დოილი ართურ კონან
გაზიარება

გამოსათხოვარი თავისდაკვრა 

ორი აგვისტოს საღამოს ცხრა საათი იყო. მთელს მსოფლიო ისტორიაში, ალბათ ამაზე უსაშინლესი აგვისტო არც ყოფილა. კაცი იფიქრებდა, რომ სიბილწეში ჩაფლულ დედამიწას უკვე დაატყდა თავს უფლის რისხვა. ირგვლივ ზარდამცემი დუმილი სუფევდა. უძრავი ჰაერი გამასავათებელ ლოდინს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. მზე კარგა ხნის ჩასული იყო, მაგრამ დასავლეთში, ზედ ჰორიზონტზე, ღია ჭრილობასავით ღვიოდა რაღაც სისხლისფერი ლაქა. ცაზე მკაფიოდ ციმციმებდნენ ვარსკვლავები, დაბლა ყურეში გემებიდან დაფრქვეული სინათლე კიაფობდა. ბაღის ბილიკზე, ქვის ზღუდესთან, ორი სახელოვანი გერმანელი ბაასობდა. მათ ზურგს უკან იდგა ქვისმოაჯირიანი გრძელი დაბალი, სახლი, ყოველ მხარეს რომ ფრონტონები ჰქონდა. გერმანელები შვებით დასცქეროდნენ ფართოდ გაშლილ ზღვის მოლივლივე ზედაპირს ცარცის კლდის ძირას, რომლის თავზეც, ოთხი წლის წინ, მძლავრი გადამფრენი არწივის მსგავსად ერთ-ერთი მოსაუბრე, ბატონი ფონ ბორკი, დაჯდა. ისინი ჩუმად მუსაიფობდნენ. მათი სიგარების ანთებული ბოლოები, თუ ქვევიდან შეხედავდით, შეიძლებოდა იმ სიბნელეში ჯოჯოხეთის მოციქული სატანის მოელვარე თვალებად მიგეჩნიათ.

არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ ეს ფონ ბორკი. კაიზერის უერთგულეს აგენტებს შორის ასეთს მეორეს ვერ ნახავდით. ყველაზე საპასუხისმგებლო "ინგლისის მისია" სწორედ იშვიათი ნიჭის წყალობით მიანდეს. იმ წუთიდან კი, რაც მის შესრულებას შეუდგა, მისი ნიჭი სულ უფრო მკაფიოდ იფურჩქნებოდა, რის მოწმეც იყო მხოლოდ ხუთი განდობილი კაცი. ერთ-ერთი იმ ხუთეულთაგანი იყო მის წინ მდგარი საელჩოს პირველი მდივანი ბარონ ფონ ჰერლინგი. უზარმაზარი, ასი ცხენის ძალის მქონე "ბენცი" ფონ ჰერლინგს სოფლის თემშარაზე დაეყენებინა და გზა მთლიანად ჩაეხერგა. იდგა დადუმებული მანქანა სოფლის თემშარაზე იმის მოლოდინში, როდის გააქროლებდა პატრონი ლონდონისკენ.

- თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, კვირის ბოლოს, ალბათ, უკვე ბერლინში იქნებით, - თქვა მდივანმა. - შეხვედრა, რასაც იქ გიმზადებენ, ჩემო ძვირფასო ფონ ბორკ, გაგაოცებთ. ჩემთვის ცნობილია, რა მაღალ შეფასებას აძლევენ თქვენს მოქმედებას ამ ქვეყნის მაღალ წრეებში.

მდივანი იყო ძალზე სოლიდური, სერიოზული კაცი, ახოვანი და მხარბეჭიანი, ლაპარაკობდა ხმადაბლდა, მძიმე-მძიმედ და დამაჯერებლად, რამაც განსაზღვრა მისი წინსვლა დიპლომატიურ სარბიელზე.

ფონ ბორკმა გაიცინა.

- მათი გაცურება არც ისე ძნელია, - შენიშნა ფონ ბორკმა. - წარმოუდგენელია უფრო დამყოლი და გულღია ხალხი.

- არ ვიცი, არ ვიცი, - ფიქრიანად ჩაილაპარაკა მისმა თანამოსაუბრემ. - მათ ხასიათში აქვს რაღაც ზღვარი, მიჯნა, თუ სამანი, რომლის იქით ვერ შეაღწევ, რომლის იქითაც ვერ გადააბიჯებ, და ეს უნდა გვახსოვდეს. ხალხის სწორედ ეს უბრალოება და გულუბრყვილობა უგებს უცხოელებს ხაფანგს. პირველი შთაბეჭდილება მაცთუნებელია. თითქოს ასეთი მორჩილი, რბილი ხალხია და უეცრად წააწყდები რაღაც მტკიცესა და შეუვალს. ხედავ, რომ ესაა მიჯნა, იქით ვერ გადახვალ. არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ეს ფაქტი, ამასთან ყველაფერს უნდა შეგუება. მათ აქვთ საკუთარი, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ადათობრივი პირობითობა, რომელსაც აუცილებლად ანგარიში უნდა გავუწიოთ.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ "კარგი ეტიკეტი", "ყოფა-ქცევის წესები" და სხვა მისთანები?

ფონ ბორკმა ღრმად ამოიოხრა, რითაც საცნაურყო, რომ ამ ცერემონიული ამბებიდან ბევრი უსიამოვნება ჰქონდა ნანახი და განცდილი.

- მე მხედველობაში მაქვს ტიპიური ბრიტანული პირობითობა მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ ერთი ამბავი, რაც მე შემემთხვა, როცა საშინელი შეცდომა დავუშვი. შემიძლია თავს ნება მივცე და ვილაპარაკო საკუთარ მარცხზე, რადგან საკმაოდ კარგად იცნობთ ჩემს მუშაობას და იცით, რაოდენ წარმატებული და ნაყოფიერია იგი. ეს ამბავი აქ ჩემი პირველი ჩამოსვლისას გადამხდა. "უიკენდზე" ვიყავი მიწვეული მინისტრთა კაბინეტის წევრთან ქალაქგარეთ სახლში. საოცრად მოურიდებელი და გაუფრთხილებელი ლაპარაკი გვქონდა.

ფონ ბორკმა თავი დაუქნია. - ვყოფილვარ იქ, - თქვა ცივად.

- ჰოდა, ბუნებრივია, ჩემი დაკვირვების რეზიუმე ბერლინში გავაგზავნე. საუბედუროდ, ჩვენი ძვირფასი კანცლერი ყოველთვის როდი იცავს სიფრთხილეს. ერთი ისეთი შენიშვნა დასცდა, რომელმაც გაამჟღავნა, რომ მან იცოდა, რა საგანზეც მიმდინარეობდა ჩვენი მოლაპარაკება. ინფორმაციის წყაროს გაგება, ცხადია, ძნელი მისახვედრი არ იყო. ვერ წარმოიდგენთ, რა ზიანი მომაყენა ამ ამბავმა. სად გაქრა ჩვენი ინგლისელი მასპინძლების თავაზიანობა და ლმობიერება! თითქოს ამდგვარი რამ არც არსებულა ოდესმე. ორი წელი დამჭირდა, რომ ყველაფერი მიწყნარებულიყო. აი, თქვენ თავი სპორტსმენად მოგაქვთ...

- არა, კი არ მომაქვს, ნამდვილად სპორტსმენი ვარ. დიახ, სპორტსმენად ვარ დაბადებული. მე ვაღმერთებ სპორტს.

