პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

მოთხრობა რომის ცხოვრებიდან 

ცეზარი მოგზაურობდა, მე და ტიტუს პეტრონიუსი შორით მივყვებოდით. მზის ჩასვლის შემდეგ მონები დგამდნენ კარავს, საწოლებს, ჩვენ სალხინოდ ვწვებოდით და მხიარულად ვსაუბრობდით; განთიადზე კვლავ ვადგებოდით გზას და ყოველი ჩვენგანი ტკბილად იძინებდა თავის ლექტიკაში სიცხითა და ღამეული სიამოვნებით მოთენთილი.
მივაღწიეთ კუმს და უკვე ვფიქრობდით გზა განგვეგრძო, რომ ნერონის შიკრიკი გამოგვეცხადა. მან პეტრონიუსს მოუტანა ცეზარის ბრძანება - დაბრუნებულიყო რომში და იქ დალოდებოდა, როგორ გადაწყდებოდა მისი ხვედრი საძულველ ბრალდებასთან დაკავშირებით.
თავზარი დაგვეცა. მარტო პეტრონიუსმა მოისმინა გულგრილად თავისი განაჩენი, შიკრიკი დასაჩუქრებული გაუშვა და გამოგვიცხადა - კუმში ვრჩებიო. მან კუმში თავისი საყვარელი მონა გაგზავნა, რომ იქ სახლი ამოერჩია და დაექირავებინა. მონის დაბრუნებას ევმენიდებისადმი შეწირულ კვიპაროსების წარაფში დაუწყო ლოდინი.
პეტრონიუსს შეშფოთებულნი შემოვეხვიეთ გარს. ფლავიუს ავრელიუსმა ჰკითხა, დიდხანს დარჩენას ფიქრობ კუმში და არ გეშინია, ნერონი ურჩობით გააღიზიანოო?
- მე არათუ მის ურჩობას ვფიქრობ, - ღიმილით მიუგო პეტრონიუსმა, - არამედ განზრახული მაქვს მის სურვილს დავასწრო. თქვენ კი, მეგობრებო, გირჩევთ დაბრუნდეთ. მგზავრი მზიან დღეს მუხის ჩრდილში ისვენებს, მაგრამ ავდარში კეთილგონივრულად შორდება მას მეხის დაცემის შიშით.
ჩვენ ყველამ სურვილი გამოვთქვით პეტრონიუსთან დარჩენისა და მან ალერსიანად გვითხრა მადლობა. მსახური დაბრუნდა და წაგვიყვანა თავის მიერ შერჩეულ სახლში. სახლი ქალაქის გარეუბანში იდგა. მას განაგებდა მოხუცი გააზატებული მონა, რადგან პატრონი დიდი ხანია წასული იყო იტალიიდან. მოხუცის ზედამხედველობით რამდენიმე მონა ზრუნავდა ოთახებისა და ბაღის სისუფთავეზე. ფართო დერეფნებში ცხრა მუზის კერპებს წავაწყდით, კართან ორი კენტავრი იდგა.
პეტრონიუსი მარმარილოს ზღურბლთან შედგა და ზედ წაიკითხა წარწერა: გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა! სახეზე მწუხარე ღიმილი გამოეხატა. მოხუცმა იგი ვივლიოფიკაში წაიყვანა, სადაც რამდენიმე გრაგნილი დავათვალიერეთ, შემდეგ სახლის პატრონის საწოლ ოთახში შევედით. ოთახი უბრალოდ იყო გაწყობილი. შიგ მხოლოდ ორი საოჯახო ქანდაკება იდგა. ერთი სავარძელში მჯდომ ხნიერ დარბაისელ ქალს გამოსახავდა, მეორე - ბურთის მოთამაშე გოგონას. საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე პატარა კანდელი იდგა. პეტრონიუსი აქ დარჩა მოსასვენებლად, საღამოს ჩემთან შეიკრიბეთო, მიგვიწვია და გაგვიშვა.

