ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

უმიანი 

პატარა ღელეს სოფელი ზუსტად შუაზე გაუყვია და ანკარა მთის წყალი შავ ლოდებს შორის მხიარულად მიჩხრიალებს. იქ, ბარში. იგი აჭარისწყალს ემატება, მერე ჭოროხს და ბოლოს ზღვას ერთვის...
სოფელს თაო ჰქვია, ნაკადულს _ თაოსწყალი. სოფლის ბოლოს, ზედა წყლისპირთან, პატარა ბექობზე, ხის ახალაშენებული თეთრი ოდასახლი დგას.
აქ ყველაფერი ისე დიდებულია და ისე თავისებური იერი აქვს, რომ უთუოდ გულში გაგივლის, _ ამ სოფლის გარეშე ქვეყანა ვიწრო იქნებოდა, იმ თეთრი პატარა ოდის გარეშე სოფელი არც იქნებოდა, ხოლო თაოსწყლის გარეშე ზღვა დაპაწავდებოდა.
რამდენადაც სოფლის შუაგულისაკენ წახვალ, სახლები თანდათან მუქდება. განაპირა ადგილებში უფრო თეთრ-თეთრი ოდები შემოგხვდებიან. ეს იმიტომ, რომ სოფელი იზრდება, ფართოვდება, ახალი სახლები გარეუბნებში შენდება, შუაგულში კი შენობებს უკვე სიძველის ფერი ადევს.
იმ პატარა ოდას, თაოსწყალთან რომაა ბექობზე, უმიანის სახლს ეძახიან. მართალია უმიანს ახლა ქმარიცა ჰყავს და ორი ბავშვიც, მაგრამ ჯელილის ჯარიდან დაბრუნებამდე, სამ წელიწადს იმ პატარა საკარმიდამოში მარტო ტრიალებდა. რადგან მოზიდული წაბლის მორები თვითონ დაახერხინა, უსტა მოიყვანა და ოდა მარტოხელამ ააშენებინა. ხალხი ასე მიეჩვია: სახლს უმიანისას ეძახის.
ახლა სტუმარია მასთან. ორი დღეა, ქალაქელი ბიძაშვილი თამრო ეწვია. შემოდგომაზე ასე იციან ქალაქებელმა _ ნათესავები გაახსენდებათ.
არაჩვეულებრივი თბილი შემოდგომის დღე იყო.
ქალები ეზოში ისხდნენ.
ერთნაირად შავტუხა, ორი თავგოროხა ბიჭი ნალიის ქვეშ სიმინდის ხვიტებით ხოხოლას აშენებდა და ისევ ანგრევდა, ბიჭები ტყუპები იყვნენ და არა მარტო გარეგნობით, ხმითაც კი ჰგავდნენ ერთმანეთს.
თამროც აქაურია, თაოელია. ქმარი ქალაქში სამუშაოდ გადაიყვანეს დიდი ხნის წინათ და თავადაც გაქალაქელდა თანდათან, კოხტად ჩაიცვა, აგურისფერ შალის კაბაზე კაპრონის შრაშუნა საწვიმარიც დაშვენდა. უმიანს კარგად ახსოვს, რაც იყო თამრო აქ ყოფნისას. ახლა თითქოს ფეხებიც დაწვრილებია, დათეთრებია. ხელები მთლად ბამბასავით აქვს. თმები მოკლედ შეუკრეჭია, უცნაურად გადაუჭიმავს თავზე და უკან დაუბულულებია. სახე ვარდივით უღუის, ტუჩები ძალიან თხელი ჰქონდა, ახლა რამ დაუსქელა ასე ძალიან, უკვირს უმიანს, კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა: თურმე შეღებილი ჰქონია ასე.
თვითონ?
იაზმით შეხვეული თავი. მარტო თვალები და ცხვირი უჩანს, ვითომ ჩადრს არ იხურავს, მაგრამ ჩადრია ეს, აბა რაა!