- მერე რა, ამით თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტურია. თქვენ მათთან ერთად მონაწილეობთ იალქნოსანთა შეჯიბრებაში, ნადირობთ, თამაშობთ პოლოს - მათ არაფერში ჩამორჩებით. თქვენი გამოსვლა ოთხცხენა ეტლით ოლიმპიაში პრიზით აღინიშნება. ყური მოვკარი, თითქოს კრივშიც კი მონაწილეობთ, ახალგაზრდა ინგლისელ ოფიცრებთან ერთად. მერე, შედეგი? შედეგი ისაა, რომ სერიოზულ ადამიანად თითქმის არავინ გთვლით. ვინა ხართ? "კარგი ბიჭი", "გერმანელობის კვალზე სავსებით წესიერი კაცი", მსმელი, ღამის კლუბების მუდმივი სტუმარი - მხიარული, უდარდელი ახალგაზრდა უსაქმური. ვის მოუვა აზრად, რომ თქვენი წყნარი ქალაქგარეთა სახლი ის ცენტრია, საიდანაც გამოდის ინგლისის სამეფოს უბედურებათა ნახევარი, რომ თქვენთვის სპორტული სარბიელი და საიდუმლო სამსახური ერთი და იგივეა, რომ თქვენა ხართ ყველაზე გაქნილი და უნარიანი კაცი მთელს ევროპაში? თქვენ გენიოსი ხართ, ჩემო ძვირფასო ფონ ბორკ, გენიოსი!

- თქვენ პირფერობთ, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია განვაცხადო, რომ ოთხი წელი ტყუილად არ გამიტარებია ამ ქვეყანაში. თქვენთვის არასოდეს მიჩვენებია ჩემი პატარა საიდუმლო საცავი? იქნებ წუთით შინ შევიდეთ?

კაბინეტი პირდაპირ აივანზე გადიოდა. ფონ ბორკმა კარს უბიძგა, შევიდა, ელექტრო ჩამრთველი გაატკაცუნა და, როგორც კი მის უკან მიმავალმა ფონ ჰერლინგმა ზღურბლს გადააბიჯა, ფონ ბორკმა კარი დახურა და ფანჯრის მძიმე ფარდა ფრთხილად გააფარა. როცა სიფრთხილის ყველა ღონე იხმარა, მხოლოდ მაშინ მიაბრუნა სტუმრისაკენ თავისი მზით გარუჯული, მკვეთრნაკვთებიანი სახე.

- საიდუმლო ქაღალდების ნაწილი უკვე გაგზავნილია, - თქვა მან, - უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი რაც იყო, ცოლმა წაიღო. იგი გუშინ ფლუშინგენში გაემგზავრა თავისიანებთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ დანარჩენის დაცვას საელჩო ითავებს.

- თქვენ უკვე პირადი შემადგენლობის სიაში ხართ ჩაწერილი. ისე რომ, არც პირადად თქვენსა და არც თქვენი ბარგის მიმართ არავითარ გართულებასა და სიძნელეს ადგილი არ ექნება. ვინ იცის, იქნებ არც კი მოგვიხდეს გამგზავრება, თუ ინგლისი საფრანგეთს საშუალებას მისცემს, თვითონ განაგებდეს საკუთარ ბედს. ჩვენ სარწმუნოდ ვიცით, რომ მათ შორის არავითარი ურთიერთდავალების ხელშეკრულება არაა დადებული.

- ახლა ბელგია?

- ბელგიის მიმართაც იგივე ამბავია.

ფონ ბორკმა თავი გააქნია.

- არა მგონია. ბელგიასთან ხელშეკრულება ნამდვილად არსებობს. თუ არადა, ასეთ სირცხვილს ინგლისი კარგა ხანს ვერ ჩამოირეცხავს.

- ყოველ შემთხვევაში, მას ექნება დროებით სულის მოთქმის საშუალება.

- მაგრამ ქვეყნის ღირსება და პატივი...

- ე, ჩემო ძვირფასო, ჩვენ ხომ სარგებლისა და გამორჩენის ეპოქაში ვცხოვრობთ; სახელი და პატივი - შუა საუკუნეების ცნებები გახლავთ, გარდა ამისა, ინგლისი არაა მომზადებული. ეს თითქოს პირდაპირ გაუგებარი ამბავია, მაგრამ თვითონ ჩვენმა სპეციალურმა სამხედრო ბეგარამ, რამაც ორმოცდაათ მილიონს გადააჭარბა, და რომლის მიზანიც ისევე ნათელია, თითქოს "ტაიმსის" პირველ გვერდზე იყოს ყოველივე დაბეჭდილი, ვერაფერს მიახვედრა ეს ხალხი. დროდადრო დასმულ კითხვას მოჰკრავ ყურს. იმ კითხვებზე მე უნდა გავცე პასუხი. დროგამოშვებით უკმაყოფილებაც იფეთქებს ხოლმე. მე უნდა დავაწყნარო ხალხი, ავუხსნა. მაგრამ რაც შეეხება ყველაზე მთავარს - საჭურველის მარაგს, წყალქვეშა ნავების თავდასხმების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ფეთქებად ნივთიერებათა დამზადებას - არაფერი არაა ამ მხრივ გაკეთებული. როგორღა ჩაებმება ინგლისი ნამდვილ პოლიტიკურ ქარტეხილებში, მეტადრე ახლა, როცა ასეთი ჯოჯოხეთური ფაფა ავადუღეთ, ირლანდიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ფურიები ფანჯრებს ამტვრევენ და კიდევ, ღმერთმა იცის, რას არ ვახდენთ, რათა ამ ქვეყნის მთელი ყურადღება შინაურ საქმეებს შეელიოს?

- ინგლისს თავის მომავალზე ფიქრი მოუწევს.

- აი, ეს სხვა საქმეა. მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ძალიან გარკვეული გეგმები ინგლისის მომავლის თაობაზე. თქვენი ინფორმაცია მაშინ ძალიან საჭირო იქნება. მისტერ ჯონ ბულს შეუძლია აირჩიოს - დღეს ან ხვალ. თუ სურთ, დღესვე მოხდეს ყველაფერი, ჩვენ მზად ვართ. თუ ხვალინდელ დღეს ამჯობინებენ, ხვალისთვის მოვემზადებით. ჩემი თვალსაზრისით, ჭკვიანური იქნება, თუ მოკავშირეებთან ერთად იომებენ, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო. მაგრამ ეს მათი საქმეა. ამ კვირამ უნდა გადაწყვიტოს ინგლისის ბედი. მაგრამ თქვენ ხომ თქვენს საიდუმლო ქაღალდებზე მელაპარაკებოდით? - ბარონი სავარძელში ჩაჯდა. მზის სხივები პირდაპირ მის მელოტ კეფაზე ბრწყინავდა. იგი აუღელვებლად ქაჩავდა სიგარას.

მუხის ხით აკრულ და წიგნის თაროებით დამშვენებული დიდი, ფართო ოთახის ბოლოში ფარდა ეკიდა. ფონ ბორკმა ფარდა გადასწია და ფონ ჰერლინგმა თითბრით მოჩუქურთმებული კარგა მოზრდილი სეიფი დაინახა. ფონ ბორკმა საათის ძეწკვიდან გასაღები მოხსნა, რამდენჯერმე გააჩხაკუნა საკეტში და მძიმე კარი გააღო.

- გთხოვთ, - უთხრა სტუმარს, ხელს მოძრაობით მიიპატიჟა და გვერდზე გადგა.

ღია სეიფში შუქი იღვრებოდა და საელჩოს მდივანი დიდხანს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა მის მრავალრიცხოვან განყოფილებებს. მტრედების შესაძრომის მაგვარ ხვრელებზე იარლიყები ეკიდა და ფონ ჰერლინგი კითხულობდა: "ფონები", "ნავსადგურების დაცვა", "ჰაეროპლანები", "ირლანდია", "ეგვიპტე", "პორტსმუტის სიმაგრე", "ლამანში", "როზაიტი" და ათობით სხვა დასახელება. ყველა განყოფილება სავსე იყო დოკუმენტებით, ნახაზებითა და გეგმებით.

