დოილი ართურ კონან
გაზიარება

ჟღალთმიანთა კავშირი 

შარშან შემოდგომაზე, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს მეგობარ შერლოკ ჰოლმსს ვეწვიე. იგი ვიღაც უზომოდ ზორზოხ, ცეცხლივით თმაწითელ კაცთან საუბრობდა. უკან გამობრუნება დავაპირე, მაგრამ ჰოლმსმა ხელი მტაცა, სავარძელში ჩამსვა და კარიც დახურა.

- სწორედ რომ დროზე მოხვედით, უოტსონ, - გულითადი ხმით მითხრა ჰოლმსმა.

- ვიფიქრე, ძალიან დაკავებულია და ხელს შევუშლი-მეთქი, - ვუთხარი მე.

- ნამდვილად დაკავებული ვარ და ერთი წამი დრო არა მაქვს.

- მეორე ოთახში დაგელოდებით, - ვუთხარი მე.

- არავითარ შემთხვევაში, მისტერ უილსონ, - მიმართა ჰოლმსმა ჟღალთმიანს, - ამ ჯენტლმენის დახმარებით ძალიან ბევრი საქმე გამომიძიებია, მე მგონია, იგი თქვენს საქმეშიც დამეხმარება და ღირსეულ წვლილს შეიტანს.

ჟღალთმიანი სკამიდან ოდნავ წამოიწია, თავი დამიკრა და სიმსუქნისაგან ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი თვალები გამომცდელად მომაპყრო.

- დაჯექით, - მითხრა ჰოლმსმა, თვითონ შესწორდა სავარძელში და, როგორც ფიქრისა და განსჯის დროს ჩვეულებადა ჰქონდა, თითების ბოლოები ერთმანეთს მიაბჯინა. - ჩემო ძვირფასო უოტსონ, ვიცი, რომ ჩემი არ იყოს, თქვენც გიტაცებთ ისეთი ამბების კვლევა, რომლებიც ჩვენს გამაბეზრებელ გულის მომწყვლელ ყოველდღიურობაში იჭრებიან და ამ რუტინადქცეულ მოსაწყენ ერთფეროვნებას არღვევენ. თქვენ რომ ამ საქმის ენთუზიასტი არ იყოთ, მაშინ ხომ იმ ჩანაწერებსაც არ შექმნიდით, რომლებიც ჩემს პატარა მოღვაწეობას ასახავენ. მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ თქვენს ქრონიკებში ჩემი თავგადასავალი ერთგვარად შელამაზებულია.

- თქვენი საქმენი, ძიების დაუცხრომელი ჟინი, ბეჯითობა, დაკვირვების და განზოგადების უნარი, ალღო, გერგილიანობა და ვარაუდები ჩემთვის მუდამ იყო, არის და იქნება წარმტაცი და საინტერესო, - ვუპასუხე მე.

- თუ გახსოვთ, ამ რამდენიმე დღის წინათ, მის მერი საუთერლენდის ამბავთან დაკავშირებით გეუბნებოდით, რომ არავითარ ფანტაზიას არ შეუძლია წარმოიდგინოს ისეთი არაჩვეულებრივი, ენით უთქმელი, დაუჯერებელი, გასაოცარი და საზღაპრო ათერაკები, რომლებსაც თვითონ ცხოვრება გვთავაზობს.

- მე მაშინვე ეჭვი შევიტანე თქვენი ნათქვამის სისწორეში.

- მიუხედავად ამისა, უოტსონ, მოგიხდებათ თქვენივე ეჭვების გაქარწყლება, თორემ იმდენ ფაქტს დაგისახელებთ, რომ მარტო მათი სიმძიმე გატეხს წელში თქვენს უსაფუძვლო ეჭვებს, აი, თუნადც ჯაბეზ უილსონის მონაყოლი ამბავი რად ღირს. ჩემგან ხშირად გაგიგონიათ, რომ უცნაური და უნიკალური ნივთები, ხშირად დიდზე უფრო პატარ-პატარა ბოროტმოქმედებების ჩადენასთან არიან კავშირში. ხანდახან ეს პატარა ამბები თითქოს ისე უბრალო და უმნიშვნელოა, რომ ვერც გაარჩევ და ეჭვიც არ შეგეპარება, რომ უთუო ბოროტმოქმედებასთან გაქვს საქმე. აი, ახლაც, ამ შემთხვევაში, რაც მისტერ უილსონისაგან მოვისმინე, ვრე გეტყვით, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი არის თუ არა ბოროტმოქმედება, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ასეთი რამ ჯერ არ გამიგონია. მე გთხოვთ, მისტერ უილსონ, კვლავ გაიმეოროთ თქვენი ნაამბობი. ამას მარტო იმიტომ კი არა გთხოვთ, რომ თქვენი ამბავი დოქტორმა უოტსონმაც მოისმინოს, არამედ იმიტომაც, რომ ყოველი წვრილმანი კვლავ გავიგონო, გონებაში აღვნუსხო ავწონ-დავწონო. ჩვეულებრივ, როცა ჩემი კლიენტები ამბის მოყოლას იწყებენ, ჩემს გონებაში მსგავსი ათასი შემთხვევა ამოტივტივდება ხოლმე, ჩემს გონებაში მსგავსი ათასი შემთხვევა ამოტივტივდება ხოლმე, ახლა კი იძულებული ვარ განვაცხადო, რომ უნიკალურ შემთხვევასთან მაქვს საქმე და მისი მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არაფერი მომისმენია.

ჩასუქებული კლიენტი ჰოლმსის ნათქვამმა, ცოტა არ იყოს, გააამაყა, მან მკერდი წინ წამოსწია, პალტოდან გაჭუჭყიანებული, დაჭმუჭნული გაზეთი ამოიღო და მუხლებზე გაიშალა. მერე კისერი წაიგრძელა და განცხადებების კითხვას მოჰყვა. ვიდრე ის გაზეთში თავჩარგული გაფაციცებით დაეძებდა რაღაცას, მე, ჩემი მეგობრის მეთოდის გამოყენებით, ვცდილობდი მისი გარეგნობისა და ჩაცმულობის მიხედვით დამედგინა, ვინ და რა პროფესიისა იყო ჰოლმსის სტუმარი.

მაგრამ გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ ბევრი ვერაფერი დავადგინე. ჩემი დაკვირვებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კურატივით ჩასუქებული, ზანტი და თვითკმაყოფილი კაცი ვაჭარი უნდა ყოფილიყო. მონაცრისფრო უჯრედებიანი შარვალი ტანზე ტომარასავით ადგა, შეკურავ შავ სერთუკს შიგნით ეცვა მიხაკისფერი ჟილეტი, რომელზედაც თითბრის მძიმე ძეწკვი მოუჩანდა. ძეწკვს ბოლოში მოსართავივით ჰქონდა ჩამოკონწიალებული რომელიღაც გახვრეტილი ოთხკუთხა ლითონი. გაცვეთილი ცილინდრი და ხავერდის საყელოიანი, გამოხუნებული ყავისფერი პალტო მოსულს იქვე გვერდზე დაეწყო. რამდენიც არ დავუკვირდი, ისეთი საყურადღებო ვერაფერი შევნიშნე, რაიმე დასკვნა გამეკეთებინა გარდა იმისა, რომ ცეცხლისფერი თმა ჰქონდა და სახეზე რაღაც წყენა და დარდი ეტყობოდა.

შერლოკ ჰოლმსის სწრაფ მზერას არ გამოჰპარვია ჩემი საქმიანობა. ჩემს სახეზე ამოკითხულ ცნობისმოყვარეობაზე გაეღიმა და დინჯად დაიწყო: სავსებით ნათელია, რომ ჩვენი სტუმარი ერთ დროს თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა, ბურნუთს ეტანებოდა, ფრიიმასონია, ჩინეთში ყოფილა და ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს წერს.

მისტერ ჯაბეზ უილსონი ადგილიდან წამოიჭრა, მაგრამ თითი გაზეთში ნაპოვნი რომელიღაც ადგილისათვის არ მოუშორებია. მზერა კი ჩემი მეგობრისათვის მიეპყრო.

- ღვთის გულისათვის, მითხარით საიდან შეიტყვეთ ეგ ყოველივე, მისტერ ჰოლმს? - იკითხა მან. - აბა, საიდან გაიგეთ, რომ ფიზიკურად ვშრომობდი, თუმცა სახარებასავით მართალია,რომ გემზე ხუროდ ვმუშაობდი.

- ეს საიდუმლო თქვენმა ხელებმა გასცა, ჩემო ძვირფასო სერ. თქვენი მარჯვენა მარცხენაზე გაცილებით გრძელია. თქვენ მარჯვენით მუშაობდით და კუნთებიც უფრო განვითარებული მარჯვენა ხელზე გაქვთ.

- ბურნუთს ეტანებაო? ფრიიმასონია? ეგ საიდანღა მოიტანეთ?

- ეგეც ადვილი გამოსაცნობია. მიუხედავად ამისა, რომ წესდება სასტიკად გიკრძალავთ, თქვენ მაინც ატარებთ ფრიიმასონის წევრთა ემბლემას საკინძეზე.

- ჰო, დიახ, ეს სულ დამავიწყდა.

- მაგრამ იმას საიდანღა მიხვდით, რომ ამ ბოლო დროს ბევრსა ვწერ?

- ამაზე ნათლად მიუთითებენ თქვენი სერთუკის მარჯვენა სახელო და მარცხენა მხარეს იდაყვის თავის ადგილი. მაუდი ამ ადგილებში ერთთავად გაცრეცილი და გაპრიალებულია.

- ჩინეთში ყოფნაზე რაღამ მიგანიშნათ?

- თევზის ის სვირინგები, რომელიც მარჯვენა ხელზე გაქვთ, მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს გაკეთებული. სვირინგების საკითხი თავის დროზე საკმაოდ კარგად შევისწავლე და ამის თაობაზე მეცნიერული გამოკვლევებიც მაქვს გამოქვეყნებული. თევზის ქიცვის ვარდისფრად შეღებვა მხოლოდ ჩინეთში იციან. მას მერე, რაც თქვენი საათის ძეწკვზე ჩინური ფული შევნიშნე, დასკვნის გამოტანა აღარ გამჭირვებია.

მისტერ ჯაბეზ უილსონმა ხმამაღლა გადაიხარხარა და როცა სიცილს მორჩა, თქვა:

- მე მეგონა, ყოველივე ამას ათასი ბრძნული მეთოდი და საშუალება სჭიროდა. თურმე ყველაფერი ასე ადვილად და უბრალოდ მისახვედრი კი ყოფილა.

