებითა და ერთგვარი სიძულვილით ადევნებდნენ თვალყურს მოყვარული მაძებრის მანევრებს. აშკარად არ ესმოდათ ის, რაც ახლა ჩემთვის ნათელი ხდებოდა: ვერ ამჩნევდნენ, რომ შერლოკ ჰოლმსის მთელი მოქმედება მიმართული იყო ერთი გარკვეული პრაქტიკული მიზნისაკენ.

- რა აზრისა ხართ მკვლელობის ამბავზე? - იკითხა ორთავემ ერთდროულად.

- ჩემი მხრივ თავის ამაო დაიმედება იქნება იმის ვარაუდი, რომ შემიძლია რაიმე დახმარება გაგიწიოთ, - შენიშნა ჩემმა მეგობარმა. - თუ მაცნობებთ ხოლმე, როგორ მიმდინარეობს თქვენი კვლევა-ძიება, სიამოვნებით დაგეხმარებით, რითაც შევძლებ. ჯერ კი მინდა მოველაპარაკო იმ კონსტებლს, რომელმაც გვამი აღმოაჩინა. ხომ ვერ მეტყვით იმის სახელსა და მისამართს?

ლესტრეიდმა თავის უბის წიგნაკში ჩაიხედა.

- ჯონ რენსი, - თქვა მან. - ახლა თავისუფალია, სცალია. შეგიძლიათ ნახოთ ოდლეი-კორტში, კენსინგტონ პარკ-გეიტის №46 სახლში.

ჰოლმსმა მისამართი ჩაიწერა.

- წავიდეთ, უოტსონ, - მომიბრუნდა. - მოვნახოთ. რაღაც მინდა გითხრათ, გამოგადგებათ, - მიმართა მაძებრებს. - ჩადენილია მკვლელობა, მკვლელი მამაკაცია, ექვს ფუტზე მაღალი, ახალგაზრდა, თავისი სიმაღლისათვის მეტისმეტად პატარა ფეხები აქვს. უხეში ფეხსაცმელი აცვია, ფართო ლანჩებიანი და ტრიქინოპოლურ სიგარებს ეწევა. აქ თავისი მსხვერპლის თანხლებით ჩამოვიდა ოთხბორბლიანი კებით, რომელშიაც შებმული იყო ცხენი, დაჭედილი სამი ძველი და ერთი ახალი ნალით. ახალი ნალი წინა ფეხზე აქვს... მგონი, მკვლელი ლოყებღაჟღაჟაა, მარჯვენა ხელის ფრჩხილები კი მეტისმეტად გრძელი უნდა ჰქონდეს.

ლესტრეიდმა და გრეგსონმა ერთიმეორეს გადახედეს და უნდობლად გაიღიმეს.

- თუ ეს კაცი მოკლეს, რანაირად? - ჰკითხა ლესტრეიდმა.

- შხამით, - მოკლედ მიუგო შერლოკ ჰოლმსმა და გასასვლელისაკენ გაემართა. - ერთიც, ლესტრეიდ, - დაუმატა მან, კართან რომ მივიდა. - "კფსრუ" გერმანული სიტყვაა და ნიშნავს "შურისძიებას". ამიტომ მეტისმეტად ბევრ დროს ნუ დავკარგავთ ვინმე რაშელის მოსაძებნად.

ისარივით გესლიანი სიტყვა რომ წარმოთქვა, ჰოლმსი გარეთ გავიდა და გაკვირვებისაგან პირდაღებული მაძებრები უკაცურ სახლში დატოვა.

თავი |V
რა გვიამბო ჯონ რენსმა

დღის პირველ საათზე გამოვედით ლაურისტონგარდენის №3 სახლიდან. შერლოკ ჰოლმსი ტელეგრაფის უახლოეს განყოფილებაში შევიდა და გრძელი დეპეშა გაგზავნა. შემდეგ კები დაიბარა და უბრძანა იმ მისამართით წასვლა, ლესტრეიდმა რომ მოგვცა.

- ვერაფერი შეედრება პირად შთაბეჭდილებას, - თქვა მან. - მე უკვე მაქვს სრული წარმოდგენა ამ საქმეზე, მაგრამ რას დავკარგავთ, თუ ყველაფერს გავიგებთ, რისი გაგებაც კი შეიძლება?

- თქვენ მაოცებთ, ჰოლმს, - შევნიშნე მე. - რა თქმა უნდა, თქვენი ვარაუდისა თქვენ თვითონ არა გჯერათ, მაგრამ ისეთ სახეს იღებთ, ვითომ ამ წვრილმანებიდან გამოტანილი ყველა დასკვნა სრულ ჭეშმარიტებად მიგაჩნიათ.

- აქ არ შეიძლება დაკვირვებული და ფხიზელი კაცის გონებამ მცდარი დასკვნა გამოიტანოს, - მიპასუხა ჰოლმსმა, - პირველი, რაც მე შევნიშნე ჩამოსვლისას, ეს იყო კების ბორბლების ორი კვალი. გუშინდელ ღამემდე მთელი კვირა არ ყოფილა წვიმა. მაშასადამე, ეს ღრმა კვალი კებს ღამით დაუტოვებია. ვნახე აგრეთვე ნალების კვალი, ამასთან ერთი უფრო გარკვეულად ჩანდა, საიდანაც აშკარაა, რომ ეს ერთი ნალი დანარჩენებზე ახალი ყოფილა. რამდენადაც კები აქ იყო წვიმის დაწყებამდე და დილას აღარ გახლდათ, რისი თავდებიცაა გრეგსონი, აქედან დავასკვენი, რომ კები აქ ყოფილა ღამით, და მაშასადამე, მიტოვებულ სახლში მოუყვანია ეს ორი სუბიექტი.

- ამის დადგენა საკმაოდ იოლია, - ვუთხარი მე. - მაგრამ მეორე კაცის სიმაღლე როგორღა დაადგინეთ?

- უბრალოდ, ათი შემთხვევიდან ცხრაში სიმაღლის განსაზღვრა ხერხდება ნაბიჯის მიხედვით. მე გავზომე იმ ყმაწვილის ნაბიჯი თიხნარ გზაზე და იატაკის მტვერშიც... ამას გარდა, შევამოწმე ჩემი ანგარიში. როცა ადამიანი კედელზე წერს, ინსტინქტურად წერს თავისი თვალების სიმაღლეზე. წარწერა იატაკიდან დაახლოებით ექვსი ფუტის სიმაღლეზე იყო გაკეთებული.

- ასაკი?

- თუ მამაკაცი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ოთხნახევარფუტიან ნაბიჯს დგამს, არც ძუძუმწოვარი იქნება და არც ბერიკაცი. ამ ზომისა იყო გუბე ბაღში, მომავალ გზაზე, რომელზეც მკვლელს გადაუბიჯებია. ძვირფასი ტყავის ჩექმებს ტბორისათვის შემოუვლიათ, ფართოლანჩებიან, უხეშ ფეხსაცმელებს კი ზედ გადაუბიჯებიათ. კიდევ გაოცებთ რამე?

- ფრჩხილები და ტრიქინოპოლური სიგარები?

- კედელზე წარწერა გაკეთებულია მამაკაცის სისხლში ამოვლებული საჩვენებელი თითით, ჩემი ლუპით გავარკვიე, რომ ბათქაში გაჩხაპნილია, რაც არ მოხდებოდა, დამწერს ფრჩხილები წაკვეთილი რომ ჰქონოდა. იატაკიდან ცოტაოდენი ფერფლი ავხვეტე, მუქი და ფანტელის მსგავსი. ასეთი ფერფლი მხოლოდ ტრიქინოპოლურ სიგარებს აქვთ. სპეციალურად მაქვს შესწავლილი ეს სიგარა და შრომაც კი დამიწერია ამაზე. ვამაყობ იმით, რომ ფერფლის მიხედვით შემიძლია გავარკვიო ყოველგვარი თამბაქოს ან სიგარის ხარისხი.

- ღაჟღაჟა სახე?

- აა! ეს კი უფრო თამამი მტკიცება იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არ შევმცდარვარ.

- თავში ისე მერევა ყველაფერი, რომ ერთი გარკვეული აზრი ვერ გამომიტანია, - შევნიშნე მე. რაც მეტს ვფიქრობ, ჩემი აზრით, მით უფრო მეტი იდუმალებითაა მოცული ეს საქმე. როგორ მოხვდა ეს ორი კაცი - თუ მართლა ორნი იყვნენ - უკაცურ სახლში? რა მოუვიდა კებმენს, რომელმაც ისინი აქამდე მოიყვანა? როგორ აიძულა ერთმა ადამიანმა მეორე, რომ შხამი დაელია? საიდანაა სისხლი? რა მიზანი ამოქმედებდა მკვლელს, თუ გაძარცვის განზრახვა არ ჰქონია? საიდანაა ქალის ბეჭედი? და, უპირველეს ყოვლისა, რისთვის დასჭირდა მკვლელს წასვლის წინ გერმანული სიტყვის "კფსრუ"-ს დაწერა?

ჩემმა თანამგზავრმა თავმომწონედ გაიღიმა.

- თქვენ ძალიან მარჯვედ და ზუსტად ჩამოთვალეთ შექმნილი მდგომარეობის სიძნელენი, - მითხრა მან. - ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა მთავარი ფაქტების სისწორეში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება საბრალო ლესტრეიდის აღმოჩენას, ეს მხოლოდ იმისი ცდაა, რომ პოლიცია მცდარ გზაზე დაეყენებინათ. ისე ასო ა, როგორც შენიშნეთ, გოთურსა ჰგავს. ამასთან ნამდვილი გერმანელი ყოველთვის ლათინური შრიფტით წერს. მე სხვა რამეს გეტყვით: ძვირფასი ტყავისა და ფართოლანჩიანი იაფფასიანი ფეხსაცმლის პატრონები კებით ერთად ჩამოსულან, გზაზედაც ერთად უვლიათ, მხარდამხარ, შეიძლება ხელიხელჩაკიდებულთაც. სახლში რომ შესულან, წინ და უკან ერთად უვლიათ, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ძვირფასი ტყავისჩექმებიანი კაცი ერთ ადგილზე მდგარა, ფართოლანჩიანი ფეხსაცმლის პატრონი კი, ეტყობა, ბოლთას სცემდა. ეს ყველაფერი მტვერზე ამოვიკითხე, და ისიც წავიკითხე, რომ მოსიარულე კაცი სულ უფრო ღელავდა, წიწმატდებოდა. ამაზე მეტყველებს მისი ნაბიჯის სიგრძე, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, ეტყობა, იგი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და გაშმაგებამდე მისულა, მაშინ გათამაშდა ტრაგედიაც. უკვე ყველაფერი გითხარით, რაც ვიცი. ჩვენ კარგი ბაზა გვაქვს შემდგომი მუშაობისათვის.

ასე ვსაუბრობდით, ვიდრე კები ტალახიან ქუჩებსა და პირქუშ მოსახვევებში მიიკვლევდა გზას. ყველაზე უფრო ტალახიან და პირქუშ ადგილას კებმენმა უეცრად შეაჩერა ეტლი.

- აი, ოდლეიკორტი, - წარმოთქვა და გვიჩვენა ვიწრო გასასვლელი აგურის შენობებს შორის. - აქ დაგელოდებით.

ამ ვიწრო გასასვლელს გავყევით და უბადრუკი ნამცეცა სახლებით გარშემორტყმულ პატარა მოედანზე გავედით. ჩავუარეთ პირდაუბანელი ბავშვების გუნდს, გავცდით სარეცხის თოკებზე გაფენილ ღარიბულ თეთრეულს და მივაღწიეთ №46 სახლამდე, რომლის სპილენძის ფირფიტაზე ეწერა რენსის სახელი. კონსტებლი ლოგინში იწვა და ჩვენ პატარა სასტუმრო ოთახში დაცდა გვიბრძანეს.

მასპინძელი მაშინვე გამოვიდა. ეტყობოდა, უკმაყოფილო იყო იმით, რომ სიმშვიდე დავურღვიეთ.

- განყოფილებაში უკვე ყოველივე მოვახსენე, - გვითხრა მან.

ჰოლმსმა ჯიბიდან ოქროს მონეტა ამოიღო და შეათამაშა.

- ჩვენ გვინდოდა ყოველივე ეს თქვენგან მოგვესმინა, - უთხრა მან.

- სიამოვნებით მოგიყვებით, რაც ვიცი, - მიუგო კონსტებლმა და მზერა ოქროს დისკოს მიაპყრო.

რენსი დივანზე მოკალათდა და წარბები შეიკრა, თითქოს შეეცადა თავისი მოთხრობიდან არაფერი გამოეტოვებინა.

- ჩემი მორიგეობა გრძელდება საღამოს ათი საათიდან დილის ექვსამდე, - დაიწყო მან. - საღამოს შემოვლისას ყველაფერი თავის რიგზე იყო. ღამის პირველ საათზე გაწვიმდა. ჰარი მარშერს შევხვდი, ერთად ვიდექით ჰენრიეტასტრიტზე და ვსაუბრობდით. მოგვიანებით, ორ საათზე, თუ ცოტა უფრო გვიან, გადავწყვიტე, გამევლო და გამეგო, ყველაფერი წესრიგში თუ იყო ბრიქსტონროუდზე. გზად კაციშვილი არ შემხვედრია, თუმცა ერთმა თუ ორმა კებმა ჩამიარა. უცებ, სწორედ იმ სახლში შუქი დავინახე. ვიცოდი, რომ ამ ორ სახლში ლაურისტონგარდენზე არავინ ცხოვრობდა. ამიტომ ძალიან შემაშინა ცეცხლმა, ფანჯრიდან რომ დავინახე, და გავიფიქრე, უბედურება ხომ არაფერი მომხდარა-მეთქი. როცა კართან მივედი...

- თქვენ შეჩერდით და უკანვე წახვედით ჭიშკრისაკენ, - შეაწყვეტინა ჩემმა მეგობარმა. - რატომ მოიქეცით ასე?

- ვერაფერს ვიტყვი, ეს ასე იყო, სერ, - მიუგო კონსტებლმა. - თუმცა ვერაფრით გამიგია, საიდან იცით ეს! კართან რომ მივედი, ისეთი სიჩუმე იდგა და ისეთი თავზარი დამეცა, რომ გავიფიქრე, ხომ არავის დავუძახო-მეთქი. ჰოდა, უკან წავედი ჭიშკრისაკენ, იქნებ სადმე მარშერი ვნახო-მეთქი, მაგრამ ვერც ის ვნახე და ვერც სხვა ვინმე.

- ქუჩაში არავინ იყო?

- კაცის ჭაჭანება არ ჩანდა, ძაღლიც კი არსად იყო. შემდეგ გული გავიმაგრე, სახლისაკენ გამოვბრუნდი და კარი შევაღე. შიგ სიწყნარე სუფევდა და მეც შევედი ოთახში, სადაც შუქი ენთო. ბუხარზე სანთელი ციმციმებდა - წითელი ცვილის სანთელი - და მის შუქზე მე დავინახე...

- დიახ, ყველაფერი ვიცი, რაც დაინახეთ. თქვენ რამდენჯერმე შემოუარეთ ოთახს, დაიჩოქეთ გვამის წინ, მერე გამოხვედით, სამზარეულოს კარის შეღება სცადეთ, შემდეგ...

- სად იმალებოდით? - შეჰყვირა რენსმა. - თქვენ ბევრად მეტი იცით, ვიდრე უნდა იცოდეთ.

ჰოლმსმა გაიცინა და მაგიდაზე თავისი სადარბაზო ბარათი დააგდო.

- ნუ დააპირებთ ჩემს დაპატიმრებას მკვლელობაში ეჭვმიტანის გამო, - უთხრა მან კონსტებლს. - მე ძაღლების ხროვიდან გახლავართ და არა მგელი. განაგრძეთ! შემდეგ რა გააკეთეთ?

რენსი ისევ დაჯდა დივანზე.

- ჭიშკართან დავბრუნდი და დავუსტვინე. სასტვენის ხმაზე მოვიდა მარშერი და ორიც სხვა.

- ქუჩაში ამ დროს არავინ იყო?

- ჰო, შეიძლება ითქვას, რომ არავინ, თუ რაიმეში გამოსადეგ ადამიანებს მივიღებთ მხედველობაში.

- ამით რა გინდათ თქვათ?