_ ვერ გამოვყორეთ ერთი სახლი, აღარ გვეყო... _ ეუბნება თამროს. უნდა აუგო ქვეშ, ან ყორე დაუყენო. ქვებმი მოზიდულია, ნახევარი კიდეც გაუთლია ვიღაცას და აწყვია ახალგათხრილი გზის გაყოლებით, ელოდება კაცის ხელს, მაგრამ სადაა...
უმიანმა `აღარ გვეყო~ რომ თქვა, თამროს თავი მოაბრუნა და იფიქრა: ასეთი არიან სოფლელები, დაგინახავენ კარგად ჩაცმულს, ჰგონიათ, ფარა გოდრით აქვს მოდგმული და შეგჩივლებენ, ეს არაა, ის არააო.
სულაც არ შეუჩვიალია უმიანს. ამით მან სულ სხვა რაიმე თქვა; ქმარზე უნდოდა ეთქვა ორი ღერი სიტყვა, მაგრამ ისე უჟმურად მიაბრუნა თავი თამრომ, მაგი არცაა ღირსი ისეთი საიდუმლო გავუმხილოო, როგორიც ქმრის საყვედურიაო, _ იფიქრა.
ისე მართლაც სახსენებელია ჯელილი, აბა რა! ჯარში იყო, ქალმა სულ მარტომ ოდა ააშენა, ახლა შინაა და ყორეც ვერ აუყვანია.
_ გამოყორავთ...
ეს იმნაირი მზით გამომცხარი ადგილია, რომ სიმინდი ძვალივით იქნება გამაგრებული...
~ჯანდაბას, გავატან ნახევარ ტომარა სიმინდს~. _ გაიფიქრა უმიანმა.
_ კი, სიმინდი კოლექტივიდანაც მოვზიდე, ნალია პირამდე აივსო, ნახევარი უკანვე გადმოვყარეთ, თვარა არ გახმებოდა ხეირიანად.
ერთი კარგად მოხვდესო გულზე თამროს და დაუმატა:
_ წლეულს ეს ხაპერები გადაირია თლათ. წაბლა ხაპებს კაცი ვერ გადაახტება, იმხელვანი დაიზარდა. შეგწვავ და _ ფუნჩხი! ხელში ვერ დაიჭერ, დაგებნევა, ისე მშრალია. ერთი ვერ ჩამოვედი ქალაქში რომ წამომეღო, ახლა რაფერ დაგჭვირთო, თვარა, გაგატან.
~არ იკადრებს წაღებას, თვარა მართლა გავატან~, ფიქრობდა უმიანი.
თავსა და ყელზე მაგრად მოხვეულ იაზმაში განსაკუთრებულად ფართოდ მოუჩანდა თვალები. დიდი, ოდნავ მზემოკიდებული შუბლის ბოლოს ღუზღუზა შავ წარბებს, გეგონება ნახშირი გადაუსვესო, ლოყები სავსე ჰქონდა, მწიფე კახამბალივით. ალაგ წითლად შეღაჟღაჟებული.
თამრო რა დღეს აყენებდა სახეს და მაინც ასე ვერ აღაჟღაჟებდა. მაგრამ რა საწყალია გლეხის ქალი, არ იცის, რა სილამაზეს მალავს, იმას რომ არ წავყოლოდი, მეც ასე ვიქნებოდი? _ ფიქრობდა სტუმარი.
_ მანქანები ბევრია. არ გამიჭირდება, _ უპასუხა თამრომ. ესე იგი, თუ დამჭვირთავ, კი წავიღებო... _ ერთი ჯელილაი კი მენახა მაინც.
_ ნახავ და, ამაღამ ვინ გიშვებს ვითამ.
_ აჰ, ამაღამ უნდა წავიდე.