- ახლა კი ვგრძნობ, უოტსონ, რა გზითაც აღწევ წარმატებას, ყველაფერი არ უნდა გათქვა, თორემ ხომ გახსოვთ: "წქტუ შპტწეგქ ზკწ ქწპტშაშსწ" (რაც არ ვიცით, ყველაფერი დიდებულად გვეჩვენება) კვლავ ძალაშია და ჩემს სახელსა და დიდებას აუცილებლად დაღუპვა მოელის. მონახეთ განცხადება, მისტერ უილსონ?

- დიახ, მოვნახე, - უპასუხა სტუმარმა და თან სქელი, წითელი საჩვენებელი თითი გაზეთისათვის არ მოუცილებია. - აი, ის განცხადებაც, სერ. თქვენ თვითონვე წაიკითხეთ, სერ, - თქვა ესა და გაზეთი მე გამომიწოდა.

გაზეთი ჩამოვართვი და მინიშნებულ ადგილას შემდეგი ამოვიკითხე:

"ჟღალთმიანთა კავშირი. აწ გარდაცვლილი ლებანონელი (აშშ პენსილვანიის შტატი) იეზეკია ჰოპკინსის ანდერძის თანახმად, ამჟამად გვაქვს ერთი თავისუფალი ადგილი კავშირის წევრისათვის. ჯამაგირი წმინდა ნომინალური სამსახურისათვის კვირაში ოთხი ფუნტი სტერლინგი. სამუშაოზე შეიძლება აყვანილ იქნას ყველა ჟღალთმიანი, რომელსაც შეუსრულდა ოცდაერთი წელი და ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელია. მთხოვნელებმა ორშაბათს, თერთმეტი საათიდან კავშირის კონტორაში პირადად დუნკან როსს უნდა მიმართონ. კონტორის მისამართი: ჰოუპსკორტი, ფლიტსტრიტი".

- ღმერთმა არ იცის, რას ნიშნავს, - წამოიძახე მე, როცა განცხადება მეორედაც წავიკითხე.

ჰოლმსმა უხმოდ ჩაიცინა და თითქოს სავარძელში გაიკლაკნა, ასე იცოდა ხოლმე, როცა რაიმე ესიამოვნებოდა.

- როგორ ფიქრობთ, მგონი, არ უნდა იყოს გაცვეთილი განცხადება, არა? - იკითხა ჰოლმსმა. - აბა, მისტერ უილსონ, განაგრძეთ თხრობა, გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე, ოჯახზე და არც ის დაივიწყოთ, რა ამბები შეგამთხვიათ ამ განცხადებამ; თქვენ კი, უოტსონ, ჩაინიშნეთ, რა გაზეთია და რომელი რიცხვისაა.

- "დილის ქრონიკა", 1890 წ. 27 აპრილითაა დათარიღებული, ესე იგი, სწორედ ორი თვის წინანდელი გაზეთი გახლავთ.

- ძალიან კარგი, აბა, განაგრძეთ, მისტერ უილსონ.

- როგორც უკვე გითხარით, მისტერ შერლოკ ჰოლმს, - წამოიწყო ჯაბეზ უილსონმა და თან შუბლი მოიწმინდა, - მე გობორგსკვერზე, სიტისთან ახლო, პატარა სავახშო სალარო მაქვს. ეს დიდ არაფერ შემოსავალს მაძლევს და თავი რის ვაი-ვაგლახით გამაქვს. წინათ სალაროში ორი დამხმარე მყავდა, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ერთს დავჯერდე. ამ ერთი ადამიანის გასასტუმრებული თანხის გადახდაც ძალიან მიჭირს, მაგრამ საქმეს ის მიიოლებს, რომ იგი ნახევარ ხელფასზე თანახმაა, ოღონდაც სავახშო საქმე შეისწავლოს.

- რა ჰქვია იმ თქვენს ხათრიან ახალგაზრდას? - ჰკითხა ჰოლმსმა.

- მისი სახელი და გვარია ვინსენტე სპაულდინგი, და არაფერი ახალგაზრდაც არაა. ძნელი სათქმელია, რამდენი წლისა უნდა იყოს. მაგრამ მაგდაგვარ საზრიან და მარჯვე დამხმარეს კაცი იშვიათად თუ ნახავს. მჯერა, რომ უჩემოდაც კარგად შეუძლია მუშაობა და ორჯერ მეტ ხელფასსაც იშოვის, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუკი თვითონ კმაყოფილია, ჩემდა საზარალოდ მე ხომ არ ჩავაგონებ, სხვაგან იმუშავე-მეთქი?

- მართალი ბრძანდებით. თქვენ ბედმა გაგიღიმათ და ნახევარ ფასად იშოვეთ დამხმარე, როცა სხვები მთლიან ხელფასს იხდიან. თქვენი თანაშემწის უანგარობა კი ისევე უცნაურია ჩვენს დროში, როგორც თქვენ მიერ მოტანილი განცხადება.

- მაგრამ ჩემს თანაშემწეს თავისი ნაკლოვანებებიც აქვს, - თქვა მისტერ უილსონმა. - ფოტოსაქმის ასეთი თავგადაკრული მოყვარული მთელ დუნიაზე მეორე არ მოიძებნება. ხანდახან სამუშაო საათებში მთელი დღე აჩხაკუნებს აპარატს, სურათებს იღებს და მერე, როგორც კურდღელი სოროში, ისე ჩაძვრება სარდაფში და ახლა მათ გამომჟღავნებას უნდება. აი, ეს ახირება სჭირს, თორემ სხვაფრივ კარგი და თავდადებული მუშაკია.

- ახლაც თქვენთან მუშაობს, არა?

- დიახ, სერ, ისა და ერთი თოთხმეტი წლის გოგონა, რომელმაც ცოტაოდენი მზარეულობაც იცის და გარეცხვა-დასუფთავებასაც ახერხებს. მეტი მე ქვეყნად არავინ გამაჩნია. ცოლი მომიკვდა, შვილები კი არა მყავდა. ჩვენ სამნი ერთად ძალიან წყნარად ვცხოვრობთ. ჭერში წყალი არ ჩამოგვდის, დანახარჯს ვიხდით, ჩვენთვის ვჯახირობთ და ცხოვრებას მივაჩანჩალებთ. ჩვენი ყოველდღიური მყუდრო ცხოვრება აი, ამ განცხადებამ დაარღვია. სწორედ რვა კვირა გავიდა იმ დღიდან, რაც სპაულინგმა ეს გაზეთი შემომიტანა და მითხრა: ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მისტერ უილსონ, მეც თქვენსავით ჟღალთმიანი რომ ვყოფილიყავიო.

"რატომ"? - ვკითხე მე.

"აი, ჟღალთმიანთა კავშირში თავისუფალი ადგილი გამოჩნდა. ბედს ის ეწევა, ვინც იმ შემოსავლიან ადგილზე მოეწყობა. იქ ადგილი ბლომადა აქვთ, ხალხი კი არა ჰყავთ და ანდერძის აღმსრულებელებმა არ იციან, რა უყონ ნაანდერძევ ქონებას. თმის ფერის შეცვლა რომ შემეძლოს, აუცილებლად იმ ადგილზე მოვეწყობოდი".

"კი, მაგრამ რას წარმოადგენს ეგ ჟღალთმიანთა კავშირი? - ვკითხე მე. - ხომ იცით, მისტერ ჰოლმს, მე ერთთავად შინ ვზივარ, ვინაიდან საქმეზე გარე-გარე სიარული არ მიხდება, რამდენიმე კვირა ისე გავა ხოლმე, ცხვირსაც არ გამოვყოფ ქუჩაში. ამიტომაა, რომ წარმოდგენაც არა მაქვს, რა ხდება ქვეყნად და სწორედ ამიტომვე მიყვარს ახალი ამბების შეტყობა".

"როგორ, თქვენ ჟღალთმიანთა კავშირზე სულ არაფერი გაგიგონიათ?" - მკითხა თვალებდაჭყეტილმა სპაულინგმა.

"არა".

"ეგ მე ძალიან მაკვირვებს, რადგან თქვენ ერთი იმათთაგანი ხართ, ვისაც უფლება აქვს ის თავისუფალი ადგილი დაიკავოს".

"მაინც ხელფასს რამდენს იძლევიან?"

"წელიწადში ორასი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ ახლა სამუშაოს არ იკითხავთ? საქმე სულ არაფერი აქვთ, ასე რომ კაცს შეუძლია სხვაგანაც იმუშაოს".

- რაღა თქმა უნდა, ყურები იმწამსვე დავცქვიე, რადგან ჩემი ხელობით ბოლო დროს ძალიან ცოტა რამეს ვშოულობ და ის ორასი გირვანქაც კარგად წამომეხმარებოდა.

"აბა, მიამბეთ, რაც იცით იმ კავშირის შესახებ".

"როგორც თქვენ თვითონ განცხადებიდან მშვენივრად ხედავთ, კავშირში ამჟამად აქვთ თავისუფალი ადგილი, განცხადებაში მისამართიც აღნიშნულია, ასე რომ, შეგიძლიათ გაიკითხოთ და ყველაფერი დაწვრილებით შეიტყოთ. როგორც ვიცი, კავშირი დააარსა ერთმა გამოთაყვანებულმა ამერიკელმა მილიონერმა ეზეკია ჰოპკინსმა. იგი თვითონაც ჟღალთმიანი ყოფილა და თურმე ყველა ჟღალთმიანი ებრალებოდა. სიკვდილის სარეცელზე მყოფს, ანდერძის აღმსრულებელნი დაუბარებია და ჟღალთმიანთა დასახმარებლად დიდძალი ქონება გადაუცია. ასე გამიგონია, ამ ადამიანებს, სამუშაოს ძალიან ცოტას სთხოვენ და ჯამაგირს კი კარგს აძლევენო".

"მაგრამ ჟღალთმიანები ხომ მილიონობით არიან და ყველა იმ თავისუფალ ადგილზე მოკალათებას მოინდომებს".