- კოლოსალურია! - თქვა მდივანმა. სიგარა გადასდო და მსუქანი ხელებით ტაში შემოჰკრა.

- და ეს სულ ოთხ წელიწადში, ბარონო. მცირე როდია მემამულის, მსმელისა და მონადირისათვის მაგრამ ის ძვირფასი ქვა, რამაც ჩემი კოლექცია უნდა გაამდიდროს, აქ ჯერ კიდევ არაა - მალე ისიც აქ გაჩნდება, ჩარჩო უკვე მომზადებულია. ფონ ბორკმა სტუმარს უჩვენა განყოფილება წარწერით "სამხედრო-საზღვაო სიგნალიზაცია".

- მაგრამ თქვენ აქ უკვე საკმაოდ სოლიდური დოსიე გაქვთ...

- მოძველდა, ეგ ახლა უკვე ცარიელი ქაღალდებია. საადმირალომ რაღაც იყნოსა, განგაში ატეხა და ყველა კოდი შეიცვალა. დიახ, ეს იყო ნამდვილი დარტყმა! არასოდეს ასეთი ჩავარდნა არ მიწვნევია. მაგრამ, ჩემი საჩეკო წიგნაკისა და ყოჩაღი ოლტემონტის წყალობით, დღეს საღამოს ყველაფერი მოგვარდება.

ბარონმა საათს დახედა და მაშინვე სინანულის გამომხატველი ხორხისმიერი ბგერა აღმოხდა.

- არა, კმარა, მეტი ლოდინი არ შემიძლია. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა როგორ ყველაფერი დუღს და გადადუღს კარლტონ-ტერასზე - თქვენ აქ თქვენს ადგილზე ხართ, ყველას თავისი პოსტი უნდა ეჭიროს. იმედი მქონდა, თქვენს ბოლო ნანადირევზე წავიღებდი ცნობას. განა თქვენმა ოლტემონტმა ზუსტად ვერ დანიშნა მოსვლის საათი?

ფონ ბორკმა დეპეშა გაუწოდა.

"აუცილებლად მოვალ. საღამოს ჩამოვიტან ფალიის ახალ სანთლებს.

ოლტემონტი".

- ფალიის სანთლებს?

- იცით, თავს მექანიკოსად ასაღებს, მე კი აქ მთელი გარაჟი მაქვს.

ჩვენი კოდის ყოველი სიტყვა ავტომობილის ტერმინებითაა დაშიფრული. რადიატორზე რომ მწერს, იგულისხმება სახაზო გემი, ზეთი ტუმბოკრეისერია. ფალიის სანთლები - ესაა სამხედრო-საზღვაო სიგნალიზაცია.

- დეპეშა პორტსმუტიდანაა შუადღისას გამოგზავნილი, - თქვა მდივანმა, ქაღალდს რომ დახედა. - სხვათა შორის, რამდენს უხდით?

- ხუთას გირვანქას ვაძლევ მარტო ამ დავალებისათვის. გარდა ამისა, რეგულარულ ხელფასსაც ხომ იღებს!

- ურიგოდ არ ხვეტავს. ისინი ჩვენთვის სასარგებლონი არიან, თავიანთი სამშობლოს გამყიდველები, მაგრამ მაინც საწყენია, გამცემლობისათვის რომ ამდენ თანხას იჯიბავს, თუმცა რა - სისხლის ფასი ფულია.

- ოლტემონტისათვის ფული არ მენანება, ჩინებულად მუშაობს. მართალია, ბევრს ვუხდი, სამაგიეროდ, "ნაღდი საქონელი" მოაქვს, მისივე გამოთქმა რომ გავიმეოროთ. გარდა ამისა, ის სულაც არაა მოღალატე. რაც შეეხება ინგლისისადმი მის დამოკიდებულებას, იგი ჩვენი, ყველაზე უფრო თავგმოდებული მომხრე და მხარდამჭერი, წარმოშობით ირლანდიელი გახლავთ და ამერიკაშია ჩასახლებული.

- აი, რა ყოფილა! ის კაცი ამერიკელი ირლანლიელია?

- ერთი მოგასმენინათ, როგორ ლაპარაკობს და ეჭვიც აღარ შეგეპარებოდათ. ზოგჯერ მისი გაგებაც არ მიჭირს. თითქოს ომი აქვს გამოცხადებული არა მარტო ინგლისისათვის, ინგლისურ ენასაც აუგად იხსენიებს. თქვენ მართლა აღარ შეგიძლიათ ლოდინი? წუთი წუთზე ველი.

- არა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისედაც დავაგვიანე. ხვალ დილაადრიან დაგელოდებით, თუ მოახერხებთ და სასიგნალო კოდებიან ქაღალდს მოიტანთ იორკის ჰერცოგის ძეგლის წინ, ეს ამ კუნძულზე თქვენი მოღვაწეობის ბრწყინვალე ფინალად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ოჰო! ტოკაურია!

თავის ქნევით მიუთითა მაგრად დახუფულ, მტვრით დაფარულ ბოთლზე, რომელიც ორ ჭიქასთან ერთად ლანგარზე იდგა.

- ნება მომეცით წასვლის წინ ერთი ჭიქა შემოგთავაზოთ.

- არა, გმადლობთ. თქვენთან, როგორც ვატყობ, ქეიფი მზადდება.

- ოლტერმონტი ჩინებულად ერკვევა ღვინოებში და ჩემი ტოკაური მოეწონა. ძალიან თავმოყვარე და ფხუკიანია. იოლად იცის განაწყენება და სხვა რა გზაა, უნდა დავუყვავო. გარწმუნებთ, მასთან მუშაობა არც ეგრე იოლია. ისევ გავიდნენ და აივნის ბოლომდე გაიარეს. იმავე წამს ბარონის უზარმაზარი მანქანა, აივნის მხარეს რომ იდგა და ჩიხს ფარავდა, აძაგძაგდა, აგუგუნდა და შოფრის ხელის მსუბუქი შეხებისთანავე შეირხა.

- ეგერ, იქ, ალბათ, ჰარვიზის სინათლეები მოჩანს, - თქვა მდივანმა და სამგზავრო ლაბადა მოიხურა. - რა მშვიდად და წყნარად გამოიყურება ყველაფერი! სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ აქ სხვა ცეცხლი გაჩაღდება და ინგლისის სანაპირო თავის იდილიურ სახეს დაკარგავს. ასევე - ზეცა, თუ ჩვენი სახელოვანი ცეპელინი დაპირებას აასრულებს. ეს ვინღაა, იქ რომ მოყუჩებულა?

შუქი სახლის მხოლოდ ერთ ფანჯარაში ჩანდა. ლამპა ენთო და მაგიდას უჯდა სათნო შესახედავი, ჭაღარა მოხუცი ქალი, მას სოფლური ჩაჩი ეხურა, ქსოვაში იყო გართული და დროგამოშვებით წყვეტდა ხოლმე მუშაობას, რათა მის გვერდით სკამზე მოკალათებული დიდი შავი კატისათვის ხელი გადაესვა.

- მართაა, მოსამსახურე ქალი. სახლში მხოლოდ ის დავიტოვე. - მდივანს ჩაეცინა.

- ბრიტანეთის განსახიერებას ჰგავს - თავის თავში ჩანთქმულა და თვლემს. აბა, ფონ ბორკ, ნახვამდის!