- ბევრი მთვრალი მინახავს ჩემს ცხოვრებაში, - თქვა რენსმა, - მაგრამ არასოდეს არ მინახავს, რომ ადამიანი ასე გალეშილი ყოფილიყო. ჭიშკრიდან რომ გამოვბრუნდი, ის კაცი ზღუდეზე იყო მიყრდნობილი და ხმაჩახლეჩილი გაჰ-ყვიროდა რაღაც სიმღერას. ფეხზე ვერ იდგა და ჩვენ მით უმეტეს რა დახმარებას გაგვიწევდა!

- როგორ გამოიყურებოდა? - ჰკითხა შერლოკ ჰოლმსმა.

- ერთი გამტყვრალ-გალეშილი ახმახი კაცი იყო. ასე მოუცლელი რომ არ ვყოფილიყავით, განყოფილებაში მოხვდებოდა.

- რანაირი სახე ჰქონდა, რა ეცვა, ნუთუ ეს არ შეგინიშნავთ? - მოუთმენლად შეაწყვეტინა ჰოლმსმა.

- როგორ არა, შევნიშნე. მე და მარშერმა ხომ ხელით შევაკავეთ. მაღალი იყო, სახე უღაჟღაჟებდა, მოსასხამში გახლდათ გახვეული...

- საკმარისია! - შესძახა ჰოლმსმა. - საით წავიდა?

- უიმისოდაც გვყოფნიდა საქმე, - გაბრაზებით მიუგო კონსტებლმა, - თავდები ვარ, შინ მშვიდობით მივიდოდა.

- რა ეცვა?

- ყავისფერი მოსასხამი.

- ხელში წკნელი ეჭირა?

- წკნელი? არა.

- ჩანს, დაავიწყდა აღება, დარჩა წკნელი, - ჩაიბუტბუტა ჰოლმსმა. - ამის შემდეგ არ დაგინახავთ კები? ბორბლების ხმა არ გაგიგონიათ?

- არა.

- ინებეთ ეს ნახევარი სოვერენი, - უთხრა ჩემმა თანამგზავრმა და წამოდგა. - მე მგონია, რენს, რომ სამსახურში ვერასოდეს წინ ვერ წაიწევთ. თავი ადამიანს საქმისათვის უნდა ებას, მარტო სამკაულად კი არა. თქვენ შეგეძლოთ გუშინ ღამით სერჟანტის ნიშანი დაგეკერებინათ. კაცი, თქვენ რომ ხელთ გეკავათ, სწორედ ის გახლავთ, რომელსაც ვეძებთ. ამაზე დავა აღარ ღირს. წავიდეთ, ექიმო.

წავედით ისე, რომ ჩვენი მასპინძელი მაინც საკმაოდ გუნებაწამხდარი დავტოვეთ.

- რა გამოთაყვანებული ლენჩია! - მწარედ ჩაილაპარაკა ჰოლმსმა, შინ რომ მივეშურებოდით, - ასეთი შეუდარებელი შემთხვევა მიეცა, თვითონ კი, დოყლაპიობა გამოიჩინა და ვერ გამოიყენა.

- არაფერი მესმის. მართალია, იმ კაცის აღწერა შეესაბამება თქვენს წარმოდგენას დრამის მეორე მონაწილეზე. მაგრამ რისთვის დასჭირდა იმავე სახლში დაბრუნება? განა დამნაშავეები ასე იქცევიან?

- ბეჭედი! ბეჭედი! გაიგეთ! ბეჭდისათვის დაბრუნდა. თუ მკვლელის შეპყრობის სხვა ღონისძიება ვერ გამოინახა, ეს ბეჭედი შეგვიძლია გამოვიყენოთ სატყუარად. მე დავიჭერ იმ ვაჟბატონს, ექიმო! შემიძლია ნაძლევი დავდო, რომ შევიპყრობ. თქვენი მადლობელი უნდა ვიყო. თქვენ რომ არა, არ წავიდოდი და ხელიდან გავუშვებდი ამ ფრიად საინტერესო დევნას, როგორიც კი ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია, ალისფერი კვალის მიყოლასა და დევნას. მკვლელის კვალი ალისფერი ძაფივიც გასდევს ცხოვრების დახლართულ ქსელს, და ჩვენი ვალია მივყვეთ ამ ძაფს, აღმოვაჩინოთ იგი და გამოვამჟღავნოთ ძაფის უწვრილესი ნაწილაკები. ახლა კი ვისაუზმოთ და მერე ნორმან ნერუდის მოსასმენად კონცერტზე წავალ.

თავი V
ჩვენს განცხადებას სტუმარი გამოეხმაურა

ჰოლმსი ძალიან გვიან დაბრუნდა. ამდენ დროს კონცერტი ვერ წაართმევდა. როცა დაბრუნდა, სადილი უკვე მაგიდაზე დაუხვდა.

- რა მოგსვლიათ? - მომიბრუნდა მე. - ცუდი გამომეტყველება გაქვთ. ბრიქსტოუნროუდის ამბავმა ხომ არ შეგაწუხათ?

- გამოგიტყდებით, და სწორედ ასეა.

- მესმის. ეს საქმე საიდუმლოებითაა მოცული, საიდუმლოება კი გვაღელვებს. ნახეთ საღამოს გაზეთები?

- არა.

- საკმაოდ ვრცლადაა აღწერილი მომხდარი ამბავი. მაგრამ ქალის ნიშნობის ბეჭედზე არაფერია ნათქვამი. ძალიან კარგი, რომ ნახსენებიც არაა.

- რითაა კარგი?

- ნახეთ განცხადება? - მკითხა ჰოლმსმა. - მე გავაგზავნინე განცხადების ეს ტექსტი ყველა რედაქციაში მაშინვე, როგორც კი ლაურისტონგარდენის სახლიდან დავბრუნდით.

გაზეთი გადმომცა და წავიკითხე პირველი განცხადება იმ სვეტში, რომლის სათაური იყო: "ნაპოვნია".

"ბრიქსტონროუდის რაიონში, უაიტგარტის ტრაქტირსა და ჰოლანდგროვს შორის გამავალ გზაზე ნაპოვნია საქორწინო ოქროს ბეჭედი. მიმართეთ დოქტორ უოტსონს 221-ბ, ბეიკერსტრიტი, საღამოს რვიდან ცხრა საათამდე".

- მაპატიეთ, რომ თქვენი სახელით ვისარგებლე, - მითხრა ჰოლმსმა. - ჩემი სახელი რომ მომეთავსებინა, რომელიმე სკოტლენდიარდელი შტერი შეეცდებოდა ამ საქმეში ჩარევას.

- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დავუშვათ, რომ ვინმე მოვიდა. მე ხომ ბეჭედი არა მაქვს!

- ო, ბეჭედი გაქვთ, - მითხრა ჰოლმსმა და ბეჭედი გადმომცა. - საუცხოოდ გამოდგება. თითქმის ზუსტი ასლია.

- თქვენი აზრით, ვინ გამოეხმაურება ამ განცხადებას?

- ყავისფერმოსასხამიანი კაცი, ჩვენი ლოყებღაჟღაჟა მეგობარი, ბლაგვცხვირიანი ჩექმების პატრონი. თუ თვითონ არ მოვა, თავის თანამზრახველს გამოგზავნის.

- მერე ასეთ საქციელს სახიფათოდ არ მიიჩნევს?

- სრულიადაც არა. თუ საქმის შინაარსი სწორად გავიგე, და საფუძველი მაქვს, ასე ვიფიქრო, მაშინ ის კაცი ყველაფერს სასწორზე დადებს, ოღონდ ბეჭედი დაიბრუნოს. ჩემი ვარაუდით ბეჭედი მაშინ დაუვარდა, როდესაც დრებერის გვამზე დაიხარა. ხოლო მისი დაკარგვა მაშინღა შეამჩნია, როცა სახლიდან გამოვიდა. იმწამსვე უკან გაეშურა, მაგრამ შეეფეთა პოლიციელებს, რომლებიც ანთებული სანთლით საკუთარ კვალზე თვითონვე დააყენა. ეჭვი რომ თავიდან აეცილებინა, სიმთვრალე მოიგონა. თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის მდგომარეობაში. მოგვიანებით ყველაფერი რომ განსაჯა, რაც მოხდა, შესაძლებელია, იმ აზრამდე მივიდა, რომ ბეჭედი სადმე გზაში დაკარგა, მას შემდეგ, რაც სახლიდან გამოვიდა. რას იზამს ასეთ შემთხვევაში? მოუთმენლად დაელოდება საღამოს გაზეთებს იმ იმედით, რომ დაკარგულ ბეჭედს იპოვის. ამ განცხადებას წაიკითხავს და აღტაცებული დარჩება. რატომ უნდა შეეშინდეს ხაფანგის? არავითარი საფუძველი არა აქვს იფიქროს, რომ ნაპოვნი ბეჭედი შეიძლება ვინმემ მკვლელობას დაუკავშიროს. ერთი საათის შემდეგ თქვენ მას ნახავთ.

- მაშინ? - ვკითხე მე.

- ო, მე მომანდეთ მასთან ანგარიშსწორება. იარაღი გაქვთ?

- ჩემი რევოლვერი მაქვს და რამდენიმე ვაზნა.

- კარგს იზამდით, თუ გაწმენდდით და სასროლად მოამზადებდით. იგი თავზე ხელაღებული კაცია, და თუმცა თავს მოულოდნელად დავესხმი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ჩემს ოთახში გავედი და ჰოლმსის რჩევას მივყევი. უკან რომ დავბრუნდი, მაგიდა აულაგებელი დამხვდა. ჰოლმსი თავის საყვარელ ვიოლინოს უკრავდა.

- კვანძი შეიკრა, - თქვა მან. - ეს-ესაა ამერიკაში გაგზავნილ დეპეშაზე პასუხი მივიღე, ჩემი თვალსაზრისი მართლდება.

- სახელდობრ?

- რევოლვერი ჯიბეში ჩაიდეთ, როცა ის ვაჟბატონი გამოცხადდება, სრულიად ძალდაუტანებელი კილოთი ელაპარაკეთ. დანარჩენი ჩემზე იყოს. მეტისმეტად ჩაცივებული მზერით არ შეაშინოთ.

- უკვე რვა საათია, - ვთქვი და საათი ვუჩვენე.

- დიახ. ალბათ რამდენსამე წუთში აქ გაჩნდება. ოდნავ გამოაღეთ კარი. კმარა. გასაღები შიგნიდან ჩატოვეთ. გმადლობთ! მგონი, მოდის.

ამ დროს გაისმა ზარის წკრიალი. შერლოკ ჰოლმსი ადგა და თავისი სავარძელი კართან მისწია. გავიგონეთ ვესტიბიულისაკენ მიმავალი მოსამსახურე ქალის ნაბიჯის ხმა, მერე გარე კარის ურდულმა ხმამაღლა გაიჩხაკუნა.

- აქ ცხოვრობს დოქტორი უოტსონი? - იკითხა მკაფიო, მაგრამ საკმაოდ უხეშმა ხმამ. მოსამსახურის ხმა არ გაგვიგონია, მაგრამ გავიგონეთ, როგორ გაიჭრიალა კარმა შემოსასვლელში. ვიღაც კიბეზე ამოდიოდა. უთანაბრო, გაუბედავი ნაბიჯის ხმა იყო, უცნობი ფეხებს მოაფლატუნებდა. ჩემს მეგობარს სახეზე გაოცების ჩრდილმა გადაუქროლა. ნაბიჯების ხმა დერეფანში ახლოვდებოდა, ბოლოს კარზე სუსტად დააკაკუნეს.

- შემობრძანდით! - დავიძახე მე.

მრისხანე მამაკაცს ველოდით, მაგრამ მის ნაცვლად კარებში კოჭლი, დაღმეჭილი მოხუცებული დედაკაცი გამოჩნდა. ეტყობოდა, კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა, და რამდენჯერმე თავის დაკვრის შემდეგ შეჩერდა, უსიცოცხლო თვალები დაახამხამა და თან აცახცახებული თითებით ჯიბის ქექვა დაიწყო. ჩემს მეგობარს გადავხედე და მის სახეზე ისეთი სასოწარკვეთილება ამოვიკითხე, რომ თავის შეკავება გამიჭირდა. კუდიანმა ბებრუცუნამ, როგორც იქნა, ამოიღო საღამოს გაზეთი და ჩვენი განცხადება გვიჩვენა.

- იმისათვის მოვედი, კეთილო ბატონებო, - და ისევ დაგვიკრა თავი, - ოქროს საქორწინო ბეჭედი გიპოვნიათ ბრიქსტონროუდზე. იგი ჩემს ასულს სალის ეკუთვნის, რომელიც სულ ამ ერთი წლის წინ გათხოვდა, მისი ქმარი კი გემზე მიმტანად მსახურობს. იმის გაფიქრებაც კი მაშინებს, რას იტყვის, შინ რომ მოვიდეს და სალი უბეჭდოდ დაინახოს. ისედაც ავი ზნისაა და რომ დათვრება, მაშინ ხომ პირდაპირ უბედურებას გადავეყრებით. გუშინ ცირკში წავიდა სალი და...

- ეს არის მისი ბეჭედი? - ვკითხე მე.

- მადლი შენდა, უფალო! - შეჰყვირა დედაბერმა. - სალი ბედნიერი იქნება. სწორედ იმისი ბეჭედი გახლავთ.

- თქვენი მისამართი? - ჩავეკითხე ისევ მე.

- სახლი №13 დუნკანსტრიტზე, ჰუნდსდიშში. აქედან ძალიან შორს გახლავთ.

- ბრიქსტონროუდი არ არის ჰუნდსდიშიდან ცირკში მიმავალ რომელიმე გზაზე, - მკვახედ უთხრა ჰოლმსმა.

დედაბერი მობრუნდა და თავისი პატარა ანთებული თვალებით გამჭოლი მზერა მიაპყრო ჩემს მეგობარს.

- ბატონმა მისამართი მკითხა, - აუხსნა ჰოლმსს. - სალის ბინა აქვს დაქირავებული მეიფილდ-პლეისზე, პეკჰემზე, №33 სახლში.

- თქვენი გვარი?

- სოიერი, მისი გვარი კი დენისია, რადგანაც ტომ დენისზეა გათხოვილი. მკვირცხლი, სანდომიანი ყმაწვილია, ვიდრე ზღვაზეა, და მასზე უკეთესი მიმტანი მთელ სახომალდო კომპანიას არა ჰყავს. მაგრამ როცა ნაპირზეა, სულ ქალებსა და დალევაზე ფიქრობს.

- აი, თქვენი ბეჭედი, მისის სოიერ, - შევაწყვეტინე ჰოლმსის ნიშნის თანახმად. - უეჭველია, თქვენს ასულს ეკუთვნის, და ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა თავის კანონიერ მფლობელს დავუბრუნო დაკარგული ნივთი.

დედაბერმა ლოცვა-კურთხევის ბუტბუტით ჩაიდო ბეჭედი ჯიბეში და კუსკუსით ჩაიარა კიბე. როგორც კი დედაბერი წავიდა, შერლოკ ჰოლმსი წამოვარდა და თავის ოთახში გაიქცა. რამდენსამე სეკუნდში გრძელ პალტო მოსხმული დაბრუნდა.

- გავყვები, დავზვერავ, - თქვა აჩქარებით, - უთუოდ იმ კაცის თანამზრახველია და მასთან მიმიყვანს. მელოდეთ!

შემოსასვლელი კარი დედაბრის ზურგს უკან ჯერ კიდევ არ იყო დახურული, რომ ჰოლმსი უკვე დაბლა გაჩნდა. ფანჯრიდან დავინახე ჩვენი სტუმარი: ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მიდიოდა კოჭლობით, ჰოლმსი კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.

კიდეც რომ არ ეთხოვა, დაბრუნებამდე დამელოდეო, ვგრძნობდი, ვერ დავიძინებდი, ვიდრე მისი გასეირნების შედეგებს არ შევიტყობდი.

ჰოლმსი სახლიდან დაახლოებით ცხრა საათზე გავიდა. წარმოდგენა არა მქონდა, როდის დაბრუნდებოდა. მოთმინებით ვიჯექი და ჩიბუხს ვაბოლებდი. ათმა დაჰკრა, მსახური გოგოების ფეხის ხმა შემომესმა, დასაძინებლად მიდიოდნენ. თერთმეტზე კარს იქით უფრო დინჯი ნაბიჯის ხმაც გაისმა. ეს უკვე ჩვენი დიასახლისი მიდიოდა დასაძინებლად. თითქმის თორმეტი სრულდებოდა, როცა ამერიკული კლიტის მკვეთრი ჩხაკუნი გავიგონე. როგორც კი ჰოლმსი შემოვიდა, სახეზე შევატყვე, რომ მარცხი განეცადა. მის სახეზე სიცილი და წყენა ებრძოდა ერთმანეთს, ბოლოს სიცილმა გაიმარჯვა. ჰოლმსმა მხიარულად გადაიხარხარა.