"არც იმდენი არიან, თქვენ რომ გგონიათ, ამასთან, განცხადება ეხება მხოლოდ ლონდონში მცხოვრებ ჟღალთმიანებს, თანაც ოცდაერთ წელს გადაცილებულთ. ჰოპკინსი ლონდონში დაბადებულა, აქვე გაუტარებია ახალგაზრდობა და ალბათ ამიტომ მოინდომა თანამოქალაქეთა პატივისცემა მერე. როგორც ყური მოვკარი, ვისაც ღია ფერის ჟღალი თმა აქვს, ანდა მუქი ჟღალი, ისინი თავს ცუდუბრალოდ შეიწუხებენ. თავისუფალ ადგილზე მიიღებენ მხოლოდ იმას, ვისაც ცეცხლისფერი ჟღალი თმა გააჩნია. თუ თქვენ, მისტერ უილსონ, ეგ ამბავი გაინტერესებთ, ყველაფერს აჯობებს ჟღალთმიანთა კავშირის კონტორაში შეიაროთ. მაგრამ მე მაინც იმას ვფიქრობ, რომ თქვენთვის ასე მცირე თანხას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და დროს ტყუილად დაკარგავთ".

- ჯენტლმენებო, თქვენ თვითონვე ამჩნევთ, რომ მე მართლაც ცეცხლოვანი ჟღალი თმა მაქვს და, თუ საქმე ასეთი კაცის შერჩევაზე მიდგებოდა, მაშინ წარმატების იმედი უნდა მქონოდა. ვინსენტე სპაულდინგმა, როგორც შევამჩნიე, ამ კავშირზე ბევრი რამ იცოდა, ამიტომ გადავწყვიტე ისიც თან წამეყვანა. დარაბები დავახურინე, და ისიც, როგორც საჭირო კაცი, თან გავიყოლიე. სამუშაოდან მთელი დღით განთავისუფლებამ იგი ძალიან გაახარა და დიდი სიამოვნებით იკისრა ჩემი გამყოლობა. არა მგონია, ოდესმე კიდევ ვიხილოთ ისეთი სანახაობა, რაც ადგილზე მისულს თვალწინ გადამეშალა. - ვისაც კი ოდნავ მაინც წითელი ფერის თმა ჰქონოდა, ბედის საძიებლად ყოველის მხრიდან აქ მოსულიყო. მთელი ფილსტრიტი ჟღალთმიანებით იყო სავსე. ჰოპსკორტზე კი იფიქრებდით ფორთოხლის ურემი ჩამოუტარებიათ და ხალხი ბუზებივით მას დასევიაო. არ მეგონა, თუ ჩვენს ქვეყანაში ამდენი ჟღალთმიანი მოიძებნებოდა. ისინი ფილსტრიტზე ერთადერთ განცხადებას შეეკრიბა. აქ იყვნენ ჟღალთმიანთა ყველა გვარეობის და სახის წარმომადგენლები, ისინიც, ვისაც ღია ჩალის, ლიმონის, ფორთოხლის, აგურის, ირლანდიური სეტერის, ღვიძლის, წითელი თიხის ფერის თმა ჰქონდა. რაც შეეხება ნამდვილ ცეცხლისფერ თმის პატრონებს, ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. როცა ამდენი ხალხი დავინახე, სასო წარმეკვეთა და ხელი ჩავიქნიე. სპაულდინგმა კი ამდენი ხალხის შეკრების ამბავი აინუნშიაც არ ჩააგდო. არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ იმდენი იძრომიალა, რომ ბოლოს ორივენი კიბეზე აღმოვჩნდით. აქ ჩემი თვალით ვიხილე ხალხის ორი ნაკადი: ერთი იმედიანად მაღლა მიმავალი. ხოლო მეორე იმედგაცრუებული ყურებჩამოყრილი და ცხვირჩამოშვებული დაბლა ჩამომავალნი. უკანასკნელი ღონეც მოვიკრიბეთ და კონტორაში აღმოვჩნდით.

- ძალიან საინტერესო თავგადასავალი კი შეგხვედრიათ, - ჩაურთო ჰოლმსმა, როცა მისი კლიენტი შეჩერდა, რათა ბურნუთისათვის ეყნოსა და ცხვირშიც შეეტენა. - განაგრძეთ, გეთაყვა, განაგრძეთ.

- კონტორაში მხოლოდ ორი სკამი და ერთი მაგიდა დავლანდე. მაგიდასთან კი ჩემზე უფრო ცეცხლოვანი თმის პატრონი ჩია კაცი იჯდა. იგი რამდენიმე სიტყვით იწუნებდა და ისტუმრებდა თავისუფალი ადგილის მაძიებლებს. ეტყობოდა, იმ ადგილის დაკავება არც ისე იოლი იყო, როგორც სპაულდინგს ეგონა. მაგრამ მაგიდას რომ მივუახლოვდით, ჩია კაცი სხვებზე უფრო ლმობიერად გამომელაპარაკა. ამავე დროს კარი მიხურა, ალბათ იმისათვის, რომ ჩვენთან სხვების თანდაუსწრებლად ემუსაიფა.

"ეს მისტერ ჯაბეზ უილსონი გახლავთ, - წარმადგინა ჩემმა თანაშემწემ, - მისი სურვილია თავისუფალ ადგილზე მოეწყოს".

"მგონი, ნამდვილად შესაფერი კანდიდატი ვიპოვე, - წარმოთქვა ჩია კაცმა, - ასეთი მშვენიერი თმა კარგა ხანია არ მინახავს!"

მან ნაბიჯი უკან გადადგა, თავი გვერდზე გადახარა და ჩემს თმებს იმდენ ხანს აკვირდებოდა, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი. მერე უეცრად წინ წამოვიდა, მარჯვენა ხელში მეცა და მომილოცა.

"ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა, რომ შევყოყმანებულიყავი, მაგრამ იმედი მაქვს, სიფრთხილისათვის გადადგმულ ნაბიჯს მაპატიებთ", - თქვა თუ არა ეს, ჩია კაცი თმაში ჩამაფრინდა და ისე მომქაჩა, რომ ტკივილისაგან ამოვიგმინე. "თქვენ თვალზე ცრემლი მოგადგათ, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. სიფრთხილეს თავი არა სტკივაო , ხომ გაგიგონიათ, იძულებული ვართ, ხალხი შევამოწმოთ, რადგან ორჯერ პარიკით, ხოლო ერთხელ საღებავით გაგვაცურეს. შემეძლო ბევრი ისეთი შემთხვევა მეამბნა, რომ ადამიანთა მოდგმა შეგძულდებოდათ". - იგი ფანჯარასთან მივიდა და რაც ძალა ჰქონდა, იყვირა: ადგილი უკვე დაკავებულიაო. - იმედგაცრუებულთა ამოძახილმა იქაურობა შესძრა. მალე მთელი ფილტსტრიტი დაცარიელდა და ჩემსა და იმ კაცის გარდა ყველა ჟღალთმიანი თვალს მიეფარა.

"ჩემი სახელი და გვარია მისტერ დუნკან როსი. მეც იმ თანხიდან ვღებულობ პენსიას, რომელიც სახელგანთქმულმა ჰოპკინსმა დაგვიტოვა, - მომმართა ჩია კაცმა. - თქვენ ცოლშვილიანი ხართ, მისტერ უილსონ?"

ვუპასუხე, უშვილო ქვრივი ვარ-მეთქი. ჩია კაცს სახე წამსვე შეეცვალა და სეტყვასავით დამაყარა: "ძვირფასო! ეს ძალიან სერიოზული ნაკლია! ვწუხვარ, რომ უშვილო ქვრივი ყოფილხართ. ფონდი მარტო იმიტომ კი არ არსებობს, რომ ჟღალთმიანებს და სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, არამედ იმიტომაც, რომ ისინი გამრავლდნენ. ძალიან საწყენია, რომ უშვილო აღმოჩნდით".

- ის რომ ამ ლაპარაკში იყო, მე შიშისაგან, ვაითუ აღარ ამიყვანოს-მეთქი, სახე დამიგრძელდა, მისტერ ჰოლმს. მერე ცოტა ხანს იყუჩა და მითხრა: - სხვა შემთხვევაში გამონაკლისს არ დავუშვებდით და თქვენი ბედიც ობიექტური მიზეზების გამო გადაწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ თქვენნაირი თმის პატრონისათვის ღირს თავის გამოდება. როდის შეგეძლებათ ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდგეთ?

"ცოტა უხერხულობას ის მიქმნის, რომ სხვაგანაც ვარ დაკავებული", - ვუთხარი მე.

"ოჰ, მაგნაირი დაბრკოლება რა სახსენებელია, მისტერ უილსონ, - მითხრა მაშინვე სპაულდინგმა. - თქვენს სამუშაოს იქ მე შევასრულებ".

"რომელ საათებში ვიქნები დაკავებული?" - ვკითხე მე.

"ათიდან ორამდე", - მიპასუხა როსმა.

რამდენადაც სავახშო სალაროში მუშაობა, ძირითადად, დღის მეორე ნახევარშია და განსაკუთრებული გაცხოველება შეინიშნება ოთხშაბათობითა და პარასკევობით, გადავწყვიტე, ძვირფასო ჰოლმს, დილის საათებში ახალ ადგილზე მემუშავნა. მით უმეტეს, რომ ჩემს თანაშემწეს თავისუფლად შეეძლო შევეცვალე და სანდო კაციც არის.

"ჩემთვის სწორედ ზედგამოჭრილი დროა, - ვუთხარი მე. - ხელფასი რა მომეცემა?

"კვირაში ოთხი ფუნტი სტერლინგი".

"სამუშაო როგორი იქნება?"

"წმინდა ნომინალური".

"რას ეძახით წმინდა ნომინალურ სამუშაოს?"

"იმას, რომ თქვენ ათიდან ორამდე სამუშაოდან ფეხი არ უნდა მოიცვალოთ. თუ ერთხელაც არის, სამუშაო საათებში სადმე გახვალთ, სამუშაოს სამუდამოდ გამოეთხოვებით. ანდერძნამაგის დამტოვებელმა ამ ამბავს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. თუ სადმე გახვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ ანდერძის მოთხოვნას არ ასრულებთ და მყისვე დაგითხოვთ".

"თუ მარტო ოთხი საათი უნდა ვიჯდე, მაშინ ადგილიდან ფეხსაც არ მოვიცვლი".

"არაფერს არ მივიღებთ მხედველობაში, არც ხვეწნა-მუდარას, არც სამსახურის მომიზეზებას, არც ავადმყოფობას. ან კონტორაში იქნებით დანიშნულ ოთხ საათს, ანდა სამუშაოს დაემშვიდობებით".

"რა სახის სამუშაოა?" - ერთხელ კიდევ შევეკითხე როსს.

"თქვენ გადასწერთ ბრიტანეთის ენციკლოპედიას. აი, ამ კარადაში დევს პირველი ტომი. მელანი, ქაღალდი, საშრობი და სხვა მისთანანი თვითონ უნდა იშოვოთ. ჩვენ გთავაზობთ მაგიდასა და სკამს. შეგიძლიათ ხვალვე შეუდგეთ საქმეს?"