ხელის აქნევით დაემშვიდობა, მანქანაში ჩახტა და იმწამსვე ფარების სინათლემ სიბნელე გაჰკვეთა. მდივანი მდიდრული ლიმუზინის ბალიშებზე გადაწვა და ევროპის მომავალ ტრაგედიაზე ფიქრებში იმდენად ჩაეფლო, რომ ვერც შეამჩნია, მათმა მანქანამ როგორ კინაღამ გადათელა პატარა "ფორდი", როცა სოფლის ქუჩაზე უხვევდნენ და პირისპირ შემოეყარათ.

როცა ლიმუზინის ფარების უკანასკნელი შუქიც ჩაქრა შორეთში, ბარონი თავის კაბინეტში ნელა შებრუნდა. მისი სამუშაო ოთახი ხომ ბაღში გადიოდა და მან შეამჩნია, რომ მოხუცმა მოსამსახურემ ლამპა ჩააქრო და დასაძინებლად დაწვა. დუმილი და წყვდიადი, რამაც ფართო სახლი აავსო, ფონ ბორკისათვის უჩვეულო რამ იყო. ბარონს დიდი ჯალაბი ჰყავდა და გულზე მოეშვებოდა ხოლმე, როცა ყველანი სამშვიდობოს ეგულებოდა. თუ სამზარეულოში მოფუსფუსე მოხუც ქალს არ ჩათვლიდით, იგი სახლში სრულიად მარტო იყო. გამგზავრების წინ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა მოსაწესრიგებელი, ზოგი რამ საბუთი უნდა მოესპო კიდეც. საქმეს შეუდგა და მანამდე მუშაობდა, ვიდრე მისი საზრიანი, ლამაზი სახე ქაღალდებისაგან დანთებულმა ცეცხლის ალმა არ გააწითლა. მაგიდასთან იატაკზე იდგა ტყავის ჩემოდანი. ფონ ბორკმა სეიფში შემონახული ძვირფასი ქაღალდების ჩალაგებას მიჰყო ხელი. უცებ შორით მომავალი ავტომობილის ხმა შემოესმა. მან სიხარულით რაღაც შესძახა, ჩემოდანს ღვედები შემოაკრა, სეიფი დაკეტა და საჩქაროდ აივანზე გავიდა. სწორედ ამ დროს გაჩერდა ჭიშკართან პატარა ავტომობილი. იქიდან გამოვარდა მაღალი კაცი და სწრაფად გამოეშურა ბარონისაკენ. მძღოლი, მკვრივი, ხანდაზმული, ულვაშებიანი, შეჭაღარავებული კაცი თავის ადგილზე ისე მოხერხებულად დაჯდა, ეტყობოდა, ლოდინი კარგა ხანს მოუწევდა.

- როგორაა საქმე? - ჰკითხა ფონ ბორკმა და სირბილით შეეგება მოსულს.

პასუხის ნაცვლად მაღალმა კაცმა თავს ზემოთ ტრიუმფალურად შეათამაშა პატრა შეკვრა.

- კი, მისტერ, დღეს კმაყოფილი დარჩებით! - შესძახა, - საქმე გაიკვაჭა.

საიდუმლო კოდია?

- დიახ, როგორც დეპეშაში ვწერდი. ყველა საიდუმლო ნიშანი აქ გახლავთ - ხელით სანიშნებელი ლამპით, მაროკნით - ცხადია, ასლები მოგიტანეთ, დედნები ძალიან საშიში იქნებოდა. მაგრამ საქონელი ნამდვილად ღირს ერთ რამედ.

მოსულმა ტლანქად, ვითომ შინაურულად დაჰკრა ხელი მხარზე გერმანელს. ბარონი მოიღუშა.

- შემოდით, შინ მარტო ვარ, - უთხრა. - ასლები, უეჭველია, დედნებზე უკეთესი რამ იქნება. ორიგინალი რომ დაკარგულიყო, ყველა კოდი მაშინვე შეიცვლებოდა. როგორი ასლებია? ყველაფერი სწორია? როგორ ფიქრობთ?

კაბინეტში რომ შევიდა, ამერიკელი ირლანდიელი სავარძელში ჩაჯდა და გრძელი ფეხები გაჭიმა. სამოც წელს მისცემდით, ძალიან მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო, მკვეთრი, მკაფიო სახის ნაკვთები ჰქონდა. პატარა, თხასავით წვერი ძია სემს ამსგავსებდა, როგორც კარიკატურებზე ხატავენ ხოლმე. პირის ერთ კუთხეში მოწეული სიგარის ჩამქრალი ნარჩენი ედო. დაჯდა თუ არა, უმალვე მოუკიდა.

- გზას ადგეხართ? - იკითხა მას მერე, რაც თვალი ირგვლივ მიმოატარა. მზერა სეიფზე შეაჩერა, რომელიც აღარ იყო ფარდით დაფარული. ახლა არ მითხრათ, რომ ამ ყუთში ინახავთ თქვენს ყველა ქაღალდს!

- რატომაც არა?

- ეშმაკმა დალახვროს - ამ ჯაბახანაში? თანაც უმაღლესი კლასის ჯაშუშად ითვლებით. რომელიც გნებავთ ქურდი იანკი მას ჯიბის დანითაც კი გააღებს, მე რომ მცოდნოდა, ჩემს წერილებს ასეთ სკივრში ინახავდით, სულაც არაფერს მოგწერდით.

- ამ სეიფს ვერცერთი ბაცაცა ვერაფერს დააკლებს. - მიუგო ფონ ბორკმა. - ლითონი, რისგანაც ისაა დამზადებული, არც ერთი ხელსაწყოთი არ იჭრება.

- კლიტეს რას უზამთ?

- კლიტე განსაკუთრებით, ორმაგი საკეტი აქვს, გაიგეთ?

- არაფერიც არ მესმის!

- ეს კლიტე რომ გააღო, უნდა იცოდე განსაკუთრებული სიტყვა და გარკვეული ციფრი, - ფონ ბორკი ადგა და აჩვენა ორმაგი დისკი ბოქლომის ხვრელთან. - გარეთა წრე ასოებისაა, შიდა - ციფრებისა.

- დიდებულია, დიდებული!

- ისე უბრალოც არაა, როგორც გეგონათ. ოთხი წლის წინ შევუკვეთე, და იცით, რა სიტყვა და ციფრი ავარჩიე?

- საიდან მეცოდინება?

- მაშ მოისმინეთ: სიტყვა - "აგვისტოა", რიცხვი - 1914. გაიგეთ?

ამერიკელის სახეზე აღტაცება გამოიხატა.

- აი, ეს მარჯვე მიგნებაა, ღმერთმანი! ესე იგი პირდაპირ გამოიცანით, - შესძახა გაოცებულმა.

- დიახ, ზოგ ჩვენგანს უკვე მაშინ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ზუსტი თარიღი. აი, ახლა დრო დადგა და ხვალ დილით ყველა საქმეს მოვამთავრებ.

- მომისმინეთ, მისტერ, თქვენ მეც უნდა გამიყვანოთ აქედან. ამ წყეულ ქვეყანაში ვერ გავჩერდები. ერთიც ვნახოთ, ამ ერთი კვირის შემდეგ, ან უფრო ადრეც, ჯონ ბული უკანა ფეხებზე შედგეს და აბობოქრდეს. ვამჯობინებ, ასეთ ამბავს ოკეანის გადაღმიდან ვუყურო.

- მაგრამ თქვენ ხომ ამერიკელი მოქალაქე ხართ!

- მერე რა? ჯეკ ჯეიმსიც ამერიკელი მოქალაქეა, მაგრამ ახლა თავის სასჯელის ვადას პორტლენდში იხდის. ინგლისელ პოლიციელს ყინულივით გაბლიკებულ გულს ვერ მოულბობთ იმით, თუ განუცხადებთ, რომ ამერიკელი ხართ. "აქ ჩვენ საკუთარი კანონები გვაქვს, ბრიტანულიო", - გეტყვის. ჰო, რაკი სიტყვა მისტერ ჯეკ ჯეიმსზე ჩამოვარდა, უნდა გითხრათ, მეჩვენება, რომ სრულიად არ უფრთხილდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენ გემსახურებიან.