~წახვიდე, თვარა დიდი ყანები არ გქონდეს მოსაფოცხი იმ შენ ხოკერ ოთახში, _ ფიქრობდა გაჯავრებული უმიანი, _ რა უნდა რომ მირბის, მე მკითხე, სახლს ვერ მოვცილებივარ, თვარა... ერთი ვეღარსად გავიხედე, დავები და დავები. ამას უყურე, დღენახევარია აქაა და უკვე მოწყინდა. მე მკითხოს ერთი. ყანა, ბაღჩა, ბოსტანი, სახლი, ძროხა, ქათამი მე შემომყურებს. ერთ დღეს რომ ეზო-კარი უჩემოდ დარჩეს, წყალი რაა, ისიც იხელთებს დროს, გასივდება რუში, გადმოხეთქავს და გადამიღვარავს ყველაფერს~.
-მეიცაი, თამრო, მართლა, ახლა ჯელილი არ ნახო, რაფერ იქნება.
_ სადაა ამდენ ხანს?
_ მოვა მალე.
ჯელილი ჯარიდან ჩამოვიდა თუ არა, ფიზკულტურის მასწავლებლად დანიშნეს. თოხს ნუ დააკავებინებ და თუ გინდა დილიდან საღამომდე აღმა-დაღმა აჭენე. ჭენება კიდევ კარგია, ჭენებაც ეზარება თორემ.
საშინლად ვერ იტანს ჯდომის მოყვარულ ხალხს უმიანი. პირველ ხანებში დიდი ჩხუბი ჰქონდათ. `რათ გინდაფიზკულტურის მასწავლებლობა, _ ეუბნებოდა, _ მოდი აგრე მივეხმაროთ ერთმანეთს. მე მარტომ ავავსე აქაურობა და, შენ რომ ამომიდგე გვერდში, ვინღა დაგვეწევა~.
-არა, ვერ ვიმუშავებ მიწაზე, _ ეტყოდა ჯელილი.
ჯარიდან ახალჩამოსული იყო, დაეხათრა უმიანს და დაუთმო.
ერთ დღეს სკოლის ეზოს ჩაუარა შორიახლო გაჩერდა და სავარჯიშოდ გამოყვანილ ბავშვებს უყურა, წინ მისი ჯელილი იდგა. ის რომ ააშვერდა ხელებს აღმა, მოწაფეებიც ააშვერდნენ, დაუშვებდა, დაუშვებდნენ.
~მაგ ჯოხების ტყვილად აღმა-დაღმა ქნევას, _ ფიქრობდა უმიანი, _ თოხი მოიქნიეთ, თქვენც ივარჯიშებთ და მიწას გაიხარებს~. მაგრამ ეს აზრი ვერავის უთხრა, არ გამცინონო.
ჯელილს ყოველთვის მეხუთე ან მეექვსე გაკვეთილი ჰქონდა ჩასატარებელი, მაინც დილიდან მიდიოდა, შინ საღამომდე არ ბრუნდებოდა.
_ გაკვეთილის გეგმა მქონდა შესადგენიო, _ იტყოდა საღამოს.
~მომკლა იმის გეგმებმა, _ ჯავრობდა გულში უმიანი. _ ხელ-ფეხის აღმა-დაღმა ქნევას რა გეგმა სჭირია~.
მაგრამ ბოლოს შეკითხვებსაც დაანება თავი. ტყუილად რაზე იშალოს ნერვები. არ უყვარს ჩხუბი, ზედმეტი ჭარტალი, როგორც ზოგიერთ ქალს.
ჯერჯერობით ჯანი ერჩის, წელი და მუხლი არ ტკივა, საკარმიდამოს უვლის, კოლექტივის ნორმას ასრულებს და ბავშვებიც წაბლა ხაპებივით დასუქებული ჰყავს.
ვნახოთ ერთი, სანამდე გაუძლებს ამ სიზარმაცეს ჯელილი.
ნაფუძარის ბოლოდან მანქანის ხმა გაიგონეს.
მალე ღობის გასწვრივ თეთრი მტვერი ავარდა.
იქით, ჭიშკართან, ოჩოფეხასავით მაღალზე შემდგარი `მოსკვიჩი~ გაჩერდა, იმ წუთში კარი გაიღო და მძიმედ გადმოაბიჯა შავშლაპიანმა კაცმა.