"რაღა თქმა უნდა", - ვუპასუხე მე.

"აბა, კარგად იყავით, მისტერ უილსონ, და ნება მომეცით გამოთხოვებისას ერთხელ კიდევ მოგილოცოთ ის წარმატება, რასაც ამ სამუშაოს შოვნით მიაღწიეთ". მისტერ როსმა ოთახიდან გამოსვლისას თავი დამიკრა და ჩემი თანაშემწის შინისაკენ გამოვემართე. მომხდარი ამბით ისე ნასიამოვნები ვიყავი, რომ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.

მთელი დღე ამ ამბავზე ვფიქრობდი და საღამოს უქეიფოდაც კი შევიქენი, ვინაიდან თავში გამიელვა, ყოველივე ეს თვალთმაქცობა და მუხთალი საქმე უნდა იყოს-მეთქი, თუმცა ვერასგზით ვერ მივმხვდარიყავი, სად იყო დამარხული ძაღლის თავი. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ ასეთი ანდერძი არსებობდა და იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბრიტანეთის ენციკლოპედიის გადაწერაში ასე დიდ თანხას იხდიდნენ, ვინსენტე სპაულდინგი ყოველნაირად ცდილობდა წავექეზებინე, მაგრამ დაწოლისას მაინც მტკიცედ გადავწყვიტე, უარი მეთქვა ახალ სამუშაოზე. მეორე დილით, ავდექი თუ არა, ვიფიქრე, საინტერესოა ფლიტსტრიტზე ისე მაინც გავიარო-მეთქი. ასეცმოვიქეცი. გზაზე მელანი, კალამი და საწერად საჭირო სხვა საგნებიც შევიძინე, და ახალ სამუშაოზე ისე გამოვცხადდი.

ადგილზე მისულს, ყველაფერი წესიერად დამიხვდა, რამაც ძალიან გამახარა. მაგიდა მოემზადებინათ და მისტერ როსი ჩემს მისვლას ელოდა. მან მითხრა, რომ წერა ანბანის საწყისი ასოდან დამეწყო და თვითონ სადღაც წავიდა, თუმცა დროდადრო შემოივლიდა ხოლმე და დამხედავდა, ვმუშაობდი, თუ არა. ორ საათზე დამემშვიდობა, შემაქო და კონტორის კარი გამოკეტა.

ასე მიდიოდა საქმე. შაბათს მისტერ როსმა ოთხი სტერლინგი ჩამითვალა. ასე გავიდა მეორე და მესამე კვირაც. ყოველ ცისმარე დღე ათ საათზე გამოცხადებული, შინ ორზე ვბრუნდებოდი. დუნკან როსი ახლა მხოლოდ დილაობით მოდიოდა, მერე დილაობით სიარულიც შეწყვიტა. მე მაინც ვერ ვბედავდი ოთახიდან გამოსვლას, რომ ასეთი სარფიანი სამუშაო არ დამეკარგა.

ასე დაძაბულ შრომაში გავიდა რვა კვირა. ამასობაში მოვამთავრე "ა" ასოზე ყოველი სიტყვის გადაწერა და "ბ"-ზე გადასვლას ვაპირებდი, რომ საქმე სრულიად მოულოდნელად შეწყდა.

- შეწყდა?

- დიახ, სერ, შეწყდა. მე, ჩვეულებრივ, ათი საათისათვის ფილსტრიტისაკენ გავემართე, მაგრამ კიბეზე რომ ავედი, კარი დაკეტილი დამიხვდა, კარზე მიკრულ მუყაოს ნაჭერზე კი აი, ეს წარწერა მიემაგრებინათ.

უილსონმა მუყაოს პატარა ნაჭერი გამოგვიწოდა, რომელზეც შემდეგი რამ ამოვიკითხეთ: "ჟღალთმიანთა კავშირი 1890 წლის 9 ოქტობრიდან აღარ არსებობს".

მე და შერლოკ ჰოლმსი კარგა ხანს ვათვალიერებდით მუყაოს ნაჭერსა და ჯაბეზ უილსონის დაძმარებულ სახეს, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შევიკავეთ და სიცილი წაგვსკდა.

- მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ, - წამოიყვირა ჩვენმა კლიენტმა და თავისი თმასავით წამოწითლდა, - თუ თქვენ ჩემი დაცინვის მეტი არაფერი შეგიძლიათ, მაშინ დახმარებისათვის სხვას მივმართავ!

- არა, არა! - ხმამაღლა უთხრა ჰოლმსმა, და უილსონი სავარძელში ჩასვა, - ამ საქმეს არაფრის გულისათვის არ მოვეშვები. ძალიან უცნაური ამბავია. ალბათ, მაპატიებთ ასეთ გამოთქმას, და ცოტათი სასაცილოცაა. ახლა ის მითხარით, რა მოიმოქმედეთ მას მერე, როცა კარზე მიკრულ მუყაოზე ეს წარწერა წაიკითხეთ?

- რეტდასხმულივით შევიქენი, სერ, და არ ვიცოდი, რა მექნა. მერე მეზობელი კონტორები შემოვიარეკ, მაგრამ მათ ამ საქმის ასავალ-დასავალიც არ იცოდნენ. დაბოლოს, სახლის პატრონთან მივედი, რომელიც დაბლა სართულში ცხოვრობდა. და ვკითხე, რა მოხდა "ჟღალთმიანთა კავშირში" რომ კარი გამოუკეტავთ-მეთქი. მან კი მითხრა, არც ვიცოდი, ასეთი ორგანიზაცია თუ არსებობდაო. მერე ისღა დამრჩენოდა მეკითხა, სად იყო დუნკან როსი, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, სახლის პატრონმა მიპასუხა, რომ ეს გვარიც პირველად ჩემგან ესმოდა.

"მე იმ ჯენტლმენზე გეკითხებით, რომელიც №4 ოთახში ცხოვრობდა".

"აა, ჟღალთმიანზე?"

"დიახ".

"ის ხომ უილიამ მორისია და არა დუნკან როსი. იგი იურისტია და, ვიდრე მის კონტორას შეაკეთებდნენ, ჩემგან დროებით იქირავა ოთახი. გუშინ გადავიდა".

"სადა ვნახავ?"

"თავის კონტორაში, მეფე ედვარდის ქუჩაზე № 17-ში, სადაც წმიდა პავლეს ტაძარია".

- მეც აღნიშნულ მისამართზე გავწიე, მისტერ ჰოლმს, მაგრამ იქ ხელოვნური წვივისა და მუხლის კვერის სახელოსნო დამიხვდა. მისტერ დუნკან როსი და უილიამ მორისი რომ ვიკითხე, მითხრეს, ასეთი გვარი და სახელი პირველად გვესმისო.

- მერე რა მოიმოქმედეთ? - ჩაეკითხა ჰოლმსი.

- მერე შინ დავბრუნდი და ჩემს თანაშემწეს დავეთათბირე, მაგრამ ამაოდ. მან მხოლოდ ის მითხრა, ალბათ ფოსტით შეგატყობინებენ, რაც მოხდაო, მაგრამ ეს ხელს არ მაძევს, მისტერ ჰოლმს, ასეთ სარფიან ადგილს უბრძოლველად არავის დავუთმობ. ხშირად გამიგონია, რომ დაჩაგრული და გაუბედურებული ხალოხის დამხმარე ბრძანდებით და თქვენთან სწორედ ამიტომ მოვედი.

- და ძალიან ჭკვიანურადაც მოიქცევით, რომ ჩემთან მოხვედით, - უთხრა ჰოლმსმა. - ის, რაც თქვენ შეგემთხვათ, ყურადსაღები ამბავია. ბედნიერი ვარ, რომ მისი ძიება მე მომიხდება. თქვენი ნაამბობი უფრო სერიოზული საქმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

- მეტი სერიოზული რაღა უნდა იყოს, კვირაში ოთხი გირვანქა გამომწირეს.

- თქვენ პირადად ჟღალთმიანთა კავშირზე სამდურავი არ გეთქმით. პირიქით, იმ კავშირმა თქვენ ერთი ოცდაათი გირვანქა შეგძინათ, თუ აღარ ვიტყვით იმ ცოდნაზე, რაც ამ რვა კვირაში გადაწერით მიიღეთ. ასე რომ, თქვენ, თუ შეიძინეთ, თორემ არაფერი დაგიკარგავთ.

- მართალი ბრძანდებით, სერ. მაგრამ მე მაინც მინდა ის ხალხი ვნახო. გავიგო, ვინ არიან და ეს თამაშა რას ნიშნავს, თუ ნამდვილად თამაშაა და მეტი არაფერი. თუ ეს ხუმრობაა, მაშინ იგი საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ოცდათორმეტი ფუნტი სტერლინგი არც ისე უბრალო თანხაა.

- ჩვენ შევეცდებით მაგ საქმეს ნათელი მოვფინოთ, მისტერ უილსონ. მხოლოდ ნება მომეცით წინასწარ რამდენიმე კითხვით მოგმართოთ. დიდი ხანია, რაც თქვენი თანაშემწე, ვინც განცხადება გიჩვენათ, თქვენთან მუშაობს?

- ვიდრე განცხადებას მოიტანდა, მანამდე ჩემთან ერთი თვე იმუშავა.

- საიდან მოიყვანეთ, ან ვისი რეკომენდაციით მიიღეთ?

- იგი მოვიდა იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც გაზეთში გამოვაქვეყნე.

- გამოქვეყნებულ განცხადებას მხოლოდ ის გამოეხმაურა?

- არა, ერთი თორმეტი კაცი გამომეცხადა.

- რაღა მაინცდამაინც ის ამოირჩიეთ?

- ჯერ ერთი, მარჯვეა და, მეორეც, ნახევარ ხელფასზე დამეთანხმა.

- და თქვენც

ამიტომ აიყვანეთ?

- დიახ.

- როგორი კაცია თქვენი ვინსენტე სპაულდინგი?

- დაბალი ტანისაა, ჩაფსკვნილი, ჯმუხი, ძალიან ცოცხალი, ქოსაა და ასე, ოცდაათი წლისა იქნება. შუბლი მჟავისაგან აქვს დამწვარი.

აღელვებული ჰოლმსი სანახევროდ წამოიწია სავარძლიდან.

- ასეც ვივარაუდე, - ჩაურთო მან, - თუ შეამჩნიეთ, ყურის ბიბილოები დახვრეტილი ხომ არა აქვს?