- აი, ეს ამბავი კი არ მინდა გაიგონ სკოტლენდიარდში! - შესძახა და სავარძელში ჩაეშვა.

- რა მოხდა? - ვკითხე მოუთმენლად.

- ო, არ მოვერიდებოდი ჩემი მარცხის აღიარებას. იმ წყეულმა დედაბერმა ერთი უბანი რომ გაიარა, კოჭლობას უმატა. ბოლოს გაჩერდა და იქვე გაჩერებულ კებს დაუძახა. ახლოს ვიდექი და გავიგონე, შემეძლო გულდამშვიდებით ვყოფილიყავი, ისე ხმამაღლა დაუყვირა, რომ ქუჩის მეორე მხარეს გაიგონებდა კაცი: "წადით დუნკანსტრიტზე №13-ში, ჰუნდსდიშში". - მომეჩვენა, რომ ეს თვალის ახვევა არ იყო, და როგორც კი კებში ჩაჯდა, მეც უკან ავეკიდე. ამ ხელოვნებას ყოველი მაძებარი ზედმიწევნით უნდა ფლობდეს. შეუჩერებლივ მივქროდი, ვიდრე ნაჩვენებ მისამართს არ მივაღწიეთ. ვიდრე სახლთან მივიდოდით, გადმოვხტი და დაუდევრად, ტაატით გავყევი ქუჩას. დავინახე, როგორ გაჩერდა კები №13 სახლთან. კებმენი გადმოხტა, კარი გააღო და დაელოდა. მაგრამ არავინ გადმოსულა. როცა ახლოს მივედი, იგი გაშმაგებით დაეძებდა ვიღაცას ცარიელ კებში და თან პირიდან ლანძღვა-გინებას აფრქვევდა. დედაბრის კვალი კი არ ჩანდა და ვშიშობ, კებმენი მალე ვერ მიიღებს დამსახურებულ გასამრჯელოს. კითხვა-კითხვით გავიგე, რომ სახლი №13 ეკუთვნის პატივცემულ ნაყაშს კესვიკს და მათ სოიერისა და დენისის გვარი არასოდეს სმენიათ.

- თქვენ იმას ფიქრობთ, რომ ეს აკანკალებული სუსტი დედაბერი კებიდან ისე გადმოხტა, რომ ვერც თქვენ და ვერც კებმენმა ვერ შენიშნეთ?

- ეშმაკმა დალახვროს! - მკვახედ თქვა ჰოლმსმა. - რომელი დედაბერი! ეს მე და თქვენ აღმოვჩნდით დედაბრები და დავრჩით პირში ჩალაგამოვლებულები. ეს გახლდათ ახალგაზრდა კაცი, მეტად მარჯვე და თანაც შეუდარებელი მსახიობი. რა თქმა უნდა, მან შენიშნა, რომ უთვალთვალებენ, და ხელიდან დაგვისხლტა. მაშასადამე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, არც ისე მარტოხელაა, როგორც მეგონა, ჰყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან მისი გულისათვის წყალში გადაეშვან. აბა, ექიმო, თქვენ გაწამებული სახე გაქვთ, მიჰყევით ჩემს რჩევას, დაწექით და დაიძინეთ.

ძალზე მოტეხილად ვგრძნობდი თავს და დავწექი. ჰოლმსი კი დარჩა ბუხარში ჩაფერფლილ ნაკვერჩხლებთან. დიდხანს მესმოდა ღამის დუმილში მისი ვიოლინოს წყნარი, მელანქოლიური ჩივილი, ვგრძნობდი, რომ მისი გონება კვლავ უტრიალებდა უცნაურ თავსატეხს, რომელიც გადაწყვეტილი ჰქონდა ამოეხსნა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა.

თავი V|
ტობიას გრეგსონი თავის ხელოვნებას გვიჩვენებს

მეორე დღეს გაზეთები გაჭედილი იყო ცნობებით "ბრიქსტონის საიდუმლოებაზე". ყველა გაზეთი ვრცლად აღწერდა მომხდარ ამბავს. ზოგიერთი ფაქტი ჩემთვის ახალი აღმოჩნდა. "დეილი ტელეგრაფი" წერდა, დანაშაულებათა ისტორიამ ბევრი არ იცის ეგზომ დიდი იდუმალებით მოცული საქმე. მსხვერპლის გერმანული სახელი, ანგარების მოტივის არარსებობა და ავბედითი წარწერა კედელზე - ყოველივე ეს გვიჩვენებს, რომ მკვლელობა ჩაუდენიათ ემიგრანტებსა და რევოლუციონერებს. სოციალისტებს განშტოებული ორგანიზაციები აქვთ ამერიკაში. განსვენებულმა, ეტყობა, დაარღვია მათი დაუწერელი კანონი, მის კვალს მიაგნეს და მოკლესო.

დასასრულ სტატია მოუწოდებდა ხელისუფლებას, გაეძლიერებინათ ზედამხედველობა ინგლისში მცხოვრებ უცხოელებზე.

"სტანდარტი" მიუთითებდა იმაზე, რომ ასეთი მკვლელობა ჩვეულებრივ თან სდევს ქვეყნის ლიბერალურ მმართველობას. მოკლული ამერიკელი იყო და სულ რამდენიმე კვირით ყოფილა ჩამოსული ინგლისში, ცხოვრობდა ლონდონში, მადამ შარპანტიეს პანსიონში, ტორკვეი-ტერასზე, კემბერუელში, მას თან ახლდა პირადი მდივანი, მისტერ ჯოზეფ სტანგერსონი. სამშაბათს, ამ თვის სამ რიცხვში ორთავე დაემშვიდობა პანსიონის დიასახლისს და ეუსტონის სადგურისაკენ გაემართნენ, რათა ექსპრესს ლივერპულში გაჰყოლოდნენ. ბაქანზე ორივე უნახავთ. სხვა რამ ამ ორ პიროვნებაზე არაფერი იცოდნენ, ვიდრე მისტერ დრებერის ცხედარი ეუსტონის სადგურიდან რამდენსამე მილზე ბრიქსტონროუდის რაიონში, ერთ უკაცურ სახლში არ იპოვნეს. სტანგერსონის ადგილსამყოფელზე არაფერს წერდნენ. შემდეგ გამოთქმული იყო რწმენა, რომ მისტერ ლესტრეიდი და მისტერ გრეგსონი, რომელთაც სკოტლენდ-იარდში ამ საქმის გამოძიება აქვთ დავალებული, მალე მოჰფენენ შუქს ამ იდუმალებით მოცულ ტრაგედიასო.

გაზეთი "დეილი ნიუსი" აღნიშნავდა, რომ დანაშაული უდავოდ პოლიტიკური ხასიათისააო. "კონტინენტური სახელმწიფოების დესპოტიზმი ინგლისში იზიდავს ადამიანებს, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში სდევნიან. ამ ადამიანთა შორის არსებობს პატიოსნების უსასტიკესი კოდექსი, და მისი ყოველგვარი დარღვევა სიკვდილით ისჯება. ყველა ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ გავიგოთ სტანგერსონის ადგილსამყოფელი. დადგენილია იმ პანსიონის მისამართი, სადაც მოკლული ცხოვრობდა. ეს აღმოჩენა მთლიანად უნდა მიეწეროს სკოტლენდიარდელ მისტერ გრეგსონის გამჭრიახობასა და ენერგიას".

შერლოკ ჰოლმსმა საუზმეზე ჩემთან ერთად წაიკითხა ეს ცნობა.

- აკი გეუბნებოდით, უოტსონ, რომ ლესტრეიდი და გრეგსონი ყოველთვის მოგებულნი დარჩებიან-მეთქი.

- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი მიმართულება მიეცემა საქმეს.

- რას ბრძანებთ! ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თუ მკვლელს შეიპყრობენ, ეს მათი წყალობით მოხდება; თუ ბოროტმოქმედი თავს დაიძვრენს, ეს მოხდება მათი ცდის მიუხედავად, სკოტლენდიარდელმა მაძებრებმა, რაც არ უნდა გააკეთონ, ყოველთვის მართალი აღმოჩნდებიან.

- რა ამბავია მანდ? - შევყვირე გაოცებულმა, როცა ვესტიბიულიდან ფეხების ბაკუნი მომესმა და ჩვენი ბინის დიასახლისის აღშფოთებულ წამოძახილებსაც მოვკარი ყური.

- ეს სამძებრო პოლიციის ბეიკერსტრიტის განყოფილებაა, - სერიოზულად მიპასუხა ჰოლმსმა.

იმ წუთას ოთახში ექვსიოდე ჭუჭყიანი, დაძონძილი ყმაწვილი შემოიჭრა.

- სმეე-ნა! - მკაცრად უყვირა ჰოლმსმა, და ექვსი მოზარდი ერთ მწკრივად დაეწყო. - ამიერიდან მოხსენებით გამოაგზავნეთ ხოლმე ვიგინსი, დანარჩენებმა კი ქუჩაში დაიცადეთ. იპოვეთ?

- არა, სერ! - მიუგო ერთმა ყმაწვილმა.

- ასეც ვიცოდი. განაგრძეთ ძებნა, ვიდრე იპოვით. აი, გასამრჯელო, - ყველას თითო შილინგი მისცა. - ახლა წადით და ეცადეთ უკეთესი ამბავი მოიტანოთ.

ჰოლმსმა ხელით ანიშნა და ყმაწვილები ვირთხებივით ჩაცვივდნენ კიბეზე.

ერთი წუთის შემდეგ მათი წკრიალა ხმა მთელ ქუჩას მოეფინა.

- ამ პატარა მათხოვრებით მეტს მიაღწევ, ვიდრე სკოტლენდიარდელთა მთელი რაზმებით, - შენიშნა ჰოლმსმა. - პროფესიული ადამიანის ერთი შეხედვაც კი ყველას პირზე კლიტეს ადებს. ეს ბარტყები კი ყველგან დაძვრებიან, ყველაფერს უსმენენ. ყველგან გაძვრებიან, მხოლოდ ორგანიზაცია აკლიათ.

- ბრიქსტონროუდის მკვლელობის საქმეზე გაგზავნეთ?

- დიახ. მე მინდა შევამოწმო ერთი ვარაუდი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ალო! ახლა ახალ ამბებს გავიგებთ! გრეგსონი ჩვენკენ მოდის და სახე უცინის. ვიცი, ჩვენსას მოდის. ჰო, რა თქმა უნდა, აი, გაჩერდა კიდეც!

ზარის წკრიალი გაისმა, და რამდენიმე წუთის შემდეგ მოყვითალო სახის მაძებარი ჩვენს სასტუმრო ოთახში შემოფრინდა.

- ძვირფასო კოლეგა, - შესძახა და გაშმაგებით ჩაბღუჯა ჰოლმსის ხელი. - მომილოცეთ. ეს საქმე გავხსენი.

მომეჩვენა, რომ ჩემი მეგობრის სახეზე შეშფოთების ჩრდილმა გადაირბინა.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ სწორ გზას მიაგენით? - ჰკითხა ჰოლმსმა მოსულს.

- სწორ კვალს! მკვლელი უკვე ოთხ კედელს შუა ზის.

- მისი სახელი?

- არტურ შარპანტიე, სამეფო ფლოტის უმცროსი ლეიტენანტი, - შესძახა გრეგსონმა, თან თვითკმაყოფილებით წამოსწია მკერდი და ხელები მოიფშვნიტა.

შერლოკ ჰოლმსმა თავისუფლად ამოისუნთქა და გაიღიმა.

- დაბრძანდით და სიგარა აიღეთ, - უთხრა პოლიციელს. - ძალიან გვაინტერესებს იმის მოსმენა, თუ რანაირად მოახერხეთ ეს. გნებავთ წყლიანი ვისკი?

- უარს არ ვიტყვი! - მიუგო მაძებარმა. - ამ უკანასკნელ ხანს უზარმაზარმა დაძაბულობამ სრულიად გამიწყვიტა ქანცი. არა იმდენად ფიზიკურმა, რამდენადაც გონებრივმა დაძაბულობამ. თქვენ ამას გამიგებთ, მისტერ ჰოლმს, რადგან ჩვენ ორივე გონებრივად მომუშავე ადამიანები ვართ.

- თქვენ მეტისმეტად დიდ პატივს მდებთ, - სერიოზულად უპასუხა ჰოლმსმა. - მაგრამ მიამბეთ, რანაირად მიაღწიეთ ასეთ ბრწყინვალე შედეგებს?

მაძებარი სავარძელში ჩაჯდა, სიგარა მოქაჩა და უსაზღვროდ გამხიარულებულმა უეცრად ხელი მუხლზე დაიკრა.

- სასეირო ისაა, რომ ლესტრეიდი, ასე დიდი წარმოდგენა რომ აქვს თავის თავზე, სრულიად მცდარი გზით წავიდა. სტანგერსონს დაეძებს, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ამ მკვლელობასთან.

- თქვენ როგორღა მიაგენით ძაფს?

- ყველაფერს მოგახსენებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ჩემი პირველი ამოცანა ის იყო, რომ ამერიკელზე ცნობები შემეკრიბა. გახსოვთ ცილინდრი, გვამის გვერდით რომ იდო?

- დიახ. ფირმა ჯონ ანდერვუდი და შვილი, 220 კემბრუელროუდი.

გრეგსონი მთლად გაშტერდა.

- აი, ამას კი აღარ ველოდი, რომ ფირმის მისამართსაც შენიშნავდით, - ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა. - იქ იყავით?

- არა, - უპასუხა ჰოლმსმა.

- ა-ჰა! - გაუხარდა გრეგსონს. - არასდროს არ უნდა უკუაგდოთ ზედმეტი შანსი, რა უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი. ამრიგად, ანდერვუდთან წავედი და ვკითხე, ხომ არ გაგიყიდიათ ამა და ამ ზომისა და ფასონის ცილინდრი-მეთქი. თავის წიგნებში ჩაიხედა და მითხრა, რომ ნამდვილად გაუგზავნა ასეთი ცილინდრი მისტერ დრებერს, რომელიც შარპანტიეს პანსიონში ცხოვრობს, ტორკვეიტერასზეო. ასე დავადგინე მისამართი.

- მარჯვედ მოქცეულხართ! ძალიან მარჯვედ! - ჩაიბუტბუტა ჰოლმსმა.

- შემდეგ მადამ შარპანტიეს ვესტუმრე, - განაგრძო მაძებარმა. - ფერწასული და ძალიან გუნებაწამხდარი იყო. ოთახში ვნახე მკვლელის დაც, მეტისმეტად სანდომიანი ქალიშვილი. ნამტირალევი თვალები ჰქონდა, და როცა მელაპარაკებოდა, ტუჩები უთრთოდა. ნადირის სუნი ვიგრძენი. თქვენთვისაც ხომ ცნობილია ეს გრძნობა, როცა სწორ კვალზე დგებით? გაიგეთ თქვენი მდგმურის, მისტერ ენოქ დრებერ კლივლენდელის უცნაური სიკვდილის ამბავი-მეთქი? - ვკითხე. დედამ მხოლოდ თავი დამიქნია, სიტყვა ვერ მითხრა. ქალიშვილი ატირდა. უკვე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მათ რაღაც იცოდნენ ამ საქმის შესახებ.

"რომელ საათზე გავიდა მისტერ დრებერი სახლიდან?" - ვკითხე მე.

"რვა საათზე, - ჩაილაპარაკა დედამ და სული მოითქვა, რომ მღელვარება დაეფარა. - მისმა მდივანმა, მისტერ სტანგერსონმა თქვა, რომ იყო ორი მატარებელი - ერთი, რომელიც ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთზე გადიოდა და მეორე თერთმეტ საათზე. მას პირველი მატარებლით უნდოდა წასვლა".

"იმის შემდეგ აღარ გინახავთ დრებერი?"

ამ კითხვამ ქალი ძლიერ გამოცვალა, სახეზე სიკვდილის ფერი დაედო. რამდენიმე წამი გავიდა, ვიდრე ხმას ამოიღებდა და იტყოდა ერთ სიტყვას "არაო". ეს სიტყვაც ხრინწიანი და არაბუნებრივი ხმით წარმოთქვა. დუმილი ჩამოვარდა, მერე ქალიშვილმა წკრიალა ხმით თქვა:

"ტყუილი კარგს არასოდეს არ მოიტანს. ვიყოთ გულახდილი ამ ჯენტლმენთან. ჩვენ კიდევ ვნახეთ მისტერ დრებერი".