_ უყურე, ამომაკითხა... ა, ასე იცის. უჩემოდ არ შეუძლია... _ მალული სიამაყით და სიხარულით წამოიძახა თამრომ.
ქმარი ამოვიდა ქალაქიდან. უსაშველოდ გასუქებულიყო შუქრი, ძლივს მოაბიჯებდა. `არა, რას იპეჭავენ ამ მუცლებში, ჩავლენ თუ არა ქალაქში, რომ დაიბერებიან~, _ ამბობდა გულში უმიანი.
ნახევარი კი არა, მთელი ტომარა გაუვსო დაფშვნილი თეთრი ადაზანათი. წითელს ატანდა, მაგრამ, თამრომ არ ქნა, ქალაქში წითედი მჭადი უხერხულიაო.
უმიანს ქვეშ-ქვეშ ჩაეღიმა და თან კიდეც გაუხარდა: წითელი ჯობია საჭმელად, გემოც აქვს და ბარაქაც. მაგათ სილამაზე უნდათ მარტო.
კეჟერა ფხალიც მოუჭრა ბოსტანში, ცოტა შავშურა ლობიოც ჩაუბარა კალათში, ტვირთი მანქანამდე თვითონვე მიაზიდვინა და გაისტუმრა.
მერე აქეთ-იქით მიმოიხედა და ეწყინა, რომ მეზობელი არავინ უყურებდა, დაენახათ ერთი, სულ რაღაც ორი-სამი წლის მოსახლეა და მოსულს რომ ცარიელს არ უშვებს, დაინახონ ერთი...
_ უმიან! _ დაუძახა გადაღმიდან ბრიგადირმა, _ დღეს კანტორაში ამოდი, პრემია მიიღე.
წელს, მართლაც ორმაგი მოსავალი მოიწია, რაღაც სხვანაირად გადაირია. `სამსუნის~ ფოთლები, დასქელდა, დაფართოვდა და ადრე დაიპარკა.
არნახული მზიანი დღეები იყო და ისე დაამწიფა, ისე დაამწიფა თამბაქო, რომ შეტეხვას ვეღარ უთავდებოდა.
_ კაი, ამოვალ. ბევრიან ნეტაი, ჭო?
_ შენ გეყოფა და... _ გადმოუგდო სიტყვა ბრიგადირმა.
ეწყინა, `შენ გეყოფა~, რატომ მითხრაო. მე რა, მშიერი ვარ, თუ?
ახლა ამ პრემიას შაურსაც არ მოაკლებს. შეინახავს. ქვის ოსტატს იქირავებს, ყორეს ამოაყვანინებს.
ბიჭები რაღაცაზე საშინლად აწრიპინდნენ. მივარდა, გააჩუმა, თითო მოხარშული კარტოფილი გამოუტანა და მისცა. ერთიც გარეთ გამოსვლამდე თვითონ შეჭამა. მთელი სოფელი რომ მოიარო, კარტოფილი არავის უთესია, უმიანს დიდი ორმო აქვს. მონახა ერთი კუთხე საკარმიდამოში, დარგო და ახარა. უყვარს კარტოფილი, რამდენჯერ მოსულა მეზობელი მასესხეო. მიუცია. კმაყოფილია, რომ უსესხებია, თუმცა იცოდა არავინ დააბრუნებდა.
სამი დერგი ჩამოატანინა შარშან კოლექტივის შოფერს შუახევიდან. ორში კეჟერას მჟავე ჩადო, ერთში _ ჭარხლისა.
სახლის თავანში უამრავი ჩირის აკიდოები აქვს შენახული. საკუთარი ხმელი თამბაქოც იქაა, ფოთოლ-ფოთოლ დაწყობილი და ქუნჭულით შეკოჭილი. ზამთარში დააჭრევინებს ვინმეს და გაატანს გასაყიდად. ჯელილი არ იკადრებს წაღებას თორემ...