- შევნიშნე, სერ, მაგრამ ასე მითხრა, ვიღაც ბოშამ გამიხვრიტა პატარაობისასო.

- ჰმ! - წარმოთვა ჰოლმსმა, და ფიქრებში წასული სავარძელში გადაწვა. - ეს სპაულდინგი ისევ თქვენთანაა?

- დიახ, სერ. ვიდრე თქვენთან წამოვიდოდი ვესაუბრე კიდეც.

- რაც თქვენ ადგილზე აღარ იყავით, როგორ შეატყვეთ, კარგად უმუშავია?

- სამდურავს ვერ ვიტყვი, სერ, ვინაიდან დილაობით სავახშო სალარო თითქმის არ მუშაობს.

- კარგი, მისტერ უილსონ, ორ-სამ დღეში ჩემს მოსაზრებას შეგატყობინებთ. დღეს შაბათი დღეა და ვფიქრობ, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევით.

- აბა, რას ფიქრობთ, უოტსონ, ამ ამბავზე? - მკითხა ჰოლსმა, როცა ჩვენი სტუმარი წავიდა.

- იმდენად საიდუმლოებით მოცულ ამბად მეჩვენება, რომ ვერაფერში გავრკვეულვარ, - ვუპასუხე მე.

- როგორც წესი, - თქვა ჰოლმსმა, - რაც უფრო უცნაურ საქმესთგან გვაქვს საქმე, მით უფრო ნაკლები საიდუმლოებითაა მოცული ყოველივე. ჩვეულებრივ, გაცვეთილი, უსახო დანაშაული უფრო საგონებელში აგდებს კაცს და უფრო მეტ თავსატეხს უჩენს, ვიდრე უცნაური შემთხვევა. თქვენ თვითონვე განსაჯეთ: ბრბოში ჩვეულებრივი, უსახო კაცი უფრო ძნელი მოსაძებნი არაა? ასევეა აქაც, მაგრამ ამ საქმეს კი ბოლო მალე უნდა მოვადევნო.

- რას აპირებთ? - ვკითხე მე.

- გაბოლებას, - მიპასუხა ჰოლმსმა. - ამ ამოცანის გადაწყვეტას იმდენი დრო სჭირდება, რამდენიც ჩიბუხის სამ გაბოლებას და ამიტომ, გთხოვთ, ერთი ათი წუთი ნუ დამელაპარაკებით.

იგი ისე მოიკეცა სავარძელში, რომ გამხდარი მუხლისთავები შევარდნისებრ კაუჭა ცხვირთან მიიტანა, თვალები მილულა და პირში ჩიბუხგაჭრილი მართლაც რომელიღაც მტაცებელ ფრინველს მიაგავდა. ვიფიქრე, ჩაეძინა-მეთქი და თვითონაც თავის კანტური დავიწყე, რომ ჩემი მეგობარი უცებ ისე წამოიჭრა ადგილიდან, თითქოს მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მის შესრულებას უნდა შესდგომოდა.

- ამ საღამოს სენტ ჯეიმს ჰოლში სარასატე უკრავს, -თქვა ჰოლმსმა, - როგორ ფიქრობთ, უოტსონ, თქვენი ავადმყოფები გაძლებენ უთქვენოდ რამდენიმე საათს, თუ ვერა?

- არც ისე დიდი პრაქტიკა მაქვს და დღეს თავისუფალი ვარ, - ვუპასუხე მე.

- მაშ, ქუდი დაიხურეთ და გზას გავუდგეთ. პირველ ყოვლისა, სიტიში უნდა მივიდეთ და გზად სადმე წავიხემსოთ. აფიშის წაკითხვისას შევნიშნე, რომ სარასატეს პროგრამაში იტალიურსა და ფრანგულ მუსიკას გერმანული სჭარბობს, რაც ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელობვანი ამბავია და კონცერტის ღირებულებასაც ფასს მატებს. მას მერე, რაც საკუთარი თვალით ვნახავთ და დავუკვირდებით, ყოველივე წვრილმანი საკუთარი ჭკუით უნდა ავწონ-დავწონოთ და გავაანალიზოთ. აბა, ახლა კი გავწიოთ!

ჩვენ მეტროთი ოლდერსგეიტს მივაღწიეთ დამერე სექს-კობურგსკვერამდე ფეხით გავუყევით. აქ მომხდარიყო ყოველივე, რაც უილსონმა გვიამბო. ეს იყო ვიწრო, პატარა, ღატაკი ადგილი, სადაც ოთხრიგად ჩაემწკრივებინათ ორსართულიანი, აგურით ნაგები ჭუჭყმოდებული სახლები. ამ გამჭვარტლული სახლების ფანჯრები გადასცქეროდნენ პატარა ბაღს, რომელშიც სარეველა ბალახს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რამდენიმე დაფნის ბუჩქიღა გადარჩენოდა. კუთხის სახლზე ოქროთი მოვარაყებული სამი ბურთი და ყავისფერ აბრაზე თეთრად წარწერილი "ჯაბეზ უილსონი" იუწყებოდა, რომ აქ იყო ჩვენი კლიენტის სავახშო სალარო.

შერლოკ ჰოლმსი სახლის წინ შეჩერდა. თავი გვერდზე გადაეწია, სანახევროდ მოჭუტული თვალები უბრწყინავდა და სახლს ისე ათვალიერებდა. მერე ქუჩას აუყვა, ისევ უკან გამობრუნდა და თან სახლებს უკვირდებოდა. სავახშო სალაროს წინ შეჩერდა, ხელჯოხი სამჯერ ძლიერად დაჰკრა ქვაფენილს და მერე სალაროს კარზე დააკაკუნა. კარი იმწამსვე სუფთად გაპარსულმა ახალგაზრდამ გამოაღო და შინ შეგვიპატიჟა.

- გმადლობთ, - უთხრა ჰოლმსმა, - მე მხოლოდ ის მაინტერესებს, აქედან სტრენდში რა გზით გავალთ.

- მესამე შესახვევი მარჯვნიდან, ხოლო მარცხნივ წახვალთ, მეოთხე შესახვევში შებრუნდებით. - თქვა ეს და კარი მაშინვე დახურა.

- ძალიან მარჯვე ყმაწვილი ჩანს! - თქვა ჰოლმსმა. - ვფიქრობ, სიმარჯვით იგი მთელ ლონდონში მეოთხე ადგილზე უნდა იყოს, ხოლო გაბედულებაში მესამე ადგილს არავის დაუთმობს. მის შესახებ რაღაც-რაღაც ცნობები მაქვს.

- ცხადია, - წამოვიწყე მე, - მისტერ უილსონის თანაშემწე ამ საიდუმლოებით მოცულ ჟღალთმიანთა ამბავში გარეული უნდა იყოს. ალბათ, სწორედ იმიტომ გამოიხმეთ, რომ მისი ნახვა გაინტერესებდათ.

- პირადად მისი სახისა არა და მისი შარვლის მუხლისთავების შეთვალიერება კი მინდოდა.

- მერე რა გამოარკვიეთ?

- რასაც მოველოდი, სწორედ ის შევნიშნე.

- ქვაფენილზე რაღას ურტყამდით თქვენს ხელჯოხს?

- ჩემო ძვირფასო უოტსონ, ახლა ადგილის დათვალიერება მოვამთავროთ და მერე ვიმასლაათოთ. ჩვენ ამჟამად მტრის ტერიტორიაზე მოქმედი მზვერავები ვართ და სექს-კობურგსკვერში ცოტა რამ ვიყნოსეთ. ახლა ამ სახლებს გადაღმა მდებარე ქუჩები უნდა დავზვეროთ.

როგორც კი სექს-კობურგსკვერის მოსახვევს გავცდით, ჩვენს თვალწინ ისეთი კონტრასტული სურათი გადაიშალა, როგორც ძფირფას მხატვრულ ნამუშევარს და მის უკანა მხარეს შორის არსებობს. სექს-კობურგსკვერის მოსახვევიდან პირდაპირ ქალაქის მთავარ ქუჩაზე გავედით, რომელიც სიტის ქალაქის ჩრდილო და დასავლეთ მხარეებთან აერთებდა. მთავარი ქუჩა სავსე იყო ორივე მხარეს ორ-ორ წყებად მავალი ეტლებით. ტროტუარზე კი უამრავი ხალხი მიმოდიოდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ მშვენიერი მაღაზიებისა და ბრწყინვალე კონტორების უკან უსიცოცხლოდ ჩამკვდარი, მიყრუებული სკვერი იყო.

- მინდა ძალიან კარგად დავათვალიეროთ ამ რიგში მდგარი სახლები, რომ დავიმახსოვრო რომელი შენობა რომელს მოსდევს. კარგად მოგეხსენებათ, ჩემი საყვარელი საქმე ლონდონის ყოველმხრივი შესწავლაა. ჯერ მორტ-მერის თამბაქოს სავაჭრო სახლია, მერე გაზეთებით სავაჭრო, მას მოსდევს ქალაქისა და გარეუბნის ბანკის კობურგის განყოფილება, მერე ვეგეტარიანელთა რესტორანელთა რესტორანი, ის კი მარკფერლენის ეტლების სახელოსნო სახლია, ამის მერე კი სხვა კვარტალი იწყება. ჩვენი სამუშაო უკვე დამთავრებულია, უოტსონ, და შეგვიძლია ცოტა გავერთოთ. ახლა სანდვიჩი და ყავა ძალიან მოგვიხდება. მერე კი ჩავეფლოთ ვიოლინოს ტკბილ, ნაზ, ჰარმონიულ ჰანგებში, იქ, სადაც ვერ მოგწვდებიან ჟღალთმიანი კლიენტები და ვეღარ შეგვაწუხებს მათი თავსატეხი ამოცანები.

შერლოკ ჰოლმსს ძალზე უყვარდა მუსიკა. იგი არა მარტო კარგი შემსრულებელი, არამედ კარგი კომპოზიტორიც გახლდათ. მთელ საღამოს ხმაამოუღებლივიჯდა ხოლმე სავარძელში და თავის გრძელ თითებს მუსიკის ტაქტზე ამოძრავებდა. მისი ღიმილგადაფენილი სახისა და სიამოვნების ბურანში ჩაძირულ თვალთა ისრის დანახვაზე სრულიად გადაგავიწყდებოდათ, რომ იგი მაძებარი შერლოკ ჰოლმსი გახლდათ, ის გამჭრიახი შერლოკ ჰოლმსი, რომელიც დამნაშავეთა სამყაროს შიშის ზარს სცემდა. მის ხასიათში დუალისტურად მონაცვლეობდნენ საკვირველი გამჭრიახობა და საგნების და მოვლენების პოეტური ჭვრეტა. მის ხასიათში ერთმანეთს ეცილებოდა უკიდრესი დაქანცულობა და ყოვლისშთანთქავი უზარმაზარი ენერგია. როგორც შემოქმედს, საღამოობით, თავდავიწყებამდე სწვავდა საკუთარი იმპროვიზაციები და ნოტები. მაგრამ მასში უეცრადვე იფეთქებდა მონადირის ავხორცული ვნება და მისი ბრწყინვალე ინტუიცია და შესანიშნავი გონებრივი ძალა ახლა ამ ასპარეზზე შეისხამდა ხორცს. ვინც არ იცნობდა ჰოლმსსა და მის მეთოდს, სწორედ ამიტომ თვლიდა მას უჩვეულო არსებად და, როგორც არაბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, ეჭვით უცქეროდა.