- რას გულისხმობთ და რა გინდა თქვათ? - მკვახედ ჰკითხა ფონ ბორკმა.

- თქვენ ხომ მათი უფროსივით ხართ, არა? თქვენ ხომ უნდა იზრუნოთ, რომ ისინი არ გაებან. სინამდვილეში კი ბევრი მათგანი უკვე გაება და ერთიც კი არ გამოიხსენით? ავიღოთ თუნდაც იგივე ჯეიმსი...

- ჯეიმსი თვითონაა დამნაშავე, ეს თქვენ კარგად იცით. საქმეში მეტად უგერგილოდ ირჯებოდა.

- ჯეიმსი ლაყე თავია, გეთანხმებით. მაგრამ ჰოლისი?

- ჰოლისი გიჟივით იქცეოდა.

- კი, ბოლო დროს ცოტა აურია. აურევ, როცა დილიდან დაღამებამდე თამაშობ, როგორც თეატრში, ირგვლივ კი ასობით პოლიციელი მეძებარი დაძრწის - სულ იმას უნდა ელოდე, რომ ჩაგავლებენ და მორჩა... რაც შეეხება სტეინერს...

ფონ ბორკი ისე შეკრთა, რომ წითური სახე ერთიანად გაუთეთრდა.

- სტეინერს რა მოუვიდა?

- რა უნდა მოსვლოდა, ისიც შეიპყრეს. გუშინ ღამით დაეცნენ მის დუქანს, ახლა ისიცა და ყველა მისი ქაღალდიც პორტსმუტის ციხეშია. თქვენ გაუჩინარდებით, იმ საცოდავს კი ცხელი დღე მოელის, კიდევ ბედი, თუ ცოცხალი გადარჩა. აი, ამიტომაც მინდა, დაუყოვნებლივ გადავბარგდე ოკეანის გადაღმა.

ფონ ბორკი ძლიერი ხასიათის კაცი იყო, თავშეკავებული, მაგრამ სულ ადვილად შეამჩნევდით, რომ ამ ახალმა ამბავმა მას თავზარი დასცა.

- როგორ მიაგნეს სტეინერს? - ბუტბუტებდა იგი, - აი, ეს ნამდვილად თავზარდამცემი ამბავია.

- შეიძლება უარესიც მოხდეს, იქნება ჩემზეც მოუწვდეთ ხელი და მეც დამიჭირონ.

- როგორ გეკადრებათ!

- მერწმუნეთ. ჩემი ბინის დიასახლისთან ვიღაც მაძებრები მისულან და თურმე ჩემს ამბავს ეკითხებოდნენ. ეს რომ გავიგე, გავიფიქრე, დროა გუდა-ნაბადი ავიკრა და ავითესო-მეთქი. აი, ეს კი ვერ გამიგია, მისტერ, როგორ ახერხებენ პოლიციის მაძებრები ასეთი რამეების დაყნოსვას? მას შემდეგ, რაც ჩვენ აქ შევთანხმდით, სტეინერი უკვე მეხუთეა, რომელსაც ჩაავლეს, და მე ვიცი, ვინც იქნება მეექვსე, თუ დროით არ გავასწარი. როგორ ახსნით ყოველივე ამას? ანდა როგორ არა გრცხვენიათ, თავისიანებს რომ დასაღუპად სწირავთ?

ფონ ბორკი ბრაზისაგან აენთო.

- როგორ ბედავთ ჩემთან ასე ლაპარაკს?

- არ ვიქნებოდი ასე თამამი, მისტერ, ასეთ სამუშაოზე რომ არ აგეყვანეთ. მაგრამ მე ყველაფერს გულახდილად გადმოგილაგებთ. გამიგონია, აგენტი რომ თავის საქმეს მორჩება, თუ მას გააქრობენ, თქვენ, გერმანელი პოლიტიკოსები, გლოვით თავს არ იტკიებთ.

ფონ ბორკი სავარძლიდან წამოიჭრა.

- თქვენ გყოფნით თავხედობა განაცხადოთ, რომ მე საკუთარ აგენტებს ვღალატობ?

- ამას არ ვამბობ, მისტერ, მაგრამ ვიღაც მოღუღუნე მტრედი გამოჩნდა, რომელიც ჩვენებსაც ემსახურება და თქვენებსაც. თქვენ კი მოვალე ხართ გამოჩხრიკოთ, ვინ არის იგი. ყოველ შემთხვევაში, მე ამ საქმიდან ხელი დამიბანია.

ფონ ბორკმა სიფიცხე დაიცხრო.

- ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ ერთად და ახლა, გამარჯვების წინ, საჩხუბარი არა გვაქვს რა, - თქვა მან, - თქვენ მუშაობდით ბრწყინვალედ, მიდიოდით დიდ რისკზე და ამას არ დაგივიწყებთ. რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჰოლანდიაში გაემგზავროთ. როტერდამში გემში ჩაჯდეთ და ნიუ-იორკში წახვიდეთ. ყველა სახომალდო ხაზი ერთი კვირის შემდეგ სახიფათო იქნება. ასე რომ, ამ თქვენს სიას ავიღებ და სხვა დოკუმენტებთან ერთად შევინახავ.

ამერიკელი პაკეტს ხელიდან არ იშორებდა.

- მონეტის ამბავი როგორღა იქნება?

- რა თქვით?

- აი, ფულების ამბავი. შრომის ანაზღაურებისა. ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემი ხუთასი გირვანქა მერგება და კეთილი. მაგრამ ვინც ეს საქმე მომიკვარახჭინა, ბოლო დროს ისე გაჯიქდა, დაყაბულება მომიხდა. ასი დოლარი მივაშავე. არ მიმეცა და მშრალზე დაგვტოვებდა მეცა და თქვენც. "არ გამოვაო", მეუბნება და, ვხედავ, არ ხუმრობს. ასე რომ მთელი ამ ნაჯაფისათვის ორასი დოლარი მივეცი. ვიდრე ჩემსას არ მივიღებ, ქაღალდებს არ მოგცემთ.

ფონ ბორკმა მწარედ გაიღიმა.

- თქვენ, ეტყობა, არც ისეთი მაღალი შეხედულება გაქვთ ჩემს წესიერებაზე, - თქვა მან - ხომ არა გნებავთ ფული მანამ მიიღოთ, ვიდრე ქაღალდებს ჩამაბარებდით?!

- რას იზამთ, მისტერ, საქმიანი ხალხი ვართ.

- კარგი, იყოს ნება თქვენი. - ფონ ბორკი მაგიდას მიუჯდა, ჩეკი შეავსო, ჩეკის წიგნაკიდან ფურცელი ამოხია, მაგრამ გადაცემას არ ჩქარობდა. - რაკი ჩვენ, მისტერ ოლტერმონტ, ასეთ ურთიერთობაზე გადავედით, მე რაღად უნდა გენდოთ იმაზე მეტად, რამდენადაც თქვენ მენდობით? გესმით ჩემი? - დასძინა და მხარს უკან მჯდარ ამერიკელს გადახედა - მე ჩეკს მაგიდაზე დავდებ და უფლებას ვიტოვებ, პაკეტში გახვეული ქაღალდები დავათვალიერო, მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ ნებას, აიღოთ ჩეკი.