_ მაგისი არაფერი მინდა, ოღონდ დამიჯეროს, დამეთანხმოს, ხელს ნუ შემიშლის. _ ფიქრობდა ქალი. _ ახლა, აგერ, ასეთი ამობრუნებული ნაპირი მაქვს. ამას მარტო სიმინდისათვის და კეჟერასათვის გავაცდენ? დაარტყი ამას ბარი, გადააბრუნე და გააშენე ვენაზი. მიღმა, ლეკის ხეზე ერთი ძირი ჩხავერი მივეცი, ისიც მე, ქალმა, და ვენახი ორ წელიწადწი ხის წვეროში ავარდა. მტევნებს ძლივს ვიჭერ, იმხელვანი დაიზარდა, ჰოდა, აქ რომ ვენახი მქონდეს, ვიღან გამისწრებს ცხოვრებაში. არც გავყიდი და არც არაფერი. ჩემს სამყოფ ფულს კოლექტივი მაძლევს, დანარჩენი აქედან მექნება და არც მოსულის შემრცხვება, არც წასულის. მაგრამ ეს ჩემი ქმარი ისე ზარმაცია, რომ დასამთქნარებლად პირის დაღებაც ეზარება და მიწა ხომ მისით არ გადაბრუნდება, არა უშავს, გევიჭირვებ, ვიმუშავებ, ბრიგადირი ისეთია, ვინმეს მომახმარს და...
შინ შევიდა.
სამზარეულში, კედელზე ჩარჩომომძვრალი დიდი სარკე ჰქონდა ლურსმნებით მიმაგრებული. არ უყვარდა სარკეში ცქერა, მაგრამ ახლა უნებურად მიადგა, შეჩერდა, თავის თავს დააკვირდა.
ყელი, ნიკაპი, შუბლი, ყურები თითქმის არ უჩანდა, ისე ჰქონდა იაზმა შემოხვეული.
თამრო გაახსენდა და თავისთავზე გაჯავრდა, _ იმაზე ნაკლები ვარ თუ?
მოიძრო იაზმა და სკამზე გადაფინა. გული გაუნათლდა ისეთი ეჩვენა საკუთარი თავი. შავი თმა უბრალოდ გადაევარცხნა. ტუჩებზე მიდღემჩი საღებავი არ წაუსვამს, მაგრამ მაინც წითელი აქვს. თავი, ფეხი, ხელი, ტანი? თამროზე რით ვარ ნაკლები? მე ვერ გავიარ, მე ვერ გამოვჩნდები? არა, აღარ დავიხურავ იაზმას, კაბასაც ქალაქურად შევიკერავ, ფეხსაცმელსაც ვიყიდი უკეთესს, მაგის გასაჭირი რა მაქვს?!
ვინ გამიჯავრდება, ვინ გამცინებს.
ქმარს რომ კითხო, მე ვარ წინააღმდეგი, თორემ თვითონ სულ მეუბნება, მოიხადეო იაზმა.
მისმა თავმა მაგრემც... როდის მეუბნება ნეტავი! სხვას გონია, ჩვენ _ აქაური ქალები ისე ჩამორჩენილი ვართ, რომ შეგნებულ ქმრებსაც კი ვერ გამოვუყვანივართ ამ სიბნელიდან. ჩემზე შეგნებული ქმარი ახლა, კაცმა რომ თქვას, ვის ყავს? მითხრა ერთხელ, გამოდი სიბნელიდანო? აჰ, რომელი თქმა, პირიქით, იქითაც მიბიძგებს ხანდახან, რომ უფრო დავიმალო.
აღარ მინდა, არა, სული მეხუთება. მეც მინდა სული მოვითქვა, ქვეყანას ღია სახით შევხელო, სტუმრებთან შემოვიდე, სუფრაზე ჩემი ნახელავი მე მივართვა, ჩემი ბაღნები და სახლ-კარი ჩემ ოდაში დავალოციო და მე თვითონვე ვუთხრა მადლობა.
ცრემლი მოაწვა.
ჯელილი გვიან მოვიდა. კიბესთან ერთი ამოიხვნეშა, ვითომ დაღლილი ვარო და საფეხურებს შეუყვა.