ვერ დავიძინე; მწუხარება მივსებდა სულს. პეტრონიუსი არა მარტო გულუხვ კეთილისმყოფლად მიმაჩნდა, არამედ ჩემს გულწრფელად მოყვარულ მეგობრადაც. მე პატივს ვცემდი პეტრონიუსის დიდ გონებას. მიყვარდა მისი მშვენიერი სული. პეტრონიუსთან საუბრისას ვიძენდი ცოდნას ქვეყნიერებისა და ადამიანების შესახებ, რომლებსაც ღვთაებრივი პლატონის განყენებული მსჯელობით უფრო ვიცნობდი, ვიდრე საკუთარი გამოცდილებით. პეტრონიუსის აზრები ჩვეულებისამებრ სწრაფმდინარი და სწორი იყო. ყველაფრისადმი გულგრილობა მას არიდებდა მიკერძოებას, ხოლო საკუთარი თავის მიმართ გულწრფელობა შორსმჭვრეტელს ხდიდა. ცხოვრებას არ შეეძლო პეტრონიუსისათვის რაიმე ახალი მიეცა; მან იგემა ყველა სიამოვნება; მისი გრძნობები თვლემდნენ, დაჩლუნგებულნი ჩვეულებით, მაგრამ გონება საოცრად ცოცხალი ჰქონდა. პეტრონიუსს უყვარდა აზრების თამაში, ისევე როგორც სიტყვების ჰარმონია. სიამოვნებით უსმენდა ფილოსოფიურ მსჯელობებს და თვითონ წერდა კატულუსზე არანაკლებ ლექსებს.
მე ბაღში ჩავედი და დიდხანს დავდიოდი ბებერი ხეებით დაჩრდილულ დაკლაკნილ ბილიკებზე. დავჯექი მერხზე ვეებერთელა ალვის ხის ჩრდილში; ალვის ხესთან ახალგაზრდა სატირის ქანდაკება იდგა. სატირი ლერწამს ჭრიდა. მინდოდა როგორმე მწუხარე ფიქრები გამექარვებინა, ავიღე ჩასაწერი ფირფიტები და გადავთარგმნე ანაკრეონის ერთ-ერთი ოდა, რომელიც ამ კაეშნიან დღის მოსაგონრად შემოვინახე კიდეც მეხსიერებაში:
დამეცა ჩრდილი დროთა ცვლილების,
გამომერია გიშერში ვერცხლი.
ვატყობ, თანდათან მცვივა კბილები
და თვალებშიაც ჩამიქრა ცეცხლი.
მოდუნებულა უკვე სხეული,
გაფრინდა ჟამი სიამის მგვრელი.
დათვლილი არის დღე თვითეული,
შავეთი უკვე ჩემს აჩრდილს ელის.
მაშინებს ბნელი დახშული სკნელი,
რომლის კარიბჭეც ღიაა მარად.
აქეთ ამოსვლა გახდება ძნელი,
ყველა იქ მივალთ, არყოფნის კარად.*

მზე დასავლეთისკენ მიიდრიკა. წავედი პეტრონიუსთან. იგი ბიბლიოთეკაში ვნახე. ბოლთას სცემდა, აქვე იყო მისი შინაექიმი სეპტიმიუსი. პეტრონიუსმა რომ დამინახა, შედგა და ხუმრობით წარმოთქვა:
საცნაურია პართელნი მუდამ
თავსაბურავით შემკულ თავებით.
შმაგი ულაყიც იცნობა უმალ
თუ როგორ მიქრის, რა გამალებით...
მე კი ბედნიერ შეყვარებულებს
ვცნობილობ ხოლმე მათი თვალებით.

- გამოიცანი, - ვუპასუხე პეტრონიუსს და ფირფიტები გავუწოდე. პეტრონიუსმა ჩემი ლექსები წაიკითხა. მის სახეზე ფიქრის ღრუბლებმა გადაიარა და მაშინვე გაქრა.
- როცა ასეთ ლექსებს ვკითხულობ, - თქვა მან. - ყოველთვის მწადია ვიცოდე, როგორ გარდაიცვალნენ ისინი, რომელნიც ასე ძლიერ იყვნენ შეპყრობილნი სიკვდილზე ფიქრით. ანაკრეონი ირწმუნება, ქვესკნელი ძრწოლას მგვრისო, მაგრამ არ მჯერა მისი, ისევე როგორც ჰორაციუსის სილაჩრისა. თქვენ იცნობთ მის ოდას?

ვინ დამიბრუნა, რომელმა ღმერთმა
იგი, ვისთანაც პირველ თარეშის,
პირველი ბრძოლის ვიყოფდი ელდას. -
ოდეს ბრუტუსი მიგვიძღვებოდა
თავისუფლების აღთქმულ მხარეში?
ვისთანაც ომის შიშსა და ძრწოლას
სავსე ფიალით ვიკლავდი გულში
და მიხაროდა კარავში წოლა,
თმაზე სურნელი ამბრის და მუშკის.

გახსოვს ის ჟამი უწყალო ხოცვის,
ოდეს გავრბოდი ლაჩრულად მფრთხალი,
ოდეს ლტოლვილმა დავკარგე ხმალი,
ღმერთს რომ სიცოცხლეს შევთხოვდი ლოცვით?
რა შიში ვჭამე! ო, როგორ წავხდი,
მაგრამ დამიხსნა განგებამ უფლის:
მძლე ერმიუსი გამომეცხადა,
გადამაფარა კალთები ღრუბლის.

ეშმაკ მელექსეს უნდოდა გაეცინებინა ავგუსტუსი და მეცენატი თავისი სილაჩრით, რომ არ გაეხსენებინა მათთვის თანამოღვაწე კასიუსი და ბრუტუსი. ნება თქვენია, უფრო მეტ გულწრფელობას ვხედავ მის წამოძახილში:

ლამაზი და ტკბილია მამულისთვის სიკვდილი.

??????