ამერიკელმა უსიტყვოდ გადასცა პაკეტი. ფონ ბორკმა ზონარი გახსნა და ორმაგი შესახვევი ქაღალდი მოაშორა. რამდენსამე წამს იგი თვალს არ აცილებდა და გაოცებული დასცქეროდა ლურჯ გარეკანში ჩასმულ პატარა წიგნს, რომელზედაც ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: "პრაქტიკული სახელმძღვანელო მეფუტკრეობაზე". მაგრამ ფონ ბორკს ამ წარწერის ცქერა დიდხანს არ მოუხდა. ვიღაცის რკინის მარწუხივით მაგარი ხელები უცებ შემოეჭდო კისერზე და სახეზე ქლოროფორმით გაჟღენთილი ღრუბელა მიადეს.

- ერთი ჭიქაც, უოტსონ? - თქვა მისტერ შერლოკ ჰოლმსმა და ტოკაურის ბოთლი გაუწოდა.

მკვრივმა, ჩასკვნილმა შოფერმა, რომელიც მაგიდას უჯდა, ხალისით მისწია თავისკენ სასმისი.

- ღვინო ურიგო არაა, ჰოლმს.

- ჩინებულია, უოტსონ. ჩვენი მეგობარი, ახლა დივანზე რომ წევს, მარწმუნებდა, ფრანც-იოსების პირადი სარდაფისა არისო, შოენბრუნის სასახლიდან. ფანჯრის გაღებას გთხოვთ, თუ შეიძლება. ქლოროფორმის ანაორთქლი ამო სურნელს არ აფრქვევს და სასიამოვნო გრძნობებს ვერ აძლიერებს.

სეიფი ღია იყო და ჰოლმსი იქიდან, დოსიეს დოსიეზე ალაგებდა, სწრაფად ათვალიერებდა და მერე კოხტად აწყობდა ფონ ბორკის ჩემოდანში. გერმანელს დივანზე ეძინა, ხვრინავდა და მძიმედ სუნთქავდა. ხელ-ფეხი კი ღვედით ჰქონდა შეკრული.

- შეგვიძლია არ ვიჩქაროთ, უოტსონ. ხელს ვერავინ შეგვიშლის. თუ შეიძლება, ზარის ღილაკს დააჭირეთ თითი. სახლში მოხუცი მართას მეტი არავინაა. თავისი როლი იმანაც ჩინებულად შეასრულა. იგი მაშინვე მოვაწყვე აქ, როგორც კი ამ საქმის ძიებას მოვკიდეთ ხელი. აი, მართა, ეს თქვენა ხართ? ალბათ გესიამოვნებათ იმის გაგება, რომ საქმე კარგად მიდის.

პატივცემული მოხუცი ქალი კარებში იდგა. იგი ღიმილით მიუჯდა გვერდით ჰოლმსს, მაგრამ დივანზე გაშხლართული ფონ ბორკის ფიგურას ერთგვარი შიშით გადახედა.

- ნუ ღელავთ, მართა. არავითარი ზიანი არ მოსვლია.

- ძალიან მიხარია, მისტერ ჰოლმს. თავისებურად ურიგო ბატონი როდია. ისიც კი უნდოდა, რომ მის ცოლს გერმანიაში გავყოლოდი, მაგრამ ეს თქვენს დავალებასა და საქმეს აშკარად ხელს შეუშლიდა, ხომ მართალია, სერ?

- რაღა თქმა უნდა, ვერ წახვიდოდით. თქვენ რომ აქ მეგულებოდით, დამშვიდებული ვიყავი. მაგრამ წუხელ კარგა ხანს ველოდეთ თქვენს სიგნალს.

- მდივნის მიზეზით დავაგვიანე, სერ.

- ჰო, ვიცი, ჩვენ მის მანქანას გზაზე გადავეყარეთ.

- მე უკვე ვფიქრობდი, ეს კაცი თავის გზაზე არასოდეს აღარ წაშავდება-მეთქი. ვიცოდი, სერ, მისი აქ დახვედრა თქვენს განზრახვას რომ არ ეთანხმებოდა.

- რა თქმა უნდა, არა. ნახევარი საათი ვიცადეთ, რა დაშავდა! როგორც კი თქვენი ლამპა ჩაქრა, მივხვდი, რომ გვანიშნეთ, გზა თავისუფალიაო. მართა, ხვალ შეგიძლიათ ჩემთან შემოიაროთ, ოტელ "კლარიჯში".

- მესმის, სერ.

- ვფიქრობ, გასამგზავრებლად ყველაფერი გამზადებული გაქვთ.

- დიახ, სერ. დღეს შვიდი წერილი გაგზავნა. როგორც ყოველთვის, მისამართები გადმოვიწერე.

- ჩინებულია, მართა. მათ ხვალ გადავხედავ. ღამე ნებისა. ამ ქაღალდებს, - განაგრძო მან, როცა მოხუცი ქალი გავიდა, - დიდი ღირებულება არა აქვს. ცნობები, რომელსაც ისინი შეიცავენ, დიდი ხანია გერმანიაშია გადაგზავნილი. ესაა დედნები, რომელთა გატანა საზღვარგარეთ არც ეგრე იოლია.

- მაშ უსარგებლო ქაღალდებია?

- ამას ვერ ვიტყოდი, უოტსონ. ყოველ შემთხვევაში, ამ ქაღალდებით შეგვიძლია გავიგოთ, რა არის ცნობილი გერმანული დაზვერვისათვის და რა არა. უნდა შევნიშნო, რომ ზოგი მათგანი ჩემი ხელიდან გადიოდა და მათ არავითარი ფასი არა აქვთ. ხანდაზმულობაში სიამოვნებით მივადევნებ თვალს, როგორ შევა გერმანელთა კრეისერ სოლენტში, დანაღმვის იმ სქემით, რომელიც ჩემი შედგენილია. აბა, უოტსონ, ერთი შემოგხედოთ. ჰოლმსმა საქმე გადადო და მეგობარს ხელი მხრებზე მოუთათუნა. - შუქზე ჯერ არ დამინახიხართ, ხომ არ შეიცვალეთ ამ ხნის მანძილზე? მგონი, ისეთივე სიცოცხლით აღსავსე ჭაბუკად დარჩით, როგორც ყოველთვის იყავით.

- ახლა ოციოდე წლით ახალგაზრდა მგონია თავი, ჰოლმს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამეხარდა, როცა მივიღე თქვენი დეპეშა წინადადებით, რომ თქვენთან ჰარვიკში ჩამოვსულიყავი. ჰოლმს, თქვენ თითქმის არ შეცვლილხართ. მხოლოდ ეს საშინელი წვერი...

- სამშობლო მსხვერპლს ითხოვს, უოტსონ, - და ჰოლმსმა ნიკაპზე წამოზრდილი თხელი წვერი მოსწია, - ხვალ ეს მხოლოდ მოგონებად იქცევა, წვერს მოვიპარსავ, კიდევ რაღაც შეიცვლება გარეგნობაში და ისევ ის ჰოლმსი ვიქნები "კლარიჯში", როგორიც ვიყავი, ვიდრე ამერიკელ მოქალაქეს გავითამაშებდი. მაპატიეთ, ძვირფასო უოტსონ, მე ალბათ სულ გადავეჩვიე ინგლისურად ლაპარაკს. მინდოდა მეთქვა, როგორიც ვიყავი მანამდე, ვიდრე ამერიკელის როლში გამოვიდოდი.

- მაგრამ თქვენ ხომ სამძებრო საქმეებს ჩამოსცილდით, ჰოლმს. ჩვენამდე ისეთი ხმები მოდიოდა, თითქოს თქვენ სამხრეთ დაუნის განდეგილის ცხოვრებას ეწეოდით, თქვენს ფუტკრებთან და წიგნებთან ერთად პატარა ფერმაში გამოკეტილი.