კარგა შებინდებულზე ამოვიდა ბოსტნიდან უმიანი, უკან ბიჭები მოყვებოდნენ ბრახაბრუხით.
თავზე წაკრული იაზმა სკამზე ისროლა, თმაზე ხელი გადაისვა გაჯავრებით, ცეცხლი მოანთო და თიხის თხელი კეცი მიაყუდა.
_ კეცის გახურებამდე მოვალ, კანტორაში მეძახიან, _ უთხრა ქმარს.
პირდაპირ კიბეზე გავიდა და ეზოში დაეშვა.
_ უმიან, თავღია ხარ, გოვ! _ აივნიდან გადმოსძახა ჯელილმა.
უმიანი შედგა, მობრუნდა, რაღაც დიდი რამის თქმა მოიწადინა, მაგრამ ვეღარ თქვა, ვიციო, უპასუხა მხოლოდ და გზა გააგრძელა.
გაოცდა ჯელილი, მიატოვა ბავშვები, კეციც და ქალს გამოუდგა. იფიქრა, რაღაც ცუდი ამბავია. ალბათო. არასოდეს ასეთი რამ არ ჩაუდენია უმიანს... ჭიშკარი გაირბინა, შარაგზას გაჰყვა და ილიასის სახლთან დაეწია ცოლს.
_ რა გჭირს, მითხარი, რა დაგემართა?
უმიანი შეჩერდა, შემოხედა და უცნაურად გაიცინა
_ რამე მჭირს, თუ? რა უნდა მჭირდეს. კანტორაში მივალ, ფული უნდა ავიღო.
_ კი მაგრამ, ასე თავღია?
_ ჰო, თავღია, აბა რა მჭირს ისეთი, პირი ვარიდო ხალხს. მეყო, ჯელილავ, მეყო, გესმის?
_ ნუ გადაირიე ახლა, წამოდი შინ! რამ მოგაგონა ახლა მაგი!
_ ახლა არ მომიგონია, კაი ხანია მახსოვს. ახლა გასკდა, იცი, გასკდა გული, რა მჭირს ისეთი, რომ პირი ვარიდო, დაკოჭილ-შეხვეული ვიარო ქვეყანაზე!
_ შენს მეტი აღარავინაა? რაღა შენ ატყდი. მობრუნდი ახლა, შინ წამოდი მალე!
_ გამიშვი ხელი! არ ვიზამ, ჯელილავ, აღარ დავიხურავ ისე! მე შენ, მასწავლებელ ქმარს, არ გკადრებ და აღარ ავიხვევ ისე პირსახეს.
ცოტა აილეწა ჯელილა, თითქოს ყურისძირებში ცხელი სალტეები შემოუჭირეს. ერთ ხანს გაჩუმდა თითქოს ენა ჩაუვარდა მუცელშიო.
_ თამროზე ნაკლები ვარ?! შენ შუქრიზე ნაკლები ხარ?!
მე შენთვის ვამბობ, ნუ ხარ ასე დაჩაგრული, რა იქნება ერთი, ერთად გავიაროთ. გზა არის, სახლი, ჩასაცმელი ხასიათი და ახადგაზრდობა.
_ გეუბნები, მობრუნდი!
_ კარგი, აჰა, მოვალ იმ ფულს შენ არ მოგცემენ. მე კი თავდახურული და პირშეხვეული კანტორაში აღარ მივალ. არც კოლექტივში გავალ ცხირპირახვეული, არც ნაფუძარში ჩავაბიჯებ ფეხს, არც ეზოში გამოვალ, არც ლობიოს მოვხარშავ, არც მჭადს გამოვაცხობ, ვნახავ ერთი, რით იცხოვრებ. თამროსთანა ქალებმა ჩემზე იცინონ ქვეშ-ქვეშ, შუქრისთანა გაბერილებმა ჩემი ქმარი არაფრად ჩააგდონ და მე კიდევ გარეთ გამოსაყოფი თავი მაქ? კაცი აქ ამოვიდა მანქანით. იმდენი რამე გავატანე და ერთი არ მოგიცადა, რომ ტყვილად ენახე. შენ ქალიც ფეხებზე გკიდია და თავმოყვარეობაც. მე არ მკიდია ჩემი ქმარი ფეხებზე. მე შენი გულისათვის ვიხდი თავზე. ვიცი შენ დაგცინიან, რომ არაფერი ვიცოდე ამ ქვეყნის მაშინ კარგი, ჩავღუნავ თავს და დავმუწავ პირს, მაგრამ როცა ვიცი რა დროში ვარ არ შემიძლია ასე დავსაწყლდე.