იმ საღამოს სენტ ჯეიმს ჰოლში მუსიკის ჰანგებში ჩაფლულ ჰოლმსს რომ ვუცქერდი, ვგრძნობდი, რომ, ვინც მის კლანჭებში მოექცეოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა.

- ალბათ სახლში წასვლას აპირებთ არა, უოტსონ? - მკითხა მან, როცა კონცერტის დასასრულს გარეთ გამოვედით.

- დიახ, რა თქმა უნდა.

- მე კი კობურგსკვერზე უნდა დავბრუნდე და ერთი საქმე მოვამთავრო, რომელსაც ორი-სამი საათი დასჭირდება. ძალიან სერიოზული საქმეა.

- სერიოზული?

- იქ მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლება მისი თავიდან აცილება. მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ დღეს შაბათი დღეა. თქვენი დახმარება დამჭირდება, უოტსონ.

- რომელ საათზე?

- ათზე.

- ათ საათზე ბეიკერსტირტზე გავჩნდები.

- ძალიან კარგი. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ სახიფათო საქმე მოგველის და ჯიბეში რევოლვერის ჩადება არ დაგავიწყდეთ. - ხელი დამიქნია, ქუსლებზე შემობრუნდა და ხალხში გაუჩინარდა.

მე მჯერა, რომ გონებრივად სხვებზე დაბლა არ ვდგავარ, მაგრამ ჰოლმსის სიახლოვეს საკუთარი თავის რწმენა მეკარგება. ყველაფერი, რაც მან მოისმინა, მეც მოვისმინე, ყოველივე, რაც მან ნახა, მეც საკუთარი თვალით ვიხილე, მაგრამ თუ რაიმე დანაშაული მზადდებოდა, ჩემი გონება ამას ვერ ჩასწვდა. აქედან დასკვნა, ჰოლმსმა არა მარტო ის იცის, რაც მოხდა, არამედ ისიც, რაც უნდა მოხდეს. მე კი ჯერჯერობით ყველაფერი მიუღწეველ ამოცანად მესახებოდა. კენსინგტონისაკენ რომ მივემგზავრებოდი, ყოველივე წვრილად გავიხსენე: უილსონის უცნაური მონათხრობი ჟღალთმიანთა კავშირსა და ბრიტანეთის ენციკლოპედიის გადაწერაზე და სექს-კობურგსკვერში ჩვენი ვიზიტი, გავიხსენე ჰოლმსის სიტყვებიც, ამაღამ სახიფათო საქმე მოგველისო. ბევრი ვიფიქრე იმაზეც, რატომ უნდა შევიარაღებულიყავი და რას ნიშნავდა ჩვენი საღამოს ექსპედიცია? საით უნდა გავმგზავრებულყიავით და რა უნდა მოგვემოქმედა? გავიხსენე ისიც, ჰოლმსმა რომ მითხრა, უილსონის ქოსა თანაშემწე დიდი გაიძვერაა და მისგან ძალიან მძიმე დანაშაულია მოსალოდნელი. ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე, თავი ვიმტვრიე, მაგრამ შედეგს რომ ვერ მივაღწიე, გადავწყვიტე, ჰოლმსთან საღამოს შეხვედრამდე აღარაფერზე მეფიქრა.

9-დან თხუთმეტი წუთი იყო გადასული, რომ შინიდან გამოვედი, ჰაიდპარკი გადავჭერი, ოქსფორდსტრიტზე გავედი და ბეიკერსტრიტზე გავჩნდი. სახლთან ორი კები შევნიშნე. ჰოლში შესულს ოთახიდან სხვადასხვა ხმ აშემომესმა. ოთახში შევედი თუ არა, დავინახე, ჰოლმსი ორ კაცს ესაუბრებოდა. ერთი მათგანი სკოტლენდიარდელი მაძებარი, პიტერ ჯოუნზი, იმწამსვე ვიცანი. მეორე კი ვიღაც მაღალ-მაღალი, გამხდარი, უჟმურად გამომეტყველი, მბრწყინავ ცილინდრიანი და შესანიშნავ ფრაკში გამოწყობილი კაცი იყო და ცხოველ მონაწილეობას იღებდა მათ საუბარში.

- ყველანი აქა ვართ, - წარმოთქვა ჩემს დანახვაზე ჰოლმსმა, მოკლე ქურთუკის ღილები შეიბნია და ხელი მონადირის რკინისტარიან მათრახს წამოავლო. - უოტსონ, თქვენ პიტერ ჯოუნზს იცნობთ, არა? მაშინ ნება მომეცით გაგაცნოთ მისტერ მერიუოთერიც, ვისთან ერთადაც მოგვიხდება ამაღამინდელი ექსპედიციის ჩატარება.

- როგორც ხედავთ, ექიმო, ჰოლმსთან ერთად ვნადირობთ, - წამოიწყო ჯოუნზმა. - ჩვენი მეგობარი დიდი ფასდაუდებელი მონადირეა, მაგრამ ნადირის გამოსაგდებად გამოცდილი ბებერი ძაღლი სჭირდება.

- მე მგონია ნადირის ნაცვლად ნადირობის დასასრულს ხელთ ბატი შეგვრჩება, - უჟმურად ჩაილაპარაკა მერიუოთერმა.

- ჰოლმსი ისეთი ჩიტი არაა, ასე ადვილად შეცდეს, - გამოეპასუხა ჯოუნზი, - მას თავისი საკუთარი, თეორიული და, მართალია, ცოტა ფანტასტიკური მეთოდები გააჩნია, მაგრამ საკვირველ შედეგებს აღწევს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბევრჯერ ჩვენ შევმცდარვართ ხოლმე და ეგ კი მართალი გამომდგარა. მაგალითად, შოლტოს მკვლელობის საქმე, აგრას განძის საქმე და სხვ.

- თუ თქვენ ამ აზრისა ხართ, მისტერ ჯოუნზ, მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა, - უკვე სხვაგვარი სიმღერა წამოიწყო უცნობმა. - მაინც ძალიან ვწუხვარ, რომ შაბათი დღეა და რობერს მოვცდები. ამ ოცდაშვიდ წელიწადში ეს პირველი შაბათი იქნება, როცა კარტს ვერ ვითამაშებ.

- ამაღამინდელი თამაში უფრო დიდ თანხაზეა, ვიდრე მთელი ოცდაშვიდი წლის მანძილზე ჩასულხართ, მისტერ მერიუოთერ, თანაც თამაში უფრო წარმტაცი და მადის აღმძვრელი გველის. თქვენთვის ამ თამაშს რაღაც ოცდაათი ათასი გირვანქა სტერლინგის ფასი ექნება, ხოლო თქვენთვის, მისტერ ჯოუნზ, იმ ადამიანის ფასი, რომლის შეპყრობაც აგერ ამდენი ხანია გულში გიდევთ.

- ჯონ კლეი მკვლელი, ქურდი, მოძალადე და ყალბისმქმნელია. მართალია, მისტერ მერიუოთერ, იგი ახალგაზრდაა, მაგრამ თავის პროფესიაში დახელოვნებულია. მთელ ლონდონში ისეთი მონდომებით არავის შევუბორკავდი ხელებს, როგორც კლეის. ახალგაზრდა ჯონ კლეი მთლად განსაცვიფრებელი კაცია. მისი პაპა ჰერცოგი გახლდათ, თვითონ იტონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ჭკუა ისევე მოქნილი აქვს, როგორც თითები და მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამოქმედარის კვალს ხშირად ვაწყდებით, თვითონ ვერსად მოვიხელთეთ. ერთ დანაშაულს რომ შოტლანდიაში ჩაიდენს, მეორე დანაშაულზე უკვე კონუელში ვხვდებით. აგერ უკვე მერამდენე წელია კვალდაკვალ დავდევ და თვალით არც კი მინახავს.

- იმედი მაქვს დღეს საღამოს გაგაცნობთ. ერთ-ორ საქმეში მისტერ ჯონ კლეის მეც შევხვედრივარ და გეთანხმებით, რომ მთელ ინგლისში ძნელად მოიძებნება ასეთი დახელოვნებული ქურდი და გაიძვერა. ახლა კი, მე მგონია, დროა გზას გავუდგეთ. თუ თქვენ ორნი პირველ ეტლში მოთავსდებით, მეორეში მე და უოტსონი ჩავჯდებით და უკან გამოგყვებით.

შერლოკ ჰოლმსს მთელი გზა ხმა არ ამოუღია და კონცერტზე მოსმენილ მელოდიებს სტვენდა. გაზით განათებული ქუჩების ლაბირინთებში აღმა-დაღმა სიარულს მორჩით და, როგორც იქნა, ფარინგდონსტრიტს მივაღწიეთ.

- ახლა კი ახლოსა ვართ, - შენიშნა ჩემმა მეგობარმა. - ეს ყმაწვილი მერიუორთი ბანკის დირექტორია და ამ საქმით სისხლხორცეულადაა დაინტერესებული. ჯოუნზი ცუდი ყმაწვილი არაა, მართალია, თავისი საქმისა არა გაეგება რა, მაგრამ ბულდოგივით მამაცია და კიბორჩხალასავით მოეჭიდება რამეს, თუკი კლანჭი გამოსდო. აი, ჩვენც მოვედით, ისინი კი უკვე გველიან.