"ღმერთმა მოგიტევოს! - შესძახა მადამ შარპანტიემ, ტაში შემოჰკრა და სკამის საზურგეს გადაეყრდნო. - შენ შენი ძმა მოკალი!"

"არტური თვითონვე ამჯობინებდა, რომ სიმართლე გვეთქვა", - მტკიცედ მიუგო ქალიშვილმა.

"გიჯობთ სრული სიმართლე მითხრათ, - შევნიშნე მე. - ნახევრად აღიარება ყველაზე უფრო ცუდია. გარდა ამისა, თქვენ ხომ არ იცით, რომ ამ საქმის საიდუმლო უკვე გაგებული გვაქვს".

"ცოდვა შენს სულს ეწიოს, ალისა! - შეჰყვირა დედამ და მერე მე მომიბრუნდა: - ყველაფერს გეტყვით, სერ. არ იფიქროთ, რომ შვილზე ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ საშინელ საქმეში უდევს წილი. იგი სრულიად უდანაშაულოა. მეშინია მხოლოდ იმისა, რომ თქვენს გაზეთებში და სხვების თვალშიც სახელი გაუტყდება".

"გიჯობთ დაწვრილებით გამაცნოთ საქმის ვითარება", - გავაფრთხილე ქალი.

"ალისა, იქნებ მარტო დაგვტოვო? - მიუბრუნდა ასულს. ქალიშვილი ოთახიდან გავიდა. - სერ, - განაგრძო დიასახლისმა. - არ მინდოდა ამისი თქმა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩემმა საბრალო ქალიშვილმა გაიხსენა დრებერის დაბრუნება, - სხვა არჩევანი აღარა მაქვს. მისტერ დრებერმა ჩვენთან სამი კვირა დაჰყო. ევროპაში მოგზაურობდა თავისი მდივნის, მისტერ სტანგერსონის თანხლებით, რომელიც წყნარი, თავშეკავებული კაცი იყო. მაგრამ თვითონ დრებერი, სამწუხაროდ, სხვანაირი გახლდათ: უკულტურო და მეტისმეტად უხეში ადამიანებთან ურთიერთობაში. ჩვენთან ყოფნის პირველსავე დღეს დათვრა და იმ დღიდან იშვიათად მინახავს ფხიზელი. მოსამსახურე გოგოებთან ხომ სულ თავაშვებული იყო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის გახლდათ, რომ ასევე იქცეოდა ჩემს ქალიშვილთან - ალისასთან. ერთხელ ხელი სტაცა და აკოცა. მისი მდივანი ძალიან აღშფოთდა და უსაყვედურა".

"მაგრამ რისთვის ითმენდით ამას? - ვკითხე ქალს. - მდგმური ხომ, როცა მოგესურვებათ, მაშინვე შეგიძლიათ გააგდოთ. ასე არ არის?"

მადამ შარპანტიე გაწითლდა.

"აჰ, პირველსავე დღეს რომ მეთქვა უარი! მაგრამ ცთუნება მეტისმეტად ძლიერი იყო. ორივე თითო გირვანქას იხდიდა დღეში, თოთხმეტ გირვანქას კვირაში და ამ დროს ხომ სახლის მუშტარი იშვიათი ამბავია. მე კი ქვრივი გახლავართ. შვილის შენახვა ფლოტში ძვირი მიჯდება. მენანებოდა ფული და ვითმენდი. მაგრამ მისტერ დრებერის უკანასკნელმა საქციელმა მოთმინებიდან გამომიყვანა და მაშინვე წინადადება მივეცი, გამშორდით-მეთქი. ზურგს უკან კარი რომ მივუხურე, გულზე მომეშვა. ვაგლახ! ერთი საათის შემდეგ გაისმა ზარის ხმა და შევიტყვე, რომ მისტერ დრებერი დაბრუნებულიყო. თანაც ძალზე აღელვებული და გალეშილი. შემოიჭრა ოთახში, სადაც მე და ალისა ვიჯექით და უაზროდ წაიბურტყუნა მატარებელზე დავაგვიანეო. მერე ალისას მიუბრუნდა, არც კი მომერიდა და უთხრა, ერთად გავიქცეთო. "თქვენ უკვე სრულწლოვანი ხართ, - ეუბნებოდა იგი, - შეგიძლიათ მოიქცეთ ისე, როგორც მოგესურვებათ. ფული ბევრი მაქვს. გავიქცეთ და ისე გაცხოვრებთ, როგორც პრინცესას". საბრალო ალისას ისე შეეშინდა, რომ გაქცევვა დააპირა. მაგრამ დრებერმა ხელი ჩაავლო და კარისაკენ წაათრია. მე ვიკივლე. ამ დროს ოთახში ჩემი შვილი არტური შემოვიდა. რა მოხდა ამის შემდეგ, არ ვიცი. მესმოდა ლანძღვა-გინება და დარტყმის ხმა, მაგრამ ძლიერ შეშინებული ვიყავი და თავი არ ამიწევია. ცოტა გონს რომ მოვედი, თვალები გავახილე და დავინახე, არტური კარებში იდგა და ხელში ჯოხი ეჭირა. "არა მგონია ის არამზადა კიდევ დაბრუნდეს", - თქვა არტურმა. - "ახლა წავალ და ვნახავ რას აკეთებს". ამ სიტყვებზე ქუდი აიღო და ქუჩაში გავიდა. მეორე დღეს დილით კი მისტერ დრებერის სიკვდილის ამბავი გავიგეთ".

მე სტენოგრაფიულად ჩავწერე მისის შარპანტიეს ჩვენება, - დაასრულა თავისი მოთხრობა გრეგსონმა.

- ფრიად საინტერესო ისტორიაა, - თქვა ჰოლმსმა და წამოდგა. - ამის შემდეგ რა მოიმოქმედეთ?

- როდესაც მისის შარპანტიემ თავისი ჩვენება დაასრულა, - განაგრძო მაძებარმა, - ისეთი მზერით ჩავაშტერდი, მუდამ რომ მოქმედებს ქალებზე, და ვკითხე, რომელ საათზე დაბრუნდა თქვენი შვილი-მეთქი.

"არ ვიცი", - მიპასუხა.

"არ იცით?"

"არ ვიცი. თავისი გასაღები აქვს".

"თქვენ უკვე იწექით?"

"დიახ".

"რომელ საათზე დაწექით?"

"დაახლოებით თერთმეტზე".

"მაშ, თქვენი შვილი შინ მთელი ორი საათი არ ყოფილა?"

"დიახ".

"იქნებ მთელი ოთხი ან ხუთი საათიც?"

"შეიძლება".

"რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში?"

"არ ვიცი", - მიპასუხა დიასახლისმა და მკვდრისფერი დაედო.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ აღარაფერი მრჩებოდა გასაკეთებელი, გავიგე, სად იმყოფებოდა ლეიტენანტი შარპანტიე, ორი პოლიციელი წავიყვანე და დავიჭირე. როცა მხარზე ხელი დავადე და წინადადება მივეცი, უხმაუროდ გამოგვყოლოდა, დამშვიდებული სახით მიპასუხა: "ალბათ იმ არამზადა დრებერის მკვლელობის თანამონაწილედ მთვლით და ამისათვის მაპატიმრებთ?" ამაზე არაფერი გვითქვამს, რადგან მისი სიტყვები, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს.

- უეჭველად, - დაუმოწმა ჰოლმსმა.

- ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ის მაგარი კომბალი, რომლითაც დედამისის ჩვენების თანახმად, დრებერს დაედევნა.

- ახლა როგორღა გესახებათ საქმე?

- ჩემი წარმოდგენით, არტური ბრიქსტონროუდამდე მი-ჰყვა დრებერს. იქ ხელახლა იჩხუბეს, დრებერს ჯოხი მოხვდა, ვთქვათ, მუცლის არეში. დარტყმას კვალი არ დაუტოვებია, მაგრამ დანაშაულებრივი შედეგი კი უკვე დადგენილია. წვიმიანი ღამე იყო, გარშემო კაცის ჭაჭანება არ ჩანდა და შარპანტიემ გვამი უკაცრიელ სახლში შეათრია. რაც შეეხება სანთელს, სისხლსა და წარწერას კედელზე, ეს მხოლოდ ხერხებია, რომ პოლიციისათვის გზა-კვალი აებნია.

- ჩინებული ნამუშევარია! - თქვა ჰოლმსმა წაქეზების კილოთი. - მართლაც, გრეგსონ, წარმატებები ნამდვილად გაქვთ. თქვენ კარგი მომავალი გელით!

- მიხარია, რომ მარჯვედ მოვერიე საქმეს, - ამაყად მიუგო მაძებარმა. - ახალგაზრდა კაცმა სიამოვნებით მოგვცა ჩვენება, რომლის თანახმადაც ერთ ხანს დრებერს მიჰყვებოდა კვალდაკვალ, მაგრამ დრებერს შეუნიშნავს და კები დაუქირავებია, რათა დევნისაგან თავი დაეძვრინა. გზად შარპანტიე ამხანაგს შეხვედრია და ლეიტენანტს მასთან დიდხანს უსეირნია. იმ კაცის მისამართი რომ ვკითხე, დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მომცა. ყველაფერი ჩინებულად ეწყობა. მართობს ის აზრი, რომ ლესტრეიდი თავიდანვე არასწორ კვალს გაჰ-ყვა. ვშიშობ, რომ ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ აგერ თვითონაც!

და მართლაც, ეს იყო ლესტრეიდი, რომელიც ჩვენი საუბრის დროს კიბეზე ამოდიოდა. მაგრამ ამჯერად აღარ ჩანდა უწინდებურად მსუბუქად მავალი და თავდაჯერებული. სახე დაღმეჭილი და შეშფოთებული ჰქონდა, სამოსიც აწეწილი და ცოტა უსუფთაო. ეტყობოდა, შერლოკ ჰოლმსთან რჩევისათვის მოვიდა და გრეგსონთან შეხვედრამ, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა. იგი შუა ოთახში შეჩერდა, ნერვიულად ჭმუჭნიდა ქუდს და არ იცოდა, რა ექნა.

- ეს ყველაზე უჩვეულო, ყველაზე მიუწვდომელი საქმეა! - ამოღერღა მან ბოლოს.

- ა-ა! თქვენ უკვე ასე ფიქრობთ, მისტერ ლესტრეიდ! - საზეიმო კილოთი შესძახა გრეგსონმა. - ასედაც ვიცოდი, რომ ამ დასკვნამდე მიხვიდოდით, დრებერის მდივანი, მისტერ სტანგერსონი ხომ არ მოგინახავთ?

- დრებერის მდივანი, მისტერ ჯოზეფ სტანგერსონი, - მიუგო ლესტრეიდმა, - დღეს დილის ექვს საათზე ჰელიდეის ოტელში მოკლეს.

თავი V||
სინათლის სხივი წყვდიადში

ლესტრეიდის მოტანილი ცნობა იმდენად მოულოდნელი და ავბედითი იყო, რომ სამივეს ენა მუცელში ჩაგვივარდა. გრეგსონი სკამიდან წამოიჭრა, ვისკი და წყალი დაღვარა. მე უსიტყვოდ ვაკვირდებოდი ჰოლმსს, რომელსაც წარბები შეეყარა და ტუჩებმოკუმული იჯდა.

- სტანგერსონიც! - დუდუნებდა თავისთვის ჰოლმსი. - წრე სულ უფრო ვიწროვდება.

- წრე ისედაც ვიწრო იყო. როგორც ჩანს, აქ სამხედრო საბჭო გაგიმართავთ, - თქვა ლესტრეიდმა.

- თქვენ... თქვენ სრულიად დარწმუნებული ხართ, რომ სტანგერსონი მოკლულია? - ენის ბორძიკით იკითხა გრეგსონმა.

- ეს-ეს არის მის ოთახში ვიყავი, - მიუგო ლესტრეიდმა. - მე პირველმა აღმოვაჩინე მკვლელობა.

- ჩვენ მოვისმინეთ გრეგსონის თვალსაზრისი, - შენიშნა ჰოლმსმა, - იქნებ თქვენც გვაცნობოთ, რა ნახეთ და რა გააკეთეთ?

- გამოგიტყდებით, - დაიწყო ლესტრეიდმა და დაჯდა, - მე ბოლომდე იმ აზრის ვიყავი, რომ მკვლელობაში სტანგერსონის ხელი ერია. უკანასკნელმა ამბებმა დამარწმუნა, რომ შემცდარი ვყოფილვარ. ჩემს იდეას მივყევი და გადავწყვიტე გამეგო, რა მოუვიდა დრებერის მდივანს. სამ ივნისს, ასე, საღამოს ცხრა საათზე ორთავე ერთად ნახეს ეუსტონის სადგურზე. ორ საათზე კი, ლაურისტონგარდენში, დრებერი მკვდარი იპოვნეს. უნდა გამეგო და დამედგინა, რას აკეთებდა მდივანი ცხრის ნახევარზე მკვლელობამდე და რა მოუვიდა შემდეგ. გავაგზავნე დეპეშა ლივერპულში, ვაცნობე სტანგერსონის გარეგნული ნიშნები და ვთხოვე გაეძლიერებინათ ზედამხედველობა ამერიკის გემებზე. შემდეგ შემოვიარე ყველა ოტელი და ავეჯით გაწყობილი ოთახი ეუსტონის რაიონში, იმ ვარაუდით, რომ თუ დრებერი და მისი თანამგზავრი ერთიმეორეს ასცდნენ, მდივანი სადმე მახლობლად გაათევდა ღამეს და დილით სადგურზე დაბრუნდებოდა.

- ალბათ წინასწარ დათქვეს შეხვედრის ადგილი, - შენიშნა ჰოლმსმა.

ასედაც აღმოჩნდა. მთელი გუშინდელი საღამო ძებნაში დავკარგე და სრულიად უშედეგოდ. დღეს დილით ადრე შევუდექი საქმეს და რვა საათზე ჰელიდეის ოტელში მივედი ლიტლ ჯორჯსტრიტზე. ჩემს კითხვაზე, ცხოვრობს თუ რა აქ მისტერ სტანგერსონი-მეთქი, მაშინვე მივიღე დადებითი პასუხი.

"ალბათ, თქვენა ხართ ის ჯენტლმენი, რომელსაც ის კაცი ელოდება, - მითხრა პორტიემ. - უკვე ორი დღეა, ვიღაცას ელის".

"ახლა სად არის?" - ვკითხე მე.

"ზემოთ, სძინავს. ცხრა საათზე გამაღვიძეთო, გვთხოვა".

პორტიემ მეორე სართულზე ამიყვანა, პატარა დერეფანზე გადამატარა და კარი მიჩვენა. ის უკვე დაბლა ჩასული იყო, როცა ანაზდად ისეთი რაღაც შევნიშნე, რამაც, მიუხედავად ძიებაში ჩემი ოცწლიანი მუშაობისა, კინაღამ გული ამირია. კარის ქვემოდან სისხლის პატარა ნაკადი გამოდიოდა, დერეფნის მეორე მხარეს გადიოდა და კედლის პლინტუსთან პატარა გუბეს ქმნიდა. მე შევყვირე და ჩემს ყვირილზე პორტიემ მოირბინა. კინაღამ გული შეუღონდა. კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. მივაწექით და ჩამოვაგდეთ. ფანჯარა ღია იყო და ფანჯრის ქვეშ მოკრუნჩხული ადამიანის გვამი ეგდო. სიკვდილი რამდენიმე საათის წინ დაუფლებოდა და გვამი უკვე გაცივებულიყო. როცა სხეული გადმოვაბრუნეთ, პორტიემ შეიცნო ჯენტლმენი, რომელიც მათთან ჯოზეფ სტანგერსონის სახელით დასახლდა. სიკვდილი გამოეწვია მარცხენა გვერდში მიყენებულ ღრმა ჭრილობას. ახლა კი საქმის ყველაზე უფრო უცნაური მხარე: აბა, გამოიცანით, რა წარწერა აღმოვაჩინე მოკლულის გვამს ზემოთ?

რაღაც საშინელმა წინათგრძნობამ მომიცვა უმალ, ვიდრე შერლოკ ჰოლმსი მიუგებდა: სიტყვა კფსრუ, სისხლით დაწერილიო.

- დიახ, ეს სიტყვა, - დაუმოწმა ლესტრეიდმა ყრუ ხმით.

ერთ ხანს დუმილი ჩამოვარდა.