- სრული სიმართლეა, უოტსონ. და აი, ამ უკანასკნელი წლების ნაყოფი, ქფპტგქ წზგთ (მთავარი ნაწარმოები). - მაგიდიდან წიგნი აიღო და ხმამაღლა წაიკითხა: "პრაქტიკული სახელმძღვანელო ფუტკრის მოშენებაზე, აგრეთვე დედაფუტკრის გამონაყოფზე წარმოებული ზოგიერთი დაკვირვება". - "ეს მე ერთმა მოვიმოქმედე" (შექსპირი). შეხედეთ ღამეული ფიქრებისა და გრძელი დღეების შრომის ნაყოფს, ოფლის ღვრით მოპოვებულ შედეგს, როდესაც თვალს ვადევნებდი შრომისმოყვარე ფუტკრების გარჯას სწორედ ისევე, როგორც ოდესღაც ლონდონში ვაკვირდებოდი დამნაშავეთა მოქმედებას.

- მაგრამ როგორ მოხდა, რომ ისევ ამ სამუშაოს მოჰკი-დეთ ხელი?

- თვითონაც არ ვიცი. როგორ გითხრათ: საგარეო საქმეთა მინისტრის შემოტევას კიდევ გავუძლებდი, მაგრამ, როცა თვითონ პრემიერ-მინისტრმა ინება ჩემს მყუდრო სახლში მობრძანება... საქმე ისაა, უოტსონ, რომ ეს ჯენტლმენი, დივანზე რომ წევს, მაგარი კაკალი აღმოჩნდა ჩვენი კონტრდაზვერვის მოსამსახურეთა კბილებისათვის. თავისებურად ეს უმაღლესი რანგის სპეციალისტია. ჩვენთან რაღაც საქმეები ირეოდა და ვერავინ მიხვდა და გაიგო, რა ხდებოდა და რა მიზეზით. ვიღაც-ვიღაცეებზე ჰქონდათ ეჭვი, იჭერდნენ კიდეც აგენტებს, მაგრამ ბოლოს ცნობილი ხდებოდა, რომ მათ საქმიანობას ვიღაცის ძლიერი ხელი წარმართავდა. აუცილებელი იყო მისი მიგნება და უვნებელყოფა. ძლიერი იერიში მოიტანეს, პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ ამ საქმისათვის ხელი მომეკიდა. ორი წელი შევწირე ამას უოტსონ, და ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო მღელვარება არ განმაცდევინა. ჯერ ჩიკაგოში ჩავედი, საიდუმლო ირლანდიურ საზოგადოებაში, ბუფალოში სკოლა გავიარე. მცირე საზრუნავი როდი გავუჩინე სკიბერინის კონსტებლებს, ბოლოს და ბოლოს ფონ ბორკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წვრილი აგენტის ყურადღება მივიქციე. ბორკმა, როგორც სრულიად შესაფერისი კაცი, ჩემი თავი შეფს წარუდგინა. მალე მოვიპოვე ფონ ბორკის ნდობა, თუმცა ბორკის საქმეები რატომღაც სულ იფუშებოდა, ხუთი საუკეთესო აგენტი საპატიმროში მოხვდა. მე ვზვერავდი და შეუნელებელი ინტერესით ვუთვალთვალებდი აგენტებს, იმწამსვე ვიჭერდი მათ, როგორც კი საქმე მომწიფდებოდა ხოლმე... აბა, სერ, იმედი მაქვს, არც ისე ცუდად გრძნობთ თავს?

ეს უკანასკნელი შენიშვნა მიმართული იყო ფონ ბორკისადმი, რომელიც თავდაპირველად წყლიდან ამოყვანილი ლოქოსავით ისუნთქავდა ჰაერს, სული ეხუთებოდა, თვალებს ხშირად ახამხამებდა, მერე კი მშვიდად იწვა და ჰოლმსის მოთხრობას ისმენდა. უეცრად სახე ბრაზით მოეღრიცა და მისი პირიდან გერმანული ლანძღვის ნიაღვარმა იფეთქა; ვიდრე ტყვე ილანძღებოდა, ჰოლმსი სწრაფად და საქმიანად სინჯავდა დოკუმენტებს.

გერმანული ენა თუმცა მუსიკალობას მოკლებულია, მაგრამ ყველა ენაზე უფრო გამომეტყველია, - შენიშნა ჰოლმსმა, როცა ძალაგამოცლილი ფონ ბორკი გაჩუმდა. - ეჰე, ეტყობა კიდევ ერთი ჩიტი გაება მახეში! - შესძახა ჰოლმსმა და დააკვირდა რაღაც ნახაზის პირს. - დიდი ხანია შენიშნული მყავს ეს ხაზინდარი, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთი არამზადა აღმოჩნდებოდა. მისტერ ფონ ბორკ, თქვენ ძალიან ბევრრამეზე მოგიხდებათ პასუხისგება.

ტყვემ დიდი ვაივაგლახით წამოიწია და თავის მტერს შეხედა, ამ გამოხედვაში იყო გაოცებისა და სიძულვილის ნაზავი.

- მე თქვენ ანგარიშს გაგისწორებთ, ოლტემონტ, - დაიწყო წყნარად ფონ ბორკმა, იგი ყოველ სიტყვას გამოკვეთილად წარმოთქვამდა. - თუნდაც ამას შეეწიროს მთელი ჩემი ცხოვრება, აუცილებლად გაგისწორდებით.

- კეთილი ძველი სიმღერაა, - მიუგო ჰოლმსმა. - რამდენჯერ მსმენია ის გარდასულ დროში! ეგ ნეტარხსენებული პროფესორ მორიარტის საყვარელი მოტივი იყო. როგორც ცნობილია, პოლკოვნიკ სებასტიან მორენსაც უყვარდა ეს სიმღერა. მე კი დღემდე ცოცხალი ვარ და საუთდაუნში ფუტკრებს ვუვლი.

- წყეულიმც იყავ, ორგზის მოღალატევ! - შესძახა გერმანელმა, რომელიც ღვედებისაგან თავის დახსნას ლამობდა და ჰოლმსს მძულვარე თვალებით ნთქავდა.

- არა, არა, საქმე არც ისე ცუდადაა, - გაიღიმა ჰოლმსმა. - როგორც ჩემი ლაპარაკიდან გაიგებდით, მისტერ ოლტემონტ ჩიკაგოელი ფაქტიურად არ არსებობს, მე მისი სახელი გამოვიყენე და ახლა საპნის ბუშტივით გაქრა.

- მაშ ვინა ხართ?

- საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ თუ ასე გაინტერესებთ, მოგახსენებთ, მისტერ ფონ ბორკ, რომ თქვენი ოჯახის წევრებს კარგა ხანია ვიცნობ. არაერთი საქმე გავხსენი გერმანიაში და იქნებ ჩემი სახელი თქვენთვის უცნობი არ იყოს.

- მინდა ვიცოდე, - თქვა კუშტად პრუსიელმა.

- ჩემი ხელშეწყობით გაწყდა კავშირი აირინ ადლერსა და ბოჰემიის განსვენებულ მეფეს შორის, როცა თქვენი ბიძაშვილი ჰაინრიხი ელჩად იყო. მე გადავარჩინე გრაფი ფონ გრაფენშტეინი, თქვენი დედის უფროსი ძმა, როცა ნიჰილისტ კოპმენის ხელით სიკვდილი ემუქრებოდა. მე...

განცვიფრებული ფონ ბორკი წამოჯდა.

- არის მხოლოდ ერთი ადამიანი, - წამოიყვირა ფონ ბორკმა, - რომელმაც...

დიახ, დიახ...

- სწორედაც - დაუმოწმა ჰოლმსმა.

ფონ ბორკმა დაიკვნესა და ისევ დივანზე დავარდა.