ჩვენ ისევ იმ ხალხმრავალ ქუჩაზე ამოვყავით თავი, სადაც დილით ვიდექით. მეეტლეები გავისტუმრეთ და მერიუოთერს მივყევით. რომელიღაც ძალიან ვიწრო დერეფანი გავიარეთ და მერე გვერდით კარში შევედით, აქედან თავი მოკლე ტალანში ამოვყავით, მის ბოლოში კი რკინის მასიური კარი დაგვიხვდა. კარი გამოვაღეთ, ხვეულ კიბეს დაბლა ჩავყევით და კიდევ ერთ კარს მივადექით. მისტერ მერიუოთერი შეჩერდა, რათა სინათლე აენთო და მერე ბნელ ტალანში წაგვიძღვა. ცხვირს მიწის სუნი მიღიზიანებდა, კიდევ ერთი კარი მოვიტოვეთ უკან და თავი უზარმაზარ სარდაფსა თუ აკლდამაში ამოვყავით. იგი მძიმე ყუთებითა და კალათებით იყო სავსე.

ჰოლმსმა ფარანი მაღლა ასწია, ჭერი დაათვალიერა და მერე წარმოთქვა, - ზევიდან არც ისეთი ადვილი მისადგომია.

- არც ქვევიდანაა ადვილი შემოსაძრომი, - გამოეპასუხა მერიუოთერი და ხელჯოხი ჰკრა ფილაქანს, რომელიც, ეტყობოდა, იატაკად იყო დაგებული. - დასწყევლის ღმერთი, ისეთი ხმა აქვს, თითქოს გამოფუღრულიაო! - გაკვირვებით წარმოთქვა მან.

- დაბეჯითებით გთხოვთ, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ, - მკაცრად უთხრა ჰოლმსმა. - თქვენი საქციელით კრიალოსანივით აწყობილი საქმე ჩაგვეფუშება. იმდენი სიკეთე გვიყავით, რომელიმე ყუთზე ჩამოჯექით და ხელს ნუ შეგვიშლით.

ზვიადი მერიუოთერი ჰოლმსის ხმაში აჟღერებულმა ფოლადმა მაინც დაიმორჩილა და განაწყენებული კაცის იერით ყუთზე ჩამოჯდა. ჰოლმსი მუხლებზე დაემხო და მაშუქითა და გამადიდებელი ლინზით ფილებს შორის ნაპრალების ძებნას შეუდგა. რამდენიმე წამის გაფაციცებული კვლევისა და ძიების შემდეგ იგი წამოდგა, ლინზა ჯიბეში ჩაიდო და სახეზე ისეთი იერი გამოეხატა, ეტყობოდა, თავისი კვლევის შედეგებით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო.

- ჩვენ ერთი საათი დრო მაინც გვაქვს, რადგან ისინი საქმეს მანამდე არ შეუდგებიან, სანამ უილსონი ღრმა ძილს არ მიეცემა. მერე კი წუთსაც არ დაკარგავენ, რადგან საქმეს მოამთავრებენ თუ არა, გაუჩინარებისათვის უფრო მეტი დრო მოიტოვონ. თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, უოტსონ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლონდონის ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკის სარდაფში. მისტერ მერიუორთი ამ ბანკის დირექტორი გახლავთ და აგიხსნით, რა სჯიდათ ინგლისის დამნაშავეთა სამყაროს გაბედულ წარმომადგენლებს, რომ თავიანთი ყურადღება ამ სარდაფზე გადმოეტანათ.

- ამისი მიზეზი ის ფრანგული ოქროა, რომელსაც ბანკში ვინახავთ, - ჩურჩულით თქვა მერიუორთმა. - ჩვენ რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს, ოქროს გატაცებას შეეცდებიანო.

- საიდანა გაქვთ ფრანგული ოქრო?

- ამ რამდენიმე ხნის წინათ შინა რესურსების შესავსებად ოცდაათი ათასი ნაპოლეონდორი საფრანგეთის ბანკს დავესესხეთ. როგორც გამოირკვა, თურმე არავითარი შევსება არ გვესაჭიროებოდა და ეს ფული როგორც მივიღეთ, ისევ ისე აწყვია. ამ ყუთში, რომელზედაც მე ვზივარ, ტყვიის ფურცლებში ჩაწყობილი ორი ათასი ოქროა. ჩვეულებრივ, ოქროს ამდენ მარაგს არც ერთი ბანკის განყოფილება არ ინახავს და ჩემი შეშფოთების მიზეზიც ესაა.

- შეშფოთებისა და ხიფათის მოლოდინის მიზეზი ნამდვილად აქვთ, - ჩაურთო ჰოლმსმა. - ახლა კი, ჩემი აზრით, დროა მოვემზადოთ. ჩემი ვარაუდით, ამ ერთ საათში ყოველივე უნდა დამთავრდეს. ეგ მაშუქიც უნდა ჩავაქროთ, მისტერ მერიუოთერ.

- და ბნელში დავრჩეთ?

- მეტი გზა არაა. მე თან წამოვიღე კარტი, რომ თქვენ დღევანდელი შაბათი არ დაგეკარგათ და რობერი გეთამაშათ. მაგრამ, ვატყობ, მტერი ისე მომზადებულა, რომ სინათლის დატოვება სახიფათოა. პირველ ყოვლისა, ადგილები შევიცვაპლოთ, ისინი ძალიან გამბედავი და თავზე ხელაღებული ხალხია. მართალია, თავს მოულოდნელად დავესხმებით, მაგრამ თუ ფრთხილად არ მოვიქეცით, შეუძლიათ დიდი ზიანი მოგვაყენონ. მე ამ ყუთის უკან დავიმალები, თქვენ კი აი, იმ ყუთს ამოეფარეთ. როგორც კი შუქს მივანათებ, მაშინვე ეცით და ხელები შეუბორკეთ. თუ სროლას დაიწყებენ, უოტსონ, თქვენც უყოყმანოდ ამოიღეთ მიზანში.

ფეხშემართული რევოლვერი ყუთზე დავდე და თვითონ ყუთს ამოვეფარე. ჰოლმსმა ფარანას რაღაც გადააფარა და სრურ უკუნეთ სიბნელეში დაგვტოვა. გაცხელებული ლითონის სუნმა მიმახვედრა, რომ შუქი ჩამბრალი არ იყო და საჭიროების შემთხვევაში სინათლის სხივი ერთბაშად იელვებდა. ამ უკუნეთში დაძაბული მოლოდინისა და მიწის სინოტივისაგან რაღაც ენით უთქმელ დეპრესიას განვიცდიდი და თითქოს სული დამიმძიმდა.

- მათ ერთი გასაქცევი გზა რჩებათ, ესაა უკან გაბრუნება, - წაიჩურჩულა ჰოლმსმა. - ალბათ შეასრულეთ, რაც გთხოვეთ, არა ჯოუნზ?

- სექს-კობურსკვერზე, უილსონის სახლის კართან მათ ინსპექტორი და ორი ოფიცერი ელოდებათ.

- მას მერე, რაც ყველა ხვრელი დავგმანეთ, ისღაც დაგვრჩენია, ნადირთა გამოჩენას განაბულნი ველოდოთ.

ოჰ, როგორ მიიზლაზნებოდა დრო. სინამდვილეში ერთი საათი არ იყო გასული და მე კი ისევ მეჩვენებოდა, რომ ღამე გაიცრიცა და ალბათ აღმოსავლეთი უკვე ცისკარმა ცეხლისფრად შეღება-მეთქი. გაუნძრევლად ჩაყუნცულსა და დაძაბულად მომლოდინეს ფეხები დამიბუჟდა და ძარღვებში სისხლი გამეყინა, მაგრამ მაინც არ ვინძრეოდი. ჩემამდე აღწევდა ჩემს თანამოსანგრეთა სუნთქვა, მაგრამ იმდენად მოთენთილი ვიყავი, რომ ზორზოხი ჯოუნზის ქშენა აყლაყუდა მერიუოთერის ფშვინისაგან ვერ გამერჩია. ისეთი პოზიცია მეჭირა, რომ პირდაპირ ფილაქანს შევცქეროდი. უეცრად სინათლის სხივის ციალი შევნიშნე.

პირველად ფილაქანიდან სინათლის პატარა სხივი გამოკრთა. ცოტაც და ის სხივი უკვე დიდ სინათლედ გადაიქცა. მერე მთლად უხმაუროდ ფილაქანი ვიღაცის უხილავმა ხელმა აჰყარა და მალე თეთრი, ქალური ხელიც ვიხილე. იატაკიდან ამოშვერილი ის ხელი თითქოს თითებით რაღაცას დაეძებდა ბნელში. ამოშვერილი თეთრი ხელი ისევე უცებ გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა, და ყველაფერი ისევ უკუნმა მოიცვა. ჩამტვრეული ფილაქნიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინათ თეთრი ხელი გამოჩნდა, ახლა ოდნავ მბჟუტავი სინათლე გამოკრთოდა.

უეცრად ერთმა განიერმა ფილამ ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს გააპესო, თუ გაგლიჯესო, და მის ადგილზე კარგა მოზრიდილი ხვრელი გაჩნდა. იქიდან ფარნის შუქმა იელვა. იმ ხვრელის თავზე სუფთად გაპარსულ, ბიჭურ სახეს მოვკარი თვალი. ან ირგვლივ გულდასმით შეათვალიერა ყველაფერი, მერ ეხვრელის ორივე მხარეს ხელებს დაეყრდნო და მაღლა ამოძვრა. ამოვიდა თუ არა, ახლა ვიღაცას უხმო და ამოძრომაში დაეხმარა. ისიც ჩია ტანისა ჩანდა, ფერმკრთალი და ჟღალთმიანი.

- ყველაფერი კარგადაა, - ჩურჩულით თქვა მან, - საჭრეთელი და ტომრები ხომ შენა გაქვს?.. უკანვე ჩახტი, არჩი, უკანვე და ამათ მე მოვუვლი.

როცა შერლოკ ჰოლმსი მძარცველს კისერში სწვდა, მეორე მძარცველი ხვრელში ჩაძვრა და გაუჩინარდა. ჯოუნზს უნდოდა დაეჭირა, მაგრამ, ეტყობა, ვერ მოახერხა. ტანსაცმლის ფხრეწა-გლეჯის ხმა მოსწვდა ჩემს სმენას. ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა მძარცველი ჯოუნზს ხელიდან გაუსხლტა. სინათლეზე რევოლვერის ლულამ იელვა, მაგრამ ჰოლმსმა მძარცველს მათრახის რკინის ტარი დაჰკრა ხელში და რევოლვერმა ფილაქანზე მოიღო ზრიალი.

- წნააღმდეგობას აზრი არა აქვს, ჯონ კლეი, - მშვიდად უთხრა ჰოლმსმა.

- ვხედავ, რომ ჩავვარდი, - უპასუხა მძარცველმა გულგრილად. - მაგრამ ჩემმა მეგობარმა მოასწრო გაქცევა და მის მაგიერ ხელში ფალასფულასი შეგრჩათ.