- მკვლელი დაინახეს, - ისევ დაიწყო ლესტრეიდმა. - თურმე საჯინიბოდან გამოსულ მერძევეს სწორედ მაშინ გაუვლია ოტელის უკან მოსახვევში და შეუნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ყოველთვის მიწაზე დადებული კიბე მეორე სართულზე ერთ-ერთი ფანჯრისათვის მიეყუდებინათ. ფანჯარა მთლიანად ღია ყოფილა. ცოტა რომ გაუვლია, მოუხედავს და დაუნახავს კიბეზე ჩამომავალი კაცი, რომელსაც თავი მშვიდად, დაუფარავად სჭერია და მერძევეს უფიქრია, ალბათ ოტელში მომუშავე დურგალი ან ზეინკალი იქნებაო. ყმაწვილს ეს დიდი ყურადღების ღირსად არ ჩაუთვლია, მხოლოდ ეს გაიფიქრა თურმე, რა ადრე გამოსულა ოსტატი სამუშაოზეო! მაგრამ ერთი კი შეუნიშნავს, რომ კიბეზე მდგარი კაცი ტანმაღალი ყოფილა, ლოყებღაჟღაჟა და ყავისფერი პალტო სცმია. მკვლელი, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, ეტყობა, ცოტა ხნით კიდევ დარჩენილა ოთახში, რადგან ტაშტში, რომელშიაც ხელები დაუბანია, სისხლიანი წყალი ვნახეთ. სისხლი ეცხო აგრეთვე ზეწარს, რომელზედაც დანა გაუწმენდია.

მკვლელის აღწერას რომ ვისმენდი, ჰოლმსის აღწერასთან ასე შეთანხმებულს, ჩემს მეგობარს გადავხედე. საზეიმო კმაყოფილების ან სიამაყის ნასახიც არ იყო მის სახეზე.

- ოთახში ვერაფერი ნახეთ ისეთი, რომ გზის მაჩვენებელ ძაფად გამოდგეს?

- ვერაფერი. სტანგერსონს ჯიბეში დრებერის საფულე ედო, მაგრამ ალბათ მუდამ ასე იყო, რამდენადაც ყოველთვის სტანგერსონი ასწორებდა ანგარიშს. საფულეში თვრამეტ-ნახევარი გირვანქა აღმოჩნდა. რა მოტივებიც არ უნდა ჰქონოდა ამ უცნაურ მკვლელობას, ყოველ შემთხვევაში ძარცვის მოტივი გამორიცხულია. მოკლულის ჯიბეში ვერავითარი ქაღალდი და ჩანაწერი ვერ ვიპოვეთ, გარდა ერთი დეპეშისა. იგი გამოგზავნილია კლივლენდიდან. ასე ერთი თვის წინ მიღებული ეს დეპეშა იუწყებოდა: "ჯ.ჰ. ევროპაშია". დეპეშას ადრესატი არ აწერია.

- ამის გარდა იყო კიდევ რაიმე? - იკითხა ჰოლმსმა.

- არაფერი არსებითი. წიგნი, რომელიც ძილის წინ უკითხავს, ლოგინში ეგდო, ჩიბუხი კი სკამზე იდო. პატარა მაგიდაზე ჭიქა წყალი იდგა, რაფაზე კი - პატარა კოლოფი, რომელშიაც მალამოს ნაცვლად ორი აბი იდო.

შერლოკ ჰოლმსი ადგილიდან წამოვარდა და თან სიხარულის წამოძახილი აღმოხდა.

- უკანასკნელი რგოლი! - შეჰყვირა აღტაცებით. - ჩემი სამუშაო შესრულებულია.

გაკვირვებული მაძებრები შესცქეროდნენ ჰოლმსს და ვერაფერი გაეგოთ.

- ახლა ყველა ძაფი ხელში მიჭირავს და დახლართული გორგალი გახსნილია, - თქვა დაიმედებულმა ჰოლმსმა. - რა თქმა უნდა, ზოგიერთი წვრილმანი კიდევ არის ჩასამატებელი, მაგრამ ჩემთვის ყველა ძირითადი ფაქტი, იმ მომენტიდან, როცა დრებერი სტანგერსონს დაშორდა სადგურზე, გვამის აღმოჩენის მომენტამდე, ისევე ნათელია, თითქოს ყველაფერი ჩემი საკუთარი თვალებით მენახოს. ამას ახლავე დავამტკიცებ. აბების წამოღება მოახერხეთ?

- აქ მაქვს, - მიუგო ლესტრეიდმა და პატარა თეთრი კოლოფი ამოიღო. - საფულეც წამოვიღე და დეპეშაც. აბები სრულიად შემთხვევით გამომყვა, რადგან არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევ.

- მიბოძეთ აქ! - უთხრა ჰოლმსმა. - აბა, ექიმო, მითხარით, ეს ჩვეულებრივი აბებია?

რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი აბები. რუხი-მარგალიტისებრი უფერული, პატარა, მრგვალი, თითქმის გამჭვირვალე აბები გახლდათ.

- ისე მსუბუქი და გამჭვირვალეა, რომ, ჩემი აზრით, კარგად უნდა გაიხსნას წყალში, - შევნიშნე მე.

- სავსებით სწორია, - მიპასუხა ჰოლმსმა.

- ახლა კი, გეთაყვა, ჩადით დაბლა და ამომიყვანეთ საცოდავი ტერიერი. ჩვენი ბინის დიასახლისმა ჯერ კიდევ გუშინ მთხოვა, დააძინე, რომ სატანჯველს თავი დააღწიოსო.

ჩავედი და ტერიერი ამოვიყვანე. გაძნელებული სუნთქვა და ჩამქრალი თვალები მოწმობდა, რომ მისი აღსასრულის დღე მოახლოებული იყო. ტერიერი ხალიჩაზე დავსვი და თავქვეშ ბალიში ამოვუდე.

- ახლა ერთ-ერთ აბს ორ ნაწილად გავყოფ, - თქვა ჰოლმსმა, ჯაყვა ამოიღო და აბი გაჭრა.

- ერთ ნახევარს უკანვე ჩავდებთ კოლოფში შემდგომი ექსპერიმენტებისათვის, მეორეს კი - თასში, რომელშიაც ერთი ჩაის კოვზი წყალი ასხია. ხომ ხედავთ: ჩვენი მეგობარი ექიმი მართალია, აბი ადვილად გაიხსნა.

- ეს ალბათ ძალიან საინტერესოა, - თქვა ლესტრეიდმა ნაწყენი კაცის კილოთი, რომელიც ფიქრობდა, დამცინიანო. - მე მაინც არ მესმის, რა საერთო უნდა ჰქონდეს ამას მისტერ ჯოზეფ სტანგერსონის სიკვდილთან?

- მოთმინება, ჩემო მეგობარო, მოთმინება! თქვენ დარწმუნდებით, რომ სრულიად უშუალო დამოკიდებულება აქვს. ახლა დავუმატებ ცოტაოდენ რძეს, რომ მიქსტურა უფრო გემრიელი გამოვიდეს, მივცემ ტერიერს, და დავინახავთ, რომ დიდი სიამოვნებით ალოკავს.

ჰოლმსმა ჭიქიდან სითხე ლამბაქზე გადმოღვარა და ტერიერს წინ დაუდგა. ძაღლმა ისე ამოსვლიპა, წვეთი არ დაუტოვებია. შერლოკ ჰოლმსის სერიოზულმა გამომეტყველებამ ჩვენზე ისე იმოქმედა, რომ ყველანი ხმაამოუღებლივ ვისხედით, შევცქეროდით ცხოველს და რაღაც განსაცვიფრებელ ეფექტს ველოდით. მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. ტერიერი ისევ ისე იწვა ბალიშზე, ღრმად სუნთქავდა, - მიქსტურას მისთვის არც ზიანი მოუტანია, არც სარგებლობა.

ჰოლმსმა საათი ამოიღო. წუთი წუთს მისდევდა, აბი არ მოქმედებდა. ჰოლმსს სახეზე ღრმა წყენისა და იმედგაცრუების გამომეტყველება გამოესახა. ტუჩებს იკვნეტდა, თითებს ათამაშებდა და უკიდურესი მოუთმენლობის ყველა ნიშანს ამჟღავნებდა. ისე აღელვებული იყო, რომ გულწრფელად შემეცოდა. ამავე დროს ორთავე მაძებარი დაცინვით იღიმებოდა და სულაც არ სწყინდათ ჰოლმსის მარცხი.

- ეს არ შეიძლება დამთხვევა იყოს, - შესძახა ბოლოს ჰოლმსმა, ზეზე წამოვარდა და გააფთრებით მოჰყვა ოთახში წინ და უკან სიარულს. - არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო. იგივე აბები, რომელთა მოქმედებაზეც ეჭვი მქონდა დრებერის სიკვდილის შემთხვევაში, ნაპოვნია სტანგერსონის სიკვდილის შემდეგ. და მათ ზიანი არ მოაქვთ! ეს რას უნდა ნიშნავდეს! არ შეიძლება, რომ ჩემი მსჯელობის მთელი ჯაჭვი მცდარი აღმოჩნდეს! ეს შეუძლებელია! და მაინც ამ უბადრუკ ძაღლს არაფერი მოუვიდა! ა-ა! მესმის! მესმის!

საზეიმო შეძახილით მივარდა კოლოფს, მეორე აბიც ორად გაჰყო, წყალში გახსნა, დაუმატა რძე და ძაღლს დაუდგა. როგორც კი უბედურმა ცხოველმა მიქსტურა მოლოკა, კიდურებში კრუნჩხვამ დაუარა, - ძაღლი უსიცოცხლოდ დაეგდო, თითქოს მეხი დაეცაო.

შერლოკ ჰოლმსმა ღრმად ამოისუნთქა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

- საკუთარი თავის მეტი რწმენა მმართებდა! - თქა მან. - დროა ვიცოდეთ, რომ თუ ფაქტი ეწინააღმდეგება დასკვნების მთელ ჯაჭვს, ყოველთვის აღმოჩნდება, რომ შეიძლება მას სხვანაირი ახსნა მივცეთ. ამ კოლოფში შენახული ორი აბიდან ერთი შეიცავს სასიკვდილო შხამს, მეორე კი სრულიად უვნებელია. ეს ადრეც უნდა მცოდნოდა, ვიდრე კოლოფს ვნახავდი.

მისტერ გრეგსონმა მოთმინება დაკარგა.

- იცით, მისტერ შერლოკ ჰოლმს, - თქვა მან ბოლოს. - ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ, რომ გაქვთ საკუთარი მეთოდები, მაგრამ ამჯერად მარტო თეორიით ვერაფერს გავხდებით, საჭიროა მკვლელის შეპყრობა. მე თავისებურად ვაწარმოებდი ძიებას და შევცდი. ლეიტენანტ შარპანტიეს არ შეეძლო მონაწილეობის მიღება სტანგერსონის საქმეში. ლესტრეიდმა სტანგერსონის კვალს მიაგნო და ეტყობა, ისიც შეცდა. თქვენი ლაპარაკიდან ჩანს, რომ რაღაც მეტი იცით ჩვენზე, მაგრამ დადგა დრო, როცა უფლება გვაქვს პირდაპირ გკითხოთ, - რა იცით ამ საქმისა? შეგიძლიათ მკვლელის დასახელება?

- უნდა გამოგიტყდეთ, რომ გრეგსონი მართალია, სერ, - შენიშნა ლესტრეიდმა. - დღეს ჩემი თანდასწრებით არა ერთხელ თქვით, რომ გაქვთ ყველა საჭირო მონაცემი. ალბათ აღარ ისურვებთ დაფარვას და გაგვანდობთ.

დაპატიმრების ყოველგვარი გადადება, - შევნიშნე მე, - მკვლელს აძლევს საშუალებას მოახდინოს ახალი დანაშაული.

ჰოლმსი ყოყმანობდა. ბოლთას სცემდა ოთახში, თავი დაბლა დაეხარა და წარბები შეეკრა.

- მკვლელობა აღარ მოხდება! - თქვა ბოლოს. - ეს ვარაუდი გამორიცხულია. თქვენ მკითხეთ, ვიცი თუ არა, ვინაა მკვლელი. დიახ, ვიცი. მაგრამ მისი სახელის ცოდნა წვრილმანია მის შეპყრობასთან შედარებით, მე კი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ოღონდ აქ საჭიროა დიდი სიფრთხილე, რადგან საქმე გვაქვს მოხერხებულსა და თავზე ხელაღებულ ადამიანთან, რომელსაც, როგორც დავრწმუნდი, ეხმარება მეორე, მისებრ ჭკვიანი კაცი. ვიდრე ის კაცი არ დაეჭვებულა, რომ მის კვალს მივაგენით, შეიძლება ვიქონიოთ მისი შეპყრობის იმედი, მაგრამ თუ ოდნავადაც კი ეჭვი აიღო, სახელს გამოიცვლის, ლონდონის ოთხმილიონიან მოსახლეობას შეერევა და თვალთაგან დაგვეკარგება. სულაც არა მსურს გაწყენინოთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ადამიანები სკოტლენდიარდელი აგენტებისათვის მოუხელთებელნი არიან. ამიტომაც არ მითხოვია თქვენთვის დახმარება. მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ასეთი თხოვნით მოგმართავთ, როგორც კი დავრწმუნდები, რომ ეს საფრთხეს არ შეუქმნის მკვლელის შეპყრობის ჩემეულ გეგმას.

გრეგსონი და ლესტრეიდი არ მოუხიბლავს ასეთ დაპირებას, არც სამძებრო პოლიციის ასეთ საჩოთირო შეფასებას გამოუწვევია მათი აღტაცება. გრეგსონი თავისი ყვითელი თმის ძირებამდე გაწითლდა, ხოლო ლესტრეიდის ღილისებური პაწაწინა თვალები ცნობისმოყვარეობამ და წყენამ ააციმციმა. მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოასწრო ხმის ამოღება და ვერც მეორემ, რომ კარზე კაკუნი გაისმა და გამოცხადდა ქუჩის ბიჭების დელეგატი, თხუპნია ვიგინსი.

- ნება მიბოძეთ, სერ, - თქვა და ხელი ქუდთან მიიდო. - დაბლა კები გელოდებათ.

- კარგი, ყმაწვილო, - წყნარად მიუგო ჰოლმსმა.

- რატომ არ შემოიღებთ ხმარებაში სკოტლენდ-იარდში ამ ხელსაწყოს? - განაგრძო ჰოლმსმა და ყუთიდან ფოლადის ორი ხელბორკილი ამოიღო. ნახეთ, რა კარგად მუშაობს ეს ზამბარა. ერთ წამში იკეტება.

- ჩვენებური ნიმუში საკმაოდ კარგია. - შენიშნა ლესტრეიდმა. - ოღონდ მივაგნოთ დასაჭერს და ისედაც გავუსწორდებით.

- ჩინებულია, ჩინებული, - ღიმილით თქვა ჰოლმსმა. - კებმენი დამეხმარება ჩემოდნების ჩატანაში. სთხოვეთ, ვიგინს, ამოვიდეს.

გამაკვირვა ამ კაცმა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს სამგზავროდ ემზადებაო. ჩემთან რომ მუსაიფობდა, გამგზავრებაზე კრინტიც არ დაუძრავს. ოთახში პატარა ჩემოდანი ედგა. ამოიღო და ღვედის მოჭერას შეუდგა. იგი გულმოდგინედ ფუსფუსებდა ჩემოდანთან, როდესაც კებმენი შემოვიდა.

- ერთი მომეშველეთ, მოუჭირეთ ეს, კებმენ! - უთხრა კებმენს ჰოლმსმა ისე, რომ მუხლმოყრილს თავიც არ აუწევია.

კებმენი ცოტა პირქუში, უნდო სახით მივიდა და ხელი გაუწოდა, რომ მიშველებოდა. იმავე წამს ცივად გაიჟღარუნა ლითონმა და შერლოკ ჰოლმსი ისევ ზეზე წამოიჭრა.

- ჯენტლმენებო, - შეჰყვირა და მოელვარე თვალები მოგვაპყრო, - ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ მისტერ ჯეფერსონ ჰოუპი, ენოქ დრებერისა და ჯოზეფ სტანგერსონის მკვლელი.