- და თითქმის მთელი ინფორმაცია თქვენგან მოდიოდა! - შესძახა მან. - რა ფასი აქვს ასეთი ინფორმაციას? ეს რა ჩავიდინე და რა მოვიმოქმედე? მე განადგურებული ვარ! ჩემი კარიერა სამუდამოდ დაიღუპა!

- თქვენი მასალა, რა თქმა უნდა, ვერ არის საიმედო, - თქვა ჰოლმსმა. - იგი გადამოწმებას მოითხოვს, მაგრამ საამისოდ ძალიან ცოტა დრო გაქვთ. თქვენი ადმირალი შეიტყობს, რომ ახალი ქვემეხების ყელი ბევრად უფრო ფართო და დიდია, კრეისერები კი რამდენადმე უფრო სწრაფად დაცურავენ, ვიდრე ადმირალი ფიქრობს.

სასოწარკვეთილმა ბორკმა ყელში ხუთვა იგრძნო.

- თავის დროზე ნათელი მოეფინება თქვენი წარუმატებელი მუშაობის სხვა ბევრ წვრილმან მხარესაც, - განაგრძობდა ჰოლმსი, - მაგრამ თქვენ გაქვთ ერთი ძვირფასი ნიჭი, რაც ასე იშვიათი რამაა გერმანელებისათვის, თქვენ სპორტსმენი ხართ. ჩემდამი პრეტენზია აღარ გექნებათ, როცა გაიგებთ, რომ თქვენ, ვინც მრავალი ვინმე გააბრიყვეთ და ანკესზე წამოაგეთ, თვითონ აღმოჩნდით ჩემგან გაბრიყვებული და ანკესზე წამოგებული. თქვენ თქვენი ქვეყნის სიკეთისათვის მეცადინეობდით, მეც - ჩემი ქვეყნისათვის ვირჯებოდი. რა უნდა იყოს ამაზე უფრო ბუნებრივი? ამას გარდა, - დასძინა სრულიად უბოროტოდ და ხელი გართქმულ ფონ ბორკს მხარზე დაადო, - მაინც ჯობს კეთილშობილი მტრის ხელით დაღუპვა. უოტსონ, ყველა ქაღალდი გასინჯულია. თუ ტყვის აწევაში მომეშველებით, მგონი დროა, რომ პირდაპირ ლონდონს გავეშუროთ.

ფონ ბორკის ადგილიდან დაძვრა იოლი არ აღმოჩნდა. იგი ძლიერიც იყო და საშიშიც, სასოწარკვეთილებამ კი ორმაგი ძალა მისცა. ბოლოს, ორმა მეგობარმა გერმანელს ორსავე მხარეს იდაყვებში ჩაავლო ხელი და ნელა წააძუგძუგეს ბაღის გზაზე. ეს სწორედ ის გზა გახლდათ, რომელზედაც ფონ ბორკი ამ ორიოდე საათის წინ ასე თავდაჯერებული დააბიჯებდა და სახელგანთქმული დიპლომატის ქათინაურებს იფერებდა. ხანმოკლე ჭიდილის შემდეგ ჯერ კიდევ შეკოჭილი გერმანელი პატარა მანქანის თავისუფალ ადგილზე დასვეს და ძვირფასი ჩემოდანიც მის გვერდით ჩატენეს.

- მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოხერხებულად მოგათავსეთ, რამდენადაც გარემოება ამის საშუალებას იძლევა? - მიმართა ჰოლმსმა, როცა ყველაფერი დამთარდა, - კადნიერებად ხომ არ ჩამითვლით, თუ სიგარას მოვუკიდებ და პირში ჩაგიდებთ?

მაგრამ გაცოფებულ გერმანელთან მთელი ეს თავაზიანობა წყალში იყო გადაყრილი:

- თქვენ ალბათ გრძნობთ, მისტერ ჰოლმს, რომ თუ თქვენი მთავრობა მოიწონებს თქვენს მოქმედებას ჩემს მიმართ, ეს ომს მოასწავებს?

- თქვენი მთავრობისა და მისი მოქმედების საქმე როგორღა იქნება? - თავისი მხრივ ჰკითხა ჰოლმსმაც და მის ჩემოდანს დაჰკრა ხელი.

- თქვენ კერძო პირი ხართ. თქვენ არა გაქვთ ჩემი დაპატიმრების უფლება. თქვენ ჩემს დასაპატიმრებლად ორდერი უნდა გქონდეთ. მთელი მოქმედება კანონსაწინააღმდეგო და აღმაშფოთებელია.

- აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, - დაეთანხმა ჰოლმსი.

- გერმანიის ქვეშევრდომის გატაცება...

- და მისი პირადი ქაღალდების მოპარვა.

- საერთოდ, თქვენთვის ნათელი უნდა იყოს, რაც მოიმოქმედეთ, თქვენ და თქვენს თანამზრახველს კარგი არა მოგელით რა, თუ მაშველს დავუძახებ, როცა სოფელს გავივლით...

- ძვირფასო სერ, თუ თქვენ ასეთ სისულელეს ჩაიდენთ, ჩვენი სასტუმროების აბრებს კიდევ ერთი განსხვავებული წარწერა დაამშვენებს: "პრუსიელი თოკზე" ინგლისელი - მომთმენი სულიერი არსება გახლავთ, მაგრამ ახლა ცოტა აიბურძგნა და ჯობს მის ცთუნებას ერიდოთ. არა, მისტერ ფონ ბორკ, თქვენ წყნარად წამოხვალთ ჩვენთან ერთად სკოტლენდ-იარდში და იქიდან, თუ გსურთ, თქვენს მეგობარ ბარონ ფონ ჰერლინგთან გაგზავნეთ ვინმე: ვინ იცის, თქვენთვის იქნებ შენახულია ადგილი საელჩოს პირადი შემადგენლობის სიაში. რაც შეგეხებათ თქვენ, უოტსონ, როგორც გავიგე, სამხედრო სამსახურში ბრუნდებით და ლონდონი სწორედ თქვენს გზაზე იქნება. მოდით, გავჩერდეთ ეგერ, იმ ტერასაზე - იქნებ ეს უკანასკნელი მშვიდობიანი საუბარია, რითაც მე და თქვენ შეგვიძლია დავტკბეთ.

მეგობრებმა გაიხსენეს გარდასული დღეები, მათი ტყვე კი ამაოდ ცდილობდა თავის დაღწევას ღვედებიდან, რომლებითაც საიმედოდ იყო შეკოჭილი. როცა ავტომობილთან მობრუნდნენ, ჰოლმსმა მთვარის შუქზე აციმციმებულ ზღვაზე მიუთითა და ფიქრიანად გააქნია თავი:

- მალე აღმოსავლეთის ქარი ამოვარდება, უოტსონ.

- არა, მგონია, ჰოლმს... ძალიან თბილა.

- ეჰ, უოტსონ, მართლა ძველო!.. ამ ცვალებად დროში მხოლოდ თქვენ არ იცვლებით. დიახ, მალე ამოვარდება ისეთი აღმოსავლური ქარი, როგორიც ინგლისს ჯერ არ უხილავს. ცივი, მსუსხავი ქარი, უოტსონ, და შესაძლოა ბევრი ჩვენგანი მისი გამყინავი სუნთქვისაგან დაიღუპოს. მაგრამ ის მაინც ღმერთისაგან მოვლენილი იქნება და რომ გადაივლის, მზისქვეშეთი უფრო სუფთა, ძლიერი და უკეთესი შეიქმნება; დავიძრათ, უოტსონ, ჯიბეში ხუთასი გირვანქის ჩეკი მიდევს, ხვალ უნდა წარვადგინო, რაც შეიძლება ადრე და მალე, თორემ, ერთიც ვნახოთ, ვინც ის მომცა, გადახდაზე აღარ დათანხმდეს!

??????