- იქ მას გამოსასვლელ კარში სამი კაცი ელოდება.

- ძალიან კი გიმუშავიათ, ნამდვილად ქების ღირსად მიმაჩნიხართ.

- მეც იგივე უნდა გითხრათ, თქვენი გამოგნება ჟღალთმიანთა კავშირის თაობაზე ახალი იყო და ძალიან ეფექტურიც.

- ახლავე ნახავთ თქვენს მეგობარს, - ჩაურთო ჯოუნზმა, - ის ჩემზე უკეთ დაძვრება ხვრელებში, მაგრამ ცუდუბრალოდ გაისარჯა და ახლავე გაქაჩავენ. თქვენ კი ხელებზე ბორკილები უნდა დაგადოთ.

- თავიდან მომაშორეთ თქვენი ბინძური ხელები, - წარმოთქვა დაპატიმრებულმა, როგორც კი ხელბორკილი დაადო ჯონზმა. - იქნებ არ იცით, რომ ჩემს ძარღვებში მეფური სისხლი ჩქეფს? კეთილი ინებეთ და მომართვისას მიწოდეთ "სერ" და "ინებეთ".

- ძალიან კარგი, - დაეთანხმა ჯოუნზი; თან თვალები დააჭყიტა და ჩაიხითხითა. - კეთილი ინებეთ, სერ, მაღლა აბრძანდით, იქ კებს დავიჭერთ, შიგ ჩაგაბრძანებთ და თქვენს ბრწყინვალებას პოლიციაში მივიყვანთ.

- აი, ასე ჯობია, - მშვიდად წარმოთქვა ჯონ კლეიმ. მან მედიდურად დაგვიკრა თავი და მაძებარს უშფოთველად გაჰყვა.

- მისტერ ჰოლმს, წამოიწყო მერიუოთერმა, სარდაფიდან რომ გამოგვიყვანა, - არ ვიცი, ჩვენმა ბანკმა რით უნდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ თავიდან ააცილეთ ასეთი უბედურება. ჩემი აზრით, ეს ი ქნებოდა უდიდესი ძარცვა, რაც კი ოდესმე გამიგონია.

- მე ჯონ კლეისთან საკუთარი ანგარიშიც მქონდა, - უთხრა ჰოლმსმა. - ფული ამ საქმეზე ბევრი არ დამიხარჯავს, ასე რომ იმედია, თქვენი ბანკი ამინაზღაურებს, თუმცა უკვე დაჯილდოებული ვარ იმით, რომ "ჟღალთმიანთა კავშირზე" ასეთი შესანიშნავი ამბავი შევიტყვე.

- ხედავთ, უოტსონ, - წამოიწყო მეორე დილით ჰოლმსმა, როცა ბეიკერსტრიტზე სოდიან ვისკის შევექცეოდით, - ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ჟღალთმიანთა კავშირზე ფანტასტიკური განცხადება და ბრიტანეთის ენციკლოპედიის გადაწერა მხოლოდ იმისთვის მოიგონეს, რომ ის ჭკუისკოლოფი უილსონი სახლიდან რამდენიმე საათით გამოეტყუებინათ ხოლმე. მართალია, ამის მისაღწევად ძალიან კურიოზული გზა აირჩიეს, მაგრამ ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტეს. მთელი ეს გამოგონება, კლეის გამჭრიახ გონებას ალბათ მისი თანამზრახველის ჟღალმა თმამ ჩააგონა. კვირაში ოთხი გირვანქა სტერლინგი მათ უილსონის საცთუნებლად გადაყარეს. მაგრამ, აბა, რაა ოთხი გირვანქა იმ ათასებთან შედარებით, რასაც გამოელოდნენ. მათ განცხადება გამოაქვეყნეს გაზეთში. ერთმა კონტორა დაიქირავა, მეორემ თავისი უფროსი აცთუნა, განსაზღვრულ საათებში უილსონი თავიდან მოიშორა და ორივენი თავისუფლად შეუდგნენ განზრახულის სისრულეში მოყვანას. რაწამს გავიგონე, უილსონის თანაშემწე ნახევარ ხელფასზე მუშაობსო, მაშინვე ეჭვი აღმეძრა, რომ მას სულ სხვა, ხელფასზე უფრო ძლიერი მოტივი ამოძრავებდა.

- მაგრამ როგორ მიუხვდით განზრახულს?

- უილსონის სახლში რომ ქალი ყოფილიყო, ეჭვს ასეთ შემთხვევაში სასიყვარულო ამბავზე მივიტანდი და ვიფიქრებდი, ქმრის გამოტყუება რამდენიმე საათით იმის გამო სურთ, რომ ცოლთან დრო გაატარონ-მეთქი. მაგრამ ეს ამბავი გამორიცხული იყო, ხოლო ჩვენი ჟღალთმიანი კლიენტის სავახშო სალარო კი იმდენად პატარა დაწესებულებაა, რომ არავისთვის არავითარ ინტერესს არ წარმოადგენდა. მაშასადამე, მიზეზი უნდა სახლის გარეთ მეძია. რა უნდა ყოფილიყო ეს? მომაგონდა უილსონის ნაამბობი, რომ ჩემი თანაშემწე ფოტოსაქმეზე ჭკუას კარგავს, სულ აპარატს აჩხაკუნებს და მერე სარდაფში იმის გამომჟღავნებას უნდებაო. სარდაფი, აი, სად უნდა ყოფილიყო დამარხული ძაღლის თავი. მერე უილსონს წვრილად გამოვკითხე თავისი თანაშემწის ამბავი და დავადგინე, რომ იგი ლონდონის დამნაშავეთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული და გულადი წარმომადგენელთაგანია. იგი ორი თვე ყოველდღიურად ჩადიოდა სარდაფში და იქ საათობით რჩებოდა. რა უნდა ეკეთებინა სარდაფში, თუ არა რომელიმე შენობის მისადგომი საიდუმლო გვირაბი? მაშინ გადავწყვიტე დამეთვალიერებინა მისი მოღვაწეობის ადგილი. გახსოვთ, ქვაფენილს ორმ ხელჯოხი დავკარი? მინდოდა გამეგო, გვირაბი სახლის წინ გამოდიოდა თუ სახლს უკან მიიმართებოდა. როგორც დავადგინე, იგი წინ არ გამოდიოდა. მაშასადამე, უილსონის თანაშემწეს გვირაბი სახლს უკან რომელიმე შენობისაკენ გაჰყავდა. ზარი დავრეკე და რგორც მოველოდი, კარი თვანაშემწემ გამიღო. ჩვენ წინათაც შევხვდრივართ საქმეში ერთმანეთს, მაგრამ კლეის სახით არ ვიცნობდი. სახეზე არც ახლა შემიხედავს. მე მხოლოდ მისი მუხლისთავების ნახვა მეწადა. თქვენ თვითონვე ნახეთ, მუხლისთავებს როგორი ჭუჭყიანი, დაჭმუჭნილი და გაცვეთილი შარვალი უფარავდა. სწორედ შარვლის ტოტები იყო გვირაბში გატარებული მრავალი საათის უტყვი მოწმე. ახლა იმის დადგენა იყო საჭირო, რომელი შენობისაკენ მიიმართებოდა გვირაბი. როცა სკვერიდან შევუხვიეთ და სიტიში უილსონის სახლის გადაღმა ბანკის შენობა დავლანდე, იმწამსვე მივხვდი, რომ მძარცველები სწორედ ამ შენობის ქვეშ თხრიდნენ გვირაბს. კონცერტის დამთავრების შემდეგ თქვენ რომ შინ წახვედით, მე სკოტლენდ-იარდში შევირაე, ჯოუნზს მოვეთათბირე, დროც დავუთქვი და მერე ბანკის დირექტორიც ვნახე. დანარჩენი ამბავი კი თქვენ თვალწინ მოხდა.

- ის როგორღა დაადგინეთ, რომ მძარცველები სწორედ წუხელ აპირებდნენ ბანკში გვირაბით შესვლას?

- მათ რომ ჟღალთმიანთა კავშირი დახურეს, ამით აშკარად მივხვდი, რომ მუშაობა დაამთავრეს, გვირაბი გაამზადეს და უილსონის სახლიდან გატყუებას მათთვის უკვე აზრი აღარა ჰქონდა. რაკი გვირაბი მზად იყო, ისინი ეცდებოდნენ, რაც შეიძლება მალე გამოეყენებინათ იგი და ძირითადი მიზნისათვის მიეღწიათ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გვირაბის არსებობა არ გამჟღავნებულიყო და, მეორეც, ხომ შეიძლებოდა, ოქროს სხვა ადგილზე გადაეტანათ. შაბათი დღე კი მათი საქმისათვის პირდაპირ ზედგამოჭრილი რამ იყო, ვინაიდან თავის გადასარჩენად მათ განკარგულებაში ორი დღე იქნებოდა. ყველა ამ მიზეზების გამო ვვარაუდობდი, რომ ძარცვა წუხელ ღამით მოხდებოდა.

- თქვენი მსჯელობა ადამიანს აღტაცებას ჰგვრის, - გულწრფელად წამოვიძახე მე, - რამსიგრძე ჯაჭვია და ყოველი რგოლი რა მტკიცე მარჯვენითაა ნაჭედი.

- მაშ, საქმემ კარგა ხნით მიხსნა მოწყენილობისაგან, - მთქნარებით თქვა ჰოლმსმა. - მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჭმუნვა კვლავ მეძალება და ალბათ დამჯაბნის კიდეც! მთელი ჩემი ცხოვრება - ესაა ყოველდღიურ ერთფეროვნებასთან განუწყვეტელი ჭიდილი და ამ ერთფეროვნებით გამოწვეულ სევდა-ნაღველთან ბრძოლა. ასეთი პატარ-პატარა თავსატეხი ამბები მიქარვებენ სევდას და გულიდან გადამიყრიან ხოლმე შემოჩვეულ დარდს.

- თქვენ ის ქველმოქმედი ხართ, რომლის მოწყალე გულიც კაცობრიობისათვის არის საჭირო.

ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.

თითქოსდა ჩემი საქმიანობით მართლაც სარგებლობა მომაქვს ადამიანებისათვის, - დასძინა მან. -

"დძრწქქუბ სძუთე კშუტ - დძწუგმკუბ სძუთე ეწგე" - "ადამიანი არარაა - საქმეა ყველაფერი", როგორც თავის ბარათში სწერდა გულსტავ ფლობერი ჟორჟ სანდს.

??????