ყველაფერი ერთ წამში მოხდა. სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში ის საზეიმო გამომეტყველება, ჰოლმსის სახეზე რომ აღბეჭდილიყო, მისი ფოლადივით წკრიალა ხმა, და ასე მოულოდნელად მორგებული ხელბორკილების მაცქერალი კებმენის დაღრეჯილი სახე. ერთი თუ ორი სეკუნდი ასე გაქვავებულებივით ვიდექით. შემდეგ კებმენი არაადამიანური ღრიალით დაუსხლტა ხელიდან ჰოლმსს და ფანჯრისაკენ გაშმაგებით გაექანა. ჩარჩო ჩაამტვრია, მინები დაამსხვრია, მაგრამ ვიდრე გადახტებოდა, გრეგსონი, ლესტრეიდი და ჰოლმსი მწევარი ძაღლებივით დაესხნენ თავს, უკანვე ჩამოათრიეს და ოთახში დაიწყო საშინელი ბრძოლა. ისეთი ღონიერი და მძვინვარე იყო, რომ პანტაპუნტით გვისროდა ოთხთავეს აქეთ-იქით. სახე და ხელები მინის ნამსხვრევებისაგან საშინლად დასერილ-დასისხლიანებული ჰქონდა და ჭრილობები ასუსტებდა მისი წინააღმდეგობის უნარს. მხოლოდ მაშინ, როცა ლესტრეიდმა მოახერხა და ხელები ყელში წაუჭირა, ჰოუპმა იკადრა და დაიჯერა, რომ წინააღმდეგობის გაწევა უსარგებლო საქმე იყო. მაგრამ ბრძოლა დამთავრებულად მხოლოდ მაშინ ჩავთვალეთ, როცა ხელ-ფეხი შევუკარით და იატაკიდან მძიმე ხვნეშით წამოვდექით.

- მისი კები ჩვენს ხელთაა, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა. - გამოვიყენოთ და პატიმარი სკოტლენდ-იარდში ჩავიყვანოთ. ახლა კი, ჯენტლმენებო, გორგალი გახსნილია. შეგიძლიათ მკითხოთ, რაც გნებავთ, არხეინად იყავით, უარს აღარ გეტყვით, პასუხს გაგცემთ.

თავი V|||
ჯეფერსონ ჰოუპის მოთხრობა

პატიმრის გააფთრებული წინააღმდეგობა, ეტყობა, ჩვენდამი განსაკუთრებული სიძულვილით არ იყო გამოწვეული. როცა დარწმუნდა, უძლური ვარო, ჰოუპმა თავაზიანად გაიღიმა და იმედი გამოთქვა, ჩემი მიზეზით ალბათ არავინ დაზიანებულაო.

- ალბათ პოლიციის განყოფილებაში წამიყვანთ, - უთხრა ჰოლმსს. - ჩემი კები დაბლა დგას, ხოლო თუ ფეხებს გამიხსნით, თვითოვე ჩავალ ძირს. ჩემი აწევა, ცოტა არ იყოს, გაგიჭირდებათ.

გრეგსონმა და ლესტრეიდმა ერთიმეორეს გადახედეს. ჰოუპის ეს წინადადება მათ მეტისმეტად სარისკოდ ეჩვენათ. მაგრამ ჰოლმსმა მაშინვე მოხსნა პირსახოცი, რითაც ჰოუპს ფეხები ჰქონდა შეკრული. პატიმარი ადგა და ფეხების გავარჯიშებას მოჰყვა. იშვიათად მინახავს ასეთი მაგარი აღნაგობის კაცი. მის მუქ, მზით გარუჯულ სახეზე სიმტკიცე და ენერგია იხატებოდა.

- თუ პოლიციის უფროსის ადგილი თავისუფალია, თქვენ უნდა მოგცენ, - თქვა და დაუფარავი აღტაცებით შეხედა ჩემს მეგობარს. - მარჯვედ კი დამიჭირეთ.

- უნდა წამომყვეთ, - მიმართა ჰოლმსმა მაძებრებს. - თქვენც, ექიმო, ეს საქმე ძალიან გაინტერესებდათ.

მისმა წინადადებამ გამახარა და ოთხივენი გზას გავუდექით. ლესტრეიდი კოფოზე დაჯდა. პატიმარი გაქცევის არავითარ სურვილს არ ამჟღავნებდა, დამშვიდებული შევიდა თავის კებში, ჩვენც მივყევით და მალე დანიშნულ ადგილზე აღმოვჩნდით. პატარა ოთახში შეგვიპატიჟეს, სადაც ინსპექტორმა ჩაიწერა მკვლელისა და მისი მოკლული ადამიანების სახელი. ფერმკრთალი, გულგრილი კაცი ჩანდა და თავის მოვალეობას მექანიკურად ასრულებდა. - ერთ კვირაში პატიმარი სასამართლოს წინაშე წარსდგება, - თქვა მან. - ჯერ კი, მისტერ ჯეფერსონ ჰოუპ, ხომ არ ისურვებთ რაიმეს თქმას?

- ბევრი რამ მინდა ვთქვა, - ნელა დაიწყო პატიმარმა. - მინდა ყველაფერი გიამბოთ, რაც კი ამ საქმესთან არის დაკავშირებული.

- ხომ არ გადავდოთ ეს სასამართლომდე? - ჰკითხა ინსპექტორმა.

- შეიძლება ჩემი გასამართლება არ მოგიხდეთ. ნუ მიყურებთ ასე შეშინებულნი. თვითმკვლელობას არ ვაპირებ. თქვენ ექიმი ხართ?

ამ კითხვას რომ მაძლევდა, თავისი მკაცრი შავი თვალებით შემომხედა.

- დიახ, ექიმი ვარ.

- მაშინ მომადეთ აქ ხელი, - მითხრა ღიმილით და მკერდი მიჩვენა.

ხელი რომ მკერდზე მივადე, ისეთი არაჩვეულებრივი ხმაური და მომძლავრებული პულსაცია ვიგრძენი, მომეჩვენა, თითქოს მკერდი ისე უცახცახებდა და ერყეოდა, როგორც მყიფე შენობას, რომლის შიგნითაც ძლიერი ძრავა მუშაობს.

- თქვენ აორტის გაგანიერება გაქვთ! - შევძახე მე.

- დიახ, ექიმები ასე ამბობენ. წინა კვირას ერთ ექიმთან ვიყავი და მითხრა, რამდენიმე დღის სიცოცხლე დაგრჩენიაო. ჩემი მდგომარეობა წლების განმავლობაში უარესდებოდა. ეს დავიმსახურე უჭმელობითა და გადაღლილობით, მლაშე ტბის მთებში რომ ვცხოვრობდი. ახლა ჩემი საქმე გავაკეთე და სულ ერთია, როდის მოვკვდები, მაგრამ გულით მინდა ჩემი წარსული მოგითხროთ. არ მინდა ისე მომიგონონ, როგორც ჩვეულებრივი მკვლელი.

ინსპექტორი და ორივე მაძებარი თათბირობდნენ, ნება მივცეთ თუ არა, რომ თავისი ცხოვრების ამბავი გვიამბოსო.

- როგორ ფიქრობთ, ექიმო, პატიმარს მართლაც უშუალო საფრთხე ემუქრება? - მომმართეს მე.

- უეჭველად.

- ამ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, მართლმსაჯულების ინტერესებისათვის მოვისმინოთ მისი ჩვენება, - თქვა ინსპექტორმა. - შეგიძლიათ, სერ, მოგვცეთ ჩვენება.

- თქვენი ნებართვით, დავჯდები, - თქვა პატიმარმა და სკამზე დაეშვა. - ავადმყოფობის მიზეზით მალე ვიღლები, ხოლო ჩვენმა ჭიდაობამ ამ ნახევარი საათის წინ მდგომარეობა კიდევ უფრო გამიუარესა. სამარის პირას ვდგავარ და რისთვის უნდა ვიცრუო? ყოველი ჩემი სიტყვა - წმინდა სიმართლეა, ხოლო როგორ გამოიყენებთ ჩემს ჩვენებას, ჩემთვის სულ ერთია.

ამ სიტყვებზე ჯეფერსონ ჰოუპი სკამის საზურგეს გადაეყრდნო და ჩვენების მიცემა დაიწყო. ისეთი წყნარი, ზომიერი ხმით ლაპარაკობდა, თითქოს სრულიად ჩვეულებრივ ამბავს ყვებოდა.

- თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რისთვის მძულდა ასე ძლიერ ის ადამიანები. ისიც საკმარისია, რომ ისინი იყვნენ ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი, - მამისა და ასულის, - რისთვისაც საკუთარი სიცოცხლით აგეს პასუხი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიდან ისე დიდი დრო გავიდა, რომ სასამართლოს გზით ვერაფერს გავხდებოდი. გადავწყვიტე, თვითონ გავმხდარიყავი მათი მოსამართლე, მსაჯული და განაჩენის აღმსრულებელი. ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით, თქვენც ასე მოიქცეოდით.

ქალიშვილი, რომელიც ახლა მოვიხსენიე, ამ ოცი წლის წინათ ჩემი დანიშნული იყო. იგი ძალით მიათხოვეს დრებერს და ქალი სასოწარკვეთილებას გადაჰყვა. მე მიცვალებულს თითიდან წავაძვრე საქორწინო ბეჭედი და ფიცი მივეცი, რომ სიკვდილის წუთებში დრებერი ჩასაქრობად გამზადებული მზერით ამ ბეჭედს შეხედავდა და მისი უკანასკნელი ფიქრი იქნებოდა ის დანაშაული, რომლისთვისაც ისჯებოდა. ამ ბეჭედს მე თან დავატარებდი და ქვეყნიდან ქვეყანაში დავყვებოდი დრებერსა და მის თანამზრახველს, ვიდრე ხელში არ ჩავიგდე. იმედი ჰქონდათ, რომ დამქანცავდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. თუ ხვალ სიკვდილი მიწერია, მოვკვდები იმ შეგნებით, რომ ამქვეყნად ჩემი საქმე გაკეთებულია, და გაკეთებულია კარგად. სიკვდილი კი ისედაც მომელოდა. ორივე ჩემი ხელით დაიღუპა. არაფრის იმედი არა მაქვს და არაფერს არ ვითხოვ.

ისინი მდიდრები იყვნენ, მე - ღარიბი, ადვილი არ იყო ჩემთვის მათი დევნა. ლონდონში რომ ჩამოვედი, ჯიბეში გახვრეტილი გროშიც არ მებადა. რაიმე საქმისათვის უნდა მომეკიდა ხელი, რათა თავი მერჩინა. ცხენების მართვა და ცხენზე ჯდომა ისევე იოლი საქმეა ჩემთვის, როგორც ქვეითად სიარული. ამიტომ სამგზავრო კებთა კანტორას მივმართე და ადგილიც მივიღე. პატრონისათვის ყოველკვირეულად გარკვეული თანხა უნდა მიმეცა. დანარჩენი შემოსავალი კი ჩემი იყო. ჩვეულებრივ ცოტა მრჩებოდა, მაგრამ როგორღაც იოლად გავდიოდი და ვცხოვრობდი რის ვაინაჩრობით. ყველაზე ძნელი იყო ქუჩების შესწავლა. მაგრამ ქალაქის გეგმამ მიშველა, და როცა ამ გეგმაზე მთავარი ოტელები და სადგურები აღვნიშნე, საქმე წაღმა წამივიდა.

ცოტა დრო როდი გავიდა, ვიდრე გავიგებდი, თუ სად ცხოვრობდნენ ჩემი ჯენტლმენები. ისინი კემბერუელის პანსიონში ჩამომხდარიყვნენ, მდინარის გაღმა, როცა ვიპოვნე, ვიგრძენი, რომ ჩემს განკარგულებაში იყვნენ. წვერი მოვუშვი. და აღარ მეშინოდა, რომ მიცნობდნენ. ვზვერავდი და ხელსაყრელ შემთხვევას ვუცდიდი.

საითაც არ უნდა წასულიყვნენ, კვალდაკვალ მივყვებოდი, - ხან ჩემი კებით, ხან ფეხით. პირველი ხერხი ჯობდა, რადგან ხელიდან ვერ დამისხლტებოდნენ. მხოლოდ ადრე დილით და გვიან ღამით ვახერხებდი რაიმეს შოვნას. ამიტომ სახლის პატრონის ვალში ჩავვარდი. მაგრამ ეს არ მაღელვებდა, - ოღონდ საძულველი ადამიანების ჯავრი ამომეყარა.

ძალიან მოხერხებული ვაჟბატონები კი იყვნენ. მგონი, გრძნობდნენ, რომ მათს ყოველ ნაბიჯს ვიღაც ზვერავდა, რადგან ყველგან ერთად დადიოდნენ და გვიან საღამოობით გარეთ არ გამოდიოდნენ. დრებერი ყოველთვის ნასვამი იყო, მაგრამ სტანგერსონი არასოდეს მინახავს შეზარხოშებული. ორი კვირა დილიდან საღამომდე, შეუმჩნევლად დავყვებოდი. მაგრამ შემთხვევა არ მომეცა, რომ განზრახული სისრულეში მომეყვანა. გულს მაინც არ ვიტეხდი, რადგან ვგრძნობდი, რომ შურისძიების ჟამი ახლოვდებოდა, მეშინოდა, რომ ამ შემოჩენილს, მკერდში რომ მიზის, უდროო დროს არ მოეღო ჩემთვის ბოლო და ამით ჩემი საქმის აღსრულებაში ხელი არ შეეშალა.

როგორღაც საღამოს ტორკვეისტერასზე ბოლთას ვცემდი. ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, და დავლანდე, რომ მათ კართან კები გაჩერდა. მაშინვე გამოიტანეს რაღაც ბარგი, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ დრებერი და სტანგერსონი გამოვიდნენ. კები დაიძრა. ცხენი ავაჩქარე და ერთი ნაბიჯითაც არ ჩამოვრჩენილვარ. ელეთმელეთი მომდიოდა. მეშინოდა, ვაითუ ლონდონი მიატოვონ-მეთქი. ეუსტონის სადგურზე კებიდან გადმოვიდნენ. მე ეტლთან ყმაწვილი დავტოვე და უკან მივყევი იმ ჯენტლმენებს, რომლებიც ბაქანზე გავიდნენ. გავიგონე, როგორ იკითხეს ლივერპულის მატარებლის ამბავი. დარაჯმა უთხრა, მატარებელი ესაა გავიდა, შემდეგი კი რამდენიმე საათში იქნებაო. სტანგერსონი ამან, ეტყობა, ძალიან შეაწუხა, მაგრამ დრებერი, პირიქით, გახარებული ჩანდა. ხალხში ისე ახლოს მივედი მათთან, რომ თითოეული მათგანის ყოველი სიტყვა მესმოდა. დრებერმა უთხრა, ერთი პატარა პირადი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და დამელოდეო. სტანგერსონმა საყვედურებით აავსო და მოაგონა, ჩვენ ხომ დავთქვით, რომ ერთმანეთს არასოდეს დავშორებოდითო. დრებერმა მიუგო, ძალიან საჩოთირო საქმეა და უსათუოდ მარტო უნდა წავიდეო. ვერ გავიგონე, რა უთხრა ამაზე სტანგერსონმა, მაგრამ დრებერმა ლანძღვა-გინება დაუწყო და თავის მდივანს უბრძანა, მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებული მსახური ხარ ჩემი და ბრძანების არავითარი უფლება არა გაქვსო. სტანგერსონი დარწმუნდა, რომ დავა უსარგებლო იყო და უბრალოდ შეუთანხმდა, თუ დრებერი უკანასკნელ მატარებელზეც დააგვიანებდა, მაშინ ოტელ ჰელიდეიში უნდა მოსულიყო სტანგერსონთან. ამაზე დრებერმა უპასუხა, თერთმეტზე ადრე დავბრუნდებიო, და წავიდა.

დაბოლოს, დადგა წუთი, რასაც ასე დიდხანს ველოდი. ვიდრე ერთად იმყოფებოდნენ, შეეძლოთ ერთმანეთი დაეცვათ. მაგრამ ცალცალკე უძლური იყვნენ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი გეგმა ასრულდა. შურისძიება მხოლოდ გვანიჭებს კმაყოფილებას, როდესაც მჩაგვრელს რჩება დრო შეიგნოს, ვინ მიაყენა დარტყმა და რისთვის უწია აღსასრულმა. წინასწარვე მოვიფიქრე, როგორ ამეხსნა მტრისათვის, რომ იგი ძველი ცოდვისათვის ისჯებოდა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ბატონი ბრიქსტონროუდის რაიონში სახლებს ათვალიერებდა და ჩემს ეტლში გასაღები დაკარგა. იმავე საღამოს გამოვაცხადე და პატრონს გასაღები დავუბრუნე. მაგრამ დაბრუნებამდე მოვასწარი და მეორე სწორედ იმდაგვარი გასაღები გავაკეთებინე. ამის წყალობით ახალ უზარმაზარ ქალაქში მეგულებოდა ერთი კუთხე, სადაც შემეძლო დაუბრკოლებლად ამესრულებინა მოფიქრებული საქმე. ჩემს წინაშე რთული ამოცანა იდგა - ამ სახლში უნდა შემეტყუებინა დრებერი.