შინ შევიდნენ.
დაწოლამდე ჩხუბი ჰქონდათ. ბიჭები ადრე დააძინეს. ბოლოს ჯელილი ოდნავ მოტყდა, ცოტა მოეფერა კიდეც უმიანს.
უმიანი კი ვერ მშვიდდებოდა.
უცებ წამოვარდა, კარის უკან ძველი სკივრი ააღო, რაღაც ამოიღო და ჯელილთან მიიჭრა:
_ აჰა, აგერ ეს კომკავშირის ბილეთია, რათ მინდა მაგი სკივრში ჩადებული, თუ კრებაზე არ წავალ, თუ ერთ ღერ სიტყვას მეც არ მათქმევინებენ. თუ დავჯექი კრებაზე, ვარ კუთხეში, ჩუმად, არავინ არაფერს მკითხავს, არავის ჯერა, რომ ქალსაც უჭრის ჭკუა. აბა, თუ უჭკუო ვარ, რაფერ ავაშენე ეს სახლ-კარი?! რამდენჯერ ვიყავი მაინც?! სულ ერთხელ გამიშვი კრებაზე, მეტი ხომ არა. მე ცხოვრება მინდა, ჯელილავ! ხალხში მინდა გავიდე, ჩემი ვუთხრა, მათი გავიგონე. ასე ტყუილტყუილებითა და მალვა-მალვით ვეღარ ვიქნები. ჰო, ტყუილებით, ჰო, თქვენ კაცებმა, დაგვაბლაყვეთ. თვარა, არც ისე დაბნელებული ვართ აქაური ქალები, რამე თუ ითქვა, გაჩუმდებით. ანდა იტყვით: რა ვქნათ, ქალები ვერ გამოდიან, თვითონ იბურავენ პირზეო. გვეყო ამდენი ლანძღვა! აგერ ცხოვრება, აგერ ბაღნები, აგერ მე ჩემს ნამუშევარს არ გაყვედრი, მაგრამ თუ ეს სახლ-კარი, ბაღნები და მე გინდივარ, ჩემი გული და აზრი ამფერია!..
პირველად ნახა ასე აჯანყებული თავისი ცოლი. პირველად დადგა ასეთი ამოცანის წინაშე ჯელილი.
ნაღმა-გამოღმა სექვებზე დაწვნენ. უმიანი ბავშვებისაკენ გადაბრუნდა, დილამდე აღარც გადმობრუნებულა, აღარც არაფერი უთქვამს.
გამთენიას, როცა ფანჯრიდან რუხი ნათელი შემოიპარა და უმიანის საწოლთან კედელი გამოაჩინა, ჯელილმა საბნიდან ამოყრილი ცოლის მზემოკიდებული სავსე მკლავები დაინახა.
უმიანი პირაღმა იწვა. შავი თმა ეყარა თეთრ ბალიშზე. სქელი ტუჩები და დახუჭული თვალები რაღაც დიდი სურვილით ენთო, ხელები კი ისე გაეშალა, გეგონება მთელი სამყაროს გულში ჩახუტება სურსო.
ჯელილი ადგა, ფეხაკრეფით გავიდა დერეფანში, რაღაც აწვალებდა; გული სხვანაირად დამძიმებოდა, თითქოს მწვარე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და მხოლოდ ახლა იგრძნო ეს.
1968 წ.

??????