სადგურიდან დრებერი ფეხით წავიდა და დასალევად ორ ადგილას შეუხვია. ერთგან მთელი ნახევარი საათი დარჩა და უკან ძლიერ შეზარხოშებული გამობრუნდა, ფეხზე ძლივს იდგა. ჩემს გვერდით მდგარი ეტლი დაიქირავა. მე კუდში მივყვებოდი: ჩემი ცხენის ქიქვირი მისი ეტლის ზურგს ეხებოდა. თემზა გავიარეთ, რამდენიმე ქუჩაც მოვიტოვეთ უკან და ჩემდა გასაოცრად აღმოვჩნდით პანსიონთან, სადაც ის ცხოვრობდა. გზა განვაგრძე და სახლიდან ასიოდე იარდზე გავჩერდი. გადმოვიდა თუ არა ეტლიდან, მეეტლეს ანგარიში გაუსწორა და გაუშვა.

მეოთხედი საათი ვუცადე, თუ მეტი არა. უეცრად სახლში ისეთი ხმაური ატყდა, თითქოს ჩხუბი გაიმართაო. ერთი წუთის შემდეგ კარი გაიღო და ზღურბლზე ორი მამაკაცი გამოჩნდა: ერთი დრებერი იყო, მეორე - ახალგაზრდა კაცი, რომელიც უწინ არასოდეს მენახა. იმ ყმაწვილს საყელოში ჩაევლო ხელი დრებერისათვის და ისე ეჭირა. კიბის ბოლო საფეხურს რომ მიაღწიეს, ისეთი პანღური ამოჰკრა, რომ დრებერი შუა ქუჩაში გაიშხლართა. "ძაღლო!" - უყვიროდა ახალგაზრდა კაცი და ჯოხს უქნევდა. - "მე შენ გასწავლი, როგორ უნდა წესიერი ქალიშვილების ატორღიალება". ყმაწვილი ისე აღელვებული იყო, რომ დრებერს ალბათ კომბლით სცემდა, რომ ის არამზადა თავქუდმოგლეჯილი არ გაქცეულიყო. კუთხემდე მიირბინა, მერე ჩემი კები შენიშნა, მიმიხმო, შიგ ჩახტა და ჰელიდეის ოტელში წამიყვანეო, მიყვირა.

როცა კების კარი ჯახუნით დაიხურა, გული ისე გაშმაგებით ამიძგერდა სიხარულისაგან, რომ შემეშინდა, ამ გადამწყვეტ ჟამს აორტამ ცუდი ოინი არ მომიწყოს-მეთქი. მაგრამ დრებერი დამეხმარა ჩემი ამოცანის შესრულებაში. ისევ მოისურვა დალევა, ლუდხანასთან მისვლა და მოცდა მიბრძანა. იქ დარჩა ლუდხანის დაკეტვამდე და ისე გაილეშა, რომ სავსებით ჩემს ხელთ იყო.

არ იფიქროთ, რომ გულგრილად ვაპირებდი მისთვის ბოლოს მოღებას. თუმცა ეს სამართლიანი საქმე იქნებოდა, მაგრამ ვერ გავბედე. კარგა ხანია მოფიქრებული მქონდა მისთვის ბოლოს მოღების ჩემეული გეგმა. ამერიკაში ხეტიალის წლებში ერთ ხანს იორლ კოლეჯში ლაბორატორიის დამლაგებლად ვმუშაობდი. ერთხელ პროფესორი სტუდენტებს შხამებზე უკითხავდა ლექციას და უჩვენა სამხრეთამერიკული შხამისაგან მის მიერ მიღებული ალკალოიდი, რასაც ისრების მოსაწამლად ხმარობენ. ეს იყო ძლიერმოქმედი შხამი, რომლის უმცირესი დოზაც კი საკმარისია, რომ ელვისებური სიკვდილი გამოიწვიოს. დავინიშნე ბოთლი, რომელშიაც ეს შხამი ინახებოდა და როცა ყველა წავიდა, ცოტაოდენი ფხვნილი გადმოვიღე. ამ ალკალოიდისაგან დავამზადე პატარა აბები, რომლებიც წყალში იოლად იხსნებოდნენ. ყოველი ასეთი აბი ჩავდე კოლოფში მეორე ასეთივე სახის აბთან ერთად, რაც შხამს არ შეიცავდა. მაშინვე გადავწყვიტე, როცა შესაფერისი დრო დადგებოდა, ორივე ჯენტლმენისათვის შემეთავაზებინა არჩევანი, რომ ორიდან ერთი აბი აეღოთ. დარჩენილ აბს თვითონ გადავყლაპავდი. ჩემი აბები მომაკვდინებელი იყო. ოღონდ ბევრად უფრო უხმაურო, ვიდრე, მაგალითად, დამბაჩის ტყვია. მას შემდეგ ჩემი კოლოფები მუდამ თან დამქონდა. ახლა კი დადგა მათი გამოყენების დრო.

დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა. პირქუში, ავდრიანი ღამე იდგა, ქარი ქროდა და კოკისპირულად წვიმდა. მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი და მზად ვიყავი მეყვირა. სიგარას მოვუკიდე და მოვქაჩე, ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ხელები მიკანკალებდა, საფეთქლებში კი სისხლი მაწვებოდა. მეჩვენებოდა, რომ სიბნელიდან ლუსი მიღიმოდა, ჩემი საცოლე.

ლაურისტონგარდენზე წავედი, უკაცრიელ სახლში. კაციშვილი არ ჩანდა, ხმა არსაიდან ისმოდა, მხოლოდ წვიმა შხაპუნობდა. კების სარკმელში შევიხედე, დრებერი გალეშილი ეგდო, მოკრუნჩხულიყო და ეძინა, მკლავში ხელი ვტაცე და ვუთხარი: "გამოსვლის დროა!"

"კარგიო", - თქვა.

დრებერს ალბათ ეგონა, ოტელთან მივედითო, რადგან ბაღის გზას უსიტყვოდ დაადგა. მივყევი და თან ხელით ვაკავებდი, იგი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. სახლთან რომ მივედით, კარი გავაღე და ოთახში შევიყვანე.

"რა ჯოჯოხეთურად ბნელა", - თქვა ბანცალით.

"ახლავე იქნება სინათლე, - ვუპასუხე და ანთებული ასანთი სანთელთან მივიტანე. - ახლა კი, ენოქ დრებერ, - განვაგრძე მშვიდად და სანთელი ჩემსავე სახესთან მივიტანე. - აბა თუ მიცნობ, ვინა ვარ".

ამღვრეული, მთვრალი კაცის თვალებით მომაშტერდა. შემდეგ სახე ელდამ დაუმახინჯა. მიცნო. მკვდრისფერი დაედო, უკან დაიხია. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა, შიშისაგან კბილს კბილზე აცემინებდა. ზურგით კარს მიეყრდნო. მე კი დიდხანს, დიდხანს ვიცინოდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ შურისძიება ტკბილი იქნებოდა, მაგრამ ასეთ სულიერ სიმშვიდეს კი არ ველოდი.

"ძაღლო! - შევძახე. - მე კვალდაკვალ გდევდი მლაშე ტბის ქალაქიდან სანკტ-პეტერბურგამდე, და ყოველთვის ხელიდან მისხლტებოდი. ახლა შენი მოგზაურობა დასრულდა, რადგან ერთი ჩვენგანი ხვალ დღის სინათლეს ვეღარ იხილავს".

უკან-უკან დაიწია, და მის თვალებში ამოვიკითხე, რომ გიჟად მივაჩნდი. დიახ, იმ წუთებში ვიყავი კიდეც შეშლილი. სისხლი ჩაქუჩივით მცემდა საფეთქლებში. ალბათ შეტევა მიმსხვერპლებდა, რომ ცხვირიდან სისხლს არ ეფეთქა, - ამან მიშველა.

"რას ფიქრობ ახლა ლუსიზე? - შევძახე ყვირილით, კარი ჩავკეტე და თვალწინ გასაღები დავუტრიალე. - შურისძიებამ დაიგვიანა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხომ წამოგეწია".

დავინახე, როგორ აუთრთოლდა შიშისაგან ბაგე. სიცოცხლეს არ ითხოვდა, რადგან იცოდა, ამით თავს ვერ უშველიდა.

"მომკლავ?" - მკითხა ენის ბორძიკით.

"აქ მკვლელობაზე როდია ლაპარაკი, - ვუპასუხე მე. - როდის ლაპარაკობენ მკვლელობაზე, როცა საქმე ცოფიან ძაღლს ეხება? - განა შენ შეიცოდე საბრალო ლუსი, როცა მოკლული მამის გვამს მოაგლიჯე და შენს წყეულ ჰარამხანაში წაათრიე?"

"მე არ მომიკლავს მამამისი! - შეჰყვირა დრებერმა. -სტანგერსონმა მოკლა".

"მაგრამ შენ დაამსხვრიე ქალის უმანკო გული, - შევძახე მე და კოლოფი გავუწოდე. - უზენაესმა გაგვასამართლოს. აირჩიე ერთ-ერთი აბი და გადაყლაპე. ერთში სიკვდილია, მეორეში სიცოცხლე. დარჩენილს მე ავიღებ. ვნახოთ, არსებობს თუ არა ქვეყნად სამართალი, ჩვენ ბრმა განგების ხელში ვიმყოფებით!"

ველური ყვირილით დაიხია უკან, შებრალებას ითხოვდა. მე კი დანა ვიშიშვლე, ყელთან მივუტანე და ასე მეჭირა, ვიდრე ჩემი ბრძანება არ შეასრულა. შემდეგ მეც გადავყლაპე ჩემი აბი. მთელი ერთი წუთი, თუ მეტი არა, ასე უსიტყვოდ შევცქეროდით ერთი-მეორეს და ვცდილობდით გაგვეგო, რომელს მოგველოდა სიკვდილი. არასოდეს არ დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება, როცა ტკივილის პირველმა შემოტევებმა აგრძნობინა, რომ მის სხეულში შხამია. მე ვიცინოდი და განწირულის თვალწინ ლუსის საქორწინო ბეჭედს ვათამაშებდი. ეს მხოლოდ ერთი წამით გაგრძელდა, რადგანაც ალკალოიდი სწრაფად მოქმედებს. ტკივილის კრუნჩხვამ სახის ნაკვთები დაუმახინჯა, ხელი წინ გამოიშვირა, წაბარბაცდა და ხრინწიანი შეძახილით იატაკზე გაიშხლართა. ჩექმის წვერით გადავაბრუნე და გულზე ხელი დავადე, გული აღარ უცემდა. კაცი გათავებული იყო!

ცხვირიდან სისხლი მდიოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, თვითონაც არ ვიცი, საიდან მომივიდა აზრი, რომ კედელზე ჩემივე სისხლით წამეწერა "შურისძიება". იქნებ პოლიციისათვის კვალის აბნევა მინდოდა. მახსოვს, ნიუ-იორკში ერთი გერმანელი იპოვნეს მკვდარი, და მის თავს ზემოთ ეწერა სიტყვა კფსრუ. გაზეთები აცხადებდნენ, რაღაც საიდუმლო ორგანიზაციის საქმეაო. თითი საკუთარ სისხლში ჩავაწე და კედელზე იგივე სიტყვა წავაწერე. შემდეგ ჩემს კებთან დავბრუნდი და დავრწმუნდი, რომ მახლობლად არავინ იყო. საკმაო მანძილი გავიარე, რომ უეცრად ჯიბეზე ხელი ვიტაცე და აღმოვაჩინე, რომ ლუსის ბეჭედი თან არა მქონდა. თითქოს მეხი დამეცა, რადგან ეს იყო მისი ერთადერთი სახსოვარი. გავიფიქრე, ბეჭედი ალბათ მაშინ დავკარგე, როცა დრებერის გვამთან დავიხარე-მეთქი, მზად ვიყავი გამებედა რაც გნებავთ, ოღონდ კი ბეჭედი დამებრუნებინა. სახლში რომ დავბრუნდი, პირდაპირ პოლიციელის ხელში აღმოვჩნდი. იგი ბაღიდან გამოვიდა, და ეჭვი რომ არ აღმეძრა, თავი გალეშილად მოვაჩვენე.

ასეთი იყო ენოქ დრებერის აღსასრული. ახლა ისღა დამრჩენოდა, სტანგერსონთან გამესწორებინა ანგარიში და ლუსის მამასთან გამეგზავნა. ვიცოდი, რომ ოტელ ჰელიდეიში ცხოვრობდა, მაგრამ სახლიდან არ გამოდიოდა. ვფიქრობ, როდესაც დრებერი თავის დროზე არ დაბრუნდა, სტანგერსონს ტანმა უაზრა. მეტისმეტად ეშმაკი იყო ეს სტანგერსონი და ყოველთვის დაცქვეტილი ჰქონდა ყურები. იმედოვნებდა, რომ თავის ოთახში ჯდომით ხიფათს აიცდენდა, მაგრამ შეცდა. მისი საწოლის ფანჯარა მალე ვიპოვე. მეორე დღეს, დილაადრიან, კიბით ვისარგებლე, მოსახვევთან რომ ეგდო, ოტელის უკან, კუთხეში, და გამთენიისას მის ოთახში გადავედი. გავაღვიძე და ვუთხარი, შენი აღსასრულის საათმა დაჰკრა-მეთქი. პასუხი უნდა აგო იმ სიცოცხლისათვის, მრავალი წლის წინათ სხვას რომ წაართვი-მეთქი. დრებერის სიკვდილი ავუწერე და ასარჩევად შევთავაზე ერთ-ერთი აბი. იმის ნაცვლად, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი გამოეყენებინა, ლოგინიდან წამოვარდა და ყელში მწვდა. თავს ვიცავდი და დანა გულში გავუყარე.

მეტი თითქმის არაფერი მაქვს სათქმელი, და ეს კარგია, რადგან ძალ-ღონე მელევა. ერთი თუ ორი დღე კიდევ ვიჯექი კოფოზე, ვფიქრობდი, ამით გავიტან-მეთქი თავს. ფულის მოგროვებას და ამერიკაში დაბრუნებას ვაპირებდი. ეზოში ვიდექი, როცა ჩამოძონძილმა ყმაწვილმა მკითხა, აქ ხომ არ ცხოვრობს კებმენი, ჯეფერსონ ჰოუპიო. მერე დასძინა, მისი კები უნდა ერთ ჯენტლმენს, რომელიც ბეიკერსტრიტზე ცხოვრობს №221-ბ სახლშიო. ეჭვი არაფერზე ამიღია, წამოვედი, და ერთი წუთის შემდეგ ამ ახალგაზრდა კაცმა ხელებზე ბორკილები დამადო. აი, მთელი ჩემი ისტორია, ჯენტლმენებო. შეგიძლიათ მკვლელად ჩამთვალოთ, მე კი ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების ისეთივე მსახური ვარ, როგორიც თქვენ.

ისე გაგვიტაცა პატიმრის მოთხრობამ, რომ უსიტყვოდ ვისხედით, ჩვენს ფიქრებში ჩაფლულნი. მხოლოდ ლესტრეიდის ფანქრის ფხაჭუნი არღვევდა დუმილს. მაძებარი სტენოგრამას ამთავრებდა.

- რჩება მხოლოდ ერთი გარემოება, რომლის ახსნასაც უფრო დაწვრილებით ვისურვებდი, - თქვა ბოლოს ჰოლმსმა. - ვინ იყო თქვენი თანამზრახველი, ბეჭდის წასაღებად რომ მოვიდა?

პატიმარმა ჩემს მეგობარს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.

- შემიძლია გულახდილად გაგანდოთ ჩემი საიდუმლოება, - თქვა მან, - მაგრამ მეგობრის გაცემას არ ვაპირებ. მე წავიკითხე განცხადება და ვიფიქრე, შეიძლება ეს მახეა-მეთქი. ჩემმა მეგობარმა იკისრა მოსვლა და ამბის გაგება. ვგონებ დამეთანხმებით, რომ ეს საქმე მარჯვედ გააკეთა.

- უეჭველად, - გულწრფელად მიუგო ჰოლმსმა.

- აბა, ჯენტლმენებო - მედიდურად შენიშნა ინსპექტორმა. - პატივი უნდა ვცეთ კანონს. ოთხშაბათს პატიმარი სასამართლოს წინაშე წარდგება, და მაშინ საჭირო გახდება თქვენი დახმარება. მანამდე კი მასზე სავსებით ვაგებ პასუხს.

დარეკა და ორმა ზედამხედველმა ჯეფერსონ ჰოუპი გაიყვანა. მე და ჩემმა მეგობარმა სკოტლენდ-იარდი დავტოვეთ და კებით დავბრუნდით ბეიკერსტრიტზე.

თავი |X
დასასრული

ოთხშაბათისათვის ყველამ მივიღეთ სასამართლოში გამოცხადების უწყება, მაგრამ ჩვენებების მიცემა არ მოგვიხდა. უზენაესმა მოსამართლემ საქმის გაძღოლა თვითონ ითავა და ჯეფერსონ ჰოუპი სხვანაირი სასამართლოს წინაშე წარდგა. დაპატიმრების მეორე ღამეს ჯეფერსონ ჰოუპს შეტევა ჰქონდა და დილით მისი უსულო გვამი სენაკის იატაკზე იპოვეს. მისი მშვიდი ღიმილი მოწმობდა, რომ სიკვდილის წუთებში ფიქრობდა სიცოცხლეზე, რაც ადამიანთა სასარგებლოდ გაატარა, და ვალზე, რომელიც პირნათლად მოიხადა.

- გრეგსონსა და ლესტრეიდს ჰოუპის სიკვდილი სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს, - შენიშნა ჰოლმსმა. - მათ ხომ რეკლამის შექმნის შემთხვევა დაკარგეს.

- ვერაფერს ვხედავ ისეთს, რომ ჰოუპის დაპატიმრების საქმეში მათი გმირობა გამოსჭვივოდეს, - ვუპასუხე მე.

- რას გააკეთებთ ამ ქვეყანაზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მწარედ ჩაილაპარაკა ჰოლმსმა. - მთავარია აიძულოთ ადამიანები იფიქრონ, რომ თქვენ რაღაც გააკეთეთ. მაგრამ ეს არაფერია, - განაგრძო მაშინვე. - მე არაფრის გულისათვის არ ვიტყოდი უარს ამ საქმის გამოძიებაზე. ჩემს ხსოვნაში ეს ყველაზე უფრო საინტერესო შემთხვევაა. მთელი მისი უბრალოების მიუხედავად მასში იყო რამდენიმე ჭკუის სასწავლი მომენტი.

- მაპატიეთ! - შევძახე მე.

- სწორედ გითხრათ, სხვა გამოთქმა ვერ მიპოვნია. მისი უბრალოების საბუთად ის გამოდგება, რომ რამდენიმე, ფრიად უბრალო დასკვნის დახმარებით რაღაც სამ დღეში მოვახერხეთ დამნაშავის შეპყრობა. უკვე აგიხსენით, რომ დანაშაულის არაჩვეულებრივი ხასიათი აადვილებს ძიებას. ასეთი ხასიათის ამოცანის გადასაწყვეტად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ანალიტიკური განსჯის უნარი.

- გამოგიტყდებით და თქვენი მსჯელობის აზრი ვერ გავიგე.

- შევეცდები აგიხსნათ. როცა ამბავს თანმიმდევრულად აუწერთ ვინმეს. მსმენელები თვითონ ხვდებიან, როგორი იქნება შედეგი. ასე ხდება უფრო ხშირად. ისინი ამ ფაქტებს გონებაში ერთმანეთს უკავშირებენ და აკეთებენ დასკვნას, თუ რა მოხდება შემდეგ. მაგრამ ძალიან იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი დაასახელონ ან აგვიწერონ შედეგის საფუძველზე ცალკეული ფაქტები, რომელთაც ეს შედეგი გამოიწვიეს.

ამ საქმეშიც ცნობილი იყო მხოლოდ შედეგი, ყველაფერი დანარჩენი კი ჩვენ უნდა დაგვედგინა. შევეცდები დაგანახოთ ჩემი მსჯელობის ცალკეული რგოლები. დავიწყებ თავიდან. სახლთან, როგორც იცით, ფეხით მივედი და თავისუფალი ვიყავი ყოველგვარი წინასწარ რწმენისაგან. ბუნებრივია, გზის კვლევა დავიწყე და აშკარად ვნახე კების კვალი, რომელსაც ჩემი ვარაუდით იმ ღამეს უნდა ჩაევლო. ნაკვალევის სიგანეზე შევატყვე, რომ ეს იყო სწორედ კები და არა კერძო ეტლი, რადგან ჩვეულებრივი დაქირავებული ეტლის კვალი საკუთარ ეტლთან შედარებით ვიწროა.

შემდეგ ნელა გავყევი ბაღის გზას. თიხნარი მიწა იყო და ნაკვალევი ძალიან მკაფიოდ შეენახა. ჩემი გავარჯიშებული თვალისათვის ყოველგვარ კვალს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ძიების მეცნიერებაში არ არის მეორე უფრო მნიშვნელოვანი და უფრო შეუსწავლელი უბანი, ვიდრე ნაკვალევის გარჩევის ხელოვნება. საბედნიეროდ, ამას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვაძლევდი და დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. მე შევნიშნე კონსტებლის მძიმე ნაბიჯები, აგრეთვე იმ ორი კაცის კვალი, პოლიციელებზე ადრე რომ გაეთელათ ბაღის ბილიკი. ადვილი იყო იმის დადგენა, რომ ეს ორი კაცი სხვებზე ადრე ყოფილა აქ, რადგან ალაგ-ალაგ მათი ნაკვალევი სრულიად გადაშლილი აღმოჩნდა სხვების ნაფეხურებით. ამრიგად, ჩემს ხელთ აღმოჩნდა მეორე რგოლი, იმის მაჩვენებელი, რომ ღამით ორი ადამიანი ყოფილა, ერთი ტანმაღალი (როგორც გამოვთვალე მისი ნაბიჯის სიგრძის მიხედვით), მეორეს კი მოდაზე ეცვა, რაც მისი ფეხსაცმელის პატარა და მოხდენილი ნაკვალევიდან ჩანდა.

სახლში რომ შევედი, ჩემი ვარაუდი გამართლდა. კოხტად გამოწყობილი და ლამაზფეხსაცმელიანი კაცი მკვდარი იწვა. მაშასადამე, მკვლელობა ტანმაღალმა ჩაიდინა, თუ მოხდა მკვლელობა. მიცვალებულს ტანზე არ აჩნდა ჭრილობა, მაგრამ სახის შეძრწუნებული გამომეტყველება მოწმობდა, რომ თავისი ბედი უფრო ადრე შეიტყო, ვიდრე იგი ეწეოდა. მიცვალებულის ბაგეზე რომ დავიხარე და ჰაერი ჩავისუნთქე, ოდნავ მომჟავო სუნი მეცა და დავამტკიცე, რომ სიკვდილის წინ იძულებული გაუხდიათ საწამლავი დაელია. იგივე დასკვნა გამოვიტანე მისი სახის გამომეტყველებიდან, რომელზედაც სიძულვილი და შიში აღბეჭდოდა. ამ დასკვნამდე გამორიცხვის მეთოდით მივედი, რადგანაც ვერავითარი სხვა ჰიპოთეზა ვერ ხსნიდა ფაქტებს. არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც გაუგონარი რამეა. დანაშაულობათა მატიანეში ასეთი შემთხვევები მრავლადაა.

ახლა კი მთავარი საკითხი: მკვლელობის მოტივი უნდა განმესაზღვრა. ძარცვა გამორიცხული იყო, რადგანაც წაღებული არაფერი აღმოჩნდა. ხომ არ გვქონდა საქმე პოლიტიკურ მოტივებთან ან ამ საქმეში ქალი ხომ არ იყო გარეული? თავიდანვე ამ უკანასკნელი მოტივისაკენ ვიხრებოდი. პოლიტიკური მოტივით მკვლელობის შემდეგ მკვლელები, ჩვეულებრივ, სწრაფად გაქცევას ცდილობენ. ეს მკვლელობა, პირიქით, გულდინჯად იყო ჩადენილი, და მკვლელმა მოურიდებლად წარწერაც კი დატოვა ოთახში. ეს კი იმას მოწმობდა, რომ მკვლელი ამ ოთახში დიდხანს ყოფილა. ასეთ მეთოდურ შურისძიებას იწვევს პირადი მტრობა და არა პოლიტიკური, კედელზე აღმოჩენილმა წარწერამ ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა. ეს აშკარა ნიღაბი იყო. როცა ბეჭედი ვიპოვნეთ, საკითხი სრულიად ნათელი გახდა. მკვლელმა უსათუოდ გამოიყენა ეს ბეჭედი იმისათვის, რომ თავისი მსხვერპლისათვის მოეგონებინა რომელიმე განსვენებული ან სხვაგან მყოფი ქალი. ამან მაიძულა მეკითხა გრეგსონისათვის, ხომ არ მოითხოვა თავის დეპეშაში ცნობები დრებერის პირად ცხოვრებაზე წარსულში. როგორც გახსოვთ, ამაზე გრეგსონმა უარყოფითად მიპასუხა.

მაშინ ოთახის დაწვრილებით შესწავლას შევუდექი. ამან დაადასტურა ჩემი ვარაუდი მკვლელის ტანადობაზე და მომცა დამატებითი ცნობები მისი სიგარების ხარისხისა და ფრჩხილების სიგრძეზე. რაკი ბრძოლის ნიშანწყალი არ ჩანდა, მაშასადამე, სისხლის ლაქები იატაკზე რომ იყო, მოწმობდა, რომ მკვლელს მღელვარებისაგან ცხვირიდან სისხლი წასკდომოდა. შევნიშნე, რომ სისხლის წვეთები მისი ნაბიჯების კვალს ეფარებოდა. სისხლისდენის ეს შემთხვევები მღელვარების შედეგია და ჩვეულებრივ სისხლჭარბ ადამიანებს აქვთ ხოლმე. ამიტომაც გამოვთქვი მოსაზრება, რომ მკვლელი ალბათ მაგარი აღნაგობის, ლოყებღაჟღაჟა კაცია-მეთქი. ამბავთა მსვლელობამ დაადასტურა ჩემი სიმართლე.

სახლი რომ მივატოვე, გავაკეთე ისე, რაც არ გაუკეთებია გრეგსონს, - დეპეშა გავაგზავნე კლივლენდის პოლიციის უფროსთან და შემოვიფარგლე კითხვით ენოქ დრებერის ქორწინების თაობაზე. შემატყობინეს, რომ დრებერს ერთხელ უკვე მიუმართავს კანონისათვის და თავისი ძველი მეტოქის ჯეფერსონ ჰოუპისაგან დაცვა უთხოვია. მომწერეს ისიც, რომ ამჟამად ჰოუპი ევროპაში იმყოფებაო. მაშინ გავიგე, რომ ამ საიდუმლოებით მოცული საქმის გასაღები ხელთ მქონდა. რჩებოდა მხოლოდ მკვლელის მიკვლევა.

ჩემს გულში უკვე გადავწყვიტე, რომ დრებერის თანხლებით სახლში შესული კაცი სხვა არავინ იქნებოდა, თუ არა ის, ვინც კებით იქ მიიყვანა. კვალი მიჩვენებდა, რომ კებში გაბმული ცხენი თავისუფლად დასეირნობდა. ამას პირუტყვი ვერ მოახერხებდა, თუ კოფოზე პატრონი ან ვინმე იჯდებოდა. მაშ, სად იქნებოდა მეეტლე, თუ არა სახლში? ამას გარდა, პირდაპირ სისულელე იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ვინმე ასეთ დანაშაულს ჩაიდენს მესამე პირის თანდასწრებით, რომელიც უსათუოდ გასცემდა. დაბოლოს, დავუშვათ, რომ ერთმა კაცმა განიზრახა მეორის გატყუება სადმე ქალაქგარეთ. საამისოდ ყველაზე უფრო მოხერხებული იქნება, თუ კებმენად დადგება. ყველა ამ მოსაზრებამ იმ მტკიცე დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ჯეფერსონ ჰოუპი სადმე ლონდონელ კებმენებს შორის უნდა მომეძებნა.

არავითარი საფუძველი არ მქონდა მეფიქრა, რომ ის კაცი დაუყოვნებლივ მიატოვებდა თავის საქმეს. მისი აზრით, პროფესიის ასეთი ანაზდეული გამოცვლა, პირიქით, მის წინააღმდეგ ეჭვს აღძრავდა. ალბათ რამდენიმე ხნით მაინც ამჯობინებს მუშაობის გაგრძელებას-მეთქი, ვიფიქრე. არც იმისი მიზეზი არსებობდა, რომ მკვლელი სახელსა და გვარს გამოიცვლიდა. რისთვის უნდა გამოეცვალა სახელი იმ ქვეყანაში, სადაც მისი ნამდვილი სახელი არავინ იცოდა? ამიტომ დავიბარე უსახლკარო ბიჭების ჩემი დივიზია და დავავალე მთელ ლონდონში ეძებნათ კებმენი ჯეფერსონ ჰოუპი. თქვენ გახსოვთ, რა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას, და რა სწრაფად გამოვიყენე მათი აღმოჩენა? სტანგერსონის მკვლელობა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო. მისი წყალობით მივიღე აბი, რომლის არსებობაც უკვე ვარაუდით ვიცოდი. თქვენ ხედავთ, რომ ყველაფერი ეს განუწყვეტელი ლოგიკური დასკვნების ჯაჭვს შეადგენს.

- განსაცვიფრებელია! - შევძახე მე. - თქვენი დამსახურება ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული. უნდა გამოაქვეყნოთ ანგარიში ამ საქმეზე. თუ გნებავთ, ამას თქვენ მაგიერ მე გავაკეთებ?

- თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც გნებავთ, ექიმო, - მიპასუხა ჰოლმსმა, - აი, შეხედეთ! - განაგრძო და გაზეთი გადმომცა.

სტატია, რომელიც მაჩვენა, ჯეფერსონ ჰოუპის საქმეს ეხებოდა.

"მისტერ ენოქ დრებერისა და მისტერ ჯოზეფ სტანგერსონის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ჰოუპის უეცარმა სიკვდილმა საზოგადოებას მოაკლო სიამოვნება თვალყური ედევნებინათ სენსაციური სასამართლო პროცესისათვის. ამ დანაშაულის დაწვრილებითი ისტორია ალბათ არასოდეს არ იქნება გამოქვეყნებული, თუმცა საიმედო წყაროებიდან ვიცით, რომ მკვლელობა გამოწვეული იყო მრავალწლიანი და რომანტიკული მტრობით, რაშიაც ჩარეული იყო სიყვარული და მორმონიზმი. ჩანს, ახალგაზრდობაში ორივე მსხვერპლი ეკუთვნოდა "უკანასკნელ დღეთა წმინდანების" სექტას და ჰოუპსაც, ციხეში გარდაცვლილ მკვლელს, მლაშე ტბის რაიონში უცხოვრია. ეს საქმე, ყოველ შემთხვევაში, ბრწყინვალედ გვიჩვენებს ჩვენი სამძებრო პოლიციის ენერგიასა და უნარიანობას. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დამნაშავის აღმოჩენისა და შეპყრობის პატივი მთლიანად ეკუთვნით სკოტლენდ-იარდის ცნობილ აგენტებს - მისტერ ლესტრეიდსა და მისტერ გრეგსონს. დამნაშავე შეიპყრეს ვინმე შერლოკ ჰოლმსის ბინაში. ჰოლმსმა მოყვარული მაძებრის სახით ერთგვარი უნარი გამოამჟღავნა ძიების საქმეში. შეუძლია იმედი იქონიოს, რომ საქმის ასეთი ოსტატების გვერდით დროთა მანძილზე ერთგვარ წარმატებასაც მიაღწევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაწეული სამსახურისათვის ორივე აგენტი ჯილდოს მიიღებს".

- განა კუდიანივით ეს თავიდანვე არ ვიწინასწარმეტყველე? - შესძახა შერლოკ ჰოლმსმა. - აი, "ალისფერი კვალის" მთელი ჩემი ძიების შედეგები, - სხვისთვის ჯილდოების მოპოვება.

- ფიქრი ნუ გექნებათ, - ვუპასუხე მე. - ჩემს დღიურში ჩაწერილია ამ საქმესთან დაკავშირებული მთელი სიმართლე და თავის დროზე ხალხი ყველაფერს გაიგებს.

??????